საქმე №ბს-264-256(კ-13) 16 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორები (მოსარჩელე) – დ. ო-ე; ჰ. ჯ-ა
წარმომადგენელი _ ი. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე: (მოსარჩელე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - ზ. კ-ე
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელება
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მოსარჩელეები: დ. ო-ე; ჰ. ჯ-ა
წარმომადგენელი _ ი. ბ-ე
მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელება.
სარჩელის საგანი:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 5 ივლისის №104265 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს დ. ო-ისა და ჰ. ჯ-ას საკუთრებაში დაარეგისტრიროს 614,2 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო ზ. კ-ის საკუთრებაში - 518,6 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ქუთაისში, ... ქ. №58 და №60 საცხოვრებელ სახლებს შორის არსებული სასაზღვრო მიჯნა.
სარჩელის საფუძველი:
ფაქტობრივი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ფაქტობრივი მდგომარეობით განისაზღვრა სასაზღვრო მიჯნა, ქუთაისში, ... ქ. №58 და №60 საცხოვრებელ სახლებს შორის. სასაზღვრო მიჯნა განისაზღვრა №526/15-2011 ექსპერტიზის დასკვნისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად.
დ. ო-ემ 2012 წლის 2 თებერვალს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება - სასაზღვრო მიჯნის რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 10 თებერვლის №882012048289-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო 2012 წლის 12 მარტის №882012048289-03 გადაწყვეტილებით შეწყდა.
მოსარჩელეთა განმარტებით, მითითებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრთ გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლითაც მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 10 თებერვლისა და 12 მარტის №882012048289-03 გადაწყვეტილებების გაუქმება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, სასაზღვრო მიჯნის დარეგისტრირება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 11 აპრილის №56074 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ამავე სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 10 თებერვლისა და 12 მარტის (შეჩერებისა და შეწყვეტის) გადაწყვეტილებები და ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ახალი გადაწყვეტილების მიღება.
2012 წლის 17 აპრილს სარეგისტრაციო სამსახურმა კვლავ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო 2012 წლის 4 ივნისის №88201204828907 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
აღნიშნული გადაწყვეტილება კვლავ გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა ადმინისტრაციული საჩივრით, რომლის 2012 წლის 5 ივლისის №104265 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სამართლებრივი: მოსარჩელეთა მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას არასწორად გამოიყენა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 ივნისის ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 14.4. მუხლი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.1 ,,დ“ ქვეპუნქტი და მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 32-ე მუხლები მიუთითა (იხ. ს.ფ. 1-11).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ზ. კ-ე (იხ. ს.ფ. 81-82).
მოპასუხეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილობითი შესაგებელი არ წარუდგენია, წერილობითი შესაგებელი არ წარუდგენია არც მესამე პირს ზ. კ-ეს, თუმცა, სასამართლო სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებებით არ დაეთანხმნენ სარჩელს.
საქმის გარემოებები:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. კ-ის სარჩელი სასაზღვრე მიჯნის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა; ჰ. ჯ-ასა და დ. ო-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგენილად ჩაითვალა ქ. ქუთაისში, ... ქ. №58 და №60 საცხოვრებელ სახლებს შორის მხარეთა ურთიერთშეთანხმებით აგებული სასაზღვრე მიჯნა და დადგინდა, რომ მოხდეს მისი დარეგისტრირება საჯარო რეესტრში არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით.
2012 წლის 6 თებერვალს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა დ. ო-ემ და მოითხოვა სასამართლო აქტის საფუძველზე უფლების რეგისტრაცია, მდებარე ქუთაისში, ... ქ. №58-ში.
2012 წლის 10 თებერვლის №882012048289-03 გადაწყვეტილებით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით ვერ დგინდებოდა, შეესაბამებოდა თუ არა ის სასამართლო გადაწყვეტილებით აღიარებულ სასაზღვრე მიჯნის არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას, განმცხადებელს დაევალა კანონმდებლობით დადგენილი ფორმით მისი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 12 მარტის №882012048289-04 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
დ. ო-ემ და ჰ. ჯ-ამ მითითებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 11 აპრილის №56074 გადაწყვეტილებით დ. ო-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 10 თებერვლის №882012048289-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და 2012 წლის 12 მარტის №882012048289-04 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმის გარემოებების ხელახლა გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მოთხოვნების უგულებელყოფით.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 17 აპრილის №882012048289-06 გადაწყვეტილებით კვლავ შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დ. ო-ეს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარმოდგენა.
ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 4 ივნისის №882012048289-07 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრით კვლავ გაასაჩივრეს დ. ო-ემ და ჰ. ჯ-ამ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 5 ივლისის №104265 გადაწყვეტილებით დ. ო-ისა და ჰ. ჯ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია, რომ განმცხადებლებს დადგენილ ვადაში არ წარუდგენიათ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოსარჩელეებმა სარჩელით მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 5 ივლისის №104265 გადაწყვეტილების გაუქმება, უკანონობისა და დაუსაბუთებლობის, მოტივით, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება იერარქიულად მაღლა მდგომია, ვიდრე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და იგი უპირობოდ შესასრულებელია, რაც არ განახორციელა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად დაედო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 14.4 მუხლი, რომლის შესაბამისად, რეგისტრაცია უნდა მომხდარიყო ბოლო საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი ფართობის შესაბამისად. კონკრეტულ შემთხვევაში, ბოლო საკადასტრო აზომვა განხორციელდა სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის მიერ, რომელმაც განსაზღვრა, თუ რა მიწის ფართობებს ფლობდნენ მოდავე მხარეები, რაც გახდა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. გადაწყვეტილების აღსრულებისთვის შესრულებულ იქნა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ელექტრონული ვერსია, რომელიც იდენტურია სასამართლო ექსპერტიზისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის განმარტებით, სწორედ ეს უკანასკნელი უნდა ჩაითვალოს ბოლო საკადასტრო აზომვად და მოხდეს მისი რეგისტრაცია, მოსარჩელეთა განმარტებით, ზემოაღნიშნული მუხლი არ შეიძლება გავრცელდეს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე.
მოსარჩელეების მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე ასევე არ შეიძლება გავრცელდეს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი, რომელიც რეგისტრაციის შეჩერების საფუძვლად განსაზღვრავს საკადასტრო მონაცემებს შორის არსებულ ზედდებას. ორივე მხარის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ იქნა საკადასტრო აზომვითი ნახაზები, რომლებიც სადავო სასაზღრო მიჯნის ნაწილში იძლეოდა გადაფარვას, რაც გახდა ზ. კ-ის სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველი და სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სასაზღვრო მიჯნა უნდა დარეგისტრირებულიყო ფაქტობრივად არსებული მდებარეობის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეების მტკიცებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავისი №104265 გადაწყვეტილებით კანონის უხეში დარღვევით მიუთითებს ე.წ. გადაფარვის შესახებ, რადგან სწორედ აღნიშნული გადაფარვა იქნა სასამართლოს მიერ 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გასწორებული და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა მისი რეგისტრაცია.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ო-ისა და ჰ. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 151-161).
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. კ-ის სარჩელი სასაზღვრე მიჯნის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჰ. ჯ-ასა და დ. ო-ის შეგებებული სარჩელი. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული რომ ქ. ქუთაისში, ... ქ. №58-ში და №60-ში საცხოვრებელ სახლებს შორის მხარეთა ურთიერთშეთანხმებით აგებული სასაზღვრე მიჯნა და დადგინდა, რომ მოხდეს მისი დარეგისტრირება საჯარო რეესტრში არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 14 თებერვლის №882012055288-03 გადაწყვეტილებით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება ზ. კ-ის განცხადებაზე, იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციით, კერძოდ, საკადასტრო აზომვითი ნახაზით ვერ დგინდებოდა შეესაბამებოდა თუ არა ის სასამართლო გადაწყვეტილებით აღიარებული სასაზღვრო მიჯნის ფაქტობრივ მდგომარეობას. ამასთან, განემარტა, რომ იდენტიფიკაცია უნდა მომხდარიყო კანონმდებლობით დადგენილი ფორმით.
2012 წლის 17 თებერვალს ზ. კ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს, წარადგინა საკადასტრო ნახაზი, ელექტრონული ვერსია და მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად რეგისტრაციის განხორციელება.
უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისში, ... ქ. №60-ში (ყოფილი ... ქ. №64) დაზუსტებული ფართით - 435,00 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღირიცხა ზ. კ-ის სახელზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 10 თებერვლის №882012048289-03 გადაწყვეტილებით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება დ. ო-ის განცხადებაზე უფლების რეგისტრაციის შესახებ. ამავე სააგენტოს 2012 წლის 12 მარტის №882012048289-04 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება დ. ო-ის განცხადებაზე.
დ. ო-ემ და ჰ. ჯ-ამ 2012 წლის 12 მარტს და 2 აპრილს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს ამავე სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის №88201248289-03 და №882012048289-04 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე სასაზღვრო მიჯნის რეგისტრაცია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე 2012 წლის 6 თებერვალს შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით №56074 ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 10 თებერვლის №882012048289-03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და 2012 წლის 12 მარტის №882012048289-04 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები და დაევალა ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი გადაწყვეტილებების მიღება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით №882012048289-06 შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება დ. ო-ის განცხადებაზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო ქ. ქუთაისში, ... ქ. №58-ში მდებარე უძრავი ნივთის რეგისტრაცია. შეჩერების საფუძველი იყო ის გარემოება, რომ წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად 1% მეტად მოიმატა უძრავი ნივთის ფართობმა. 2012 წლის 4 ივნისის №882012048289-07 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დ. ო-ისა და ჰ. ჯ-ას ადმინისტრაციული საჩივარი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე.
სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:
მოსარჩელეთა განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არ მოხდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულება.
მხარეთა მიერ სადავოდ გახდილი ფაქტების შეფასება:
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა არგუმენტი, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არ შესრულდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ვინაიდან საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ მოსარჩელეების მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ელქტრონული ვერსიის შესაბამისად, ფიქსირდება ზედდება აღმოსავლეთის მხრიდან მდებარე გზასთან და დასავლეთის მხრიდან განთავსებულ მიწის ნაკვეთის საარქივო მონაცემებთან, რომელიც ელექტრონულად რეგისტრირებული არ არის. სასამართლოს მითითებით, უდავოა ის ფაქტი, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება შეეხებოდა ზ. კ-ისა და მოსარჩელეთა შორის არსებულ სასაზღვრო მიჯნას და მიჯნის რეგისტრაცია განხორციელდა არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით. ზ. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს მარეგისტრირებელმა ორგანომ იხელმძღვანელა ი/მ ,,მ-ი გ.“ მიერ შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზით, რომლის შესაბამისად სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ფართობი იყო - 534 კვ.მ. ამავე დროს საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა გ მ-მა განმარტა, რომ დ. ო-ისა და ჰ. ჯ-ას საზღვრის მხარეს ზ. კ-ის მიწის ნაკვეთი შეესაბამება იქ არსებულ ფაქტობრივ სასაზღვრო მიჯნას, ხოლო მიწის ნაკვეთის ფართობის მატება, რაც ფიქსირდება ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართულ ნახაზსა და მის მიერ მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს შორის, გამოწვეულია ზ. კ-ის მიწის ნაკვეთის განსხვავებული მონაცემებით სხვა დანარჩენ სამ მოსაზღვრე მხარეს შორის. აღნიშნულთან მიმართებაში საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეების არგუმენტები, რომ მართალია, გ. მ-ს მომზადებულ ნახაზზე საზღვარი სწორად არის აღნიშნული, მაგრამ ეს გამოწვეულია თავად ზ. კ-ის უკანონო მოქმედებით, რომელმაც სასამართლოში საქმის განხილვის შემდეგ თვითნებურად შეცვალა სასაზღვრო მიჯნა. ვინაიდან, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩეელების მიერ წარმოდგენილი არ არის. ამასთან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებითაც დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ... ქ. №58-ში და №60-ში მდებარე მიწის ნაკვეთებს შორის არსებული სასაზღვრო მიჯნა 1989 წელშიც იმ მდგომარეობით არსებობდა, როგორც საქმის განხილვის დროს.
სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელეებიც არ უარყოფენ იმ გარემოებას, რომ მათ მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი ზედდებაში მოვიდა აღმოსავლეთის მხრიდან მდებარე გზასთან და დასავლეთის მხრიდან განთავსებულ მიწის ნაკვეთთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების მიზნით შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ საკადასტრო აზომვითი ნახაზი დასავლეთისა და აღმოსავლეთის მხარეს არსებული ნაკვეთების საზღვრებთან, ზ. კ-ის ნაკვეთის მხარეს საზღვარი, ბუნებრივია, გაივლის სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ სასაზღვრო მიჯნასთან და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი მათი კუთვნილი მიწის დარეგისტრირება.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ მოსარჩელეებს უარი უთხრა არა სასაზღვრო მიჯნის დარეგისტრირებაზე, არამედ მითითება მისცა, რომ ნაკვეთის ფართობმა მოიმატა დასავლეთისა და აღმოსავლეთის მხარეს არსებული მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო. აღნიშნულ ფაქტზე მიუთითა ასევე საჯარო რეესტრმაც სხდომის ოქმში.
სასამართლოს დასკვნები _ საქმის მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. ო-ისა და ჰ. ჯ-ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/ :
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანების ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ საკადასტრო აღწერის შედეგებით მიწის ნაკვეთის ფართობი, კონფიგურაციის მიუხედავად, სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ ფართობზე, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტია (5-მდე ან 50000 კვმ-მდე არა უმეტეს 1 პროცენტისა, ხოლო 5 ჰა-ზე ან 50000 კვ.მ.-ზე ქვევით - არა უმეტეს 0,5 პროცენტისა) ან ნაკლებია, რეგისტრაცია წარმოებს ბოლო საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი ფართობის შესაბამისად.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული უძრავი ნივთის ფართობს. ამავე კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ უძრავი ნივთი, მდებარე ქუთაისში, ... ქ. №58-ში, საკუთრების უფლებით აღრიცხულია დ. ო-ის, ქ. ო-ისა და ჰ. ჯ-ას სახელზე. დაზუსტებული ფართობია 585,64 კვ.მ. ასევე დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრში წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით მოსარჩელეთა საკუთრება განისაზღვრა 4,20 კვ.მ. ანუ მიწის ფართობმა მოიმატა 1 პროცენტზე მეტად და ზედდებაში მოვიდა დასავლეთისა და აღმოსავლეთით არსებულ მიწის ნაკვეთებთან. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 17 აპრილის №882012048289-06 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და ამავე სააგენტოს 2012 წლის 4 ივნისის №882012048289-07 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შესახებ მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით.
კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დ. ო-ისა და ჰ. ჯ-ას ადმინისტრაციული საჩივარი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №104265 გადაწყვეტილებით სწორად ეთქვა უარი მოსარჩელეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
რაც შეეხება მოსარჩელეების მოთხოვნას საჯარო რეესტრისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე, საქალაქო სასამართლომ აღნიშნულზე განმარტა, რომ კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის (რომლითაც ზედდებაში არ იქნება მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთი დასავლეთისა და აღმოსავლეთის საზღვრებთან არსებულ მიწის ნაკვეთებთან) წარდგენის გარეშე მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს რეგისტრაცია. ამასთან, სასამართლოს დასკვნით, თუ მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ ზ. კ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა სასაზღვრო მიჯნის გარეთ არსებულ ტერიტორიაზე, მაშინ მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია შეუძლებელი იქნება მარეგისტრირებელი ორგანოს იმ გადაწყვეტილების გაუქმების (ბათილად ცნობის) გარეშე, რომლითაც მათი უფლება დაირღვა, კონკრეტულ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ არის (იხ. ს.ფ. 151-161).
აპელანტები: დ. ო-ე; ჰ. ჯ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
მესამე პირი: ზ. კ-ე
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელაციის მოტივები:
ფაქტობრივი: აპელანტების მოსაზრებით, ზ. კ-ეს 2012 წლის 14 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის სასამართლო გადაწყვეტილება არ წარუდგენია, აპელანტის განმარტებით, მან დაუმალა სარეგისტრაციო სამსახურს სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის თაობაზე სასამართლოს მიერ ჩატარებული ექპერტიზის დასკვნის შესახებ, ზ. კ-ემ შეგნებულად მოახდინა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ფაქტობრივი გარემოებების უგულებელყოფა, რადგან საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ 2011 წლის 20 მაისისათვის ზ. კ-ე ქ. ქუთაისში, ... ქ. №60-ში ფაქტობრივად ფლობდა მიწის ნაკვეთს ფართით - 614,2 კვ.მ. ზ. კ-ემ კი 2012 წლის 14 თებერვლის რეგისტრაციაში გაატარა 24 კვ.მ. მეტი მიწის ნაკვეთი, ვიდრე რეალურად ფლობდა, რითაც მან დაირეგისტრირა მათ რეალურ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი.
აპელანტების მტკიცებით, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად დაადგინა სადავო ფაქტობრივი გარემოება და იგი დაეყრდნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 11 სექტემბრის მიმართვას, რომელშიც მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და სწორედ მასზე დაყრდნობით მიიღო სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება.
სასამართლომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ის რომ ზ. კ-ეს სარეგისტრაციო სამსახურისათვის არ წარუდგენია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ 2011 წლის 20 მაისისათვის ზ. კ-ე ქ. ქუთაისში, ... ქ. №60-ში ფაქტობრივად ფლობდა 518,6 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, ხოლო მოსარჩელეები ფაქტობრივად ფლობდნენ ქ. ქუთაისში, ... ქ. №58-ში მდებარე 614, 2 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. ზ. კ-ემ კი 2012 წლის 14 თებერვალს რეგისტრაციაში გაიტარა 24 კვ.მ-ით მეტი მიწის ნაკვეთი, ვიდრე რეალურად ფლობდა.
სამართლებრივი: აპელანტებს სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებული არ აქვს (იხ. ს.ფ. 169-178).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დ. ო-ისა და ჰ. ჯ-ას წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგეენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 17 აპრილის №882012048289-06 გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურის 2012 წლის 4 ივნისის №882012048289-07 გადაწყვეტილების სარეეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 5 ივლისის №104265 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად სასაზღვრო მიჯნის დარეგისტრირება, კერძოდ, დ. ო-ისა და ჰ. ჯ-ას საკუთრებაში 614,2 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აღრიცხვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება/სარეზოლუციო/:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით დ. ო-ისა და ჰ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 220-236).
აპელაციის მოტივების არ გაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელაციის მოტივები, სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითა, რომ აპელანტები სადავოდ ხდიან საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 17 აპრილის №882012048289–06 გადაწყვეტილებას, რომლითაც დ. ო-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის ფართობი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმაზე, კერძოდ, 1%-ზე მეტად აღემატებოდა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ მიწის ნაკვეთის ფართობს. ამავე სამსახურის გადაწყვეტილებას, რომლითაც დ. ო-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 5 ივლისის №104265 გადაწყვეტილებას, რომლითაც ქუთაისის სარეგისტრაცო სამსახურის 2012 წლის 17 აპრილის №882012048289-06 და 2012 წლის 4 ივნისის №882012048289-07 გადაწყვეტილებები კანონიერად იქნა მიჩნეული და დ. ო-ისა და ჰ. ჯ-ას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილად ჩაითვალა ქ. ქუთაისში, ... ქ. №58-სა და №60-ს საცხოვრებელ სახლებს შორის მხარეთა ურთიერთშეთანხმებით აგებული სასაზღვრო მიჯნა და განისაზღვრა, რომ მომხდარიყო მისი დარეგისტრირება საჯარო რეესტრში არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით, თუმცა ამ გადაწყვეტილებით არ დადგენილა დ. ო-ისა და ჰ. ჯ-ას კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფართობი, სასამართლოს არც იმის თაობაზე უმსჯელია, რომ სასაზღვრო მიჯნის რეგისტრაციის შედეგად მოიმატებდა რეგისტრირებული უძრავი ნივთის ფართობი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების შესაბამისად, დ. ო-ეს, ჰ. ჯ-ასა და ქ. ო-ეს თანასაკუთრებაში რეგისტრირებული აქვთ ქ. ქუთაისში, ... ქ. №58-ში მდებარე 585,64 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით, ხოლო, დ. ო-ის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში 2012 წლის 6 თებერვალს წარდგენილ განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 614,20 კვ.მ-ს, რაც 1%-ზე მეტად აღემატებოდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაჯვეთის ფართობს.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო რეესტრის ინსტრუქციაზე“ და აღნიშნავს, რომ მითითებული ინსტრუქციის 14.4 მუხლის შესაბამისად, თუ საკადასტრო აღწერის შედეგებით მიწის ნაკვეთის ფართობი, კონფიგურაციის მიუხედავად, სარეგისტრაციო დოკუმენტებში მითითებულ ფართობზე, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში დაფიქსირებულ დაუზუსტებელ ფართობზე მეტია (5 ჰა-მდე ან 50000 კვ.მ-მდე არა უმეტეს 1 პროცენტისა, ხოლო 5ჰა-ზე ან 50000 კვ.მ. ზევით - არა უმეტეს 0,5 პროცებტისა) ან ნაკლებია, რეგისტრაცია წარმოებს ბოლო საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი ფართობის შესაბამისად. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ თუ არსებობს სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში არსებულ საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდება ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული უძრავი ნივთის ფართობს, ხოლო ამავე კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
საქმის მასალების შესაბამისად, ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2012 წლის 17 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, დ. ო-ეს დაევალა სარეგისტრაციო სამსახურისათვის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, რაც მან არ შეასრულა, შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ კანონიერია.
სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები კანონიერია. ამდენად, მოსარჩელეების მიერ კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენამდე მარეგისტრირებელი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს რეგისტრაცია, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოთხოვნა მოპასუხისთვის სასაზღვრო მიჯნის დარეგისტრირებისა და დ. ო-ისა და ჰ. ჯ-ას საკუთრებაში 614.2 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აღრიცხვის დავალდებულების ნაწილშიც (იხ.ს.ფ. 220-236).
კასატორები: დ. ო-ე, ჰ. ჯ-ა
წარმომადგენელი: ი. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარეე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - შ. ბ-ი
მესამე პირი: ზ. კ-ე
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება.
კასაციის მოტივები:
პროცესუალური: გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
მატერიალური: კასატორთა მტკიცებით, სასამართლომ არ გაიზიარა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და ამ საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ კანონიერ მესაკუთრეებს ქ. ქუთაისში, ... ქ.№58-ში არსებული 614 კვ.მ. მიწის ნაკვეთის. მითითებული გადაწყეტილებით დადგენილია, რომ კანონიერად სარგებლობდნენ იმ მიწის ნაკვეთით, რომელიც შემოფარგლულია სადავო მიჯნით. კასატორის განმარტებით, სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს მათი უფლების დამდგენ დოკუმენტს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფლება არ აქვს მიუთითოს 1% გადაფარვაზე, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა სწორედ ამ ზედდების კანონიერება და ეს ზედდება უნდა გასწორებულიყო სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად.
სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სრულად დაურეგისტრირა ზ. კ-ეს მიწის ნაკვეთი, მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ზ. კ-ემ უკანონოდ შეიმცირა მიწის ნაკვეთის ოდენობა და ფაქტობრივად კანონიერი საფუძვლის გარეშე დაირეგისტრირა ქონება საკუთრებად.
სააპელაციო სასამართლომ იგნორირება გაუკეთა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რითიც ხელი შეუწყო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უხეში პრაქტიკის დადგენაში, რომ არანაირი მნიშვნელობა და შედეგები არ შეიძლება მოჰყვეს სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და იგი არ წარმოადგენს საჯარო რეესტრისათვის რაიმე უფლებების წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტის საფუძვლებს.
სამართლებრივი: კასატორთა მტკიცებით, სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით დაირღვა მათი კონსტიტუციური უფლება საკუთრების ხელშეუხებლობის შესახებ. 1997 წლის სამოქალაქო კოდექსმა განსაზღვრა მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობის წესი და პირობები, კერძოდ, 1513-ე მუხლის შესაბამისად, საკუთრებად უნდა ჩაითვალოს ის მიწის ნაკვეთები, რომლებსაც გამოცალკევებულად ფლობენ აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე. კასატორის განმარტებით, დადასტურებულია, რომ 1989 წლიდან მოსაზღვრე მეზობლებთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კანონიერად ფლობდა და სარგებლობდა 614 კვ.მ. მიწის ნაკვეთით, რაც სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების შემდეგ წარმოადგენს მათ საკუთრებას და უნდა მოხდეს რეგისტრაცია, სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრის დანიშნულება მხოლოდ ნივთებზე, არამატერიალურ ქონებრივ სიკეთებზე და უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობის, შეცვლისა და მიტოვების შესახებ მონაცემთა რეგისტრაციაა და მის კომპეტენციაში არ შედის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების გადახედვა-რევიზია, რასაც ადგილი აქვს კონკრეტულ შემთხვევაში.
სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა არა მარტო გასაჩივრებული საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების ფარგლებში არამედ ერთიანობაში შეეფასებინა საკითხი და სავალდებულოდ მიეღო მხედველობაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს განჩინება სამოქალაქო საქმეზე. სააპელაციო სასამართლომ კი უსაფუძვლოდ მოითხოვა სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა საკუთრების უფლებას მიწაზე (იხ. ს.ფ. 243-254).
წერილობითი მოსაზრებები მხარეებს საკასაციო სასამართლოში არ წარმოუდგენიათ.
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები:
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე დასაშვებია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე (იხ. ს.ფ. 290-291)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. ო-ისა და ჰ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ო-ისა და ჰ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 5 ივლისის №104265 გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, დ. ო-ისა და ჰ. ჯ-ას საჩივართან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადაში, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სასამართლო აქტი საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას სააპელაციო საჩივრის მოტივებზე, არ არის გაქარწყლებული აპელანტის მოსაზრებები, ისე არის მიჩნეული დაუსაბუთებლად და კანონშეუსაბამოდ.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს განჩინების კრიტიკასას ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეზე #ბს-52-52(კ-08) მ. ხ-ის სარჩელისა გამო მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ, 2008 წლის 25 მარტის განჩინებით ჩამოყალიბებულ სასამართლო პრაქტიკას, რომლის მიხედვით საკასაციო სასამართლომ იმსჯელა სააპელაციო სასამართლოს მიერ სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ) ქვეპუნქტით მინიჭებული კომპეტენციის კვალიფიციური გამოყენების შესახებ, კერძოდ:
,,სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ) ქვეპუნქტის მიხედვით: სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უცვლელად რჩება გასაჩივრებული გადაწყვეტილება და თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მასზე მითითებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება განჩინებაში გადმოსცეს მოკლე დასაბუთება, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით ახორციელებს მართლმსაჯულებას. მითითებული ნორმით დადგენილი პროცესუალური უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოვიდეს წინააღმდეგობაში ამავე კოდექსის 377.1 მუხლით განსაზღვრულ სააპელაციო სასამართლოს იურისდიქციასა და კომპეტენციასთან, ვინაიდან სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულების განხორციელების არსი მდგომარეობს სწორედ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების ვალდებულების დადგენით. გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების და დასაბუთებულობის შემოწმების ვალდებულება პროცესუალურ-სამართლებრივი დოქტრინის მიხედვით უცილობლად გულისხმობს და მოიაზრებს სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შეფასებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება, რომელიც აგებულია მხარეთა დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივარს აკუთვნებს მხარის უფლების დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, ამასთან, სწორედ მხარის ამ საპროცესო უფლების რეალიზაცია თანაზომიერია მხარისავე საპროცესო ვალდებულებასთან _ დაასაბუთოს საჩივარი, კერძოდ, სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის ე) და ვ) ქვეპუნქტებში მითითებულია თუ რა უნდა იყოს ასახული სააპელაციო საჩივრის შინაარსში. მხარის ამგვარი პროცესუალური ვალდებულება შეიცავს მხარის საპროცესო უფლებრივ გარანტიას, ზემდგომმა სასამართლომ შეაფასოს მისი საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაიზიაროს ან უარყოს, გააქარწყლოს ისინი იურიდიულად არგუმენტირებული სახით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების გამოყენება ზემომითითებული საპროცესო ნორმების ობიექტური შინაარსის კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, სააპელაციო სამართალწარმოების გახდის ზედაპირულს და განაპირობებს მის უკიდურესად ფორმალისტურ ხასიათს, რაც წინააღმდეგობაში მოდის სააპელაციო სამართალწარმოების არსსა და მართლმსაჯულების პრინციპებთან.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცესო ნორმა შეუძლებელია გამოყენებულ იქნეს მხარის პროცესუალური უფლების შეზღუდვის თვალსაზრისით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება უნდა შეიზღუდოს, რათა არ მოხდეს მხარის საპროცესო უფლების იგნორირება, უკიდურეს შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონით გათვალისწინებული საპროცესო ზედამხედველობა განუხორციელებელი დარჩება.“
სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უკრიტიკოდ გაიზიარა და არც დაასაბუთა მათი უტყუარობა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საქმე არ არის სრულყოფილად შესწავლილი და გამოკვლეული, რაც არ იძლევა სამართლებრივი შეფასებების გაკეთებისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, იზიარებს საკასაციო პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მოთხოვნის იმ ძირითად სამართლებრივ საფუძველზე, რომელზედაც უთითებდა აპელანტი. სააპელაციო სასამართლომ მართალია, დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადასტურებულად ჩაითვალა, ქ. ქუთაისში, ... ქ. №58 და №60 საცხოვრებელ სახლებს შორის მხარეთა ურთიერთშეთანხმებით აგებული სასაზღვრე მიჯნა და განისაზღვრა, რომ მომხდარიყო მისი დარეგისტრირება საჯარო რეესტრში არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით, მაგრამ მიიჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით არ უმსჯელია დ. ო-ისა და ჰ. ჯ-ას კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფართობზე, და იმაზე, რომ სასაზღვრო მიჯნის რეგისტრაციის შედეგად მოიმატებდა რეგისტრირებული უძრავი ნივთის ფართობი, აღნიშნულიდან გამომდინარე მართებულად მიიჩნია, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.
კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 17 აპრილის №882012048289-06 გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურის 2012 წლის 4 ივნისის №882012048289-07 გადაწყვეტილების სარეეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 5 ივლისის №104265 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება განახორციელოს რეგისტრაცია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილებების გაუქმებას, მოსარჩელეები ითხოვენ იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა მათ საკუთრებაში არ დაარეგისტრირა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, დადგენილი სასაზღვრო მიჯნა ანუ არ აღასრულა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების დ. ო-ისა და ჰ. ჯ-ას კასაციის მოტივს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება, კერძოდ, ის გარემოება, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა შესასრულებლად ყველა ადმინისტრაციული ორგანოსათვის.
საკასაციო სასამართლო იზიარებს, ქვემდგომი სასამართლოების განმარტებებს, უძრავ ნივთებზე უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაციის წესსა და პირობებზე სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობებზე, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
ზემოაღნიშნული კანონის 9.1 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ასეთად შეიძლება მიჩნეულ იქნეს, მაგ: კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას, ან სხვა სახის რაიმე იურიდიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი.
როგორც ავღნიშნეთ, სარეგისტრაციო სამსახურში საკუთრების უფლების რეგისტრაციის დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, რომელსაც უნდა ერთვოდეს რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მეხუთე თავით რეგულირდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და მისი გასაჩივრების წესი და პირობები, მითითებული კანონის 21-ე მუხლში ჩამოთვლილია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლები, კერძოდ, ამავე მუხლის 1 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება, სარეგისტრაციო სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე და მისი აღმოფხვრის მიზნით უნიშნავს ვადას განმცხადებელს. ამავე კანონის 21.4 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ, ხოლო თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი მარეგისტრირებელი ორგანო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
საქმის მასალებიდან დადასტურებულია:
1. 2008 წლის 5 აგვისტოს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, დ. და ქ. ო-ეებსა და ჰ. ჯ-ას თანასაკუთრებაში რეგისტრირებული აქვთ ქ. ქუთაისში, ... ქ. №58-ში 585,64 კვ. დაზუსტებული მიწის ნაკვეთი (იხ. ს.ფ. 24).
2. 2008 წლის 3 აპრილს ზ. კ-ეს საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს ქ. ქუთაისში, ... ქ. №60-ში 538,48 კვ. დაზუსტებული მიწის ნაკვეთი (იხ. ს.ფ. 104).
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. კ-ის სარჩელი სასაზღვრე მიჯნის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჰ. ჯ-ას და დ. ო-ის შეგებებული სარჩელი. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული ქ. ქუთაისში, ... ქ. №58-სა და №60-ს საცხოვრებელ სახლებს შორის მხარეთა ურთიერთშეთანხმებით აგებული სასაზღვრე მიჯნა და დადგინდა, რომ მოხდეს მისი დარეგისტრირება საჯარო რეესტრში არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით (იხ. ს.ფ. 12-17). (გადაწყვეტილება შესული კანონიერ ძალაში).
4. 2012 წლის 6 თებერვალს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა დ. ო-ემ და მოითხოვა ქ. ქუთაისში, ... ქ. №58-ზე სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, უფლების რეგისტრაცია.
5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 10 თებერვლის №882012048289-03 გადაწყვეტილებით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება დ. ო-ის განცხადებაზე უფლების რეგისტრაციის შესახებ, იმ მოტივით, რომ მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით ვერ დგინდებოდა შეესაბამებოდა თუ არა ის სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებულ სასაზღვრე მიჯნის არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას, დაევალა წარმოედგინა მისი იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. (იხ.ს.ფ. 44).
6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 12 მარტის №882012048289-04 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება დ. ო-ის განცხადებაზე, შეჩერების საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო (იხ.ს. ფ. 45).
7. დ. ო-ემ და ჰ. ჯ-ამ 2012 წლის 12 მარტს და 2 აპრილს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს ამავე სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის №88201248289-03 და №882012048289-04 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა (იხ.ს.ფ. 29-30).
8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 11 აპრილის №56074 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 10 თებერვლის №882012048289-03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და 2012 წლის 12 მარტის №882012048289-04 სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები და ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ს.ფ. 27-28).
9. საჯარო რეესტროს ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით №882012048289-06 შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება დ. ო-ის განცხადებაზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო ქ. ქუთაისში, ... ქ. №58-ში მდებარე უძრავი ნივთის რეგისტრაცია. შეჩერების საფუძველი იყო ის გარემოება, რომ წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად 1% მეტად მოიმატა უძრავი ნივთის ფართობმა (იხ.სფ. 43).
10. საჯარო რეესტროს ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 4 ივნისის №882012048289-07 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა (იხ.ს.ფ. 44).
11. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დ. ო-ისა და ჰ. ჯ-ას ადმინისტრაციული საჩივარი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე (იხ.ს.ფ. 39-40).
12. 2012 წლის 10 თებერვალს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ზ. კ-ემ და მოითხოვა ქ. ქუთაისში, ... ქ. №60-ში რეგისტრირებულ უფლებებში ცვლილებების შეტანა (იხ. ს.ფ. 103).
13. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 14 თებერვლის №882012055288-03 გადაწყვეტილებით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება ზ. კ-ის განცხადებაზე, იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციით, კერძოდ, საკადასტრო აზომვითი ნახაზით ვერ დგინდებოდა შეესაბამებოდა თუ არა ის სასამართლო გადაწყვეტილებით აღიარებული სასაზღვრო მიჯნის ფაქტობრივ მდგომარეობას. ამასთან, განემარტა, რომ იდენტიფიკაცია უნდა მომხდარიყო კანონმდებლობით დადგენილი ფორმით (იხ.ს .ფ. 111).
14. 2012 წლის 17 თებერვალს ზ. კ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს, წარადგინა საკადასტრო ნახაზი, ელექტრონული ვერსია და მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად რეგისტრაციის განხორციელება.
15. უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისში, ... ქ. №60-ში (ყოფილი ... ქ. №64) დაზუსტებული ფართით - 435,00 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღირიცხა ზ. კ-ის სახელზე.
კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, დ. ო-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს, რომელსაც დაურთო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილად ჩაითვალა ქ. ქუთაისში, ... ქ. №58 და №60 საცხოვრებელ სახლებს შორის მხარეთა ურთიერთშეთანხმებით აგებული სასაზღვრე მიჯნა და განისაზღვრა, რომ მოხდეს მისი დარეგისტრირება საჯარო რეესტრში არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით, მითითებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც, რომელმაც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ერონული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტის №526/15-2001 დასკვნის თანახმად, მიიჩნია, რომ ზ. კ-ე ქ. ქუთაისში, ... ქ. №60-ში ფაქტობრივად ფლობდა 518, 6 კვ.მ.მიწის ნაკვეთს, დ. ო-ე, ქ. ო-ე და ჰ. ჯ-ა ქ. ქუთაისში, ... ქ. №58-ში ფაქტობრივად ფლობენ 614 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, ექსპერტიზის დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ მხარეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკეთებს შორის ფაქტობრივად არსებული სასაზღვრე მიჯნა ნაკვეთებს შორის ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით ო-ძის სახლის აღმოსავლეთ მხრიდან საშუალოდ დაშორებულია 3,5 მ-ით, ხოლო კ-ის სახლის დასავლეთ ფასადიდან საშუალოდ 1,1-2,5 მ-ით. დასკვნის შესაბამისად, მართალია, ნაკვეთებს შორის ფაქტობრივად არსებული საზღვარი არ შეესაბამება არსებულ ,,გენ-გეგმაში“ მითითებულ, წყვეტილი და უწყვეტი ხაზებით მონიშნულ საზღვრებს, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული დასკვნისა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული ექსპერტის განმარტების გათვალისწინებით დადგენილად მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთები უკვე 1989 წლიდან იყო გაყოფილი იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობითაც არის დღეს, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საზღვრები და საჯარო რეესტრს დაავალა მისი რეგისტრაცია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულება გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლისა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის დანაწესიდან. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების სავალდებულობა ეფუძნება კანონის აღსრულების სავალდებულობას, რომლის საფუძველზეც ეს გადაწყვეტილებაა (განჩინება) გამოტანილი, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი შეცვლა ან გაუქმება დაუშვებელია, რომელიმე სახელმწიფო ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან სხვა პირის მიერ, ასევე არც ერთ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება საქმეზე მიიღოს სასამართლო გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება.
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) შესრულების სავალდებულობა ასევე განსაზღვრულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსითაც, რომლის მე-10 მუხლის თანახმად: ,,კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს“, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დაინტერესებული პირი მიმართავს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებს, მაშინ ეს ორგანოები ვალდებული არიან შეასრულონ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (განჩინებით) განსაზღვრული უფლებები, მათ შორის მოახდინონ მათი რეგისტრაცია და ა.შ, ხელი შეუწყონ მის აღსრულებას.
საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო დ. ო-ის განცხადების წარდგენის შემდეგ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი აღსრულების მიზნით, ემსჯელა განაცხადის შესაბამისობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ქ. ქუთაისში, ... ქ. №58 და №60 საცხოვრებელ სახლებს შორის მხარეთა ურთიერთშეთანხმებით აგებულ სასაზღვრე მიჯნასთან.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, თუ საჯარო რეესტრი განხილვის სტადიაზე მივა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელეთა უფლებების დაცვა - რეალიზება შეუძლებელია ზ. კ-ის ფართის რეგისტრაციის კანონიერების გადამოწმების გარეშე, განუმარტოს მოსარჩელეებს პროცესუალური უფლების - ზ. კ-ის რეგისტრაციის გასაჩივრების შესაძლებლობის თაობაზე.
საკასაციო პალატის განმარტებით, საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი, უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების უზრუნველყოფის - დაცვას ემსახურება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით: ადმინისტრაციული საჩივრის ხელახლა განხილვისას საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თავისი გადაწყვეტილებაში უნდა გააქარწყლოს საჩივრის ყველა მოტივი/არგუმენტი დასაბუთებულად, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, გაიზიაროს მათი საფუძვლიანობა. აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავის ,,ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება“ მოთხოვნებიდან - მმართველობის ორგანოების უფლებამოსილება - განახორციელონ ქვემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებების კანონიერებაზე კონტროლი, გულისხმობს მათ მიუკერძოებლად, ობიექტურად და კანონიერებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით განხილვა-გადაწყვეტის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, როცა ქვემდგომ ორგანოს დამაჯერებლად არ გამოუკვლევია აქტის გამოცემისათვის საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოება, ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და მათი შეფასება-დადგენის საფუძველზე კანონიერად გადაწყვიტოს დავა.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეაფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დ. ო-ისა და ჰ. ჯ-ას საჩივრის განხილვისას სრულყოფილად და სარწმუნოდ არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, კერძოდ, არ გამოუკვლევია ის გარემოება, რომ კანონიერ ძალაში შესული 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით და ამ საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, დადგენილ იქნა სასაზღვრე მიჯნა და დადგენილ იქნა თუ რა ფართი ეკუთვნოდა საჩივრის ავტორს და რა ფართი ზ. კ-ეს, ასევე უგულებელყოფილ იქნა ის გარემოება, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სამსახურს დაევალა მისი დარეგისტრირება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელახლა უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება უნდა გამოიკვლიოს ზუსტად რომელ მხარეს არის ზედდება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწაყტვეტილების შესაბამისად უნდა მოახდინოს სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი _ მოცემულ შემთხვევაში სადავოა საკუთრების უფლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, სახეზეა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური წინაპირობები, რომლითაც დ. ო-ისა და ჰ. ჯ-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრიის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 5 ივლისის №104265 გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა საკითხის ხელახალი განხილვისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასამართლო ხარჯების სახით უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 32.4; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ. ო-ისა და ჰ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. დ. ო-ისა და ჰ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრიის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 5 ივლისის №104265 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმის გარემოებათა ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში;
5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/პ. სილაგაძე/