№ბს-276-268(კ-13) 19 ნოემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – მ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაცო სამსახური; ლ. ა-ე, პ. ც-ე
მესამე პირები - შპს ,,...“, სს ,,...“
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მოსარჩელე: მ. მ-ი
მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახური;
წარმომადგენელი _ თ. ყ-ა
მოპასუხეები: ლ. ა-ე, პ. ც-ე
წარმომადგენელი - ე. პ-ი
მესამე პირები - შპს ,,...“, წარმომადგენელი - ე. პ-ი; სს ,,...“; წარმომადგენელი - ნ. მ-ი
სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
სარჩელის საგანი:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის №882012281840 განცხადების საფუძველზე, ლ. ა-ის სახელზე № ...საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა.
სარჩელის საფუძველი:
ფაქტობრივი: მოსარჩელის განმარტებით, აუქციონის წესით შეიძინა კასპის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს ქონება, მდებარე კასპში, ... №2-ში.
2002 წლიდან კასპში, ... №2-ში მდებარე ქონება საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო მ. მ-ის სახელზე.
2007 წლის 7 ივნისს პ. ც-ემ ყალბი განცხადების საფუძველზე კასპში, ... №2-ში მდებარე ქონება დაარეგისტრირა შპს ,,...“ საკუთრებად.
მოსარჩელის მითითებით, მან 2011 წლის ოქტომბერში განცხადებით მიმართა შსს კასპის რაიონულ განყოფილებას დოკუმენტის გაყალბების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით. 2012 წლის 24 ივლისის გორის რაიონული სასამართლოს განაჩენის შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე დამნაშავედ ცნობილ იქნა პ. ც-ე.
მოსარჩელის მტკიცებით, პ. ც-ე მიხვდა რა იმას, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას დაკარგავდა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქონება მიყიდა მოსარჩელის დეიდაშვილს - ლ. ა-ეს.
სამართლებრივი: მოსარჩელემ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 და ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლზე (იხ.ს.ფ. 1-9).
მოპასუხეების - ლ. ა-ისა და პ. ც-ის შესაგებელი:
მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეისწავლოს სარჩელის დასაშვებობის საკითხი, მათი მოსაზრებით, სარჩელი დაუშვებელია, ვინაიდან მოსარჩელე მ. მ-ი არ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაინტერესებულ პირს, რადგან ლ. ა-ემ 2012 წლის 19 ივნისს სადავო ქონება იყიდა შპს ,,...“ (იხ. ს.ფ. 43-49; ტ.1).
გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 6 ნოემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოპასუხეებად მითითებული ლ. ა-ე და პ. ც-ე საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე ჩაებნენ მესამე პირებად, მესამე პირებად ჩაებნენ ასევე შპს ,,...“, და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე სს ,,...” (იხ. ს.ფ. 100-108; ტ.1).
საქმის გარემოებები:
მ. მ-მა 2000 წლის 26 დეკემბერს აუქციონზე შეიძინა კასპის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს ქონება, მდებარე ქ. კასპში, ... № 2-ში, რაც 2002 წლიდან აღრიცხული იყო მის სახელზე საჯარო რეესტრში; 2007 წლიდან მან დააფუძნა შპს ,,...”, სადაც ბუღალტრულ საქმიანობაში დახმარებას უწევდა ბიძა - პ. ც-ე, რომელმაც ბოროტად ისარგებლა ნდობით და 2007 წლის 7 ივნისს, ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე, აღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით დაარეგისტრირა შპს ,,...ს” სახელზე;
2012 წლის 19 ივნისს შპს ,,...ს“ დირექტორს - პ. ც-ესა და ლ. ა-ეს შორის, რომელიც არის მოსარჩელის დეიდაშვილი, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება.
გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 ივლისის განაჩენით პ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ დოკუმენტის გაყალბებისათვის.
2012 წლის 6 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც დააზუსტა სარჩელი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის №882012281840 განცხადების საფუძველზე, ლ. ა-ის სახელზე № ...საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობასთან ერთად მოითხოვა 2007 წლის 7 ივნისს, მ. მ-ის სახელით შესრულებული განცხადების საფუძველზე, კასპში, ... №2-ში მდებარე ქონებიდან მ. მ-ის სახელზე რიცხული ქონების - პირველ სართულზე - 206,56 მ2, მეორე სართულზე - 167,22 მ2, მესამე სართულზე - 274,87 მ2 ფართის შპს ,,...“ საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 118; ტ.1).
გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 ნოემბრის საოქმო განჩინებით მ. მ-ის შუამდგომლობა სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 166-170; ტ.1).
გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 ნოემბრის საოქმო განჩინებით ასევე არ დაკმაყოფილდა მესამე პირების შუამდგომლობა სარჩელის დაუშვებლად ცნობის თაობაზე (იხ. ს.ფ. 172; ტ.1).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:
გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები:
მ. მ-მა 2000 წლის 26 დეკემბერს აუქციონზე შეიძინა კასპის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს ქონება (სამსართულიანი შენობა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 700 მ2 მიწის ნაკვეთი), მდებარე კასპში, ... № 2-ში, რაც საჯარო რეესტრში აღირიცხა მის სახელზე შემდეგი მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა - კასპი (კოდი - ...), სექტორი - კასპი (კოდი - ...), კვარტალი № 01.
მ. მ-მა ამ ქონებიდან შენობის პირველ სართულზე მდებარე 52,64 მ2 და 15 მ2 დამხმარე ფართი, ხოლო მეორე სართულზე 114 მ2 ფართი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა ფონდ ,,კ...”, რომლის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენს სს ,,...”.
2007 წლის 7 ივნისს მ. მ-ის სახელით შესრულებული განცხადების საფუძველზე, კასპში, ... №2-ში მდებარე ქონებიდან მ. მ-ის სახელზე რიცხული ქონება - პირველ სართულზე - 206,56 მ2, მეორე სართულზე - 167,22 მ2, მესამე სართულზე - 274,87 მ2 ფართი საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს ,,...” სახელზე და შევიდა მის საწესდებო კაპიტალში.
შპს ,,...” და სს ,,...” შორის 2012 წლის 21 თებერვალს დაიდო იჯარის ხელშეკრულება კასპში, ... № 2-ში მდებარე ქონებიდან შპს ,,...” კუთვნილ პირველ სართულზე მდებარე 206,56 მ2 ფართზე.
შპს ,,...” (დირექტორი - პ. ც-ე) და ლ. ა-ეს შორის 2012 წლის 19 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საზოგადოების სახელზე რიცხული, კასპში, ... № 2-ში მდებარე ქონება (საკადასტრო კოდი-...) საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ. ა-ის სახელზე.
გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 ივლისის განაჩენით პ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ 2007 წლის 7 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურში მან მ. მ-ის სახელით შეადგინა ყალბი განცხადება უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ, რომლის საფუძველზეც მოხდა უძრავი ნივთის რეგისტრაცია.
სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:
სადავოა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის ლ. ა-ის სახელზე №...საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სარეგისტრაციო ჩანაწერი, იმ მოტივით, რომ პ. ც-ემ მ. მ-ის სახელით შეადგინა ყალბი განცხადება და 2007 წლის 7 ივნისს წარადგინა საჯარო რეესტრში, რის საფუძველზეც მ. მ-ის კუთვნილი უძრავი ქონება უკანონოდ აღირიცხა შპს ,,...ს” სახელზე.
სასამართლოს დასკვნები - რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. მ-ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს შეფასებით, სადავო რეგისტრაციის უფლების დამდგენი დოკუმენტი, შპს ,,...” და ლ. ა-ეს შორის 2012 წლის 19 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია და სადავოდ არ გაუხდია. მართალია, მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიიჩნევს პ. ც-ის მხრიდან უკანონო ქმედების ჩადენას (ყალბი განცხადების საჯარო რეესტრში წარდგენას), მაგრამ სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ეს გარემოება ამჟამად ლ. ა-ის სახელზე აღრიცხულ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობისათვის საკმარისი ვერ იქნება, რადგან მოსარჩელე არ ხდის სადავოდ ამ რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტის კანონიერებას.
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:
რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით, მე-601, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით, 26-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით (იხ.. ს.ფ. 144-151; ტ. I).
