საქმე №ბს-638-613 (კ-13) 13 მარტი, 2014 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა მ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.09.13წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-ემ 14.02.13წ. სარჩელი აღძრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 25.06.12წ. №99 განკარგულების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და სახელფასო განაცდურის ანაზღაურება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 27.02.13წ. განჩინებით სარჩელი დაუშვებლად იქნა ცნობილი და საქმეზე შეწყდა წარმოება, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ბ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 03.04.13წ. განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 27.02.13წ. განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 04.06.13წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ს. ბ-ე.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 11.06.13წ. გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 23.09.13წ. განჩინებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 11.06.13წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული მოტივები ვერ გახდება მისი დასაშვებად ცნობის და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან დაუსაბუთებელია საკასაციო საჩივარში მითითებული მოსაზრებები გასაჩივრებული განკარგულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. საკასაციო საჩივარში მოყვანილი ამონარიდები საკასაციო სასამართლოს განჩინებიდან არ ადასტურებს გასაჩივრებული განჩინების დივერგენტულობას და საკასაციო საჩივრის დასაშვებობას. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში საკითხი ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს განსაკუთრებულ, ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ და არა შტატების შემცირების გამო აპარატის მუშაკის სამსახურიდან განთავისუფლებას.თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გასაჩივრებული 25.06.12წ. №99 განკარგულება არის კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მასში ასახულია კენჭისყრისას საკრებულოს წევრთა უმრავლესობის (27 წევრიდან 24 წევრის) მიერ გამოხარტული ნება მ. ბ-ის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება ემყარება თვითმმართველობის პოლიტიკურ იდეას, თვითმმართველობა წარმოადგენს ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელიც ეფუძნება საკუთარი საქმეების საკუთარი პასუხისმგებლობით მოწესრიგებას, დამოუკიდებელი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების უნარი, აყალიბებს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან შედარებით, თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს მიხედულების შედარებით უფრო ფართო სფეროს, რომელიც მოიცავს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის და გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებას(„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 22.1 მუხლის „ა“ და „ძ“ ქვეპუნქტები, 34.4 მუხლი), რაც განაპირობებს კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს - საკრებულოს გადაწყვეტილების კანონიერების და არა მიზანშეწონილობის თვალსაზრისით შემოწმებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფართო არეალს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება საკრებულოს მიერ მიღებულია კანონმდებლობით დაშვებული დისრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთან, კასატორს გასაჩივრებული განკარგულების მიღებისას პროცედურის კანონონიერების საკითხებთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნია. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საკრებულოს წევრთა ნების გამოხატვის მიზანშეწონილობა ვერ გახდება სასამართლოს მსჯელობის საგანი, ვინაიდან კანონმდებლის მიერ საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებად არის მიჩნეული საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენების საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება არსებულ სასამართლო პრაქტიკას (სუს განჩინება №ბს-622-597 (კ-13)). მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე