საქმე #ბს-635-610(კს-13) 4 მარტი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) _ ნ. და მ. დ-ეების
წარმომადგენელი ა. ც-ე
დავის საგანი _ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 9 აგვისტოს ს. ჩ-მა და ლ. დ-ემ სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ქ. ბათუმის მერიისა და მ. დ-ის მიმართ ქ. ბათუმის მერიის 2000 წლის 20 ივლისის №6 საოქმო დადგენილების არარა ადმინისტრაციულ აქტად აღიარების თაობაზე.
მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ ქ.ბათუმში, ... ქ. №4/16-ში მდებარე ბინა ს. ჩ-ს შეძენილი ჰქონდა ნ. დ-ესთან ქორწინების პერიოდში და წარმოადგენდა ამ ქონების თანამესაკუთრეს. ამასთან, არარა აქტით განიკარგა სამკვიდრო ქონება, რომელსაც მოსარჩელეები მიიღებდნენ ნ. დ-ის გარდაცვალების შემდეგ.
ს. ჩ-ის განმარტებით, მან ნ. დ-ესთან იქორწინა 1987 წლის 14 აგვისტოს. ქორწინება რეგისტრირებულია ქ.ბათუმის მმაჩის განყოფილებაში. 1986 წლის 05 თებერვალს მათ შეეძინათ შვილი - ლ. დ-ე. ნ. დ-ეს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა შვილი მ. დ-ე. 1992 წელს ნ. დ-ემ შეიძინა ქ.ბათუმში, ... ქ. №4/16-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, ხოლო 2000 წელს განცხადებით მიმართა ქ.ბათუმის მერიას და მოითხოვა ნებართვა აღნიშნული ბინის, ... რაიონი სოფელ ... მდებარე იმ საცხოვრებელ სახლში გაცვლაზე, რომელიც მის შვილს, მ. დ-ეს ეკუთვნოდა. ნ. დ-ე გარდაიცვალა 2001 წლის 31 ოქტომბერს.
მოსარჩელეების აღნიშვნით, ქ.ბათუმის მერიის 2000 წლის 20 ივლისის №6 საოქმო დადგენილებით ნ. დ-ეს ნება დაერთო მისი კუთვნილი ბინა, მდებარე ქ.ბათუმში, ... ქ. №4/16-ში, გაეცვალა მ. დ-ისათვის, ... რაიონის, სოფ. ... მდებარე საცხოვრებელ სახლზე. საოქმო დადგენილება, რეგისტრაციის მიზნით, 2000 წლის 22 ივლისს გაეგზავნა ქ.ბათუმის მერიის ტექ.ინვენტარიზაციის სამსახურს. ქ.ბათუმის მერიის 2000 წლის 20 ივლისის №6 საოქმო დადგენილების საფუძველზე, ტექ.ინვენტარიზაციის ბიუროში მ. დ-ე დარეგისტრირდა ქ.ბათუმში, ... ქუჩა №4/16-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ. მ. დ-ეს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ აქვს (იხ. ტ. 1; ს.ფ. 2-11).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. ჩ-ისა და ლ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; არარა ადმინისტრაციულ აქტად იქნა ცნობილი ქ.ბათუმის მერიის 2000 წლის 20 ივნისის №6 საოქმო დადგენილება ქ.ბათუმში, ... ქუჩა №4/16-ში მდებარე ბინის 1/3 ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ. 1; 97-106).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ჩ-მა, ლ. დ-ემ და მ. დ-ემ (იხ. ტ.1; ს.ფ. 112-121).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ს. ჩ-ისა და ლ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ, არარა ადმინისტრაციულ აქტად იქნა აღიარებული ქ.ბათუმის მერიის 2000 წლის 20 ივნისის №6 საოქმო დადგენილება ქ.ბათუმში, ... ქუჩა №4/16-ში მდებარე ბინის 2/3 ნაწილში, ხოლო მ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ.1; ს.ფ. 219-228).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ. 1; ს.ფ. 240-251).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება (იხ. ტ. 1; ს.ფ. 279-315).
2013 წლის 6 ივნისს მ. დ-ის წარმომადგენელმა ა. ც-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამავე სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მ. დ-ისათვის ცნობილი გახდა ისეთი მტკიცებულება, რომელიც საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ასეთ მტკიცებულებად განმცხადებელს მიაჩნია დედის - ნ. გ-ის (დ-ის) მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან, რომლის მიხედვით ნ. დ-ე იმყოფებოდა ნ. დ-თან რეგისტრირებულ ქორწინებაში ს. ჩ-თან დაქორწინებამდე და მასთან განქორწინება არ მომხდარა ნ. დ-ის გარდაცვალებამდე. შესაბამისად, განმცხადებელს ბათილად მიაჩნია ქორწინება ნ. დ-ესა და ს. ჩ-ს შორის, რადგან ერთ-ერთი მეუღლის წინა ქორწინება არ ყოფილა შეწყვეტილი, ამიტომ ს. ჩ-ის კანონიერ უფლებასა და ინტერესს არ აყენებდა ზიანს ქ.ბათუმის მერიის 2000 წლის 20 ივნისის №6 საოქმო დადგენილება. ეს ფაქტი ცნობილი რომ ყოფილიყო საქმის განხილვის დროს, სასამართლო არ ცნობდა 2/3 ნაწილში არარა აქტად ქ.ბათუმის მერიის 2000 წლის 20 ივნისის №6 საoქმო დადაგენილებას.
განმცხადებლის მტკიცებით, მ. დ-ისათვის მხოლოდ 2013 წლის 15 მაისს გახდა ცნობილი, რომ დედა-მამა ნ. და ნ. დ-ეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ნ. დ-ის ს. ჩ-თან ქორწინების მომენტისათვის. შესაბამისად, ს. ჩ-ს მემკვიდრის უფლებები არ გააჩნდა და ეს გარემოება ცნობილი რომ ყოფილიყო სასამართლოსათვის - სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული (იხ. ტ. 2; ს.ფ. 1-3).
2013 წლის 10 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. დ-ემ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ იგი მხარედ უნდა ყოფილიყო მიწვეული საქმის განხილვაზე, რადგან ნ. დ-ის მეუღლე და მისი პირველი რიგის მემკვიდრე იყო. მისი ქორწინება ნ. დ-ესთან არ იყო შეწყვეტილი ამ უკანასკნელსა და ს. ჩ-ს შორის ქორწინების რეგისტრაციის მომენტისათვის და ქორწინება შეწყდა მხოლოდ ნ. დ-ის გარდაცვალების გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელს მიაჩნია, რომ ს. ჩ-სა და ნ. დ-ეს შორის ქორწინება ბათილია და მისი მოწვევა ს. ჩ-ისა და ლ. დ-ის სარჩელით წარმოებული საქმის განხილვის პროცესში სავალდებულო იყო (იხ. ტ. 2; ს.ფ. 10-11).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მ. და ნ. დ-ეების განცხადებები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ.2; ს.ფ. 99-105).
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მ. დ-ის განცხადებაში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, აღნიშნული გარემოება, რომ მისთვის 2013 წლის 15 მაისს გახდა ცნობილი დედ-მამის, ნ. დ-ის და ნ. დ-ის რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის ფაქტი და რომ ისინი არ ყოფილან განქორწინებულნი ნ. დ-ისა და ს. ჩ-ის ქორწინების რეგისტრაციის მომენტისათვის, ვერ ჩაითვლება ისეთ ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რომლის შესახებ მითითება და შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა სასამართლოში, ს. ჩ-ისა და ლ. დ-ის სარჩელით წარმოებული საქმის განხილვისას, მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ შეეძლო.
რაც შეეხება ნ. დ-ის განცხადებას, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო საქმის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირის განცხადებით. სასამართლოში მხარეებად შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები. მოცემულ შემთხვევაში საქმის წარმოება დაიწყო ს. ჩ-ისა და ლ. დ-ის სარჩელით. მოპასუხეებად მიუთითეს ქ.ბათუმის მერია და მ. დ-ე. მათ მოითხოვეს ქ.ბათუმის მერიის 2000 წლის 20 ივლისის №6 საოქმო დადგენილების (რომლითაც ნება დაერთო ნ. დ-ეს მის სახელზე რიცხული, ს. ჩ-თან ქორწინების პერიოდში შეძენილი, საცხოვრებელი ბინა გაეცვალა მ. დ-ისათვის ... რაიონი, სოფელ ... მდებარე საცხოვრებელ სახლზე) არარა ადმინისტრაციულ აქტად აღიარება იმ საფუძვლით, რომ ქ.ბათუმში, ... ქ. №4/16-ში მდებარე ბინა ს. ჩ-ს შეძენილი ჰქონდა ნ. დ-ესთან ქორწინების პერიოდში და წარმოადგენდა არა მხოლოდ ნ. დ-ის საკუთრებას, არამედ მეუღლეთა თანასაკუთრებას. მოსარჩელე ლ. დ-ე კი იყო ნ. დ-ის შვილი (მემკვიდრე), ისევე როგორც მოპასუხე მ. დ-ე (შვილი პირველი ქორწინებიდან).
მ. დ-ე მონაწილეოდა საქმის განხილვაში - იგი ნ. დ-ის (ამჟამინდელი განმცხადებლის) და 2001 წლის 31 ოქტომბერს გარდაცვლილი ნ. დ-ის შვილია. მან სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება ს. ჩ-ისა და ლ. დ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით (იხ. დართული საქმე №3/ბ-216 ს.ფ. 219-228). სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-ემ. საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც არარა ადმინისტრაციულ აქტად იქნა აღიარებული ქ.ბათუმის მერიის 2000 წლის 20 ივნისის №6 საოქმო დადგენილება ქ.ბათუმში, ... ქუჩა №4/16-ში მდებარე ბინის 2/3 ნაწილში, ხოლო მ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (საქმე №ბს-1344-1329 (კ-11)).
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელი ნ. დ-ე არ წარმოადგენს იმ სამართალურთიერთობის მხარეს, რაზედაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებაა გამოტანილი, ამასთან მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ არ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, შესაბამისად, იგი მხარედ არ უნდა ყოფილიყო მოწვეული ს. ჩ-ისა და ლ. დ-ის სარჩელით წარმოებულ საქმეში.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მ. დ-ე და ნ. დ-ე არიან დედა-შვილი. მ. დ-ე მონაწილეოდა მოპასუხე მხარედ იმ საქმეში, რომელზე მიღებული გადაწყვეტილების (2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება) ბათილად ცნობასაც ითხოვს ნ. დ-ე, შესაბამისად, ამ უკანასკნელის განმარტება, რომ მისთვის 2013 წლის 24 მაისამდე არ ყოფილა ცნობილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია სარწმუნოდ. ამდენად, პალატამ აღნიშნა, რომ ნ. დ-ის განცხადება სასამართლოში შეტანილია სსკ 426-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის დარღვევითაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ვ” ქვეპუნქტითა და 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც მ. დ-ესა და ნ. დ-ეს განცხადებების დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვათ უარი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. და ნ. დ-ეების წარმომადგენელმა ა. ც-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადებების დაკმაყოფილება.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა მ. დ-ეს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი, ვინაიდან მ. დ-ისათვის 2013 წლის 15 მაისს გახდა ცნობილი დედ-მამის, ნ. დ-ისა და ნ. დ-ის რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის ფაქტი და რომ ისინი არ ყოფილან განქორწინებულები ნ. დ-ისა და ს. ჩ-ის ქორწინების რეგისტრაციის მომენტისათვის. დედა-შვილი, მ. დ-ე და ნ. დ-ე ერთად არ ცხოვრობდნენ არც სასამართლო დავის პერიოდში, როდესაც იხილებოდა ს. ჩ-ისა და ლ. დ-ის სარჩელით წარმოებული საქმე და არც დღეს ცხოვრობენ ერთად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, მ. დ-ისათვის 2013 წლის 15 მაისამდე არ იყო ცნობილი დედ-მამის რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის ფაქტი, რის გამოც აღნიშნული მტკიცებულება ვერ იქნებოდა წარდგენილი ს. ჩ-ისა და ლ. დ-ის სარჩელით წარმოებული სასამართლო დავის პერიოდში.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, მეუღლე ითვლება პირველი რიგის მემკვიდრედ თუ იგი კანონიერად არის რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამავე კოდექსის 1140-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინება ბათილია თუ დარღვეულია 1120-ე მუხლით გათვალისწინებული პირობა, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1120.1 მუხლის თანახმად, დაქორწინება არ დაიშვება იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან. მოცემულ შემთხვევაში, ს. ჩ-მა იქორწინა ნ. დ-ესთან ამ უკანასკნელის ნ. დ-ესთან რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, რის გამოც ს. ჩ-ის ქორწინება ნ. დ-ესთან ბათილია.
კერძო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლოm ასევე დაუსაბუთებლად უთხრა უარი ნ. დ-ეს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი, ვინაიდან ნ. დ-ის მიერ გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება მის კანონიერ უფლებებს ეხებოდა. ნ. დ-ე არის ნ. დ-ის მეუღლე რეგისტრირებული ქორწინებით და პირველი რიგის მემკვიდრე და მისი სასამართლო სხდომაზე მიწვევისა და როგორც მხარედ ჩართვის შემთხვევაში გამოირიცხებოდა ს. ჩ-ის მოსარჩელედ ყოფნის ფაქტი, ვინაიდან ბათუმის მერიის 2000 წლის 20 ივნისის №6 საოქმო დადგენილება ს. ჩ-ს უშუალოდ ზიანს ვერ მიაყენებდა, რადგან მემკვიდრედ ითვლებოდა ნ. დ-ე და არა ს. ჩ-ი.
2014 წლის 13 თებერვალს ს. ჩ-მა და ლ. დ-ემ მოსაზრებით მომართეს საკასაციო სასამართლოს და მოითხოვეს არ დაკმაყოფილდეს მ. და ნ. დ-ეების კერძო საჩივარი, ძალაში დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
ნ. დ-ესა და ნ. დ-ე (გ-ეს) შორის ქორწინება შეწყდა 1982 წლის 26 მარტის ... რაიონის სახალხო სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე (გადაწყვეტილება საქმეშია).
1987 წლის 14 აგვისტოს ს. ჩ-მა იქორწინა ნ. დ-ესთან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1140-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნ. დ-ეს 1987 წლიდან დღემდე არ მოუთხოვია ნ. დ-ისა და ს. ჩ-ის ქორწინების ბათილობა.
მ. დ-ე არის ნ. დ-ის შვილი, რომლებიც ცხოვრობენ ერთად და ნ. დ-ისათვის ს. ჩ-ისა და ლ. დ-ის სარჩელის საფუძველზე მიმდინარე დავა სარჩელის შეტანის დღიდანვე იყო ცნობილი.
მ. დ-ე წარმოადგენდა მხარეს ს. ჩ-ისა და ლ. დ-ის მიერ აქტის არარად აღიარების თაობაზე აღძრულ სარჩელზე და შესაბამისად, შესაძლებლობა ჰქონდა მოეპოვებინა ყველა მტკიცებულება რაც მის სასარგებლოდ მტკიცებულებად შეიძლებოდა მიჩნეულიყო და წარედგინა იგი სასამართლოში. ნ. დ-ეს შეეძლო აღნიშნულ განცხადებაში მითითებული საფუძვლით მიემართა სასამართლოსათვის პირველი ინსტანციაში, აპელაციაში და კასაციაში საქმის განხილვის დროს, რაც მას არ განუხორციელებია.
ორივე მხარისათვის ცნობილია, რომ ნ. დ-ე განქორწინდა ნ. დ-ესთან ... სახალხო სასამართლოში და აგრეთვე აღნიშნულ სასამართლოში განხილული იქნა ალიმენტის დაკისრებაზე მოთხოვნაც. სასამართლომ ნ. დ-ეს დააკისრა ალიმენტი შვილის მ. დ-ის სასარგებლოდ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. და ნ. დ-ეების წარმომადგენლის ა. ც-ის, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს. ჩ-მა და ლ. დ-ემ სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს. მოპასუხეებად მიუთითეს ქ.ბათუმის მერია და მ. დ-ე. მათ მოითხოვეს ქ.ბათუმის მერიის 2000 წლის 20 ივლისის №6 საოქმო დადგენილების (რომლითაც ნება დაერთო ნ. დ-ეს მის სახელზე რიცხული, ს. ჩ-თან ქორწინების პერიოდში შეძენილი, საცხოვრებელი ბინა გაეცვალა მ. დ-ისათვის ... რაიონი, სოფელ ... მდებარე საცხოვრებელ სახლზე) არარა ადმინისტრაციულ აქტად აღიარება იმ საფუძვლით, რომ ქ.ბათუმში, ... ქ. №4/16-ში მდებარე ბინა ს. ჩ-ს შეძენილი ჰქონდა ნ. დ-ესთან ქორწინების პერიოდში და წარმოადგენდა არა მხოლოდ ნ. დ-ის საკუთრებას, არამედ მეუღლეთა თანასაკუთრებას. მოსარჩელე ლ. დ-ე კი იყო ნ. დ-ის შვილი (მემკვიდრე), ისევე როგორც მოპასუხე მ. დ-ე (შვილი პირველი ქორწინებიდან).
მ. დ-ე მონაწილეობდა საქმის განხილვაში - იგი ნ. დ-ის (ამჟამინდელი განმცხადებლის) და 2001 წლის 31 ოქტომბერს გარდაცვლილი ნ. დ-ის შვილია. მან სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება ს. ჩ-ისა და ლ. დ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით (იხ. დართული საქმე №3/ბ-216 ს.ფ. 219-228). სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-ემ. საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც არარა ადმინისტრაციულ აქტად იქნა აღიარებული ქ.ბათუმის მერიის 2000 წლის 20 ივნისის №6 საოქმო დადგენილება ქ.ბათუმში, ... ქუჩა №4/16-ში მდებარე ბინის 2/3 ნაწილში, ხოლო მ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (საქმე №ბს-1344-1329 (კ-11)).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 421.1 მუხლის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
სსსკ-ის 423.1 მუხლის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი არსებობს, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. 423.3 მუხლის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მითითებული საფუძვლით დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სსსკ-ის 264-265-ე მუხლების შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას ან შეცვლას ახალი გარემოებების წარმოშობის პირობებში. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა უშვებს არა ყოველი ახალი გარემოების ან მტკიცებულების შეტყობის პირობებში საქმის ხელახლა გადასინჯვის შესაძლებლობას, არამედ მხოლოდ ისეთი გარემოებები შეიძლება დაედოს საფუძვლად დასრულებული საქმის წარმოების განახლებას, რომლებიც მხარისათვის მისი ბრალის გარეშე არ იყო ცნობილი საქმის წარმოების პროცესში და ამასთან, აღნიშნული გარემოებები ან მტკიცებულებები ხელსაყრელი გადაწყვეტილების დადგენას გამოიწვევდა.
განსახილველ შემთხვევაში, მ. დ-ე განცხადებით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას იმ საფუძვლით, რომ მისთვის 2013 წლის 15 მაისს გახდა ცნობილი გახდა ისეთი მტკიცებულება, რომელიც საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას და ასეთ მტკიცებულებად განმცხადებელს მიაჩნია ბათუმის სამოქალაქო რეესტრის 2013 წლის 8 მაისის №68/97745 წერილი, რომლის თანახმად ნ. დ-ესა და ნ. დ-ეს შორის ქორწინების აქტის ჩანაწერი შეწყვეტილია ნ. დ-ის გარდაცვალების გამო. შესაბამისად, განმცხადებელს ბათილად მიაჩნია ნ. დ-ისა და ს. ჩ-ის ქორწინება, რადგან იგი განხორციელდა ერთ-ერთი მეუღლის წინა ქორწინებაში ყოფნის პერიოდში, ამიტომ განმცხადებლის მითითებით, ს. ჩ-ის კანონიერ უფლებასა და ინტერესს ზიანს არ აყენებდა გასაჩივრებული ქ. ბათუმის მერიის 2000 წლის 20 ივნისის №6 საოქმო დადგენილილება.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ დედა-შვილი მ. დ-ე და ნ. დ-ე არც სასამართლო დავის პერიოდში, როდესაც იხილებოდა ს. ჩ-ისა და ლ. დ-ის სარჩელით წარმოებული საქმე და არც დღეის მდგომარეობით, ერთად არ ცხოვრობენ, რის გამოც მ. დ-ისათვის ცნობილი არ იყო დედ-მამის, ნ. დ-ისა და ნ. დ-ის ქორწინების ფაქტი შესაბამისად, ვერ იქნებოდა აღნიშნული მტკიცებულება მოპოვებული და წარდგენილი სასამართლოში დავის არსებობისას და განმარტავს, რომ მ. დ-ე მონაწილეობდა მოპასუხე მხარედ ს. ჩ-ისა და ლ. დ-ის მიერ ქ. ბათუმის მერიის 2000 წლის 20 ივნისის №6 საოქმო დადგენილების არარა ადმინისტრაციულ აქტად აღიარების თაობაზე აღძრულ სასარჩელო დავაში, როგორც გარდაცვლილი ნ. დ-ის მემკვიდრე შვილი პირველი ქორწინებიდან. შესაბამისად, იგი ვალდებული იყო მოეპოვებინა და სასამართლოში წარედგინა ყველა მტკიცებულება, რაც მის მოთხოვნებს ადასტურებდა, ხოლო კერძო საჩივრის ავტორის მიერ ბრალის გამომრიცხავ გარემოებად იმაზე მითითება, რომ დედა-შვილი მ. და ნ. დ-ეები ერთად არ ცხოვრობდნენ და არც დღეს ცხოვრობენ ერთად, საკასაციო სასამართლო აღნიშნულს ვერ მიიჩნევს იმ გარემოებად, რის გამოც მათ სასამართლო დავის პერიოდში ვერ მოიპოვეს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურიდან ზემოაღნიშნული მტკიცებულება. კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, არც შესაბამისი არგუმენტაცია, თუ რატომ, რა მიზეზებით ვერ შეძლეს განმცხადებლებმა ამ მტკიცებულების მოპოვება ან რამ შეუშალათ ხელი მის მოპოვებაში (ადმინისტრაციული ორგანოს უარი, ან რაიმე ბიუროკრატიული დაბრკოლება), რაც სსსკ-ის 423.3 მუხლის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 422.1 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სწირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღნიშნული საფუძვლით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას შესაბამისი ინსტანციის სასამართლოებში.
განმცხადებელი ნ. დ-ე ითხოვს კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას იმ მოტივით, რომ იგი არის პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება და არ იყო მხარედ მოწვეული საქმის განხილვისას, როგორც გარდაცვლილი ნ. დ-ის მეუღლე და პირველი რიგის მემკვიდრე. ნ. დ-ესა და ს. ჩ-ს შორის ქორწინება განხორციელდა ნ. დ-ის კანონიერი ქორწინების პერიოდში, რის საფუძველზეც ს. ჩ-ისა და ნ. დ-ის ქორწინება ბათილია და შესაბამისად, ს. ჩ-ს სარჩელის აღძვრის უფლებამოსილებაც არ გააჩნდა. სასამართლოს ნ. დ-ე თავისი ინიციატივით უნდა ჩაერთო მხარედ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ს. ჩ-ი და ლ. დ-ე სარჩელით ითხოვდნენ ქ. ბათუმის მერიის 2000 წლის 20 ივლისის №6 საოქმო დადგენილების (რომლითაც ნება დაერთო ნ. დ-ეს მის სახელზე რიცხული, ს. ჩ-თან ქორწინების პერიოდში შეძენილი, საცხოვრებელი ბინა გაეცვალა მ. დ-ისათვის ... რაიონი, სოფელი ... მდებარე საცხოვრებელ სახლზე) არარა ადმინისტრაციულ აქტად აღიარება იმ საფუძვლით, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. 4/16-ში მდებარე ბინა ს. ჩ-ს შეძენილი ჰქონდა ნ. დ-ესთან ქორწინების პერიოდში და წარმოადგენდა არა მხოლოდ ნ. დ-ის საკუთრებას, არამედ მეუღლეთა თანასაკუთრებას. მოსარჩელე ლ. დ-ე იყო შვილი გარდაცვლილი ნ. დ-ის მეორე ქორწინებიდან, როგორც მ. დ-ე - შვილი პირველი ქორწინებიდან. აღნიშნულ დავაზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის ბათილობასაც ითხოვს ნ. დ-ე, მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ არ ეხებოდა, ვინაიდან საქმეში წარდგენილია ს. ჩ-ისა და ნ. დ-ის ქორწინების მოწმობა (იხ. ტ. 1; ს.ფ. 12) და შესაბამისად, ს. ჩ-ი წარმოადგენდა იმ დავაში სათანადო მოსარჩელეს, როგორც გარდაცვლილი ნ. დ-ის მეუღლე და მათი ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრე, ხოლო ნ. დ-ე, როგორც პირველი ქორწინებიდან მეუღლე არ წარმოადგენდა იმ სამართალურთიერთობის მონაწილე მხარეს, რომლის ინტერესებს უშუალოდ შეეხებოდა მიღებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1148-ე მუხლის თანახმად, არავის შეუძლია მიუთითოს ქორწინების ბათილობაზე, თუ ქორწინება სასამართლოს მიერ ბათილად არ იქნა ცნობილი. შესაბამისად, 1987 წლიდან დღემდე ნ. დ-ისა და ს. ჩ-ის ქორწინების ნამდვილობა სასამართლო წესით ეჭვქვეშ არავის დაუყენებია და არც კერძო საჩივრის ავტორის მიერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია ... რაიონის 1982 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ქორწინება მოსარჩელე ნ. დ-ესა და ნ. დ-ეს შორის და ნ. დ-ეს დაევალა ალიმენტის გადახდა შვილის მ. დ-ის სასარგებლოდ (იხ. ტ. 2; ს.ფ. 63-69).
რაც დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დედა-შვილისთვის - ნ. და მ. დ-ეებისათვის ცნობილი იყო რა სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ ნ. დ-ესთან, შესაბამისად, ვალდებული იყვნენ მოეპოვებინათ ყველა მტკიცებულება, რაც მათ მოთხოვნებს დაადასტურებდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421.2 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოში შემოსულია განცხადებები როგორც ერთი და იმავე, ასევე ორივე მხარის მიერ ერთდროულად გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, სასამართლომ უნდა შეაჩეროს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების შესახებ განცხადების განხილვა, ვიდრე არ იქნება განხილული განცხადება გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ 2013 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით არასწორად იმსჯელა ერთდროულად როგორც ნ. დ-ის განცხადებაზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, ასევე მ. დ-ის განცხადებაზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, რითაც დაარღვია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მაგრამ კერძო საჩივარი ამ საპროცესო დარღვევაზე მოტივებს არ შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ, აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სამართლებრივი შეფასების მიღმა ტოვებს აღნიშნულ პროცესუალურ საკითხს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, სახეზე არ არის სსსკ-ის 423.3 და 422.1 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადების საფუძვლიანად მიჩნევის წინაპირობა, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ოქტომბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. და ნ. დ-ეების წარმომადგენლის ა. ც-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე /ნათია წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მაია ვაჩაძე/
/პაატა სილაგაძე/