Nბს-358-348(კ-13) 25 მარტი,2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ა. ვარდიძე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. ე-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 მაისის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 14 ნოემბერს ა. ე-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ სამინისტროს 2012 წლის 29 ოქტომბრის №04/01-01/10965 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მისთვის თავშესაფრის მინიჭების თაობაზე მოპასუხისათვის შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი არის წარმოშობით ჩეჩენი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. 2003 წელს გაემგზავრა სირიაში, სასწავლებლად. 2010 წელს დაბრუნდა ჩეჩნეთში. დაბრუნებიდან 7 თვის შემდეგ დაიბარეს დაკითხვაზე, სადაც სთხოვდნენ ინფორმაციას ჩეჩნეთის ომის მონაწილე ნათესავების შესახებ. ამის შემდეგ უთვალთვალებდნენ და ისმინებოდა მისი ტელეფონი. აღნიშნული ფაქტიდან 6 თვის შემდეგ გზაში მიმავალი გააჩერეს უცხო პირებმა, რომლებმაც მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. 2012 წელს დატოვა ჩეჩნეთი და წავიდა აზერბაიჯანში, სადაც ლტოლვილის სტატუსი არ მოუთხოვია. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მას არ შეუძლია ჩეჩნეთში დაბრუნება უსაფრთხოების პირობების არ არსებობის გამო. შიშობს, რომ დაბრუნების შემთხვევაში გახდება უკანონო დაკავებისა და სასჯელის მსხვერპლი, ვინაიდან არაერთი ამგვარი ფაქტი დაფიქსირდა და განსაკუთრებით ებრძვიან რელიგიურ ადამიანებს. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 2012 წლის 2 მაისს მან განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა თავშესაფრის მინიჭება, თუმცა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. მოსარჩელის აზრით, მოპასუხის გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან მასში ასახული არგუმენტები მიუთითებს სამინისტროს მიერ საკითხის გადაწყვეტისათვის აუცილებელი გარემოებების არასრულ გამოკვლევაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2012 წლის 29 ოქტომბრის №04/01-01/10965 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ა. ე-ი დაიბადა 1978 წლის 23 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის ქ. ვლადიმირში. იგი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ეროვნებით ჩეჩენი. 2003-2010 წლებში ა. ე-ი ცხოვრობდა სირიაში, სადაც დაეუფლა მუსლიმანური სარწმუნოების საფუძვლებს. ამასთან, მიიღო უმაღლესი განათლება ქ. დამასკოს სახელმწიფო საერთაშორისო უნივერსიტეტში, არაბული ენის ფაკულტეტზე. სირიაში ცხოვრების პერიოდში მას ჰქონდა დროებითი ბინადრობის მოწმობა, რის საფუძველზეც ლეგალურად იმყოფებოდა ქვეყნის ტერიტორიაზე და ახორციელებდა კომერციულ საქმიანობას, კერძოდ, ქ. გროზნოში რეალიზაციის მიზნით გზავნიდა ტანსაცმელს. 2010 წელს იგი დაბრუნდა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, საიდანაც 2012 წელს, ოჯახთან ერთად, გაემგზავრა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ხოლო 2012 წლის 24 აპრილს ჩამოვიდა საქართველოში. 2012 წლის 2 მაისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება. 2012 წლის 14 მაისის ცნობის საფუძველზე ა. ე-ს მიენიჭა ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირის სტატუსი, ხოლო 2012 წლის 29 ოქტომბრის №04/01-09/10965 გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში, ხელისუფლება ვერ, ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს. ამდენად, ლტოლვილის ცნების განსაზღვრებიდან გამომდინარე, ლტოლვილი არის პირი, რომელსაც არ აქვს არჩევანის შესაძლებლობა, დატოვოს თუ არა თავისი საცხოვრებელი ქვეყანა, არამედ, იგი იძულებულია მოიქცეს ასე დევნის საფუძვლიანი შიშის გამო. დევნა კი უნდა მოიცავდეს ადამიანის უფლებათა ისეთ დარღვევას, როგორიც არის წამება, შეურაცხყოფა, ძალადობა და სხვა ზიანის მიყენება და წარმოადგენდეს ქვეყნის დატოვების - უკიდურესი ქმედების შედეგს.
საქალაქო სასამართლო დაეყრდნო სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ მიცემულ განმარტებას. კერძოდ, რელიგიურ პირებს მეჩეთში ქადაგებისათვის ეძლევათ სპეციალური ტექსტი, რომლითაც მათ ქადაგებისას უნდა მიმართონ ხალხს. ა. ე-ი როდესაც აღნიშნულ ტექსტს გაეცნო, აღმოაჩინა, რომ მასში ჩეჩენი ბოევიკები ტერორისტებად და სახელმწიფოს მტრებად იყვნენ მოხსენიებულნი, რის გამოც მას ხალხისათვის მათი მკვლელობისაკენ უნდა მოეწოდებინა. მაჰმადიანური რელიგიის თანახმად, ხალხის მკვლელობისაკენ მოწოდება მძიმე ცოდვაა, ამიტომ მან, როგორც რელიგიურმა და სასულიერო პირმა, აღნიშნული მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წელს ჩეჩენი ბოევიკებისადმი მისი ამგვარი დამოკიდებულების გამო, პოლიციის განყოფილებაში წარმოებული დაკითხვისას, მის მიმართ განხორციელდა ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ზეწოლა. ა. ე-მა საჭიროდ არ ჩათვალა ქადაგებისას მორწმუნე ხალხის წინაშე ზემოაღნიშნული ტექსტის წაკითხვა, რადგან მას არ სურდა სახელმწიფოს პოლიტიკაში ჩარევა, ამის გამო სახელმწიფოს მხრიდან დევნას განიცდიდა. მოსარჩელის განმარტებით, ამგვარი მუქარისა და ზეწოლის ქვეშ ცხოვრება მისთვის შეუძლებელია, რადგან ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოსთან გასაუბრებისას დასმულ შეკითხვაზე, თუ როდის და რატომ გადაწყვიტა მეორედ ჩეჩნეთის რესპუბლიკის დატოვება, განმარტა, რომ 2012 წელს იგი დაკითხულ იქნა პოლიციის თანამშრომელთა მიერ, რადგან იგი მათი ინტერესის სფეროში მოექცა. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და გარემოებები, კერძოდ, არ დაინტერესდა, კონკრეტულად რა საკითხთან დაკავშირებით დაიკითხა ა. ე-ი, რამ გამოიწვია პოლიციის თანამშრომელთა ინტერესის სფეროში მისი მოქცევა და რის გამო ხორციელდებოდა მასზე მუდმივი დაკვირვება, რითაც შესაძლებელი იქნებოდა მოსარჩელის მიმართ განხორციელებული დევნისა და აღნიშნულის გამო საფუძვლიანი შიშის არსებობის ნამდვილობის საკითხის დადგენა.
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე წარმოებული გასაუბრებისას ადმინისტრაციული ორგანო შემოიფარგლა მხოლოდ წინასწარ დადგენილი, სტანდარტული კითხვების საფუძველზე ა. ე-ის მიერ მიცემული მოკლე განმარტებების შეფასებით და სათანადოდ არ გამოიკვლია მის მიმართ განხორციელებული დევნის რეალური მიზეზები. აღნიშნულის გამო საფუძვლიანი შიშის არსებობის ნამდვილობის დამადასტურებელი გარემოებები, რაც მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 96-ე მუხლის მოთხოვნათა არსებით დარღვევად უნდა ყოფილიყო მიჩნეული. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ’’ საქართველოს კანონითა და ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ 1951 წლის კონვენციით დადგენილი, ლტოლვილის ცნების განმსაზღვრელი ძირითადი მოთხოვნების გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე დასახელებული გარემოებები უნდა მიჩნეულიყო გასაჩივრებული აქტის მომზადება-გამოცემის წესის არსებითი დარღვევის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების, ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სახეზე იყო ა. ე-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 მაისის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები და მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა და ვერც აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება (სსსკ 102-ე მუხლი), იმ გარემოებების დასადგენად, რომ არ არსებობდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გაასაჩივრა, რომლითაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია თუ რა გარემოებები არ გამოიკვლია სამინისტრომ მაძიებლის შესახებ. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ა. ე-მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი არ არის სასულიერო პირი, სასამართლო გადაწყვეტილებაში იგი მოხსენიებულია სასულიერო პირად. ამასთან, გასაჩივრებულ განჩინებაში გამოთქმულია მხოლოდ ვარაუდი, რომ მოსარჩელე იდევნებოდა რელიგიურ ნიადაგზე. კასატორი აღნიშნავს, რომ სამინისტროში ჩატარებული ანკეტირებისას ა. ე-მა წარმოშობის ქვეყნის დატოვების მიზეზად დაასახელა მხოლოდ ჩეჩენ ბოევიკებთან მისი ნათესაური კავშირი. ის ფაქტი, რაც აღნიშნულია სასამართლო გადაწყვეტილებაში ანკეტირებისას სტატუსის მაძიებელს არ განუცხადებია, შესაბამისად, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა მასზე. ამასთან, კასატორი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას ფაქტების გაუმჟღავნებლობა გამოწვეული იყო უნდობლობით, ვინაიდან გასაუბრებისას და ანკეტირებისას მას შექმნილი ჰქონდა ყველა პირობა, განემარტა, რომ მიწოდებული ინფორმაცია იყო კონფიდენციალური. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც თავშესაფრის მაძიებლები და ლტოლვილები განსაკუთრებით დაუცველ ვითარებაში იმყოფებიან, მტკიცებულებათა დადგენის და შეფასების პასუხისმგებლობას ინაწილებს გადაწყვეტილების მიმღები პირი. სტატუსის მაძიებელს ეკისრება მხოლოდ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სამინისტროს აცნობოს ყველა მის მიმართ განხორციელებული ფაქტი, რაშიც მისი აზრით, შეიძლება გამოიხატოს დევნა. ამდენად, ა. ე-ი ვალდებული იყო, ადმინისტრაციული წარმოებისას სრულად გაეცნო ადმინისტრაციულ ორგანოსათვის მისთვის ცნობილი ყველა გარემოება და ფაქტი, რაც გაამყარებდა მის პოზიციას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განისაზღვრა მისი განხილვა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პრეტენზია შეეხება იმას, რომ გასაჩივრებული განჩინებით არ არის გაცემული არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხი სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოსაზრებებზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. ამგვარი დასაბუთებით არ უნდა ირღვეოდეს 249-ე მუხლით განსაზღვრული სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შინაარსი, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრის პრეტენზიებზე საერთოდ არ უმსჯელია, არ შეუფასებია ისინი და მხოლოდ იმაზე მითითებით შემოიფარგლა, რომ აპელანტმა ვერ წარადგინა რაიმე მტკიცებულება იმ გარემოებების დასადგენად, რომ არ არსებობდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი. საყურადღებოა, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრებით აპელანტი მოელის სააპელაციო სასამართლოსაგან მის პრეტენზიებზე დასაბუთებული პასუხის მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, საჩივრის ავტორს სრულიად სამართლიანად გაუჩნდეს განცდა იმისა, რომ მიზანი, რომელიც მიმართული იყო უფლების ზემდგომ სასამართლოში დაცვისაკენ, უშედეგო გამოდგა, სასამართლომ უპასუხოდ დატოვა სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები, რომლებიც მისი აზრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონწინააღმდეგობას ასაბუთებდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო პალატა მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელე ა. ე-ი დაიბადა 1978 წლის 23 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის ქ. ვლადიმირში. იგი არის რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ჩეჩენი. 2003-2010 წლებში ა. ე-ი ცხოვრობდა სირიაში, სადაც დაეუფლა მუსლიმანური სარწმუნოების საფუძვლებს. ამასთან, მიიღო უმაღლესი განათლება ქ. დამასკოს სახელმწიფო საერთაშორისო უნივერსიტეტში, არაბული ენის ფაკულტეტზე. სირიაში ცხოვრების პერიოდში მას ჰქონდა დროებითი ბინადრობის მოწმობა, რის საფუძველზეც ლეგალურად იმყოფებოდა ქვეყნის ტერიტორიაზე და ახორციელებდა კომერციულ საქმიანობას, კერძოდ, ქ. გროზნოში რეალიზაციის მიზნით გზავნიდა ტანსაცმელს. 2010 წელს იგი დაბრუნდა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, საიდანაც 2012 წელს ოჯახთან ერთად გაემგზავრა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ხოლო 2012 წლის 24 აპრილს ჩამოვიდა საქართველოში. 2012 წლის 2 მაისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება. 2012 წლის 14 მაისის ცნობის საფუძველზე ა. ე-ს მიენიჭა ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირის სტატუსი, ხოლო 2012 წლის 29 ოქტომბრის №04/01-09/10965 გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
აღსანიშნავია, რომ „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ეძიოს დევნისაგან თავშესაფარი სხვა ქვეყნებში და ისარგებლოს ამ თავშესაფრით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ეს უფლება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთი დევნის შემთხვევაში, რომლის საფუძველს ნამდვილად წარმოადგენს ჩადენა არაპოლიტიკური დანაშაულისა, ანდა ქმედობისა, რომელიც ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს. ამგვარი უფლების უზრუნველსაყოფად შემუშავებულ იქნა „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ კონვენცია, რომელმაც განმარტა ტერმინი - ლტოლვილის მნიშვნელობა. კერძოდ, „ლტოლვილი“ ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება. „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის 31 იანვრის ოქმის თანახმად, ამ ოქმის მიზნებისათვის ცნება „ლტოლვილი“, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გულისხმობს ნებისმიერ პირს, რომელიც კონვენციის პირველი მუხლის განსაზღვრებაში ექცევა და 1 A (2) მუხლიდან სიტყვების „1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად“ და სიტყვები „ . . . მსგავს მოვლენათა შედეგად“ გამოტოვების პირობით. ამგვარადვე განმარტავს „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლი ლტოლვილის სტატუსის, კერძოდ ეს სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, იმყოფება საქართველოში, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. ამავე კანონის მე-4 მუხლი ადგენს ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო კრიტერიუმებს. ამდენად, ლტოლვილის სტატუსის (ისევე როგორც ჰუმანიტარული სტატუსის) მინიჭებისათვის მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მაძიებელ პირს გააჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მის მიმართ განხორციელდება დევნა და ეს დევნა გამოიწვევს საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დარღვევას.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება ემსახურება იმ მიზანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოიკვლიოს და შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ისეთი გარემოებები, რომლებიც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული. საგულისხმოა, რომ ამგვარი გარემოებების გამოკვლევა შესაძლებელი უნდა იყოს კონკრეტული ადმინისტრაციული წარმოების პირობებში და მათი შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას უნდა წარმოადგენდეს.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ უთითებს რაიმე ისეთ გარემოებებზე, რომელთა გამოკვლევა და შეფასება სასამართლო წარმოებისას შეუძლებელი იყო, ამასთან ამგვარი გარემოების დადგენა და შეფასება მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები, იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წელს ჩეჩენი ბოევიკებისადმი დამოკიდებულების გამო, პოლიციის განყოფილებაში წარმოებული დაკითხვისას, ა. ე-ის მიმართ განხორციელდა ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ზეწოლა. ა. ე-მა საჭიროდ არ ჩათვალა ქადაგებისას მორწმუნე ხალხის წინაშე მისთვის გადაცემული ტექსტის წაკითხვა, რადგან მას არ სურდა სახელმწიფოს პოლიტიკაში ჩარევა, ამის გამო სახელმწიფოს მხრიდან დევნას განიცდიდა. საკასაციო პრეტენზია შეეხება იმას, რომ ა. ე-ს ადმინისტრაციული წარმოებისას ამგვარი ინფორმაცია არ მიუწოდებია, მიუხედავად იმისა, რომ მას შექმნილი ჰქონდა ყველა პირობა სამინისტროსთვის ეცნობებია სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო მისთვის ცნობილი ყველა ინფორმაცია. სააპელაციო საჩივრის პრეტენზია, რომ სტატუსის მაძიებელი პირის მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას ამა თუ იმ ინფორმაციის გაუჟღერებლობა იყო სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი, გასაჩივრებული განჩინებით არ არის უარყოფილი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებდა ის გარემოება ქვეყნის დატოვებამდე ხორციელდებოდა თუ არა ა. ე-ის მიმართ რაიმე სახის დევნა, რაც ქმნიდა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა დარღვევას ან იყო თუ არა ამგვარი დევნის მომავალში განხორციელების შიში საფუძვლიანი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს დასაბუთებას იმის თაობაზე, სასამართლოში ა. ე-ის მიერ გაჟღერებული ფაქტი, რომ მას ავალებდნენ ქადაგებისას წაეკითხა ტექსტი, რომლის შინაარსი მისთვის მიუღებელი იყო რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, ადასტურებდა თუ არა მის მიმართ განხორციელებულ დევნას. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ სახელმწიფოს მხრიდან ა. ე-ის მიმართ პოლიტიკური, რელიგიური ან სხვა ნიშნით დევნა არ ხორციელდებოდა, მან სახელმწიფო საზღვარი დაბრკოლების გარეშე გადაკვეთა. ამასთან, იგი არის რუსეთის მოქალაქე. ასევე შეფასებას საჭიროებს ის ფაქტი, რამდენად სარწმუნოა მხარის ვარაუდი, რომ მის მიმართ განხორციელებული თავდასხმის ინიციატორი იყო ქვეყნის მმართველი ძალა და მან სამართლებრივი დაცვა სახელმწიფოს არამართლზომიერი მოქმედებების გამო ვერ მიიღო, ან ამგვარი დაცვის მიუღებლობა ემყარებოდა სამართლიან შიშს, რომ მიმართვის შემთხვევაში დაცვის საწინააღმდეგოდ პირი გახდებოდა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა დარღვევის მსხვერპლი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 მაისის განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლის შემოწმება შეუძლებელია (სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1” ქვეპუნქტი), რაც სსკ-ის 412-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველს. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოარკვიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, სათანადო შეფასება მისცეს შეკრებილ მტკიცებულებებს და გამოიტანოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 მაისის განჩინება და საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
Tavmjdomare ლ. მურუსიძე
mosamarTleebi: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე