ბს-362-351 (კ-კს-13) 25 მარტი,2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ანა ვარდიძე
კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. ს-ა
წარმომადგენელი – ლ. პ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
წარმომადგენელი – ლ. ბ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განჩინება
დავის საგანი _ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 31 დეკემბერს ლ. ს-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ ლ. ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 06 დეკემბრის №399-კ ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტში სოციალურ საკითხთა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსის თანამდებობრივ პოზიციაზე აღდგენა და მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის სამსახურში აღდგენამდე თვეში1600 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2007 წლიდან მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობეbზე. 2012 წლის იანვრიდან იმავე წლის 6 დეკემბრამდე ეკავა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსის თანამდებობა. 2012 წლის 7 ნოემბერს სამინისტროში შევიდა ქ. თბილისში, .... 34-ე კორპუსის ბინის მესაკუთრეთა განცხადება, რომელიც ეხებოდა მათი საკუთრებიდან დევნილთა იძულების წესით გამოსახლებისათვის რეაგირებას. განცხადება მას გადაეცა რეზოლუციის გარეშე, რომელიც მოსარჩელემ განსახილველად გადასცა თავის მოადგილეს. დამუშავებისა და მიღებული მონაცემების საფუძველზე უნდა ჩატარებულიყო ადმინისტრაციული წარმოება. მისმა მოადგილემ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე მისგან მიიღო კონსულტაცია და გატარდა რიგი ღონისძიებები. განმცხადებლების პრეტენზიის საფუძველზე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს უნდა გამოეკვლია საკითხი, მოხდა თუ არა რეაგირება 2012 წლის 7 ნოემბრის განცხადებაზე. მოსარჩელის მოადგილემ დაწერა ორი ურთიერთგამომრიცხავი ახსნა-განმარტება, პირველის თანახმად სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა წერილებზე პასუხის დროული გაცემა და გადაწყვეტილების მიღება, ხოლო მეორე ახსნა-განმარტების თანახმად, სამმართველოს უფროსმა რეაგირების გარეშე დატოვა განცხადება. 2012 წლის 6 დეკემბერს ჩაბარდა ამავე თარიღის ბრძანება, მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მაშინ, როდესაც მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვადა ჯერ კიდევ ამოწურული არ იყო. აღნიშნული ბრძანება ეყრდნობა შიდა აუდიტის უფროსის ახსნა-განმარტებას, რაც თავის მხრივ დაფუძნებულია ლ. ს-ას მოდგილის ახსნა-განმარტებაზე და მინისტრის თანაშემწეების განმარტებით ბარათებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ს-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 06 დეკემბრის №399-კ ბრძანება ლ. ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. აღდგენილ იქნა ლ. ს-ა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტში სოციალურ საკითხთა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ლ. ს-ას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო, არა უმეტეს სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 მაისის №115-კ ბრძანებით ლ. ს-ა დაინიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. 2012 წლის 7 ნოემბერს სამინისტროში ქ. თბილისში, .... 34-ე კორპუსის ბინის მესაკუთრეებმა შეიტანეს №22914/01 განცხადება, რომელიც ეხებოდა მათი საკუთრებიდან დევნილთა იძულებითი წესით გამოსახლებისათვის რეაგირებას. განცხადება შესასრულებლად 2012 წლის 14 ნოემბერს ლ. ს-ას გადაეცა, მან იმავე დღეს განსახილველად გადასცა სოციალურ საკითხთა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსის მოადგილეს. კონსულტაციის გავლის შემდეგ, საკითხის შესასწავლად გატარდა რიგი ღონისძიებები 1. დევნილებთან შეხვედრა ინფორმაციის სრულყოფილად მისაღებად. 2. ადგილზე გასვლა და დევნილთა პროფაილინგი (ანკეტირება–აღწერა). 3. პროფაილინგის მონაცემების მონაცემთა ბაზასთან დადარება. მოადგილემ 2012 წლის 4 დეკემბერს შეადგინა ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში შეტანილი იყო ქ. თბილისის .... 34-ე კორპუსის ბინის მესაკუთრეთა №2294/01 წერილი 2012 წლის 7 ნოემბერს და №24358/01 წერილი 2012 წლის 15 ნოემბერს. აღნიშნულ წერილებში დასმული საკითხების გადასაწყვეტად საჭირო იყო რიგი ღონისძიებების გატარება, რაც საჭირო დროს მოითხოვდა, კერძოდ, საჭირო იყო უშუალოდ ადგილზე შესწავლა, შემოწმების დროს არსებული მდგომარეობით, რომელ კონკრეტულ ბინაში რომელი დევნილი ოჯახი ცხოვრობდა. ამის შემდეგ, გადასაწყვეტი იყო იმ დევნილი ოჯახების შემდგომი განსახლების საკითხი, რომლებიც სამინისტროს მიერ დარეგისტრირებულები (დამისამართებულები) იყვნენ აღნიშნულ კორპუსებში და სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდათ. ამას გარდა, ასევე გადასაწყვეტი იქნებოდა იმ დევნილების საკითხი, რომლებიც რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობდნენ აღნიშნულ კორპუსებში და არ გააჩნდათ საცხოვრებელი ადგილი. ამასთან გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც, რომ კორპუსში მცხოვრები დევნილები კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ კორპუსის დატოვების და დევნილთა განსახლების თაობაზე თანხმობის მიცემის შემთხვევაში, აუცილებლად ექნებოდა ადგილი დევნილთა მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას, რამდენადაც, ამ ეტაპზე, დევნილთა სამინისტროს არ გააჩნდა დევნილთათვის თბილისში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების რესურსი. ყოველივე აღნიშნული გარემოების გამო, დროულად ვერ მოხერხდა წერილზე პასუხის გაცემა და თავი შეიკავეს აღნიშნულ წერილზე - დევნილთა გამოსახლებაზე თანხმობის მიცემაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე ლ. ს-ას მოადგილის მიერ 2012 წლის 5 დეკემბერს შედგენილ ახსნა-განმარტებით ბარათზე, რომლითაც მან უარყო 2012 წლის 4 დეკემბერს შედგენილ ახსნა-განმარტებაში მოყვანილი ფაქტები და განმარტა, რომ 2012 წლის 7 ნოემბრის №2294/01 წერილი და 2012 წლის 15 ნოემბრის №24358/01 წერილი ლ. ს-ასაგან შემდგომი რეაგირებისათვის გადაეწერა 2012 წლის 16 ნოემბერს, ამასთან, გაიარა კონსულტაცია აღნიშნულ საკითხზე, კერძოდ: ამ წერილებზე რეაგირებისაგან თავის შეკავებაზე, რაზეც დაეთანხმა ლ. ს-ას და რეაგირება აღარ მოახდინა. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მიერ 2012 წლის 5 დეკემბერს შედგენილი სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2012 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში წარდგენილ იქნა ქ. თბილისის .... 34-ე კორპუსის ბინის მესაკუთრეთა №22914/01 განცხადება, რომელიც ეხებოდა მათი საკუთრებიდან დევნილთა იძულებითი წესით გამოსახლებისათვის რეაგირებას. განცხადება მოსარჩელეს გადაეცა რეზოლუციის გარეშე, რომელიც მოსარჩელემ განსახილველად გადასცა თავის მოადგილეს, რომელმაც ლ. ს-ასთან ,,კონსულტაციის“ შემდეგ რეაგირების გარეშე დატოვა წერილის მსვლელობა. მინისტრის თანაშემწის 2012 წლის 4 დეკემბრის ახსნა-განმარტების თანახმად, 2012 წლის 7 ნოემბერს შემოსული №22914/01 განცხადება მინისტრის ელექტრონული გვერდიდან გადაეწერა ადრესატს მინისტრთან შეთანხმებისა და მისი რეზოლუციის გარეშე; სავარაუდოდ, რის გამოც დოკუმენტს არ მიექცა სათანადო ყურადღება და დარჩა განუხილველად. მისივე განმარტებით, შეცდომა შესაძლოა ყოფილიყო როგორც მექანიკური, ასევე ტექნიკური ხასიათის. ამავე შინაარსისაა მინისტრის თანაშემწე-მდივნის 2012 წლის 4 დეკემბრის ახსნა-განმარტება. მ. ა-ას სამსახურებრივი ბარათის მიხედვით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 4 დეკემბერს სოციალურ საკითხთა და მონიტორინგის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ლ. ს-ამ მას გადასცა ..., მე-4 მიკრორაიონის 36-ე კორპუსში არსებულ შენობაში მაცხოვრებელ დევნილთა აღწერის მასალები, ელექტრონული ვერსიის სახით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 6 დეკემბრის №399-კ ბრძანებით ლ. ს-ა გათავისუფლდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან 2012 წლის 6 დეკემბრიდან. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო გ. ლ-ის №07-12-2460-05/12/2012 მოხსენებითი ბარათი. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 აგვისტოს №1631 განკარგულებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების შესახებ დასტურდება, რომ ლ. ს-ას ყოველთვიური სამსახურებრივი სარგო დაბეგვრის გარეშე 1600 ლარს შეადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, იმავე მუხლის მეორე ნაწილზე, ამავე კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და იმავე მუხლის მეორე ნაწილზე. აღნიშნულ ნორმათა ანალიზის შედეგად მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში წარდგენილ იქნა ქ. თბილისის .... 34-ე კორპუსის ბინის მესაკუთრეთა №22914/01 განცხადება, რომელზეც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2012 წლის 7 ნოემბერს მისი შესაბამისი წესით რეგისტრაციის მომენტიდან. სააპელაციო სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილზე დაყრდნობით განმარტა, რომ სამინისტროში წარდგენილ განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი ვადა იწურებოდა 2012 წლის 7 დეკემბრისათვის, ხოლო ამ წარმოების არასწორად წარმართვისათვის ლ. ს-ა სამსახურიდან გათავისუფლდა 2012 წლის 6 დეკემბერს. სააპალაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით უდავოდ დადასტურებულია ლ. ს-ასათვის განცხადების 7 კალენდარული დღის ვადით დაგვიანებით გადაცემა, მისი მხრიდან განცხადებაზე დაუყოვნებლივ რეაგირების მოხდენა (განცხადების მოადგილესათვის რეზოლუციით გადაცემა), ადმინისტრაციული წარმოებისათვის გათვალისწინებულ ვადაში გარკვეული სახის სამუშაოების წარმოება და იგივე ვადის ამოწურვამდე ლ. ს-ასათვის საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 78-ე მუხლის ყველაზე მძიმე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის „სამსახურიდან გათავისუფლების“ შეფარდება, წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ლ. ს-ასადმი დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 06 დეკემბრის №399-კ ბრძანება ლ. ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. შესაბამისად, ლ. ს-ა უნდა აღდგენილიყო სამსახურში იმ თანამდებობაზე, რომელიც მას დაკავებული ჰქონდა სადავო აქტის გამოცემამდე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 112-ე მუხლზე და მიიშნია, რომ სასამართლოს მიერ სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ლ. ს-ას სამსახურში აღდგენის პირობებში, საფუძვლიანი იყო მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განჩინებით ლ. ს-ას განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ კანონმდებელი დასახელებული შემთხვევის გამოყენებას შესაბამისი პირობების არსებობისას უკავშირებს სასამართლოს უფლებამოსილებას და არ ზღუდავს იმპერატიულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ საპროცესო მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად უნდა ასაბუთებდეს და ადასტურებდეს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების აუცილებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შედეგის მოცემულ ეტაპზე მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას. პალატამ მიიჩნია, რომ ასეთი აუცილებლობა წარმოდგენილი განცხადებით არ იყო საკმარისად მოტივირებული, რის გამოც პალატამ მიაჩნია, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განჩინება ლ. ს-ამ გაასაჩივრა. კერძო საჩივრის ავტორი არ დაეთანხმა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და აღნიშნა, რომ ოჯახი შედგება სამი წევრისაგან. ამ ეტაპზე მას არ გააჩნია არანაირი შემოსავალი. ოჯახის შემოსავალს წარმოადგენს მხოლოდ მამის პენსია. შესაბამისად, მის დასაქმებას და შედეგად ანაზღაურების მიღებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მისთვის. თუმცა ნებისმიერი სრულწლოვანი პირისათვის დასაქმების მნიშვნელობა სასიცოცხლოა და დასაქმების გადაუდებელი ხასიათი არ შეიძლება შეფასდეს ოჯახის წევრთა მონაცემებით. კერძო საჩივრის ავტორი საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქეებს გარანტირებული აქვთ ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური უფლება, როგორიცაა შრომითი უფლების უზრუნველყოფა. კანონმდებლობით უზრუნველყოფილია ამ უფლების სასამართლო წესით დაცვა. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს სამართლიანი სამუშაო. ყოველ მშროელს უფლება აქვს მიიღოს სამართლიანი გასამრჯელო. ადამიანისათვის შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობების შექმნას აღიარებენ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მონაწილე ქვეყნები, მაშ შორის საქართველოც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ივლისის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ს-ას კერძო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით. ამავე თარიღის განჩინებით დადგინდა კერძო საჩივრის განხილვა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, ლ. ს-ას კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმებისა და გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის განსახილველ ნაწილთან მიმართებით მიუთითებს საქმეში ასახულ შემდეგ გარემოებებს: დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ს-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 06 დეკემბრის №399-კ ბრძანება ლ. ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. აღდგენილ იქნა ლ. ს-ა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტში სოციალურ საკითხთა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ლ. ს-ას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო, არაუმეტეს სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. სადღეისოდ აღნიშნული გადაწყვეტილებაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განჩინების შეცვლის ფაქტობრივი საფუძველი აღარ არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. ს-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისსი განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ს-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე