საქმე¹ბს-642-617 (კს-13) 20 თებერვალი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ გ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.13წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 22.11.12წ. №01/72840 და 26.12.12წ. №01/82288 წერილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.13წ. განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება გ. ბ-ის სარჩელისა გამო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 22.11.12წ. №01/72840 და 26.12.12წ. №01/82288 წერილების ბათილად ცნობის თაობაზე დაუშვებლობის მოტივით. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.08.13წ. განჩინებით გ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.13წ. განჩინება.
გ. ბ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.08.13წ. განჩინების გაუქმება და მის კერძო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.13წ. განჩინებით გ. ბ-ეს, მის განცხადებაში არსებული ხარვეზების შესავსებად, განესაზღვრა ვადა, კერძოდ, გ. ბ-ეს დაევალა წერილობითი განცხადებით განემარტა სასამართლოსთვის, თუ რას მიიჩნევს იგი ახლად აღმოჩენილ გარემოებად (გარემოებებად), როდის გახდა მისთვის ცნობილი აღნიშნული გარემოება. მასვე დაევალა ახლად აღმოჩენილი გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულების (მტკიცებულებების) სასამართლოსათვის წარდგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.13წ. განჩინებით გ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 05.08.13წ. განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ბ-ემ, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.13წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ვადის დაცვით აქვს შემოტანილი კერძო საჩივარი, რადგან 21.11.13წ. განჩინება ჩაბარდა ჭიათურის საფოსტო განყოფილებაში 02.12.13წ., რაც დასტურდება მიღება-შეტყობინების ფურცელზე მისივე ხელმოწერით და საფოსტო განყოფილებაში არსებული ჟურნალით. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს, რომ საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებმა: ნ. სხირტლაძემ, მ. ვაჩაძემ და ლ. მურუსიძემ არ მიიღონ მონაწილეობა საქმის განხილვაში, რადგან მათ ამ შინაარსის საქმის განხილვაში ერთხელ უკვე მიიღეს მონაწილეობა. კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული წერილები არ არის ადმინისტრაციული აქტები. სააპელაციო სასამართლოს მითითება განმცხადებლის მიერ სსკ-ის 427-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევის შესახებ არ არის მართებული, რადგან მოცემული მუხლის მოთხოვნები დაცული აქვს. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ სააპელაციო სასამართლოს სხვა მოსამართლეს უნდა გადაეცეს საქმე განსახილველად, რადგან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თ. თადაშვილი დაინტერესებული იყო ამ საქმის განხილვის არაპირდაპირი შედეგით, რის გამოც საქმე სწრაფად მიიყვანა დასასრულისკენ. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ ხარვეზი არ გამოსწორდა, განმეორებით უნდა განესაზღვრა ვადა მის შესავსებად, რაც შეგნებულად არ გააკეთა.
გ. ბ-ემ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სსკ-ის 31.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსამართლეების ნ. სხირტლაძის, მ. ვაჩაძის, ლ. მურუსიძის აცილება მსგავს მოთხოვნაზე შეტანილი საკასაციო საჩივრის 19.12.13წ. განჩინებით (საქმე №ბს-430-419 (კ-13)) დაუშვებლად ცნობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის განცხადება და კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საფუძველს არის მოკლებული კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა საკასაციო სასამართლოს მოსამართლეთა (ნ. სხირტლაძე, ლ. მურუსიძე, მ. ვაჩაძე) აცილების შესახებ. ის გარემობა, რომ სასამართლოს ამ შემადგენლობამ 19.12.12წ. №ბს-430-419 (კ-13) განჩინებით დაუშვებლად ცნო გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, არ ქმნის განსახილველი საქმიდან მოსამართლეთა აცილების საფუძველს. საკასაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება კანონიერ ძალაშია, ამასთანავე განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი განსხვავებულია, კერძოდ, მოცემულ საქმეში გ. ბ-ის მოთხოვნას შეადგენს ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლება და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილების ბათილად ცნობა, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, ხოლო №ბს-430-419 (კ-13) საქმეში მოპასუხე იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას. აღსანიშნავია, რომ ორივე საქმის წარმოების დროს გ. ბ-ე ითხოვდა ყველა იმ მოსამართლის აცილებას და საქმიდან ჩამოშორებას, რომელიც მის საქმეს განიხილავდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სსკ-ის 32-ე მუხლით გათვალისწინებული აცილების რაიმე საფუძველი, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ.
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების წინაპირობებს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. საქმის წარმოების განახლებისათვის სავალდებულოა განმცხადებლის მიერ სსკ-ის 423-ე მუხლით განსაზღვრული ერთ-ერთი საფუძველის არსებობა. გ. ბ-ე საქმის წარმოების განახლების შესახებ მოთხოვნაში საქმის წარმოების განახლების საფუძვლად ვერ უთითებს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ რომელიმე კონკრეტულ გარემოებას, კერძო საჩივარში მოყვანილი მოსაზრებები პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ სამართლის ნორმების არასწორად შეფარდების შესახებ არ ქმნის წარმოების განახლების საფუძველს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების განახლების საკითხის გადაწყვეტა არ ითვალისწინებს ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში სამართლის ნორმების გამოყენების სისწორის გადამოწმებას, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზედამხედველო წარმოების წესით განჩინების გაუქმების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან გ. ბ-ის განცხადება არ შეიცავდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების, კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმების კანონისმიერ საფუძვლებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადის მიუხედავად გ. ბ-ემ არ მიუთითა საქმის წარმოების განახლების საფუძველი, ასეთი არც კერძო საჩივარშია მითითებული, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ გ. ბ-ის განცხადების განუხილველად დატოვება დაუშვებლობის მოტივით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო და ძალაში უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.13წ. განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ბ-ის 29.01.14წ. განცხადება საკასაციო პალატის მოსამართლეთა აცილების შესახებ და გ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.13წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე
-