Facebook Twitter

ბს-586-566 (კს-13) 13 თებერვალი, 2014 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ქ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.13წ. განჩინება

დავის საგანი – მოძრავი ნივთების ღირებულების განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი.მ. ბ. ქ-მა 01.06.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და 23.05.07წ. N00737 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და 28.05.07წ. N1516 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა მოითხოვა. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა შპს ,,...“ ავტომანქანა ,,ზილ-130“ და მასზე არსებული ტვირთის გამოყვანის ნების მიცემა.

გორის რაიონული სასამართლოს 14.06.07 წ. გადაწყვეტილებით ბ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გორის საგადასახადო ინსპექციის 23.05.07 წ. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N00737 და მისგან გამომდინარე ყველა შედეგი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.08წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გორის რაიონული სასამართლოს 14.06.07წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი.მ. ბ. ქ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის 23.05.07 წ. N00737 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის 28.05.07 წ. N1516 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გორის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 10.09.08 წ. განჩინებით მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.08 წ. გადაწყვეტილებაზე 24.10.08 წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

05.12.08წ. ბ.ქ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო პალატის 14.02.08წ. გადაწყვეტილების განმარტება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.02.09 წ. განჩინებით ამავე სასამართლოს 14.02.08 წ. გადაწყვეტილება განიმარტა შემდეგნაირად: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.08 წ. გადაწყვეტილებით ი.მ. ,,ბ. ქ-ის“ სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა და შესაბამისად, დაკმაყოფილდა აგრეთვე ი.მ „ბ. ქ-ის“ სარჩელის მოთხოვნა და ი.მ „ბ.ქ-ს“ ნება დაერთო შპს ,,...“ გამოეყვანა ავტომანქანა ,,ზილ-130“ და მასზე არსებული ტვირთი. აღნიშნულ განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

ბ.ქ-მა 18.06.12წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც სსკ-ის 253-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან ვერ ხერხდებოდა სააპელაციო სასამართლოს 14.02.08წ. გადაწყვეტილების აღსრულება, მოითხოვა მოძრავი ნივთების (ალკოჰოლური სასმელების) ღირებულების - 77 161 ლარით განსაზღვრა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.12წ. განჩინებით ბ. ქ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განმცხადებელმა ბ.ქ-მა შპს ,,...“ ავტომანქანა ,,ზილ-130-ზე“ არსებული ტვირთი უკან ვერ დაიბრუნა. სასამართლომ აღნიშნა, რომ 14.02.08წ. გადაწყვეტილებაში არ არის დადგენილი სადავო ნივთების ღირებულება, განცხადებაზე თანდართული საქართველოს დამოუკიდებელი საექსპერტო - საარბიტრაჟო პალატის 23.03.07წ. ცნობა #03-80 საქმის განხილვისას არ იყო წარმოდგენილი, შესაბამისად არ ყოფილა სასამართლოს მსჯელობის საგანი. რაც შეეხება გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ 23.05.07წ. შედგენილ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, რომელშიც მითითებული იყო ალკოჰოლური სასმელების საერთო საბაზრო ღირებულება, ოქმი სააპელაციო პალატის 14.02.08წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით ბ. ქ-მა გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.13წ. განჩინებით ბ. ქ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.12წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების აღსრულება მართლმსაჯულების შემადგენელი ნაწილია და მისი შესრულება უზრუნველყოფილია სასამართლოს მიერ. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა გარანტირებულია კანონის სხვადასხვა ნორმებით, რომლებიც ავალდებულებს სასამართლოს გამოიტანოს აღსრულებადი გადაწყვეტილება. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში საეჭვო არ არის სასამართლოს მიერ ქონების გადაცემის დაკისრების ვალდებულება. სსსკ-ის 253-ე მუხლის თანახმად, მხარეს, რომელიც ითხოვს ქონების მიკუთვნებას, გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საშიშორებისას (ქონების განადგურება და სხვ.) უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ქონების ღირებულების განსაზღვრა. აღნიშნულით უზრუნველყოფილია გადაწყვეტილების რეალურად აღსრულება, მოსარჩელეს ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაში ქონების ღირებულების ანაზღაურების შესახებ სარჩელის ხელახლა აღძვრის საჭიროება არ წარმოეშობა. საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ საქართველოს დამოუკიდებელი საექსპერტო-საარბიტრაჟო პალატის 23.03.07წ. #03-180 ცნობაზე, რომლის თანახმად ალკოჰოლური სასმელების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 77162,20 ლარი, დღგ-ს გათვალისწინებით (65 394 ლარი დღგ-ს გამოკლებით). სსკ-ის 105-ე მუხლი ავალებს სასამართლოს დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს დავის სწორად გადაწყვეტისათვის. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასაართლომ ზემოხსენებული მუხლის მოთხოვნა დაარღვია, განჩინება არ დაასაბუთა და არ განსაზღვრა იმ ნივთების ღირებულება, რომლებიც ბ.ქ-ისათვის უნდა დაებრუნებიათ, რაც გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით აღსრულებას საფრთხეს უქმნის. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს მტკიცებულებანი, გამოარკვიოს და განსაზღვროს კონკრეტულად ნივთების (ალკოჰოლური სასმელები) ღირებულება და აღნიშნული ასახოს გადაწყვეტილებაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.13წ. განჩინებით ბ. ქ-ის განცხადება მოძრავი ნივთების ღირებულების განსაზღვრის შესახებ დაკმაყოფილდა. 24.03.07 წ. ქ. გორის ტერმინალში განთავსებულ ავტომანქანაზე, ზილ-130, სახელმწიფო ნომრით ..., არსებული ტვირთის ღირებულება განისაზღვრა 77 161,20 ლარით დღგ-ს გათვალისწინებით.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 14.02.08 წ. კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში არ იყო განსაზღვრული სადავო ნივთების ღირებულება, აღნიშნული არ ყოფილა სასამართლოს მსჯელობის საგანი. გარდა ამისა, ბ. ქ-მა შპს „...“ ავტომანქანა „ზილ-130-ზე“ არსებული ტვირთი უკან ვერ დაიბრუნა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 253-ე დანაწესი მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელის შეწყობასა და მის გამარტივებას, თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას სადავო ნივთი მოპასუხესთან არ აღმოჩნდება. ასეთ შემთხვევაში, აღსრულება უნდა მოხდეს მიკუთვნებული ნივთის მოსარჩელისათვის ანაზღაურების გზით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.13 წ. განჩინება კერძო საჩივრით სსიპ შემოსავლების სამსახურმა გაასაჩივრა. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2011წ. გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ბ. ქ-ის სარჩელი სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნაზე არ დაკმაყოფილდა. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სსკ-ის 253-ე მუხლი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დავის საგანია ნივთის მიკუთვნება, რაც გულისხმობს ნივთზე საკუთრების უფლების დადგენას და ამ ნივთის მოპასუხისაგან მოსარჩელისათვის (განმცხადებლისათვის) გადაცემას კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, ბ. ქ-ის კუთვნილი ტვირთი 24.03.07 წ. ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა შესანახად განათავსეს შპს „...“ ისე, რომ არ მომხდარა მესაკუთრის შეცვლა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით განჩინებაში იმაზე მითითებით, რომ თუ მოპასუხეს სადავო ნივთი არ აღმოაჩნდება, აღსრულება უნდა მოხდეს მიკუთვნებული ნივთის (საქონლის) ღირებულების ანაზღაურების გზით, სააპელაციო სასამართლო გასცდა განმცხადებლის მოთხოვნას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შესწავლის შედეგად თვლის, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს ოპერატიული თანამშრომლის მიერ, საგადასახადო სამართალდარღვევისათვის ჯარიმის დადების მიზნით, სატრანსპორტო საშუალება და მასზე განთავსებული ტვირთი 24.03.07წ. დაილუქა და მოთავსდა ქ.გორის ტერმინალის ტერიტორიაზე. სასაქონლო ზედნადების არასწორად შევსების გამო საგადასახადო ინსპექციის მიერ 23.05.07წ. შედგა სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო 28.05.07წ. საგადასახადო მოთხოვნით ზედნადების არასწორად შევსების გამო ი.მ ,,ბ. ქ-ს“, საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დაეკისრა ჯარიმა 65 394 ლარის ოდენობით. საქმის მასალებით დასტურდება აგრეთვე, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.08წ. გადაწყევტილებით ი.მ. ,,ბ. ქ-ის“ სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის 23.05.07წ. #00737 საგადასხადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის 28.05.07წ. #1516 საგადასახადო მოთხოვნა. საქმის მასალებით დასტურდება აგრეთვე, რომ კანონიერ ძალაში მყოფი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.02.09წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ი.მ ,,ბ. ქ-ის“ განცხადება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.08წ. გადაწყვეტილება განიმარტა შემდგენაირად: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.08წ. გადაწყვეტილებით ი.მ. ,,ბ. ქ-ის“ სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა და შესაბამისად დაკმაყოფილდა ი.მ ,,ბ. ქ-ის“ სარჩელის მოთხოვნა და ინდივიდუალურ მეწარმეს ნება დაერთო გამოეყვანა შპს ,,...“ ავტომანქანა ,,ზილ-130“ და მასზე არსებული ტვირთი.

სსკ-ის 253-ე მუხლის თანახმად ქონების ნატურით მიკუთვნების დროს სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს ამ ქონების ღირებულებაზე, რომელიც უნდა გადახდეს მოპასუხეს, თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღნიშნული ქონება მას არ აღმოაჩნდება. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ განმცხადებელმა ბ.ქ-მა შპს ,,...“ ავტომანქანა ,,ზილ-130-ზე“ განლაგებული ტვირთი ვერ დაიბრუნა. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.11წ. გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ბ. ქ-ს უარი ეთქვა მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დავალდებულებაზე სოლიდარულად აუნაზღაურონ მას შპს „...“ განთავსებული მოძრავი ნივთების დაუბრუნებლობით გამოწვეული მატერიალური ზიანი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 08.07.11წ. გადაწყვეტილებით მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის არაბრალეულობის დადგენა ტვირთის განადგურებაში, არ გამორიცხავს სსკ-ის 253-ე მუხლის საფუძველზე იმ ნივთების ღირებულების განსაზღვრას, რომელიც მოსარჩელეს მოპასუხისაგან სასამართლო გადაწყვეტილებით უნდა გადაეცეს, ვინაიდან აღნიშნული ნორმა არ აკონკრეტებს რაიმე შემთხვევას, რამაც შესაძლოა განაპირობოს მოსარჩელისათვის მიკუთვნებული ნივთის მოპასუხის მფლობელობიდან გასვლა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სსსკ-ის 253-ე მუხლის გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ დავის საგანი ეხება ნივთის მიკუთვნებას, რაც მოიცავს ნივთზე საკუთრების უფლების დადგენასა და ამ ნივთის მოპასუხისაგან მოსარჩელისათვის (განმცხადებლისათვის) გადაცემას კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. სსკ-ის 253-ე მუხლის თანახმად, ქონების ნატურით მიკუთვნების დროს სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს ამ ქონების ღირებულებაზე, რომელიც უნდა გადახდეს მოპასუხეს, თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღნიშნული ქონება მას არ აღმოაჩნდება. აღნიშნული ნორმის შინაარსი არ გულისხმობს მხოლოდ კონკრეტული სახის (მიკუთვნებით) სარჩელთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებით სადავო ქონების ღირებულების ასახვას, მუხლი ზოგადად ვრცელდება ისეთ მოთხოვნებზე, რომლებთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს მოპასუხისაგან მოსარჩელისათვის ნივთის გადაცემით. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ალტერნატიული გზა, რათა გადაწყვეტილების ძირითადი საშუალებით აღსრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილი თანხის ჩანაცვლებით გარანტირებულ იქნეს ამგვარი გადაწყვეტილების აღსრულება. ის გარემოება, რომ ბ. ქ-ის ტვირთის შპს „...“ შესანახად განთავსებისას მესაკუთრე არ შეცვლილა, არ გამორიცხავს მითითებული საპროცესო ნორმის გამოყენებას, ვინაიდან სსკ-ის 253-ე მუხლის გამოყენება არ არის დამოკიდებული მოპასუხის მფლობელობაში ნივთის გადაცემის ფორმაზე, ასევე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, რომლის დაკმაყოფილებით დადგინდა მოსარჩელისათვის ნივთის ნატურით გადაცემა.

სსკ-ის 253-ე მუხლის საფუძველზე ქონების ღირებულების განსაზღვრა ხდება იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღნიშნული ქონება მას არ აღმოაჩნდება. კანონიერ ძალაში მყოფი სააპელაციო სასამართლოს 17.02.09წ. განჩინებით განიმარტა, რომ 14.02.08წ. გადაწყვეტილებით ი.მ. ,,ბ. ქ-ს“ ნება დაერთო გამოეყვანა შპს ,,...“ ავტომანქანაზე და მასზე არსებული ტვირთი. სააპელაციო სასამართლოს 14.02.08წ. გადაწყვეტილებით და 17.02.09წ. განჩნებით არ განსაზღვრულა ტვირთის ღირებულება. საქმეზე დადგენილია აგრეთვე, რომ ბ.ქ-მა შპს ,,...“ ტვირთი უკან ვერ დაიბრუნა, რაც სსკ-ის 253-ე მუხლის საფუძველზე ქმნის ქონების ღირებულების განსაზღვრის საფუძველს. მხედველობაშია მისაღები, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი იმ ქონების ღირებულების განსაზღვრას ითხოვს, რომელიც სასამართლო აქტით უნდა დაბრუნებოდა და ვერ დაიბრუნა და არა ქონებაზე გაწეული ხარჯების ზიანის სახით ანაზღაურებას.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში ნივთის მოსარჩელისათვის ანაზღაურების გზით აღსრულებაზე მითითებით სააპელაციო სასამართლო გასცდა განმცხადებლის მოთხოვნას. სსკ-ის 253-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიერ სადავო ნივთის ღირებულების განსაზღვრა წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ალტერნატიულ შესაძლებლობას, აღსრულების ერთგვარ გარანტიას. თავად განმცხადებლის მიზანია მისთვის სასამართლო გადაწყვეტილებით დაბრუნებული ნივთების ღირებულების განსაზღვრა ამავე გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ვინაიდან საქმეზე დადგენილია ის გარემოება, რომ მოპასუხე მოკლებულია შესაძლებლობას სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულება შეასრულოს და მოსარჩელეს დაუბრუნოს კუთვნილი მოძრავი ნივთები.

გადაწყვეტილების აღსრულება მართლმსაჯულების შემადგენელი ნაწილია, გადაწყვეტილების შესრულება უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ. სასამართლოს უფლება არის არა თეორიული, არამედ შედეგზე ორიენტირებული უფლება, ის ქმნის გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმურ მოლოდინს. სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას, რომელიც არარეალური იქნებოდა, თუ სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ მიჩნეულიყო არაქმედითად. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ,,სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს, სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულობა აუცილებელს ხდის მისი აღსრულების უზრუნველყოფას, რის გამო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით, ყოველგვარი საეჭვოობის გარეშე, ზუსტად უნდა განსაზღვროს მოდავე პირთა უფლება-მოვალეობები (იხ. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ,,ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ“ §34, ,,ჰორნბსი საბერძნეთის წინააღმდეგ“ §40, ,,იზა და მ-ძე საქართველოს წინააღმდეგ“ §42 ). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 28.07.05წ. #1/14/184,228 გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ მიუღებელია ისეთი მდგომარეობის შექმნა, როდესაც უფლება ფორმალურად აღიარებულია, მაგრამ გაუმართლებლადაა გართულებული მისი რეალიზაცია, - მით უმეტეს, როდესაც საქმე შეეხება სასამართლოს მიერ აღიარებულ უფლებას, დაუშვებელია, როდესაც უფლება აღიარებულია და ამავე დროს უარყოფილიც. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა გარანტირებულია კანონმდებლობით, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს გამოიტანოს აღსრულებადი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლოს 04.06.13წ. განჩინებით აღინიშნა, რომ სახეზეა აღსრულებადი გადაწყვეტილება, მხარეს უფლება აქვს, კანონით განსაზღვრულ ფარგლებში ხელი შეუწყოს და უფრო მეტად გარანტირებული გახადოს მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, მხარე, რომელიც ითხოვს ქონების მიკუთვნებას, გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საშიშროების შემთხვევაში, უფლებამოსილია მოითხოვოს ქონების ღირებულების განსაზღვრა, რაც საკასაციო პალატის მითითების თანახმად, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებას და გამორიცხავს ქონების ღირებულების ანაზღაურების შესახებ სარჩელის აღძვრის საჭიროებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის 04.06.13წ. განჩინებით სააპელაციო სასამართლოს დაევალა საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს 25.09.13წ. განჩინებით სწორად განისაზღვრა ტვირთის ღირებულება, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საქმის მასალებზე და პროცესუალურ კანონმდებლობაზე დაყრდნობით. საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ 23.05.07წ. #00737 ოქმის თანახმად, ალკოჰოლური სასმელების საერთო საბაზრო ღირებულებამ, დღგ-ს გათვალისწინებით, შეადგინა 77161,20 ლარი, ხოლო დღგ-ს გამოკლებით 65 394 ლარი. დადგენილი წესის დარღვევით საქონლის ტრანსპორტირებისათვის საქონლის ღირებულება (დღგ-ს გარეშე - 65 394 ლარი), იმჟამად მოქმედი საგადასახადო კოდექსის 143.3 მუხლის საფუძველზე, საჯარიმო თანხის სახით დაეკისრა ი.მ ,,ბ. ქ-ს“ 28.05.07წ. #1516 საგადასახადო მოთხოვნით. ხსენებული აქტები სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა არა საქონლის ღირებულების არასწორი მითითების, არამედ სასაქონლო ზედნადების შევსების დადგენილი წესის დარღვევის არარსბობის გამო. საქმეში დაცული სასაქონლო ზედნადების (ტ.1, ს.ფ10) თანახმად, ავტომანქანას გადაჰქონდა ტვირთი - ალკოჰოლური სასმელები - 1710 ბოთლი (163 ყუთი), რომლის ღირებულება შეადგენდა 75 500 ლარს. საქმის მასალებში დაცულია აგრეთვე საქართველოს დამოუკიდებელი საექსპერტო - საარბიტრაჟო პალატის 23.03.07წ. #03-180 დასკვნა (ტ.3,ს.ფ.35), რომლის თანახმად ავტომანქანა ,,ზილ-130-ზე“, სახელმწიფო ნომრით ..., განთავსებული პროდუქტის, კერძოს ალკოჰოლური სასმელების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 77160.20 ლარს, დღგ-ს გათვალისწინებით (დღგ-ს გამოკლებით - 65 394 ლარს).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ 25.09.13 წ. განჩინებაში გამოთქმული მოსაზრება სსსკ-ის 253-ე მუხლთან მიმართებით არ ეწინააღმდეგება თავად აღნიშნული ნორმის მიზანს და ამასთან, იგი თანხვედრაშია ბ. ქ-ის კერძო საჩივარზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.06.13 წ. განჩინებაში მიცემულ განმარტებასთან.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.13წ. განჩინებაზე წარმოდგენილი კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.13წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე