საქმე #ბს-60-59(2კ-14) 4 მარტი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე შპს ,,...“ სარჩელისა გამო, მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
შპს ,,...“ დირექტორმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 26 ოქტომბრის #384 საგადასახადო მოთხოვნის, რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 30 ოქტომბრის №1318 შეტყობინების შპს ,,...” მიმართ საგადასახადო იპეთეკა/გირავნობის წარმოშობის შესახებ, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2012 წლის 8 ნოემბრის №24068 ბრძანების, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2012 წლის 29 დეკემბრის №32422 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2013 წლის 10 აპრილის №5296/2/12 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის უკანონოდ დარიცხული თანხების ჩამოწერის დავალება (იხ. ს.ფ. 1-11; ტ.1).
მოპასუხეებმა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წერილობითი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე ურის თქმა (იხ. ს.ფ 67-74; 145-153; ტ.1).
თბილისის საქალაქო სასამართოს ადმინისტრაციული კოლეგიის 2013 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 169-178; ტ.1).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...“ დირექტორმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 183-192; ტ.1).
სსიპ შემოსავლების სამსახურმა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი წერილობითი შეპასუხებით მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 11-18; ტ.1).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ნომებრის გადაწყვეტილებით შპს ,,...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს ,,...“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი რუსთავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 26 ოქტომბრის N 384 საგადასახადო მოთხოვნა; 2006 წლის 30 ოქტომბრის N1318/მ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ შეტყობინება; შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2012 წლის 08 ნოემბრის N24068 და N 32422 ბრძანებები და ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება; შემოსავლების სამსახურს შპს ,,...“ სასარგებლოდ დაეკისრა შპს ,,...“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 1991,14 ლარის გადახდა (იხ. ს.ფ. 52-64; ტ.2).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 72-81; 89-97; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 31 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 60-61; ტ.2).
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 671-69; ტ.2).
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით შპს ,,...“ დირექტორმა მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 73-79; ტ.2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორების _ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული განჩინების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითებას, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე