საქმე Nბს-537-518 (კ-13) 13 მარტი, 2014 წ
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.13წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ. ფ-ემ და რ. გ-ემ 15.03.13 წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.05.13წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეების ბ. ფ-ის და რ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე-საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-2000 წლების ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, სულ 439,46 ლარის ოდენობით; მოპასუხე-საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე რ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, სულ 326,80 ლარის ოდენობით; მოსარჩელე ბ. ფ-ეს 1998-1999-2000 წლების ხელზე გასაცემი კვების კომპენსაციის-426, 57 ლარის დაკისრების ანაზღაურებაზე ეთქვა უარი ხანდაზმულობის გამო; მოსარჩელე-რ. გ-ეს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნისათვის დახმარების თანხის -714, 00 ლარის დაკისრების ანაზღაურებაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ხოლო მოსარჩელე-რ. გ-ემ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნისათვის დახმარების თანხის -714, 00 ლარის დაკისრების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.13წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რ. გ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.05.13წ. გადაწყვეტილება, აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-ემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება არ არის მოცული ხელფასის ცნებით, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1341 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება კანონით განსაზღვრულ კომპენსაციაზე, რის გამოც მასზე უნდა გავრცელდეს სსკ-ის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომლის ათვლაც ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად იწყება თითოეული შესასრულებელი ვალდებულების დარღვევის შეტყობინების ან იმ მომენტიდან, როცა პირს უნდა შეეტყო ასეთი დარღვევის შესახებ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 16.03.99წ. N264 ბრძანებით რ. გ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან რეზერვში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო სამხედრო სამსახურიდან გადადგომით. მოსარჩელემ 15.03.13წ. აღძრა სარჩელი სასამართლოში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის 21.04.03წ. N845/8 ცნობით მოპასუხე მოსარჩელეს დაპირდა მის მიმართ შრომის ანაზღაურებაში დავალიანების დაფარვას. ამდენად, წარმოდგენილი ცნობის თანახმად თავდაცვის სამინისტრო რ. გ-ეს დაპირდა მიუღებელი სახელფასო დავალიანების (და არა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების) ანაზღაურებას, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნის მოცემულ ნაწილში გაცდენილია სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამასთან, აღნიშნული ცნობის საფუძველზე მოსარჩელისათვის სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის აღდგენაც კი არ ქმნის სარჩელის მოცემულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვეტამდე გასული დრო მხედველობაში არ მიიღება და ხანდაზმულობის ვადის დენა თავიდან იწყება. აღნიშნული კი გულისხმობს მოსარჩელის ვალდებულებას ხანდაზმულობის ახალი ვადის დენის დაწყებიდან 3 წლის ვადაში სასამართლოსათვის მიმართვას, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცული არ არის. რაც შეეხება მე-2 ქვეითი ბრიგადის 14.02.13წ. N154 ცნობას, ის ინფორმაციული ხასიათისაა, მასში ასახულია გათავისუფლების მომენტში დავალიანების ოდენობა, ცნობა არ შეიცავს დავალიანების გადახდის დაპირებას და მაშასადამე ვერ იქნება განხილული დავალიანების აღიარებად, ასეთი შეუძლებელიცაა იმის გამო, რომ მოპასუხის სტრუქტურულ ერთეულს -მე-2 ქვეით ბრიგადას არ აქვს მოპასუხის-საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობის უფლებამოსილება. ამდენად, 14.02.13წ. ცნობა ვერ იქნება მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებად მიჩნეული. 14.02.13წ. ცნობა ადასტურებს არა მოპასუხის მიერ დავალიანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს სამსახურიდან დათხოვნის მომენტში, რაც თავისთავად დავას არ იწვევს. ფაქტის და სარჩელის აღიარება არ არის იდენტური, ფაქტის აღიარება არის მტკიცებულება, ხოლო სარჩელის აღიარება არის დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე განკარგვითი აქტი, ფაქტის აღიარება არ ნიშნავს სარჩელის აღიარებას. 14.02.13წ. N154 ცნობა არ შეიცავს მითითებას ისეთი არსებით პირობებზე, როგორიცაა შესრულების ვადა, ცნობა საერთოდ არ შეიცავს ანაზღაურების დაპირებას. სკ-ის 137-ე მუხლი ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად უთითებს მოთხოვნის არსებობის აღიარებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, არ დასტურდება ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა და მისი თავიდან დაწყება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არსებითად სწორად არის ნათქვამი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც რ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე