ბს-1800-1768 (კ-11) 06 marti, 2014 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
სხდომის მდივანი _ ანა ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) _ თ. ჩ-ი, წარმომადგენელი მ. ს-ი
(რწმუნებულება 03.06.09წ. №1-1430);
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, წარმომადგენელი კ. ნ-ი, ნ.ო-ი, ც.ყ-ი (მინდობილობა 20.11.12წ., №01-03/1980, 30.01.14წ., =01-03/114).
მესამე პირი _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, წარმომადგენელი ი. ქ-ი (მინდობილობა 19.02.14წ. №01/13924).
დავის საგანი _ უბედური შემთხვევის შედეგად ზიანის მიყენება, ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.03.10w გადაწყვეტილება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. ტ-ემ 28.09.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე _ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის ფორმა ტ-1 გაცემის დავალება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მუშაობდა №35 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ. 02.06.02წ. ხაშურის ¹#35 საარჩევნო ოლქში არჩევნები არ ჩატარდა, რაც გამოწვეული იყო ცესკოს მიერ საარჩევნო კოდექსით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობით, საარჩევნო ოლქში ბიულეტენების დროულად არ მიწოდებით. საარჩევნო ბიულეტენები მიწოდებული იქნა 9 საათსა და 40 წუთზე, რის გამოც ვერ გაიხსნა 14 საარჩევნო უბანი. ცესკოს იმდროინდელი თავმჯდომარის ჯ.ლ-ის 27.05.02წ. =01-05/28 მიმართვის საფუძველზე ბიულეტენები უნდა დაბეჭდილიყო ქ.თბილისში, სს ,,...“ სტამბაში. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბიულეტენების დაბეჭდვა სს ,,...“ ნაცვლად ... ქუჩაზე მდებარე სტამბაში უნდა მომხდარიყო. 01.06.02წ. ბიულეტენების ჩამოსატანად ქ.თბილისში მიავლინა საოლქო კომისიის წევრები, ხოლო თავად ხაშურის რაიონის სოფლებში აწარმოებდა დაბეჭდილი ბიულეტენების საუბნო საარჩევნო კომისიაში მიტანას. ასეთი საუბნო კომისია რაიონის მასშტაბით 27 იყო. ცესკოს მიერ საარჩევნო კოდექსით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის, ბიულეტენების დაგვიანებით მიწოდების გამო ვერ გაიხსნა 14 საარჩევნო უბანი, რაიონის სოფლებში, კერძოდ, 27 საარჩევნო უბანში, რომელთათვისაც ბიულეტენები ადგილობრივ სტამბაში დაიბეჭდა, არჩევნები ჩატარდა ქ.ხაშურის მასშტაბით. არჩევნების ჩაშლამ გამოიწვია სრული ქაოსი და აზრთა მითქმა-მოთქმა, კანდიდატები და მათი მომხრეები გამოხატავდნენ აგრესიას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დაძაბულმა მდგომარეობამ და გაურკვევლობამ იმოქმედა მის ნერვიულ სისტემაზე, გახდა ცუდად, დაკარგა გონება, მას ადგილზე ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება. 03.06.02წ. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ცესკოს თავმჯდომარეს და მოითხოვა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იმ დღიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ იმყოფებოდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, თანდათან გაუარესდა, ის გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი. ჯანმრთელობის შერყევა გამოწვეულია 02.06.02წ. №35 საარჩევნო ოლქში შექმნილი მდგომარეობით, რაც გამოწვეული იყო ცესკო-ს მიერ საარჩევნო კოდექსით დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებით და დაუდევრობით. არაერთჯერადი მიმართვის მიუხედავად ცესკო-ს ხელმძღვანელობა უარს აცხადებს უბედური შემთხვევის გამოკვლევისა და ფორმა ტ-1-ის შედგენაზე. მოსარჩელემ მოითხოვა ცესკოსათვის ფორმა ტ-1 გაცემის დავალება 02.06.02წ. №35 საარჩევნო ოლქში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით.
სარჩელს თან დაერთო თ. ტ-ის განცხადებები ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის, ცესკო-ს და სახალხო დამცველის სახელზე გაგზავნილი განცხადებები და ხსენებული ორგანოების პასუხები. საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ მოთხოვნა სცილდება მისი კომპეტენციის ფარგლებს, ხოლო ცესკო-ს და სახალხო დამცველის აპარატის პასუხებში აღინიშნა, რომ არ დასტურდება განმცხადებლის ავადმყოფობის კავშირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შრომის მთავარმა ინსპექტორმა შიდა ქართლის და ცხინვალის მხარეში მ. ყ-მა 17.10.05წ. შეადგინა დასკვნა უბედური შემთხვევის შესახებ, რომელშიც უბედური შემთხვევის მიზეზად მითითებულია არჩევნების არაორგანიზებულობით შექმნილი სტრესული სიტუაცია. Dდასკვნის სარეზოლუციო ნაწილით ადმინისტრაციას დაევალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ტ-1 აქტის შედგენა დასკვნის შესაბამისად.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 26.10.05წ. განჩინებით საქმე განსჯადობით გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
10.07.06წ. თ. ტ-ემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შიდა ქართლში და ცხინვალის მხარეში მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის 17.10.05წ. დასკვნის შესრულება და მოპასუხისათვის მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ აქტის – ფორმა ტ-1 გაცემის დავალება; ყოველთვიური სარჩოს უვადოდ დანიშვნა 2002 წლის 2 ივნისიდან (სარგოს ცვალებადობის გათვალისწინებით); წამლების შეძენისათვის დამატებითი ხარჯის (9774ლ.) ანაზღაურება; საქართველოს პრეზიდენტის 09.02.99წ. №48 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის 33-ე პუნქტის შესაბამისად შრომისუნარიანობის სრული დაკარგვის გამო 5 წლის თანამდებობრივი სარგოს (7200ლ.) ანაზღაურება.
მოსარჩელის 16.08.06წ. გარდაცვალების გამო, 26.09.06წ. საოქმო განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა. 03.01.07წ. განჩინებით საქმეზე განახლდა საქმის წარმოება, მოსარჩელის უფლებამონაცვლედ მიჩნეული იქნა თ. ჩ-ი
საქალაქო სასამართლოს 14.05.07წ. საოქმო განჩინებით მოთხოვნა ფორმა ტ-1 გამოცემის დავალების ნაწილში გამოეყო საქმეს, დანარჩენ ნაწილში საქმის წარმოება შეჩერდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.07.07წ. გადაწყვეტილებით თ. ტ-ის უფლებამონაცვლის თ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ცესკო-ს დაევალა თ. ტ-ის მიმართ წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის აქტის - ფორმა ტ-1-ის გაცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.08წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ცესკო-ს სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მოსარჩელის უფლებამონაცვლეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 29.07.09წ. ¹ბს-1664-1618 (კ-08) განჩინებით თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს 22.04.08წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.03.10წ. გადაწყვეტილებით ცესკო-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული.
საქალაქო სასამართლოს 19.04.11წ. განჩინებით განახლდა საქმის წარმოება შეჩერებულ ნაწილში.
10.05.11წ. თ. ჩ-მა დაზუსტებული სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა თ. ტ-ისათვის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება 98 474 ლ. ოდენობით. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 09.02.07წ. №48 ბრძანებულება, საქართველოს მთავრობის 24.03.07წ. ¹№53 დადგენილება, საქართველოს შრომის კოდექსი, სკ-ის 1006-ე მუხლი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ცესკოს ბრალეული ქმედებით თ.ტ-ეს და მის უფლებამონაცვლეს თ.ჩ-ს მიადგა მატერიალური ზიანი. ხაშურის საარჩევნო ოლქში ბიულეტენები 02.06.02 წ. ცხრა საათსა და ორმოც წუთზე იქნა მიწოდებული, დაირღვა საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მოთხოვნა, რამაც გამოიწვია კანდიდატთა და მათი მომხრეთა გაღიზიანება, სტრესული მდგომარეობის შექმნა №35 საოლქო საარჩევნო კომისიაში, რამაც საბოლოოდ თ. ტ-ის ჯამრთელობის დაზიანება გამოიწვია. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელე უთითებს ამბულატორიული ავადმყოფობის №313 სამედიცინო ბარათს, № 35 საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილ წევრთა 25.07.05წ. აქტს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შიდა ქართლში და ცხინვალის მხარეში მთავარი სახელმწიფო ინსპექციის 17.10.05 წ. დასკვნას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 02.06.02წ. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებულმა ჯანმრთელობის დაზიანებამ გამოიწვია თ. ტ-ის საერთო და შრომისუნარიანობის თითქმის სრულად დაკარგვა, მას უვადოდ განესაზღვრა პირველი ჯგუფის ინვალიდობა. პარკინსონის დაავადების, ამიოსტატიკური სინდრომის, სუნთქვის მწვავე უკმარისობის, ფილტვების შეშუპების მიზეზით 02.08.06 წ. თ. ტ-ე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. მოსარჩელე თვლის, რომ ცესკოს ბრალეული ქმედებით თ. ტ-ეს და მის უფლებამონაცვლეს მიადგა მატერიალური ზიანი, საქართველოს პრეზიდენტის 09.02.1999 წ. №48 ბრძანებულების მე-2, მე-3, მე-11, 24-ე, 33-ე, 36-ე, 50-ე პუნქტების საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს ყოველთვიური სარჩო, ზიანის მიყენების დღიდან გარდაცვალებამდე, რაც შეადგენს 5760 ლარს, წამლების შეძენისათვის გაწეული ხარჯი - 9474 ლარი, შრომისუნარიანობის დაკარგვისათვის ერთჯერადი დახმარება 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით - 7200 ლარი, მარჩენალის გარდაცვალების გამო ყოველთვიური სარჩოს გადახდა გარდაცვალებიდან სარჩელის აღძვრამდე - 6840 ლარის ოდენობით, მოსარჩელე ითხოვს აგრეთვე მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ერთჯერადი დახმარების სახით 10 წლის სამსახურებრივი სარგოს - 67 200 ლარის დაკისრებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოპასუხისაგან ითხოვს თ. ტ-ისათვის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას 98.474 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.06.11წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოპასუხის ბრალეული ქმედების გამო დაუზიანდა ჯანმრთელობა აწგარდაცვლილ თ. ტ-ეს. საქართველოს კონსტიტუციის 42.9 მუხლის, სზაკ-ის 207-ე, 208-ე, სკ-ის 992-ე მუხლების, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 09.02.99წ. ¹№48 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის 1.3, 1.5 მუხლების საფუძველზე სასამართლომ მიუთითა, რომ დამსაქმებელს დამდგარი ზიანისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება შესაძლებელია თუკი დამსაქმებელს განზრახი ან გაუფრთხილებელი ბრალი მიუძღვის ზიანის დადგომაში. სასამართლო მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ არის ბრალეული თ. ტ-ის ჯამრთელობის დაზიანებაში და მას არ უნდა დაეკისროს მატერიალური პასუხისმგებლობა. საქართველოს პრეზიდენტის 09.02.1999წ. ¹№48 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-4, მე-14, 35-ე პუნქტებზე მითითებით სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელე თ. ჩ-ი არაუფლებამოსილია მოითხოვოს მეუღლის გარდაცვალების გამო მისთვის სარჩოს ანაზღაურება იმ მოტივით, რომ თ. ჩ-ი არ წარმოადგენს შრომისუუნარო პირს, რომელიც მეუღლის გარდაცვალებამდე იმყოფებოდა მეუღლის კმაყოფაზე, მე-14 პუნქტის სუბიექტი არის დაზარალებულის ან გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფი შრომისუუნარო პირი და არა მისი ოჯახის ნებისმიერი პირი. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ჩ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 11.10.11წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დელიქტური ვალდებულებები ატარებს ფარდობით ხასიათს. Pპასუხისმგებლობის აუცილებელი პირობაა ზიანის მიმყენებლის ბრალის არსებობა. პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის უნდა არსებობდეს სკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები. აღნიშნული მუხლის მსგავსად საქართველოს პრეზიდენტის 09.02.99წ. №48 ბრძანებულებით დამტკიცებული წესი ითვალისწინებს დამსაქმებლის პასუხისმგებლობას ბრალის არსებობის შემთხვევაში. მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ჩაითვლება დამქირავებლის ბრალეულობით მიყენებულად, თუ იგი მოხდა მისგან შრომის კანონმდებლობის, შრომის დაცვის წესების, ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა უგულებელყოფით ან არასათანადო შესრულებით. Pპალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებს. საქართველოს პრეზიდენტის 09.02.1999წ. №48 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-4, მე-14, 35-ე პუნქტებზე მითითებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თ. ჩ-ი არ არის უფლებამოსილი მეუღლის გარდაცვალების გამო სარჩელის ანაზღაურების მიღებაზე, ვინაიდან ის არ არის შრომისუუნარო პირი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. ჩ-ის მიერ. Kკასატორი თვლის, რომ თ. ტ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა მოპასუხის ბრალეული ქმედებით, რის შესახებაც წარდგენილია დასკვნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორის ხელმოწერით. დასკვნაში მითითებულია, რომ თ. ტ-ის სტრესრული მდგომარეობა და ჯანმრთელობის გაუარესების გამომწვევი მიზეზი მოპასუხის ბრალეულობით მოხდა. Dდასკვნის შესაბამისად თ. ტ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოწვეულია მოპასუხის მიერ არჩევნების არაორგანიზებულად ჩატარებით.Kკასატორი თვლის, რომ სახეზეა სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული მიზეზობრივი კავშირი, მართლსაწინააღმდეგო მოქმედება. საქართველოს პრეზიდენტის 09.02.1999წ. ბრძანებულებით დამტკიცებულ წესზე მითითებით კასატორი თვლის, რომ არსებობს დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისათვის საჭირო პირობა.
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორმა და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარის - ცესკოს და მესამე პირის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა უარყვეს საკასაციო საჩივრის მოტივები და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი ზიანის ანაზღაურებას ითხოვს 2002 წლის ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტის 09.02.1999წ. №48 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი“ ითვალისწინებდა ზიანის ანაზღაურების გადახდას პირის მიერ შრომის უნარის სრულად ან ნაწილობრივ დაკარგვის შემთხვევაში (50-ე მუხ.), შრომის უნარის ხარისხის დაკარგვიდან სამი წლის გასვლის შემდეგ ზიანის ანაზღაურების შესახებ განცხადების შეტანის შემთხვევაში ხსენებული წესი ითვალისწინებდა ზიანის ანაზღაურებას განცხადების შეტანიდან (51-ე მუხ.). მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სამი წლის შემდეგ (28.09.05წ.), აღნიშნულის მიუხედავად, კასატორი ითხოვს ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურებას საარჩევნო პროცესის ჩაშლის მომენტიდან, როდესაც კასატორის აზრით ზიანი მიადგა თ. ტ-ეს (02.06.02წ.) მის გარდაცვალებამდე (02.08.2006წ.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელი პირობათაგანია სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასა და თ. ტ-ის დაავადებას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა. მიზეზობრივი კავშირი მიზეზსა და შედეგს შორის აუცილებელი კავშირია, რაც გულისხმობს ორი მოვლენის არა უბრალო თანმიმდევრობას, არამედ შედეგის უცილობელ თანმიმდევრობას თავისი მიზეზის მიმართ. მიზეზობრიობის მთავარი მომენტია არსებითი კავშირი, სადაც დამოკიდებულება მიზეზსა და შედეგს შორის აქტიურ ხასიათს ატარებს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება. საქმის მასალებით ირკვევა, რომ =35 ხაშურის საარჩევნო ოლქის 14 საარჩევნო უბანზე არჩევნების ჩაშლა გამოიწვია ბიულეტენების დაგვიანებით მიწოდებამ (საარჩევნო ბიულეტენები საარჩევნო ოლქში 0940 საათზე იქნა წარდგენილი). ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 02.06.02წ. არჩევნების ჩატარების დროს მოქმედი 02.08.01წ. ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51.9 მუხლის თანახმად ცესკოს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიისათვის უნდა გადაეცა საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს, კენჭისყრის დაწყებამდე არა უგვიანეს 12 საათისა, გადასცემდა საუბნო საარჩევნო კომისიებს. საარჩევნო ბიულეტენების მიწოდებაზე პასუხისმგებელი იყო ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო ბიულეტენების დაბეჭდვას ახდენდა სტაბმა. 27.05.02წ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ =01-05/285 წერილით მიმართ სს ,,...“ დირექტორს ქალაქ ხაშურის საკრებულოსა და გამგებლის საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვის შესახებ. შემდგომში ცესკოს შეკვეთა შესასრულებლად ... ქუჩაზე მდებარე სტამბას გადაეცა. დანადგარის მწყობრიდან გამოსვლის გამო საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვა დაგვიანდა, ცესკოს საარჩევნო ბიულეტენები არ წარდგენია საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, შესაბამისად, ცესკომ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ვერ მოახდინა ბიულეტენების საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში მიწოდება. ბიულეტენების ვადაში მიუწოდებლობა არჩევნებამდე ცნობილი იყო თ. ტ-ისათვის, ვინაიდან საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებდა ბიულეტენების წარდგენას არჩევნებამდე ორი დღით ადრე. ამდენად, დამდგარი შედეგი ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის არჩევნების დაწყებამდე. ცესკოს მიერ საარჩევნო ბიულეტენების მიუწოდებლობის მითითება, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მოთხოვნას, არ აკისრებდა რაიმე პასუხისმგებლობას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. იმჟამად მოქმედი საარჩევნო კოდექსის თანახმად საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვაზე პასუხისმგებელი იყო ცენტრალური საარჩევნო კომისია (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვის უზრუნველყოფა საოლქო საარჩევნო კომისიას დაევალა 02.06.02წ. არჩევნების შემდეგ, კერძოდ, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ 14.08.03წ. კანონით შეტანილი ცვლილებებით), ამდენად, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის ცნობილი იყო, რომ ბიულეტენების დაგვიანებით დაბეჭდვაზე და შესაბამისად ხაშურის საარჩევნო ოლქის რამოდენიმე უბანზე არჩევნების ჩაშლისათვის მას პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა, არჩევნების ჩაშლა გამოწვეული იყო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შესაბამისად საშუალო მგრძნობიარობის მქონე ადამიანიასათვის შექმნილი ვითარება არ ქმნიდა განსაკუთრებული განცდების საფუძველს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე შედგა ოქმი ბიულეტენების დაგვიანებით მიღების შესახებ, საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ქ.ხაშურში არცევნების გადადების შესახებ (ხაშურის რაიონის სოფლებში (27 უბანში) იმ დღეს არჩევნები ჩატარდა). კასატორი ვერ უთითებს თუ კონკრეტულად რაში ვლინდებოდა კენჭისყრის დღეს დეპუტატობის კანდიდატთა და მათი მომხრეთა მხრიდან აგრესიული ქცევა, ასეთის არსებობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე, როგორც საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად თავად იყო უფლებამოსილი და ვალდებულიც მიეღო შექმნილი მდგომარეობის ადექვატური, კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები, მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისადმი და საჭიროების შემთხვევაში მოეთხოვა საარჩევნო ოლქის კომისიის შენობაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა. თ.ტ-ეს სამართალდამცავი ორგანოებისათვის არ მიუმართავს, საქმის მასალებით არ დასტურდება რაიმე ექსცესების არსებობა, თ. ტ-ის მიმართ რაიმე ზემოქმედება, მოსარჩელეს არ დაუსახელებია აგრესიული მოქმედების ჩამდენი კონკრეტული სუბიექტი, აგრესიის გამოვლენის კონკრეტული ფორმები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლებრივი დაცვა ორიენტირებულია საშუალო მგრძნობიარობის მქონე ადამიანზე („ნორმალური მგრძნობიარობის“ კრიტერიუმი), ამასთანავე, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ფუნქციონალური დატვირთვა გულისხმობდა და მოითხოვდა კიდეც ამ თანამდებობის დამკავებელი პირისაგან კონფლიქტური სიტუაციებით წარმოქმნილ ურთიერთობებში მონაწილეობის მზაობას, ერთგვარ სტრესგამძლეობას.
მხარეები არ უარყოფენ იმ გარემოებას, რომ სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ცესკოს თავმჯდომარისადმი 03.06.02წ. მიმართვის შემდეგ თ. ტ-ემ მუშაობა გააგრძელა სტამბაში. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებიდან ორი წლის შემდეგ, კერძოდ, 22.12.04წ. მას დაუდგინდა მხედველობითი ინვალიდობა, რაც დასტურდება საქმეში (ტ.1. ს.ფ. 268) დაცული საპენსიო მოწმობით. საქმის მასალებით არ დასტურდება კომისიის თავმჯდომარის ფუნქციის შესრულებასა და მხედველობითი ფუნქციის დაქვეითებას შორის რაიმე მიზეზობრივი კავშირის არსებობა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არ არის დაცული „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ 07.12.01წ. კანონის 1-ლი, 4.2 მუხლების მოთხოვნის შესაბამისად სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს მიერ შედგენილი დასკვნა ინვალიდობის მიზეზის შესახებ, რომელიც დაადასტურებდა, რომ თ. ტ-ის შესაძლებლობის შეზღუდვა საოლქო საარჩევნო კომისიაში მუშაობამ გამოიწვია. საქმეში დაცული ხაშურის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს 01.07.04წ. ცნობის (ტ.1, ს.ფ.27) თანახმად, პირველი ჯგუფის ინვალიდობის დადგენისას შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზად მითითებულია საერთო დაავადება. „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ კანონის 16.1 მუხლში შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრისას დაწესებულების მიერ დასადგენ მიზეზებს შორის მითითებულია: საერთო დაავადება, შრომითი დასახიჩრება, პროფესიული დაავადება, ბავშვობიდან შესაძლებლობის შეზღუდვა, შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დაკავშირებულია სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან და ა.შ.. მოცემულ შემთხვევაში თ. ტ-ისათვის შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზად მითითებული საერთო დაავადება დამატებით ადასტურებს მიზეზობრივი კავშირის არარსებობას მოსარჩელის დაავადებასა და მის საარჩევნო კომისიაში მუშაობასთან. 16.2 მუხლის თანახმად, შესაძლებლობის შეზღუდვა საერთო დაავადებასთან დაკავშირებულად ითვლება, თუ იგი კავშირში არ არის შრომით დასახიჩრებასთან, პროფესიულ დაავადებასთან. ამდენად, საარჩევნო ადმინისტრაციაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და ოთხი წლის შემდეგ თ. ტ-ის გარდაცვალებას შორის არ იკვეთება მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
საქმის მასალებით არ დასტურდება აგრეთვე თ. ტ-ის დაავადება უბედური შემთხვევის შედეგად. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შიდა ქართლისა და ცხინვალის მხარეში შრომის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის მ. ყ-ის დასკვნა უბედური შემთხვევის შესახებ შედგა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებიდან სამი წლის შემდეგ (17.10.05წ.), დასკვნის მიხედვით 02.06.02წ. მომხდარია უბედური შემთხვევა, შემთხვევა გამოწვეულ იქნა შექმნილი სტრესული მდგომარეობით, გაურკვევლობით. საკასაციო პალატა თვლის, რომ ქართლის რეგიონის შრომის მთავარი ინსპექტორის მიერ 17.10.05წ. შედგენილი №04-08/01 დასკვნა დამოუკიდებლად არ ადასტურებს მიზეზობრივ კავშირს თ. ტ-ის საოლქო საარჩევნო კომისიაში სამსახურსა და ჯანმრთელობის მოშლას შორის. საქართველოს სოციალური დაცვის, შრომის და დასაქმების მინისტრის 04.04.1997წ. =39 ბრძანებით დამტკიცებული „წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამოკვლევისა და აღრიცხვის“ დებულების თანახმად, უბედურ შემთხვევასა და სამუშაოს შესრულებას შორის მიზეზობრივი კავშირის დასადასტურებლად დგებოდა ფორმა ტ-1. თ. ტ-ემ არჩევნების დღიდან 3 წლის შემდეგ მიმართა ცესკოს „ფორმა ტ-1-ის“ შედგენის მოთხოვნით, რაზეც ცესკოს თავმჯდომარის 26.08.05წ. №01-03/549 წერილით უარი ეთქვა იმის გამო, რომ ცესკოს საქმიანობა 02.06.02წ. ადგილობრივ არჩევნებში არ იმყოფება რაიმე კავშირში თ. ტ-ის განცხადებაში აღნიშნულ ფაქტთან. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 06.09.05წ. №1995/04-5/1345-ტ წერილით თ. ტ-ეს განემარტა, რომ საქმეში დაცული სამედიცინო ცნობებით არ დასტურდება თ. ტ-ის ავადმყოფობის კავშირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს 18.03.01წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით თ. ტ-ის უფლებამონაცვლის თ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა საარჩევნო ადმინისტრაციისათვის დაწესებულებაში მომხდარი უბედური შემთხვევის აქტის - „ფორმა ტ-1-ის“ შედგენის დავალებაზე. ინსპექტორის 17.10.05წ. №04-08/01 დასკვნის მომზადების დროს მოქმედი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 16.11.04წ. №310/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - შრომის ინსპექციის“ დებულების 5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, აგრეთვე ამავე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტისა და მე-9 პუნქტის თანახმად სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენდა დასკვნებს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის უფლების მქონე (3.2 მუხ.) ინსპექციის უფროსს ან უფროსის მოადგილეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – შრომის ინსპექციის ლიკვიდაცია „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ 23.12.05წ. კანონის 50-ე მუხლის მე-13 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გამოცხადდა, ამასთანავე მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 28.06.06წ. №177/ნ ბრძანებით მოხდა 16.11.04წ. =310/ნ ბრძანებით დამტკიცებული შრომის ინსპექციის დებულების ძალადაკარგულად გამოცხადება, დასკვნა ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მიერ ინპექციის უფროსისათვის არ წარდგენილა და არ დამტკიცებულა, შესაბამისად, დასკვნა არ იწვევს სამართლებრივ შედეგს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დასაშვებია საწარმოო ტრავმით, პროფესიული დაავადებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად. მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს უბედური შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო. 17.10.05წ. დასკვნის თანახმად 02.06.02წ. ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას. საქართველოს სოციალური დაცვის, შრომის და დასაქმების მინისტრის 04.04.1997წ. ბრძანებით დამტკიცებული „წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამოკვლევისა და აღრიცხვის“ დებულების 1.2 მუხლის თანახმად უბედურ შემთხვევად მიიჩნეოდა ფიზიკური ზემოქმედების (მწვავე ერთჯერადი მოწამვლები, თბური დარტყმები, დამწვრობები, მოყინვები, დახრჩობა, ელვისაგან დაზიანება, ცხოველებთან, მწერებთან და ქვეწარმავლებთან კონტაქტის დროს მიყენებული დაზიანებები, ელექტროდენით, იონიზირებული გამოსხივებით, აფეთქებით, ავარიებით, შენობა-ნაგებობების დაშლით, სტიქიური უბედურებით და სხვა საგანგებო სიტუაციების) შედეგად მიყენებული დაზიანებები. უბედური შემთხვევა არის გაუთვალისწინებელი შემთხვევა, გარემოებათა უეცარი დამთხვევა, რომელმაც გამოიწვია სხეულის დაზიანება ან სიკვდილი. ზოგადად არ არის გამორიცხული ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად ზიანის მიყენება, ამასთანავე, უბედური შემთხვევის შედეგად ზიანის მიყენება არ უკავშირდება ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად ზიანის მიყენებას. საწარმოში უბედური შემთხვევა უკავშირდება ჯანმრთელობის ტრავმულ დაზიანებას, გარეგანი ზემოქმედების შედეგად მიყენებულ ფიზიკურ დაზიანებას დაკავშირებულს პირის შრომით საქმიანობასთან ან სამუშაო დროს. აღნიშნულს ადასტურებს აგრეთვე იმჟამად მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის XI თავი, რომლის 154-ე მუხლის საფუძველზე მინისტრის 04.04.1997 წ. =39 ბრძანებით დამტკიცდა ,,წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამოკვლევისა და აღრიცხვის“ დებულება. საარჩევნო ბიულეტენების საოლქო საარჩევნო კომისიაში დაგვიანებით წარმოდგენა, ამის გამო დაძაბული სიტუაციის შექმნა არ ადასტურებს უბედური შემთხვევის შედეგად მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანებას. შესაბამისად არ არსებობდა საარჩევნო ადმინისტრაციის ვალდებულება მოეხდინა უბედური შემთხვევის გამოკვლევა. ამასთანავე, არ დასტურდება ადმინისტრაციის მხრიდან იმჟამად მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების (უბედური შემთხვევის გამოკვლევის და აღრიცხვის) დარღვევა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სამსახურში შექმნილი სტრესული სიტუაცია, ემოციური დატვირთვა ვერ იქნება მიჩნეული უბედურ შემთხვევად. იმ პერიოდში მოქმედი ხსენებული დებულების 1.5 მუხლი ითვალისწინებდა სამედიცინო დაწესებულების მიერ უბედური შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმის სიმძიმის კატეგორიის შესახებ ცნობის გაცემას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საქმეში არ არის დაცული აგრეთვე სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მიერ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ 10.12.1997წ. კანონის 43.1 მუხლის შესაბამისად შედგენილი ჩანაწერი ხაშურის №35 საოლქო საარჩევნო კომისიაში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახებისა და თ. ტ-ისათვის სამედიცინო დამხარების აღმოჩენის შესახებ. მითითებული მუხლის მიხედვით ექიმი და სხვა სამედიცინო პერსონალი ვალდებულია: დადგენილი წესით აწარმოოს ჩანაწერები სამედიცინო დოკუმენტაციაში, არასამუშაო ადგილზე სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას წერილობით ასახოს და დანიშნულებისამებრ გადასცეს ინფორმაცია გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ. ასეთი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, ხოლო საქმეში დაცული (ტ.1. ს.ფ.18) №35 საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილ წევრთა მიერ სამი წლის შემდეგ (25.07.05წ.) შედგენილი და ხელმოწერილი აქტი (№35 საოლქო საარჩევნო კომისიაში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახების შესახებ), ვერ ცვლის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ სამედიცინო პერსონალის მიერ შედგენილ დოკუმენტს და არ ადასტურებს 02.06.02წ. საოლქო საარჩევნო უბნებში არჩევნების ჩაშლასა და შემდგომში თ.ტ-ის ჯანმრთელობის მოშლას შორის, საერთო და შრომის უნარის დაკარგვას შორის მიზეზობრივ კავშირს, სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
დაუსაბუთებელია აგრეთვე კასატორის თ.ჩ-ის მოთხოვნა თ. ტ-ის გარდაცვალების გამო გარდაცვალებიდან სარჩელის აღძვრამდე ყოველთვიური სარჩოს შრომისუნარიანობის დაკარგვის გამო 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით და მარჩენალის გარდაცვალების გამო ერთჯერადი დახმარების სახით 10 წლის სამსახურებრივი სარგოს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრების შესახებ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში დაცულია სამი გარდაცვალების მოწმობა, აქედან ორი ერთიდაიგივე რეკვიზიტით (16.08.06წ. №198398), ხოლო მესამე გარდაცვალების №205788 მოწმობა გაცემულია 13.10.06წ., მასზე დასმულია შტამპი „განმეორებითი“. თავდაპირველად წარდგენილ 16.08.06წ. გაცემულ =198398 გარდაცვალების მოწმობაში (ტ.1, ს.ფ.267) გარდაცვალების მიზეზად მითითებულია სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვების შეშუპება, რაც არანაირად არ უკავშირდება 02.06.02წ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს. იმავე თარიღით და იმავე ნომრით გაცემულ გარდაცვალების მოწმობაში (ტ.1, ს.ფ. 273) გარდაცვალების მიზეზად სუნთქვის მწვავე უკმარისობისა და ფილტვების შეშუპების გარდა დამატებით მითითებულია პარკინსონის დაავადება, ამიოსტატიკური სინდრომი. მოგვიანებით გაცემული 13.10.06წ. №205788 „განმეორებითი“ გარდაცვალების მოწმობაში (ტ.4. ს.ფ. 33) გარდაცვალების მიზეზად მითითებულია: პარკინსონის დაავადება, ამიოსტატიკური სინდრომი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვების შეშუპება. „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის 108-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებისა და ცვლილების შეტანა ხდება ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის აუცილებლობის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე. საქმეში არ მოიპოვება კანონმდებლობით გათვალისწინებული საბუთი, რომელიც გახდა გარდაცვალების მიზეზში ცვლილების შეტანის და განმეორებითი გარდაცვალების მოწმობის გაცემის საფუძველი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.03.03წ. =54/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის შევსების და გაცემის ინსტრუქციის“ 1-ლი მუხლების თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებში სიკვდილის ფაქტის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობა. ინსტრუქციის 2.7 მუხლის თანახმად, თუ გაცემულ ან სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებში წარმოდგენილ მოწმობაში შემდგომში აღმოჩნდება შეცდომა ან დამატებითი გამოკვლევის საფუძველზე შეიცვალა დიაგნოზი, ჯანდაცვის დაწესებულების მიერ უნდა შეივსოს ახალი მოწმობა ჩანაწერით ,,სიკვდილის შესახებ სამედიცინო მოწმობის =... მაგიერ“, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მოგვიანებით წარმოდგენილ - იგივე რეკვიზიტების მქონე (16.08.06წ. №198398) გარდაცვალების მოწმობაში (ტ.1, ს.ფ. 273) შეტანილია ცვლილება, დამატებულია გარდაცვალების გამომწვევი დაავადებები, ხოლო მესამე გარდაცვალების 13.10.06წ. №205788 მოწმობაზე დასმულია შტამპი „განმეორებითი“ (ტ. 4, ს.ფ.33). საქმის მასალებიდან არ ირკვევა, თუ რომელი გარდაცვალების მოწმობის განმეორებითი მოწმობაა 13.10.06წ. №205788 მოგვიანებით გაცემული გარდაცვალების მოწმობა. იმ შემთხვევაში, თუ ტ.1, ს.ფ. 273-ზე დაცული 16.08.06წ. №198398 გარდაცვალების მოწმობა არის ახალი გარდაცვალების მოწმობა, არ დასტურდება მისი „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენა, ვინაიდან იგი გაცემულია თავდაპირველი გარდაცვალების მოწმობის თარიღით და ნომრით, მას და პირველ გარდაცვალების მოწმობას განასხვავებს ის, რომ გარდაცვალების მიზეზში ფილტვების შეშუპების და სუნთქვის მწვავე უკმარისობის შემდეგ გარდაცვალების მიზეზად დამატებით მითითებულია პარკინსონის დაავადება, ამიოსტატიკური სინდრომი. გარდაცვალების მოწმობაში ცვლილების შეტანა საჭიროებს სამოქალაქო აქტების რეესტრში ცვლილების შეტანას, სამოქალაქო აქტების რეესტრში ცვლილების შეტანის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო ახალი („სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის 110.2 მუხ.) მოწმობის გაცემა. საკასაციო პალატა აღნიშნავს აგრეთვე, რომ განმეორებითი მოწმობა გაიცემა სამოქალაქო რეესტრში არსებული ჩანაწერების საფუძველზე, განმეორებითი მოწმობის გაცემის წესი არ ითვალისწინებს შეცვლილი მონაცემების შეტანას განმეორებით მოწმობაში (122.1 მუხ.). ამდენად, გარდაცვალების შესახებ შემდგომში გაცემული ცნობები არ არის შედგენილი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ქმნის კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
გარდაცვალების კავშირი საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობასთან არ იკვეთება აგრეთვე საქმეში დაცული ავადმყოფობის სამედიცინო ბარათით. სამედიცინო ბარათი არის იმ პაციენტის ძირითადი სამედიცინო დოკუმენტი, რომელიც პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებაში იმყოფება აღრიცხვაზე და მკურნალობს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალების ცნობის გაცემასთან ერთად ბარათში აღინიშნება სიკვდილის თარიღი და მიზეზი. ბარათში თავიდანვე მითითებულია, რომ თ. ტ-ე იყო მხედველობითი ინვალიდი, ბოლო ჩანაწერი ბარათში 2004 წელს არის შესრულებული. საქმეში დაცული ამბულატორიული ავადმყოფობის ორი სამედიცინო ბარათი (№313 და №277) არ შეიცავს რაიმე მითითებას იმ დაავადებაზე, რომელმაც გამოიწვია გარდაცვალება. სამედიცინო ბარათი არც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაავადების მიზეზობრივი კავშირის დამდგენი დოკუმენტია, მიზეზობრივი კავშირი ფორმა ტ-1 საფუძველზე დგინდებოდა. სამედიცინო ბარათში აისახება პაციენტის მონაცემები, ჯანმრთელობის დიაგნოზი, ჩივილები, გამოკვლევის შედეგები, ავადმყოფობის განვითარების ისტორია, ის არ არის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაავადების მიზეზობრივი კავშირის დამდგენი დოკუმენტი, ასეთი კავშირის დადგენა არ არის შესაძლებელი ბარათში პაციენტის მოსაზრებების ასახვის საფუძველზე. სამედიცინო ბარათით ირკვევა, რომ თ.ტ-ეს 2003 წელს დაესვა დიაგნოზი - პარკინსონის დაავადება, შემდგომ წლებში დაავადება განიცდიდა პროგრესირებას და თ.ტ-ის ჯანმრთელობის მდგოამრეობა უფრო დამძიმა. საკასაციო პალატა აღნიშნავს აგრეთვე, რომ პარკინსონის დაავადებითა და ამიოსტატიკური სინდრომით დაავადება ,,პროფესიული დაავადებების ნუსხისა და იმ პროფესიული საქმიანობის ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელსაც თან ახლავს პროფესიული დაავადების განვითარების რისკი“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 13.07.07წ. =216/ნ ბრძანების თანახმად პარკინსონის დაავადება და ამიოსტატიკური სინდრომი არც ერთი პროფესიის რისკჯგუფს არ განეკუთვნება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 09.02.1999წ. =48 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის“ 33-ე, 36-ე მუხლები ერთჯერად დახმარებას შრომისუნარიანობის დაკარგვისათვის, აგრეთვე მოსარჩელის გარდაცვალებისათვის ითვალისწინებდა შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობა (,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 49-ე მუხლი) ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემას მოსამსახურეზე თავდასხმის შედეგად დაღუპვის ან სხეულის დაზიანების შემთხვევაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთანავე, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მითითებული საქართველოს პრეზიდენტის 09.02.1999წ.¹№48 ბრძანებულებით დამტკიცებული წესი ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 02.06.2007 N93 ბრძანებულებით. „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.07წ. N53 დადგენილების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა დასაქმებულის ჯანმრთელობას შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით და შრომის კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის და თუ არ არის გასული მოთხოვნის წარდგენის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. დადგენილების 3.2. მუხლის თანახმად, სარჩოსა და სხვა გასაცემების გაცემის ვალდებულება წყდება 2007 წლის 1 მარტიდან, ხოლო იმ პირების მიმართ, რომლებზეც არ განხორციელებულა მათი გაცემის ვალდებულების დაკისრება, მითითებული ვალდებულებები აღარ შეიძლება წარმოიშვას. საქართველოს მთავრობის 01.03.13წ. №45 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“, რომლითაც გაუქმდა საქართველოს მთავრობის 24.03.07წ. №53 დადგენილებით განსაზღვრული წესი, დახმარების დანიშვნისთვის ითვალისწინებს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის წარდგენის საჭირობას, რომელშიც მითითებული იქნება შრომისუნარიანობის დაკარგვის მიზეზობრივი კავშირი პროფესიულ დაავადებასთან (6.2 მუხ.), რაც არ არის წარმოდგენილი. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ თ. ტ-ეს მოპასუხის ბრალეული ქმედების გამო დაუზიანდა ჯანმრთელობა. საქმეში დაცული მასალებით არ დასტურდება მიზეზობრივი კავშირის არსებობა თ. ტ-ის საოლქო საარჩევნო კომისიაში მუშაობასა და მისი ჯანმრთელობის გაუარესებას და შემდგომში გარდაცვალებას შორის, რაც ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის აუცილებელი პირობათაგანია. შესაბამისად არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის, კერძოდ ყოველთვიური სარჩოს 5760 ლარის, წამლების შეძენისათვის გაწეული ხარჯის – 9474 ლარის, შრომისუნარიანობის სრული დაკარგვისათვის ერთჯერადი დახმარების ხუთი წლის თანამდებობრივი სარგოს - 7200 ლარის, მარჩენალის გარდაცვალების გამო ყოველთვიური სარჩოს 6840 ლარის და ერთჯერადი დახმარების სახით 10 წლის სამსახურებრივი სარგოს 67200 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსათვის გადახდის დაკისრების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, არ არსებობს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პირობა, რის გამოც სსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1 თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2 უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.11წ. განჩინება;
3 საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე