Facebook Twitter

ბს-362-351 (კ-კს-13) 25 მარტი,2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ ანა ვარდიძე

კასატორი _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

წარმომადგენელი – ლ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ს-ა

წარმომადგენელი – ლ. პ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 31 დეკემბერს ლ. ს-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ ლ. ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 06 დეკემბრის №399-კ ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტში სოციალურ საკითხთა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსის თანამდებობრივ პოზიციაზე აღდგენა და მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის სამსახურში აღდგენამდე თვეში 1600 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2007 წლიდან მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2012 წლის იანვრიდან იმავე წლის 6 დეკემბრამდე ეკავა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსის თანამდებობა. 2012 წლის 7 ნოემბერს სამინისტროში შევიდა ქ. თბილისში, ... მე-4 მ/რ. 34-ე კორპუსის ბინის მესაკუთრეთა განცხადება, რომელიც ეხებოდა მათი საკუთრებიდან დევნილთა იძულების წესით გამოსახლებისათვის რეაგირებას. განცხადება მას გადაეცა რეზოლუციის გარეშე, რომელიც მოსარჩელემ განსახილველად გადასცა თავის მოადგილეს. დამუშავებისა და მიღებული მონაცემების საფუძველზე უნდა ჩატარებულიყო ადმინისტრაციული წარმოება. მისმა მოადგილემ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე მისგან მიიღო კონსულტაცია და გატარდა რიგი ღონისძიებები. განმცხადებლების პრეტენზიის საფუძველზე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს უნდა გამოეკვლია საკითხი, მოხდა თუ არა რეაგირება 2012 წლის 7 ნოემბრის განცხადებაზე. მოსარჩელის მოადგილემ დაწერა ორი ურთიერთგამომრიცხავი ახსნა-განმარტება, პირველის თანახმად სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა წერილებზე პასუხის დროული გაცემა და გადაწყვეტილების მიღება, ხოლო მეორე ახსნა-განმარტების თანახმად, სამმართველოს უფროსმა რეაგირების გარეშე დატოვა განცხადება. 2012 წლის 6 დეკემბერს ჩაბარდა ამავე თარიღის ბრძანება, მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მაშინ, როდესაც მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვადა ჯერ კიდევ ამოწურული არ იყო. აღნიშნული ბრძანება ეყრდნობა შიდა აუდიტის უფროსის ახსნა-განმარტებას, რაც თავის მხრივ დაფუძნებულია ლ. ს-ას მოადგილის ახსნა-განმარტებაზე და მინისტრის თანაშემწეების განმარტებით ბარათებზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2012 წლის 7 აპრილს სამინისტროში შესული განცხადებით განმცხადებლები ითხოვდნენ დევნილთა გამოსახლებას მათი კუთვნილი შენობიდან. ამასთან, შენობიდან გამოსახლების შემთხვევაში, ის დევნილები, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებოდათ სხვა საცხოვრებლებზე, დარჩებოდნენ თავშესაფრის გარეშე. თავის მხრივ, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილება. შესაბამისად, საჭირო გახდებოდა დევნილთა შემდგომი განსახლება. მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკისრებოდა პირდაპირი ვალდებულება შეესრულებინა მინისტრის დავალება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მინისტრი დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილი იყო ზემოხსენებული განცხადება შესასრულებლად დაეწერა მოსარჩელისადმი (მიეცა დავალება ქვემდგომი პირისათვის). თავის მხრივ, მოსარჩელე ასევე უფლებამოსილი იყო დავალება შესასრულებლად გადაეცა ადმინისტრაციულად დაქვემდებარებული პირისათვის და ეკისრებოდა ვალდებულება სათანადო კონტროლი გაეწია დავალების კანონით დადგენილ ვადაში შესრულებისათვის. საქმესთან დაკავშირებით არსებული ფაქტობრივი გარემოებები ცალსახად ადასტურებდა, რომ 2012 წლის 3 დეკემბრის მდგომარეობით, ფაქტობრივად, განცხადებასთან დაკავშირებით არანაირი ღონისძიება არ იყო განხორციელებული. მოსარჩელის გათავისუფლების მომენტისთვის (6 დეკემბრისათვის), მართალია, ჩატარებული იყო სადავო კორპუსში რეალურად მაცხოვრებელი დევნილების აღწერა, მაგრამ რამდენადაც 7 დეკემბრისათვის განცხადებაზე სათანადო რეაგირების მოხდენის კანონით დადგენილი ვადა იწურებოდა, ცხადია, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს მიერ, საკითხზე კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდა. აღნიშნულით ადრესატის მიერ მოხდა მინისტრის დავალების სრული იგნორირება, რამაც განმცხადებლების, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეების კანონიერი ინტერესების შელახვა გამოიწვია, რაც წარმოადგენს სამსახურებრივი ვალდებულების უხეშად დარღვევას.

საქალაქო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოსაზრება რეზოლუციის გარეშე განცხადების შესასრულებლად მისთვის გადაწერის თაობაზე. რაკი მოსარჩელეს არ დაუზუსტებია დავალება, სავარაუდოა, რომ მისთვის ნათელი და გასაგები იყო გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე. ამასთან, თუკი საკითხი არ წარმოადგენდა მის კომპეტენციას, ვალდებული იყო განცხადება შესასრულებლად სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულისათვის გადაეცა. სასამართლომ ასევე, დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოსაზრება, თითქოს მისი სამსახურიდან გათავისუფლება დაეფუძნა მისივე მოადგილის მიერ შედგენილი მეორე ახსნა-განმარტებით ბარათს. მეორე მოხსენებითი ბარათი სრულად შეესაბამებოდა რეალობას, ვინაიდან განცხადების განხილვის მაქსიმალური ვადის ამოწურვამდე, რამოდენიმე დღით ადრე, არანაირი ღონისძიება არ იყო გატარებული საკითხის გადასაწყვეტად და ამისათვის დარჩენილი ვადა საკმარისი არ იყო. ამასთან, სასამართლომ არ გაიზირა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელი არ იყო დაინტერესებული მხარეების მოსმენა. სზაკ-ის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილზე, 75-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტზე, 95-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 99-ე მუხლის მე-6 ნაწილზე მითითებით სასამართლომ დაასკვნა, რომ ბინის მესაკუთრეები და ბინებში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილები წარმოადგენდნენ დაინტერესებულ მხარეებს და კანონიერი გადაწყვეტილება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვერ იქნებოდა მიღებული დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის, მათი მოსაზრებების წარდგენის გარეშე. ყოველივე ეს ვერ მოესწრებოდა სავალდებულო პროცედურების გავლით გადაწყვეტილების მისაღებად დადგენილი ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ოთხი დღის ვადაში.

აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა და არაჯეროვნად შესრულება, რის გამოც, მოსარჩელის მიმართ გამოყენებული იქნა 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება - დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გერეშე, როგორც ეს 99-ე მუხლის 3-ე პუნქტით არის გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევისათვის.

საქალაქო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მინისტრის მიერ სადავო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადო შეფასების შედეგად გამოსცა დასაბუთებული აქტი მოსარჩელესთან მიმართებაში. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა კანონიერად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ს-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 06 დეკემბრის №399-კ ბრძანება ლ. ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. აღდგენილ იქნა ლ. ს-ა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტში სოციალურ საკითხთა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ლ. ს-ას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო, არა უმეტეს სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 მაისის №115-კ ბრძანებით ლ. ს-ა დაინიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. 2012 წლის 7 ნოემბერს სამინისტროში ქ. თბილისში, ... მე-4 მ/რ. 34-ე კორპუსის ბინის მესაკუთრეებმა შეიტანეს №22914/01 განცხადება, რომელიც ეხებოდა მათი საკუთრებიდან დევნილთა იძულებითი წესით გამოსახლებისათვის რეაგირებას. განცხადება შესასრულებლად 2012 წლის 14 ნოემბერს ლ. ს-ას გადაეცა, მან იმავე დღეს განსახილველად გადასცა სოციალურ საკითხთა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსის მოადგილეს. კონსულტაციის გავლის შემდეგ, საკითხის შესასწავლად გატარდა რიგი ღონისძიებები 1. დევნილებთან შეხვედრა ინფორმაციის სრულყოფილად მისაღებად. 2. ადგილზე გასვლა და დევნილთა პროფაილინგი (ანკეტირება–აღწერა). 3. პროფაილინგის მონაცემების მონაცემთა ბაზასთან დადარება. მოადგილემ 2012 წლის 4 დეკემბერს შეადგინა ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში შეტანილი იყო ქ. თბილისის ... მე-4 მ/რ. 34-ე კორპუსის ბინის მესაკუთრეთა №2294/01 წერილი 2012 წლის 7 ნოემბერს და №24358/01 წერილი 2012 წლის 15 ნოემბერს. აღნიშნულ წერილებში დასმული საკითხების გადასაწყვეტად საჭირო იყო რიგი ღონისძიებების გატარება, რაც საჭირო დროს მოითხოვდა, კერძოდ, საჭირო იყო უშუალოდ ადგილზე შესწავლა, შემოწმების დროს არსებული მდგომარეობით, რომელ კონკრეტულ ბინაში რომელი დევნილი ოჯახი ცხოვრობდა. ამის შემდეგ, გადასაწყვეტი იყო იმ დევნილი ოჯახების შემდგომი განსახლების საკითხი, რომლებიც სამინისტროს მიერ დარეგისტრირებულები (დამისამართებულები) იყვნენ აღნიშნულ კორპუსებში და სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდათ. ამას გარდა, ასევე გადასაწყვეტი იქნებოდა იმ დევნილების საკითხი, რომლებიც რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობდნენ აღნიშნულ კორპუსებში და არ გააჩნდათ საცხოვრებელი ადგილი. ამასთან გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც, რომ კორპუსში მცხოვრები დევნილები კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ კორპუსის დატოვების და დევნილთა განსახლების თაობაზე თანხმობის მიცემის შემთხვევაში, აუცილებლად ექნებოდა ადგილი დევნილთა მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას, რამდენადაც, ამ ეტაპზე, დევნილთა სამინისტროს არ გააჩნდა დევნილთათვის თბილისში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების რესურსი. ყოველივე აღნიშნული გარემოების გამო, დროულად ვერ მოხერხდა წერილზე პასუხის გაცემა და თავი შეიკავეს აღნიშნულ წერილზე - დევნილთა გამოსახლებაზე თანხმობის მიცემაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე ლ. ს-ას მოადგილის მიერ 2012 წლის 5 დეკემბერს შედგენილ ახსნა-განმარტებით ბარათზე, რომლითაც მან უარყო 2012 წლის 4 დეკემბერს შედგენილ ახსნა-განმარტებაში მოყვანილი ფაქტები და განმარტა, რომ 2012 წლის 7 ნოემბრის №2294/01 წერილი და 2012 წლის 15 ნოემბრის №24358/01 წერილი ლ. ს-ასაგან შემდგომი რეაგირებისათვის გადაეწერა 2012 წლის 16 ნოემბერს, ამასთან, გაიარა კონსულტაცია აღნიშნულ საკითხზე, კერძოდ: ამ წერილებზე რეაგირებისაგან თავის შეკავებაზე, რაზეც დაეთანხმა ლ. ს-ას და რეაგირება აღარ მოახდინა. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მიერ 2012 წლის 5 დეკემბერს შედგენილი სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2012 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში წარდგენილ იქნა ქ. თბილისის ... მე-4 მ/რ. 34-ე კორპუსის ბინის მესაკუთრეთა №22914/01 განცხადება, რომელიც ეხებოდა მათი საკუთრებიდან დევნილთა იძულებითი წესით გამოსახლებისათვის რეაგირებას. განცხადება მოსარჩელეს გადაეცა რეზოლუციის გარეშე, რომელიც მოსარჩელემ განსახილველად გადასცა თავის მოადგილეს, რომელმაც ლ. ს-ასთან ,,კონსულტაციის“ შემდეგ რეაგირების გარეშე დატოვა წერილის მსვლელობა. მინისტრის თანაშემწის 2012 წლის 4 დეკემბრის ახსნა-განმარტების თანახმად, 2012 წლის 7 ნოემბერს შემოსული №22914/01 განცხადება მინისტრის ელექტრონული გვერდიდან გადაეწერა ადრესატს მინისტრთან შეთანხმებისა და მისი რეზოლუციის გარეშე; სავარაუდოდ, რის გამოც დოკუმენტს არ მიექცა სათანადო ყურადღება და დარჩა განუხილველად. მისივე განმარტებით, შეცდომა შესაძლოა ყოფილიყო როგორც მექანიკური, ასევე ტექნიკური ხასიათის. ამავე შინაარსისაა მინისტრის თანაშემწე-მდივნის 2012 წლის 4 დეკემბრის ახსნა-განმარტება. მურად აბლოთიას სამსახურებრივი ბარათის მიხედვით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 4 დეკემბერს სოციალურ საკითხთა და მონიტორინგის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ლ. ს-ამ მას გადასცა ..., მე-4 მიკრორაიონის 36-ე კორპუსში არსებულ შენობაში მაცხოვრებელ დევნილთა აღწერის მასალები, ელექტრონული ვერსიის სახით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 6 დეკემბრის №399-კ ბრძანებით ლ. ს-ა გათავისუფლდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან 2012 წლის 6 დეკემბრიდან. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო გ. ლ-ის №07-12-2460-05/12/2012 მოხსენებითი ბარათი. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 აგვისტოს №1631 განკარგულებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების შესახებ დასტურდება, რომ ლ. ს-ას ყოველთვიური სამსახურებრივი სარგო დაბეგვრის გარეშე 1600 ლარს შეადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, იმავე მუხლის მეორე ნაწილზე, ამავე კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და იმავე მუხლის მეორე ნაწილზე. აღნიშნულ ნორმათა ანალიზის შედეგად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში წარდგენილ იქნა ქ. თბილისის ... მე-4 მ/რ. 34-ე კორპუსის ბინის მესაკუთრეთა №22914/01 განცხადება, რომელზეც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2012 წლის 7 ნოემბერს მისი შესაბამისი წესით რეგისტრაციის მომენტიდან. სააპელაციო სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილზე დაყრდნობით განმარტა, რომ სამინისტროში წარდგენილ განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი ვადა იწურებოდა 2012 წლის 7 დეკემბრისათვის, ხოლო ამ წარმოების არასწორად წარმართვისათვის ლ. ს-ა სამსახურიდან 2012 წლის 6 დეკემბერს გათავისუფლდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით უდავოდ დასტურდებოდა ლ. ს-ასათვის განცხადების 7 კალენდარული დღის ვადით დაგვიანებით გადაცემა, მისი მხრიდან განცხადებაზე დაუყოვნებლივ რეაგირების მოხდენა (განცხადების მოადგილესათვის რეზოლუციით გადაცემა), ადმინისტრაციული წარმოებისათვის გათვალისწინებულ ვადაში გარკვეული სახის სამუშაოების წარმოება და იგივე ვადის ამოწურვამდე ლ. ს-ასათვის საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 78-ე მუხლის ყველაზე მძიმე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის „სამსახურიდან გათავისუფლების“ შეფარდება, წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ლ. ს-ასადმი დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 6 დეკემბრის №399-კ ბრძანება ლ. ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. შესაბამისად, ლ. ს-ა უნდა აღდგენილიყო სამსახურში იმ თანამდებობაზე, რომელიც მას დაკავებული ჰქონდა სადავო აქტის გამოცემდე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 112-ე მუხლზე და მიიშნია, რომ სასამართლოს მიერ სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ლ. ს-ას სამსახურში აღდგენის პირობებში, საფუძვლიანი იყო მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განჩინებით ლ. ს-ას განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განჩინება ლ. ს-ამ გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ლ. ს-ას მიმართ ყველაზე მძიმე ადმინისტრაციული სახდელის გამოყენება დისკრიმინაციის გამოვლინება იყო და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული დასკვნა ისე გამოიტანა, რომ არ გამოუკვლევია სხვა მოსამსახურეთა მიმართ გამოყენებული იქნა თუ არა დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებები. სამინისტროში შესულ განცხადებაში დასმული საკითხი უშუალოდ ლ. ს-ასადმი დაქვემდებარებული სამმართველოს ფუნქციებში შედიოდა. მას, როგორც თანამდებობით მაღლა მდგომს დისციპლინური ზემოქმედების ყველაზე მძიმე სახდელი დაეკისრა. სააპელაციო სასამართლომ ასევე გამოკვლევის გარეშე მიიჩნია, რომ ლ. ს-ამ განცხადებასთან დაკავშირებით გარკვეული სამუშაოები გასწია. რეალურად, მინისტრთან განმცხადებლების შეხვედრისას ვინაიდან მოსარჩელემ და მისმა მოადგილემ ვერ მიუთითეს თუ რა ღონისძიებები გაატარეს განცხადებასთან დაკავშირებით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრმა განცხადება რეზოლუციით გადაწერა სხვა მოსამსახურეებს. იმავე დღეს, 2012 წლის 3 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, როდესაც ლ. ს-ამ მოახდინა სადავო კორპუსში მაცხოვრებელთა აღწერა, განცხადება მას აღარ ეწერა და იგი აღარ იყო უფლებამოსილი ამ განცხადებასთან დაკავშირებით რაიმე ღონისძიებები განეხორციელებინა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო არ გამხდარა ის გარემოებები, რომ სამინისტროში შესულ განცხადებაზე რეაგირება ლ. ს-ას უშუალო სამსახურებრივ მოვალეობაში შედიოდა. ასევე მის ვალდებულებაში შედიოდა მისდამი დაქვემდებარებული სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვანი განხორციელების კონტროლი. ასევე განცხადების ლ. ს-ასათვის დაწერიდან სხვა პირებისათვის გადაწერამდე (2012 წლის 3 დეკემბრის დღის პირველ ნახევრამდე) განცხადებაზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა და არც იყო დაგეგმილი. ყოველივე აღნიშნული წარმოადგენდა სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევას, რაც საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას იძლეოდა. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ, მართალია, გამოიყენა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტი, ამავე კანონის 79-ე მუხლი, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. სააპელაციო სასამართლომ ამავე კანონის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილის იგნორირებით ფაქტობრივად არასწორად განმარტა კანონი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ივლისის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ს-ას კერძო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით. ამავე თარიღის განჩინებით დადგინდა კერძო საჩივრის განხილვა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 მაისის №115-კ ბრძანებით ლ. ს-ა დაინიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. ლ. ს-ას მოადგილის 2012 წლის 4 დეკემბრის ახსნა-განმარტების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში 2012 წლის 7 ნოემბერს და 2012 წლის 15 ნოემბერს შევიდა ქ. თბილისის ... მე-4 მ/რ, 34-ე კორპუსის ბინების მესაკუთრეთა №2294/01 და №24358/01 წერილები. აღნიშნულ წერილებში დასმული საკითხების გადასაწყვეტად საჭირო იყო რიგი ღონისძიებების გატარება, რაც დროს მოითხოვდა. კერძოდ, საჭირო იყო უშუალოდ ადგილზე შესწავლა, შემოწმების დროს არსებული მდგომარეობით, რომელ კონკრეტულ ბინაში რომელი დევნილი ოჯახი ცხოვრობდა. ამის შემდეგ, გადასაწყვეტი იყო იმ დევნილი ოჯახების შემდგომი განსახლების საკითხი, რომლებიც სამინისტროს მიერ დარეგისტრირებულები (დამისამართებულები) იყვნენ აღნიშნულ კორპუსებში და სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდათ. ამას გარდა, ასევე გადასაწყვეტი იქნებოდა იმ დევნილების საკითხი, რომლებიც რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობდნენ აღნიშნულ კორპუსში და არ გააჩნდათ საცხოვრებელი ადგილი. ამასთან გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც, რომ კორპუსში მცხოვრები დევნილები კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ კორპუსის დატოვების და დევნილთა განსახლების თაობაზე თანხმობის მიცემის შემთხვევაში, აუცილებლად ექნებოდა ადგილი დევნილთა მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას, რამდენადაც, ამ ეტაპზე, დევნილთა სამინისტროს არ გააჩნდა დევნილთათვის თბილისში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების რესურსი. აღნიშნული გარემოების გამო, დროულად ვერ მოხერხდა წერილზე პასუხის გაცემა და თავი შეიკავეს აღნიშნულ წერილზე - დევნილთა გამოსახლებაზე თანხმობის მიცემაზე. ლ. ს-ას მოადგილემ 2012 წლის 5 დეკემბრის ახსნა-განმარტებითი ბარათით განმარტა, რომ 2012 წლის 7 ნოემბრის №2294/01 წერილი და 2012 წლის 15 ნოემბრის №24358/01 წერილი ლ. ს-ასაგან შემდგომი რეაგირებისათვის გადაეწერა 2012 წლის 16 ნოემბერს. ამასთან, გაიარა კონსულტაცია აღნიშნულ საკითხზე, კერძოდ, ამ წერილებზე რეაგირებისაგან თავის შეკავებაზე. აღნიშნულზე დაეთანხმა ლ. ს-ას და განცხადებაზე რეაგირება აღარ მოახდინა. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2012 წლის 5 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში 2012 წლის 7 ნოემბერს შევიდა ქ. თბილისის ... მე-4 მ/რ. 34-ე კორპუსის ბინების მესაკუთრეთა №22914/01 განცხადება, რომელიც ეხებოდა მათი საკუთრებიდან დევნილთა იძულებითი წესით გამოსახლებისათვის რეაგირებას. განცხადება მოსარჩელეს გადაეცა რეზოლუციის გარეშე, რომელიც მოსარჩელემ განსახილველად გადასცა თავის მოადგილეს. ამ უკანასკნელმა ლ. ს-ასთან კონსულტაციის შემდეგ რეაგირების გარეშე დატოვა წერილი. მინისტრის თანაშემწის 2012 წლის 4 დეკემბრის ახსნა-განმარტების თანახმად, 2012 წლის 7 ნოემბერს შემოსული №22914/01 განცხადება მინისტრის ელექტრონული გვერდიდან გადაეწერა ადრესატს მინისტრთან შეთანხმებისა და მისი რეზოლუციის გარეშე; სავარაუდოდ, რის გამოც დოკუმენტს არ მიექცა სათანადო ყურადღება და დარჩა განუხილველად. მისივე განმარტებით, შეცდომა შესაძლოა ყოფილიყო როგორც მექანიკური, ასევე ტექნიკური ხასიათის. ამავე შინაარსისაა მინისტრის თანაშემწე-მდივნის 2012 წლის 4 დეკემბრის ახსნა-განმარტება. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის სამსახურებრივი ბარათის მიხედვით 2012 წლის 4 დეკემბერს სოციალურ საკითხთა და მონიტორინგის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ლ. ს-ამ მას გადასცა ..., მე-4 მიკრორაიონის 36-ე კორპუსში არსებულ შენობაში მაცხოვრებელ დევნილთა აღწერის მასალები ელექტრონული ვერსიის სახით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 6 დეკემბრის №399-კ ბრძანებით ლ. ს-ა გათავისუფლდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან 2012 წლის 6 დეკემბრიდან. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო №07-12-2460-05/12/2012 მოხსენებითი ბარათი. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 აგვისტოს №1631 განკარგულებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების შესახებ დასტურდება, რომ ლ. ს-ას ყოველთვიური სამსახურებრივი სარგო 1600 ლარს შეადგენდა.

მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ სამინისტროში 2012 წლის 7 ნოემბერს შესული №22914/01 განცხადება ლ. ს-ას ერთი კვირის დაგვიანებით, 2012 წლის 14 ნოემბერს გადაეცა. ასევე მხარეები სადავოდ არ მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ ლ. ს-ამ განცხადება რეზოლუციით იმავე დღეს თავის მოადგილეს გადასცა. საკასაციო პრეტენზია შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ გარემოებას, რომ ლ. ს-ამ სამინისტროში შესულ განცხადებაზე რეაგირება მოახდინა 2012 წლის 3 დეკემბერს. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია ის გარემოება, რომ ლ. ს-ამ განცხადებასთან დაკავშირებული კონკრეტული სამუშაოები განცხადების სხვა პირებზე გადაწერის შემდეგ განახორციელა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი არ არის ის გარემოება, რომ 2012 წლის 3 დეკემბერს, ლ. ს-ას მიერ მასალების შედგენისას კორპუსის ბინების მესაკუთრეთა განცხადება მინისტრის რეზოლუციით გადაწერილი ჰქონდა თუ არა სხვა პირს, არამედ მოცემული დავის გადაწყვეტა მოითხოვს იმის შეფასებას ლ. ს-ას მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი სამსახურებრივი მოვალეობების ისეთ უხეშ დარღვევას, რაც საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოხელის სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშე გათავისუფლების შესაძლებლობას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ სამინისტროში წარდგენილ განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი ვადა იწურებოდა 2012 წლის 7 დეკემბრისათვის მაშინ, როცა ამ წარმოების არასწორად წარმართვისათვის ლ. ს-ა სამსახურიდან 2012 წლის 6 დეკემბერს გათავისუფლდა. ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ განცხადება ლ. ს-ას დაგვიანებით გადაეცა. ამასთან, მოსარჩელემ იმავე დღეს განცხადება რეზოლუციით თავის მოადგილეს დააწერა. კასატორის განმარტებით ადმინისტრაციულმა ორგანომ დიციპლინური დარღვევის შეფასებისას 2012 წლის 3 დეკემბერს (განცხადების სამინისტროში რეგისტრაციიდან 27-ე დღეს) რაიმე ქმედების განუხორციელებლობა განცხადებაში დასმული საკითხის გადაჭრისათვის საჭირო სამუშაოთა მოცულობის გათვალისწინებით სამსახურებრივ მოვალეობათა უხეშ დარღვევად მიიჩნია. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. ამდენად, კანონმდებლობა ადგენს კონკრეტულ ვადას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისათვის, მაგრამ კონკრეტულად არ გაწერს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპებს. ლ. ს-ამ თავის მოადგილესთან ერთად სადავო კორპუსში მცხოვრები დევნილები 2012 წლის 3 დეკემბერს აღწერა, შექმნა მასალების ელექტრონული ვერსია და 2012 წლის 4 დეკემბერს გადასცა თავის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს. საკასაციო საჩივრის ავტორი მხოლოდ გამოთქვამს ვარაუდს, რომ ლ. ს-ა შესასრულებელი სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე, დარჩენილ ვადაში ადმინისტრაციული წარმოების დასრულებას ვერ შეძლებდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო გარკვეული მოქმედებები ლ. ს-ამ მოადგილესთან ერთად ერთ დღეში შეასრულა და ადმინისტრაციული წარმოების ვადა ლ. ს-ას გათავისუფლებისათვის ჯერ კიდევ არ იყო ამოწურული. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის პრეტენზია არ არის დასაბუთებული და იგი მხედველობაში ვერ იქნება მიღებული.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება. ამავე კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: შენიშვნა; გაფრთხილება; არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით - არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა_არა უმეტეს ერთი წლისა; სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე. ამავე კანონის 99-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. როგორც ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსი ცხადყოფს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს მის დასაბუთებას, უფრო მეტიც, მითითებული ნორმა ატარებს იმპერატიულ ხასიათს და დაუშვებლად მიიჩნევს აქტის მიღებას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და მტკიცებულებების შესწავლის გარეშე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილად მიჩნეულ იმ გარემოებას, რომ ლ. ს-ას წარსულში რაიმე გადაცდომა და შესაბამისად, მის მიმართ დისციპლინური პასუსიმგებლობის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. როგორც ზემოთ აღინიშნა, ლ. ს-ა თანამდებობიდან გათავისუფლდა კორპუსის ბინების მესაკუთრეთა 2012 წლის 7 ნოემბრის განცხადებაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრული ერთთვიანი ვადის ამოწურვამდე. ამასთან, მისთვის გადაცემული განცხადება იმავე დღეს გადააწერა თავის მოადგილეს. ადმინისტრაციული წარმოებისათვის განკუთვნილი ვადის ამოწურვამდე მან გარკვეული მოქმედებები შეასრულა საკითხის შესწავლის მიზნით. აღნიშნულით მოსარჩელემ, როგორც სამმართველოს უფროსმა სამინისტროში შესულ განცხადებაზე რეაგირება მოახდინა. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობიდან მომდინარე დასაბუთებას იმის თაობაზე, მოსარჩელის მიერ განხორციელებული მოქმედებები თუ რატომ იქნა მიჩნეული ისეთ უხეშ გადაცდომად, რომლისთვისაც მხოლოდ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უკიდურესი ზომის სახდელის გამოყენება იყო შესაძლებელი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ ლ. ს-ას მიერ კონკრეტული განცხადების განხილვისათვის მიღებული ზომები არ წარმოადგენდა სამსახურებრივ მოვალეობათა ისეთ უხეშ დარღვევას, რომლისთვისაც დისციპლინური ზემოქმედების მხოლოდ ყველაზე მძიმე სახდელის დაკისრება შეიძლებოდა. შესაბამისად, სახეზე იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

Tavmjdomare ლ. მურუსიძე

mosamarTleebi: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე