#ბს-19-19(3კ-14) 27 მარტი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, თელავის სარეგისტრაციო სამსახურის, ლ. კ-ისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2012 წლის 4 მაისს გ. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიმართ, ხოლო მესამე პირად მიუთითა ლ. კ-ე.
მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 17 აგვისტოს №1-1/1543 ბრძანების, 2011 წლის 11 ოქტომბრის №06/22884 წერილის, 2011 წლის 18 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის 2012 წლის 16 იანვრის №1-1/102 ბრძანების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 1 დეკემბრის №882011576144-03, 2012 წლის 5 მაისის №882011576144-04, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 30 აპრილის №65100 გადაწყვეტილებების, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის 2011 წლის 22 ივნისის წერილის, ასევე საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ივნისის საოქმო განჩინებით გ. ლ-ის სარჩელზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 1 დეკემბრის №882011576144-03, 2012 წლის 5 მაისის №882011576144-04 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 იანვრის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა ასევე გ. ლ-ის სარჩელზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №06/22884 და მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის 2011 წლის 22 ივნისის წერილების ბათილად ცნობის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 17 აგვისტოს №1-1/1543 ბრძანება თელავის რაიონის სოფ. ... მდებარე, 126784 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების განხორციელების შესახებ სადავო 50000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების ნასყიდობის 2011 წლის 18 ოქტომბრის ხელშეკრულება სადავო 50000 კვ.მ. მიწის ნაწილში; თელავის რაიონის სოფ. ... მდებარე, 50000 კვ.მ. მიწაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია; ლ. კ-ის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია სადავო 50000 კვ.მ. მიწაზე; სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 30 აპრილის №65100 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. კ-ემ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, თელავის სარეგისტრაციო სამსახურმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, თელავის სარეგისტრაციო სამსახურის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ლ. კ-ის სააპელაციო საჩივრებიარ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, თელავის სარეგისტრაციო სამსახურმა, ლ. კ-ემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრისა და 21 თებერვლის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, თელავის სარეგისტრაციო სამსახურის, ლ. კ-ისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, თელავის სარეგისტრაციო სამსახურის, ლ. კ-ისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ლ. კ-ის საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2014 წლის 6 თებერვალს გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ლ. კ-ეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 2014 წლის 4 თებერვალს გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, თელავის სარეგისტრაციო სამსახურის, ლ. კ-ისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინება;
3. ლ. კ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2014 წლის 6 თებერვალს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2014 წლის 4 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე