საქმე №ბს-64-63(გ-14) 25 თებერვალი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის დავა განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 9 იანვარს ლ. მ-ს წარმომადგენელმა პ. მ-მ სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის მიმართ და მოითხოვა შრომის წიგნაკის პირველი და მეორე გვერდის ჩანაწერის ნამდვილობის აღიარება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ლ. მ- 1982 წლის 1 აგვისტოდან 1992 წლის 25 აგვისტომდე მუშაობდა რუსთავის მსუბუქი ტაქსომოტორების ავტოსატრანსპორტო საწარმოში მეეზოვედ.
1992 წლის სექტემბრიდან საცხოვრებლად გადავიდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, სადაც მუშაობდა სხვადასხვა სამსახურებში. იგი უკვე არის საპენსიო ასაკს მიღწეული და ესაჭიროება ცნობა წელთა ნამსახურობის მიხედვით. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოციალური დაცვის სახელმწიფო ფონდიდან მიმართეს საქართველოს ეროვნულ არქივს, თუმცა არქივიდან მიღებული პასუხით, რუსთავის ტაქსომოტორების პარკის მასალები რუსთავის ადგილობრივ დაცვაზე არ ინახება, რის გამოც 1982-1992 წლებში ლ. მ-ს მუშაობის ფაქტს ვერ ადასტურებენ. ქ. რუსთავის მერიის 1997 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა რუსთავის მერიის სტრანსპორტის დეპარტამენტი, რომელშიც შედიოდა მსუბუქი ტაქსომოტორების ავტოსატრანსპორტო საწარმო და ჩამოყალიბდა ერთიანი შპს ,,...“. მასში შევიდა მსუბუქი ტაქსომოტორების ავტოსატრანსპორტო საწარმო, რომელზეც მიმდინარეობს ლიკვიდაცია და მსუბუქი ტაქსომოტორების ავტოსატრანსპორტო საწარმოს მასალები არ მოიპოვება.
მოსარჩელის მითითებით, ლ. მ-ს ესაჭიროება შრომის წიგნაკის პირველ და მეორე გვერდებზე მითითებული ჩანაწერის ნამდვილობის დადასტურება, რათა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაენიშნოს პენსია წელთა ნამსახურების მიხედვით (იხ. ს.ფ. 2-14).
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 იანვრის განჩინებით ლ. მ-ს წარმომადგენლის პ. მ-ს სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ექვემდებარება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას იმ მოტივით, რომ ფიზიკური პირი, რომელიც მუშაობდა იმჟამად სახაზინო (სახელმწიფო) დაწესებულებაში და ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის სამართალურთიერთობის შრომის სტაჟის არსებობის დადგენა არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით კანონმდებლობით განსახილველ საქმეს (იხ. ს.ფ. 44-46).
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 იანვრის განჩინებით სარჩელი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოიგზავნა საკასაციო სასამართლოში, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. კანონმდებლის მითითება იმის შესახებ, რომ საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს. სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში: იმ შემთხვევაში, თუ სამართალურთიერთობა რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის ან სხვა კერძო-სამართლებრივი წყაროს ნორმებით, დავა სამოქალაქო კატეგორიისაა, ხოლო თუ ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა მოცულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ან საჯარო სამართლის სხვა წყაროთი, დავა ადმინისტრაციულ კატეგორიას განეკუთვნება.
სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს აღიარებულ იქნეს ლ. მ-ს შრომის წიგნაკის პირველი და მეორე გვერდის ნამდვილობა, რაც არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რამდენადაც დოკუმენტის ნამდვილობის აღიარება რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით, კერძოდ, კი სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს შრომითი კანონმდებლობით მოწესრიგებული ურთიერთობანი (იხ. ს.ფ. 50-54).
ს ა მ ო ტ ი ც ა ვ ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიების მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია რომ ლ. მ-ს წარმომადგენლის პ. მ-ს სარჩელი განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად სამოქალაქო დავად. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დასკვნას დავის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რითაც დაირღვა სსსკ-ის 393-ე მუხლის მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს _ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც თავის მხრივ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში /მუხლი 26/, კერძოდ, დავის განხილვის და გადაწყვეტის აუცილებლობაში უფლებამოსილი სასამართლოს მიერ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე კოდექსის 2.3 მუხლის შესაბამისად, ამ მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ამდენად, მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1, 2.2 მუხლებში დაკონკრეტებული დავები, აგრეთვე სხვა დავები, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე, სამართლებრივი ურთიერთობიდან არის წარმოშობილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისათვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1, 2.2 და 2.3 მუხლებში, ამასთან აღნიშნული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობებიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების გაანალიზების შედეგად მიაჩნია, რომ ლ. მ-ს წარმომადგენლის პ. მ-ს სარჩელი წარმოდგენილი რედაქციით როგორც ფორმალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ვერ იქნება განხილული ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, შესაბამისად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს დასკვნა საქმის ადმინისტრაციულ დავად მიჩნევის თაობაზე ზედაპირული და დაუსაბუთებელია, ასევე, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული კოლეგიის დასკვნა სამოქალაქო კატეგორიად მიჩნევის თაობაზე.
ლ. მ-ს სარჩელის საგანს წარმოადგენს - სასამართლო წესით შრომის წიგნაკის პირველი და მეორე გვერდის ნამდვილობის აღიარება. მოპასუხეს - თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერია.
საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საქმე განსახილველად უნდა გადაეცეს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომელმაც რიგი საპროცესო მოქმედებები უნდა განახორციელოს დავის სამართლებრივი ხასიათის განსაზღვრის მიზნით, რამდენადაც სარჩელი თავისი შინაარსით მოცემულ მომენტში არ იძლევა შესაძლებლობას ამგვარი დასკვნის შესადგენად.
საკასაციო სასამართლო წინამდებარე საქმეზე ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 14 თებერვლის განჩინებაში /საქმეზე შპს ,,...“ სარჩელისა გამო, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ბათუმის რეგიონალური ცენტრის მიმართ/ და საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებაში /საქმეზე ტ. მ-ს სარჩელისა გამო მოპასუხეების - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და ირმა პაპიძის მიმართ/ ჩამოყალიბებულ სამართლებრივ დასკვნებს და განმარტებებს, კერძოდ,
,,საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი /დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების მატერიალურ-სამართლებრივი დაცვის საშუალება/ შედგება ორი ელემენტისაგან - სარჩელის საგნისა და საფუძვლისაგან. სარჩელის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა მოპასუხის მიმართ, ანუ სარჩელის საგანია მოსარჩელის უფლება, რომლის შესახებაც ის მოითხოვს გადაწყვეტილების გამოტანას სასამართლოს მიერ. შესაბამისად, სარჩელის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი და არა მოთხოვნის მატერიალური ობიექტი. სარჩელის საფუძველი, თავის მხრივ, ორი ელემენტისაგან შედგება, სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლისაგან, ამასთან, სარჩელის საფუძველი არის ის ფაქტები, რომელთა არსებობა განაპირობებს მოთხოვნის საფუძვლიანობას და რომლებსაც მატერიალური სამართლის ნორმა უკავშირებს სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტების უფლება-მოვალეობების წარმოშობას, შეცვლას და შეწყვეტას”.
,,სასამართლო წესით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობა სუბიექტური უფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც იცავს უფლებას გაქარწყლებისგან, არარად ქცევისგან. ამიტომაა, რომ საპროცესო სამართალში სარჩელის აღძვრის უფლების (სარჩელზე უფლების) არსებითი ელემენტია, უწინარეს ყოვლისა, თავად უფლების არსებობა მატერიალური შინაარსით რომლის დაცვის ღირსი ინტერესიც მოსარჩელეს გააჩნია. თუკი განცხადებულ მოთხოვნაზე უფლება ნამდვილად ეკუთვნის მოსარჩელეს და მას ნამდვილად აქვს ამ უფლების დაცვაზე კანონიერი ინტერესი, ხოლო სადავოდ გამხდარ უფლებაზე ვალდებულ პირს ნამდვილად წარმოადგენს მოპასუხე, მაშინ საქმის განხილვისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა _ მხარეთა ლეგიტიმური შემადგენლობა სახეზეა.
ამდენად, სასამართლოსადმი მიმართვა უკავშირდება მხოლოდ “თავისი” უფლების ან თავისუფლების დაცვის რეალურ საჭიროებას, რის გამოც სასამართლოში სარჩელის აღძვრის პროცესუალური უფლებით სარგებლობს მხოლოდ საამისო, ნამდვილი ინტერესის მქონე პირი და ამასთან, ეს ინტერესი უნდა იყოს კანონიერი. შესაძლებელია, თავისთავად, პირს ჰგონია, რომ ასეთი ინტერესი აქვს და მიმართავს სასამართლოს, მაგრამ პირის ასეთი სუბიექტური განწყობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ობიექტურად იგი მართლაც დაინტერესებულია პროცესის წარმოების თვალსაზრისით. სასამართლომ უნდა გაარკვიოს სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესი კანონიერი ინტერესის არსებობის საკითხის გარკვევისას მნიშვნელოვანია, გაირკვეს უფლებისა და ინტერესის სუბიექტური ფარგლების საკითხი, რაც უკავშირდება მათ შორის ურთიერთმიმართებისა და განსხვავების გამორკვევას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ თვალსაზრისით ინტერესი არ არის სუბიექტური უფლების შემადგენელი ელემენტი, წარმოადგენს მისი დაკმაყოფილების განმაპირობებელი სუბიექტური უფლების წანამძღვარს. ამ თვალსაზრისით სარჩელის აღძვრა შესაძლებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესისათვის ზიანის მიყენების საფუძვლით. ამდენად, ამ საკითხის სწორად გარკვევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, მოსარჩელეს არ წაერთვას ნამდვილი უფლება სარჩელზე და შესაბამისად, სამართლიან სასამართლოზე და, მეორე მხრივ, შეცდომით არ მოხდეს სარჩელზე მოსარჩელის არარსებული უფლების განხორციელება და ამით გაუმართლებლად არ შეილახოს მოპასუხის ინტერესები და სამართლიან სასამართლოზე მისი შესაბამისი უფლება“.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ორივე - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოებაც იცნობს აღიარებითი სარჩელის სახეებს, კერძოდ, ამგვარი მოთხოვნის აღძვრის შესაძლებლობა უზრუნველყოფილია, როგორც სსსკ-ის 180-ე მუხლის, ასევე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე.
სამოქალაქო სასამართლომ მოსამზადებელი სხდომის ინსტიტუტის გამოყენებით უნდა გამოარკვიოს: რაში მდგომარეობს სარჩელის აღძვრის იურიდიული ინტერესი, როგორც ამას ითხოვს სსსკ-ის 180-ე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კოდექსის 25-ე მუხლების დანაწესი; სასამართლომ უნდა გამოარკვიოს თუ რა მიზნის მიღწევა სურს მოსარჩელეს სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, რომელი უფლების დაცვის პრევენციას უზრუნველყოფს იგი. აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ უნდა განსაზღვროს მოსარჩელის მიზნის მიღწევას რომელი კატეგორიის (სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული) და რომელი სახის (აღიარებითი თუ შეცილებითი) სარჩელი მოემსახურება, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი უფლების დაცვის საპროცესო-სამართლებრივი საშუალება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის ინსტიტუტი საპროცესო კანონმდებლობით შესაბამის შემადგენლობას შეიცავს და მას დასაშვებობის წინაპირობები გააჩნია, კერძოდ: სსსკ-ის 180-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის მიერ ამ ინსტიტუტის გამოყენების უფლება დამოკიდებულია საპროცესო მოვალეობაზე - დაასაბუთოს მოთხოვნის სასამართლო გადაწყვეტილებით აღიარების იურიდიული ინტერესი, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელემ მოთხოვნის აღიარების იურიდიული ინტერესის გარდა, უნდა დაასაბუთოს, რომ მისი მოთხოვნა ვერ იქნება აღძრული ადმინისტრაციული სარჩელის სხვა სახეების (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-24-ე მუხლებით) მეშვეობით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელი, როგორც მოთხოვნის აღძვრის საპროცესო-სამართლებრივი საშუალება ექვემდებარება როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციული წესით სასამართლო კონტროლს სარჩელის სახის კვალიფიციური განსაზღვრის თვალსაზრისით მისი დასაშვებობის კრიტერიუმების შემოწმების გზით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივი უფლების დაცვა დამოკიდებულია საპროცესო უფლებათა კვალიფიციურ გამოყენებაზე, რომლის შესრულების ხარისხიც სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს, მაგ: სარჩელის შინაარსის (სსსკ-ის 178-ე მუხლი) შესაბამისობა მოწმდება სსსკ-ის 183-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. სსსკ-ის 186-ე მუხლით განსაზღვრულია სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი და ა.შ; ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა დამოუკიდებლად გამოყოფს ადმინისტრაციული სარჩელის დასაშვებობის სტადიას განმწესრიგებელი სხდომის ინსტიტუტის მეშვეობით და სხვ.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ზემოაღნიშნულ საკითხების დეტალური და ზუსტი გამოკვლევის შედეგად უნდა განსაზღვროს თუ რომელი კატეგორიის (ადმინისტრაციული თუ სამოქალაქო) და რომელი სახის (აღიარებითი თუ შეცილებითი) სარჩელია წარდგენილი სასამართლოში და შესაბამისად, რომელი სახის სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს მის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 26.3 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. მ-ს წარმომადგენლის პ. მ-ს სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/პ. სილაგაძე/