საქმე #ბს-631-606(კ-13) 4 მარტი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ე. ი-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირის - ,,საქართველოს ბანკის“ მონაწილეობით).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2011 წლის 13 ივნისს ე. ი-მა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 15 აპრილის ამონაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სადაც გრაფაში საკუთრების ტიპი მითითებულია - ,,თანასაკუთრება“ და მონაცემები დაზუსტებული ფართობი - 386.0 კვ.მ; ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, სადაც გრაფაში ნაკვეთის ტიპი, მითითებული იქნება - ,,საკუთრება“ და დაუზუსტებელი ფართობი – 1911.5 კვ.მ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 27 მაისის №80766 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-10; ტ.1).
შესაგებლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 35-43; ტ.1).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით ე. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 88-93; ტ.1).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. ი-მა, რომელმაც მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება (იხ. ს.ფ. 105-116; ტ.1).
სააპელაციო შესაგებლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 129-138; ტ.1).
ქუთაისის სააპელაცო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ე. ი-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 305-312; ტ.1).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება სს „...“ (იხ. ს.ფ. 3-5; ტ.2).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით ე. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 15 აპრილის (საკადასტრო კოდი: №05.22.1.005) საჯარო რეესტრის ამონაწერი, ქ. ბათუმში ... ქ. №7-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ე. ი-ის საკუთრების უფლების შესახებ, 386 კვ.მ მიწის ნაკვეთის თანასაკუთრების უფლებით ჩანაწერის ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, ე. ი-ის სახელზე ახალი რეესტრის ამონაწერის გაცემა, ქ. ბათუმში ... ქ. №7-ში მდებარე 191,5 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მისი ინდივიდუალური საკუთრების უფლების შესახებ, დაუზუსტებელი მონაცემებით; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება ე. ი-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (იხ. ს.ფ. 127-141; ტ.2).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ე. ი-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 152-161; ტ.2).
სააპელაციო შესაგებლით ე. ი-მა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 181-188; ტ.2).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის შუამდგომლობა სასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად სს „ს...“ საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ (იხ. ს.ფ. 206-208; ტ.2).
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ი-მა და მოითხოვა მესამე პირად ჩაბმის შესახებ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინების გაუქმება (იხ. ს.ფ. 219-228; ტ.2).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით ე. ი-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის მოტივით (იხ. ს.ფ. 237-241; ტ.2).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 92-110; ტ.3).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 120-131; ტ.3).
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 31 იანვრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 148-149; ტ.3).
ე. ი-მა წერილობითი მოსაზრებით მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ცნობა (იხ. ს.ფ. 155-162; 170-177; ტ.3).
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 83-84; 163-166; ტ.3).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2014 წლის 16 იანვარს №18884 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (300 ლარი) 70%, _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე