საქმე #ბს-647-622(2კ-13) 4 მარტი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და თ. ბ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე თ. ბ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თ. ბ-მა სარჩელი აღძრა სიღნაღის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ადმინისტრცაიულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 1-12; ტ.1).
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის განჩინებით თ. ბ-ის სარჩელი მოპასუხეების საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე გადაეგზავნა განსჯად საგარეჯოს მაგისტრატ სასამართლოს (იხ. ს.ფ. 31-32; ტ.1).
წერილობითი შეპასუხებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 71-80; ტ.1).
სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა თ. ბ-ის შუამდგომლობა სარჩელის ნაწილის, კერძოდ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 20 მარტის №53 ბრძანების ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში გახმობის თაობაზე და ამ ნაწილში სარჩელი დარჩა განუხილველად (იხ. ს.ფ. 109; ტ.1).
სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 128-146; ტ.1).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 149-160; ტ.1).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება და თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 29 მარტის №502 ბრძანება და თ. ბ-ი აღდგენილ იქნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. თ. ბ-ის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ. ბ-ს აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით (იხ. ს.ფ. 26-37; ტ.2).
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 42-50; 81-89; ტ.2).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-მაც და მოითხოვა განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურება, კერძოდ,სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე (იხ.ს .ფ. 52-59; 73-79; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 31 იანვრის განჩინებით თ. ბ-ისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრების ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 91-92; ტ.2).
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით თ. ბ-მა მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 99-100; ტ.2).
წერილობით წარმოდგენილი მოსაზრებით თ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ (იხ. ს.ფ. 102-108; ტ.2)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის, ხოლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით თ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი მიჩნეულ უნდა იქნენ დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
თ. ბ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით მივიდა იმ დასკვანმდე, რომ აღნიშნული კასაცია ასევე არ პასუხობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ კასაციის დასაშვებობის პროცესუალურ წინაპირობებს, კასაციის მოტივები და სადავო სამართალურთიერთობა არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი არ ჰქონია რაიმე პროცესუალრი ნორმის დარღვევას, რის გამოც მიიჩნია, რომ თ. ბ-ის საკასაციო საჩივარს არ გააჩნია წარმატების პერსპექტივა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და თ. ბ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და თ. ბ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და თ. ბ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე