Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე № ბს-109-107(2კ-14) 4 აპრილი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს ,,...“ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე შპს ,,...“ სარჩელისა გამო მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირების - სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროსა და ნ. ა-ას მონაწილეობით).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2014 წლის 16 იანვარს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ბს-109-107(2კ-14) შპს ,,...“ საკასაციო საჩივრით განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 28 თებერვლის განჩინებით შპს ,,...“ საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397.1, 396.1 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტისა და 396.2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ: საკასაციო საჩივარი წარდგენილი იქნა 21-დღიანი ვადის დარღვევით, საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების საკასაციო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი) და არ შეიცავდა დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა და საკასაციო საჩივარს ხელს აწერდა კასატორის წარმომადგენელი ა. ლ-ა, მაგრამ საქმეში არსებული მინდობილობა არ შეიცავდა მითითებას ა. ლ-ასათვის სსსკ-ის 98-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიეცა 10-დღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რათა ცდომილების თავიდან აცილების მიზნით წარმოედგინა წერილობითი დადასტურება (მტკიცებულება) საკასაციო საჩივრის მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარდგენის თაობაზე, დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი ან ა. ლ-ასათვის სსსკ-ის 98-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. ტ. 2; ს.ფ. 159-160).

2014 წლის 19 მარტს შპს ,,...“ ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით მომართა საკასაციო სასამართლოს და წარმოადგინა საფოსტო გზავნილი საკასაციო საჩივრის 21-დღიან ვადაში წარდგენის თაობაზე, დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და საკaსაციო საჩივარზე ხელისმომწერი პირის - რ. ლ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა (იხ. ტ. 2; ს.ფ. 174-192).

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის განჩინებით შპს ,,...“ ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 5 დღით, რათა წარმოედგინა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი ან დაზუსტებულ საკასაციო საჩივარზე ხელისმომწერი პირის - რ. ლ-ის სახელზე გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება სსსკ-ის 98-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების აღჭურვის თაობაზე (იხ. ტ. 2; ს.ფ. 193-194).

2014 წლის 31 მარტს შპს ,,...“ მომართა საკასაციო სასამართლოს და წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი ა. ლ-ას მიერ ხელმოწერილი და მის სახელზე გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება (იხ. ტ. 2; ს.ფ. 199-211).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ შპს ,,...“ საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორს საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 28 თებერვლის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა დამატებით 5 დღით, რათა წარმოედგინა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი ან საკასაციო საჩივარზე ხელისმომწერი პირის სახელზე გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალური უფლების აღჭურვის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98.1 მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. მართალია, საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთხელ იქნა კასატორისათვის მიცემული ვადა ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნის შესაბამისად შედგენილი მინდობილობის წარმოსადგენად, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კასატორს კვლავ არ წარმოუდგენია მინდობილობა, რომლითაც წარმომადგენელს ანიჭებს კონკრეტული საპროცესო მოქმედების - საკასაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,...“ საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396, 401-ე, 447-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს ,,...“ საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად; შპს ,,...“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი ანგარიშიდან: გადახდის დანიშნულება - საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, ერთიანი ანგარიშის №200122900; სახაზინო კოდი - 300773150, ბანკის კოდი - TRESGE22; წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე /ნათია წკეპლაძე/