აპელანტი: მ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაცო სამსახური;
წარმომადგენელი _ თ. ყ-ა
მესამე პირები : 1. ლ. ა-ე, 2. პ. ც-ე; შპს ,,...“; წარმომადგენელი - ე. პ-ი
3. სს ,,...“
წარმომადგენელი - ნ. მ-ი
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელაციის მოტივები:
ფაქტობრივი: აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, საქმისათვის უმნიშვნელო გარემოებად 2012 წლის 24 ივლისის განაჩენი პ. ც-ის მიმართ. არასწორად განმარტა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლი და მე-601 მუხლი, ასევე ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი, 26-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების /სარეზოლუციო ნაწილი/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება.
აპელაციის მოტივების არ გაზიარების თაობაზე სააპელაცო სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სასამართლომ საქმისათვის უმნიშვნელო გარემოებად მიიჩნია 2012 წლის 24 ივლისის განაჩენი პ. ც-ის მიმართ, რომლითაც ბრალდებული პ. ც-ე გასამართლებული იყო ყალბი განცხადების საჯარო რეესტრში წარდგენისათვის და მიუთითა, რომ 2012 წლის 24 ივლისის განაჩენი საკმარისი არ იყო საკუთრების უფლების რეგისტრაციის ჩანაწერის ბათილობისათვის, ვინაიდან მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ამ რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტის კანონირება.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ კანონიერ ძალაშია გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 იანვრის განჩინება, რომლითაც სადავოდ გამხდარი შპს ,,...“ 2007 წლის 7 ივნისის რეგისტრაციის ბათილობასთან დაკავშირებულ დავაზე მ.მ-ის სარჩელი დაუშვებლად იქნა ცნობილი და შეწყდა საქმის წარმოება (იხ. ს.ფ. 49-56; ტ.2).
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითა, რომ რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესაძლებლობა პირდაპირ უკავშირდება მისი საფუძვლების შეცილების მართებულობას. კონკრეტულ შემთხვევაში ლ. ა-ეზე განხორციელებული სადავო ქონების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს 2012 წლის 19 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა; იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.
კასატორი: მ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაცო სამსახური;
წარმომადგენელი _ თ. ყ-ა
მესამე პირები : 1.ლ. ა-ე; 2. პ. ც-ე; 3. შპს ,,...“;
წარმომადგენელი - ე. პ-ი
3. სს ,,...“
წარმომადგენელი - ნ. მ-ი
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორი საკასაციო საჩივარს ამყარებდა ძირითადად იმავე საფუძვლებზე, რაზეც მიუთითებდა სარჩელში და სააპელაციო საჩივარში (იხ. ს.ფ. 64-70; ტ.1).
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები:
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე დასაშვებია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე და იგი მიჩნეულ იქნა დასაშვებად, როგორც პროცესუალური კასაცია (იხ. ს.ფ. 54-57; ტ.2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გადამოწმების შედეგად მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის განხილვა-გადაწყვეტისას არ არის დაშვებული იმგვარი საპროცესო-სამართლებრივი დარღვევა, რომელსაც შესაძლოა გამოეწვია საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენა, სასამართლომ სწორად შეუფარდა ნორმა სადავო სამართალურთიერთობას და არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.
პროცესუალური კასაციის წარმოდგენილი მოტივები არ ქმნის განჩინების საპროცესო დარღვევებით გამოტანილად მიჩნევის საპროცესო კანონით (სსსკ-ის 393.2. მუხლი) განსაზღვრულ შემთხვევას. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ სამართლებრივ არგუმენტაციას განჩინების კანონთან შეუსაბამობის თაობაზე, კერძოდ, კასატორის არგუმენტი, რომ სასამართლოებმა არასწორი შეფასება მისცეს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, არ გამომდინარეობს საქმის მასალების ობიექტური შეფასებიდან, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ დავის საგნის - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება შეამოწმა, როგორც სარჩელის ფაქტობრივ და სამართლებრივი საფუძვლების ფარგლებში, ასევე მიუთითა, რომ სადავო გადაწყვეტილების გამოცემისას საქმეზე არ არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლეული და დადგენილია კანონშესაბამისად, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგან წარმოდგენილი არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2001 წლის 8 იანვარს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო ქონების მართვის კასპის რაიონულ განყოფილებასა და მ. მ-ს შორის, რომლის შესაბამისად, მ. მ-მა 2000 წლის 26 დეკემბერს აუქციონზე შეიძინა კასპის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს ქონება (სამსართულიანი შენობა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 700 მ2 მიწის ნაკვეთი), მდებარე ქ. კასპში, ... № 2-ში (იხ. ს.ფ. 10; ტ.1).
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კასპის რაიონული განყოფილების მიერ 2001 წლის 8 იანვარს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №28/133-კ (იხ. ს.ფ. 137; ტ.1).
2002 წლის 22 აგვისტოს საჯარო რეესტრში მ. მ-ის საკუთრებად დარეგისტრირდა ქ. კასპში, ... №2-ში მდებარე, 700 მ2 მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით, სარეგისტრაციო ზონა - კასპი (კოდი - ...), სექტორი - ქ. კასპი (კოდი - ...), კვარტლის № 01 (უფლების დამდგენი დოკუმენტი: სახელმწიფო ქონების მართვის კასპის რაიონულ განყოფილებასა და მ. მ-ს შორის 2001 წლის 8 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება) (იხ. ს.ფ. 17; ტ.1).
2007 წლის 5 მარტს მ. მ-სა და ფონდ ,,კ...“ შორის გაფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მ. მ-მა მის საკუთრებაში არსებული შენობის პირველ სართულზე მდებარე 52,64 მ2 და 15 მ2 დამხმარე ფართი, ხოლო მეორე სართულზე 114 მ2 ფართი საკუთრებაში გადასცა ფონდ ,,კ...”, რომლის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენს სს ,,...” (იხ. ს.ფ. 145-146; ტ.1).
2007 წლის 23 მაისს მ. მ-ის საკუთრებად დარეგისტრირდა კასპში, ... № 2-ში მდებარე უძრავი ქონება - პირველ სართულზე - 206,56 მ2, მეორე სართულზე - 167,22 მ2, მესამე სართულზე - 274,87 მ2 (იხ. ს.ფ. 20; ტ.1).
2007 წლის 7 ივნისს, მ. მ-ის სახელით შესრულებული განცხადების საფუძველზე, კასპში, ... № 2-ში მდებარე ქონებიდან მ. მ-ის სახელზე რიცხული ქონება - პირველ სართულზე - 206,56 მ2, მეორე სართულზე - 167,22 მ2, მესამე სართულზე - 274,87 მ2 ფართი საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს ,,...” სახელზე და შევიდა მის საწესდებო კაპიტალში (იხ. ს.ფ. 16; ტ.1).
2007 წლის 27 ივნისს შპს ,,...“ დამფუძნებელს - მ. მ-სა და პ. ც-ეს შორის გაფორმდა წილის დათმობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, შპს ,,...“ დამფუძნებელმა მ. მ-მა შპს-ეს 100% წილი დათმო პ. ც-ისა და გ. გ-ის სასარგებლოდ 90-10%-ზე. აქედან 90% მოიცავდა კასპის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლის 1-ლ სართულზე 206,56 კვ.მ., მეორე სართულზე - 167,22 კვ.მ., მესამე სართულზე - 178 კვ.მ. და კასპის რაიონის სოფ. ... ..., ხოლო 10% კასპის მსმ სახლის მე-3 სართულის 96 კვ.მ (იხ. ს.ფ. 90; ტ.1).
შპს ,,...” და სს ,,...” შორის 2012 წლის 21 თებერვალს დადებული იჯარის ხელშეკრულების შესაბამისად, კასპში, ... № 2-ში, მდებარე ქონებიდან შპს ,,...” კუთვნილ პირველ სართულზე მდებარე 206,56 მ2 ფართზე.
შპს ,,...” (დირექტორი პ. ც-ე) და ლ. ა-ეს შორის 2012 წლის 19 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საზოგადოების სახელზე რიცხული, კასპში, ... № 2-ში მდებარე ქონება (საკადასტრო კოდი 67.01.05.466) საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ. ა-ის სახელზე (იხ. ს.ფ. 27; ტ.1).
2012 წლის 20 ივნისს საჯარო რეესტრში სს ,,...“ საკუთრებად დარეგისტრირდა ქ. კასპში, ... №2-ში მდებარე, შენობის I სართულზე -52,64 მ2; II – 114,62 კვ.მ; და 15 მ2 დამხმარე ფართი, ხოლო ლ. ა-ის საკუთრებაში დარეგისტრირდა - პირველ სართულზე - 206,56 მ2, მეორე სართულზე - 167,22 მ2, მესამე სართულზე - 274,87 მ2 (იხ. ს.ფ. 29; ტ.1).
გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 ივლისის განაჩენით პ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ 2007 წლის 7 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურში მან მ. მ-ის სახელით შეადგინა ყალბი განცხადება უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ, რომლის საფუძველზეც მოხდა უძრავი ნივთის რეგისტრაცია შპს ,,...“ საკუთრებად (იხ. ს.ფ. 23-26; ტ.1).
კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, სარჩელის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ №882012281840 განცხადების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია, რომლითაც შპს ,,...“ დირექტორ პ. ც-ესა და ლ. ა-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ლ. ა-ის საკუთრებად აღირიცხა უძრავი ნივთი, მდებარე, ქ. კასპში, ... №2-ში პირველ სართულზე - 206,56 მ2, მეორე სართულზე - 167,22 მ2, მესამე სართულზე - 274,87 მ2. აღნიშნული რეგისტრაციის გაუქმების მიზანი ანუ რაც მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში უნდა მიიღოს, არის ის, რომ აღსდგეს მისი საკუთრება კასპში, ... №2-ში მდებარე უძრავ ნივთზე, კერძოდ, პირველ სართულზე - 206,56 მ2, მეორე სართულზე - 167,22 მ2, მესამე სართულზე - 274,87 მ2. ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მოსარჩელე უთითებს იმ გარემოებას, რომ შპს ,,...“ სახელზე სადავო ქონების რეგისტრაცია მოხდა 2007 წლის 7 ივნისს მ. მ-ის სახელით შედგენილი ყალბი განცხადების საფუძველზე.
აღნიშნულთან მიმართებაში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი, უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების უზრუნველყოფის - დაცვას ემსახურება.
უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკაშირებული ურთიერთობები, ორგანიზაციულ და სამართლებრივი საფუძვლები მოწესრიგებულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით, აღნიშნული საკანონმდებლო აქტებით რეგულირდება უძრავ ნივთებზე უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაციის წესი და პირობები, სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები და განისაზღვრება საჯარო რეესტრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების წესი.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
ზემოაღნიშნული კანონის 9.1 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ასეთად შეიძლება მიჩნეულ იქნეს, მაგ: კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას, ან სხვა სახის რაიმე იურიდიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი.
როგორც ავღნიშნეთ, სარეგისტრაციო სამსახურში საკუთრების უფლების რეგისტრაციის დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, რომელსაც უნდა ერთვოდეს რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მეხუთე თავით რეგულირდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების, გაუქმებისა და მისი გასაჩივრების წესი და პირობები, კერძოდ, მითითებული კანონის 26-ე მუხლში ჩამოთვლილია რეგისტრაციის გაუქმების ძალადაკარგულად ან არარად აღიარების საფუძვლები, კერძოდ, 1-ლი მუხლის შესაბამისად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს თუ: ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, რეგისტრაცია რომ ბათილად ან არაარად გამოცხადეს ბათილად ან არარად უნდა იყოს ცნობილი ის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა რეგისტრაცია ანუ უფლების დამდგენი დოკუმენტი. რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტი, კონკრეტულ შემთხევაში კი, როგორც საქმის მასალებიდან დასტურდება, გასაჩივრებული რეგისტრაციის საფუძველი - უფლების დამდგენი დოკუმენტია შპს ,,...“ დირექტორ პ. ც-ესა და ლ. ა-ის შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც როგორც საქმის მასალებით დასტურდება და რასაც არც თავად მოსარჩელე უარყოფს, სადავო არ გამხდარა. შესაბამისად, გასაჩივრებული სარეგისტრაციო ჩანაწერის უკანონობა ზემოთმითითებული ნასყიდობის ხელშეკრულების უკანონობის დადგენის გარეშე, მოცემული სარჩელის საგნისა და საფუძვლის ფარგლებში ვერ დადასტურდება, ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ,,სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერების მიმართ არსებობს უტყუარობის პრეზუმფცია“ /სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი/ ანუ ივარაუდება, რომ რეესტრში უფლების რეგისტრაციის ფაქტი სრულად და სწორად არის განხორციელებული. ნებისმიერი ფაქტი, რომელიც შესაძლოა მიუთითებს რეგისტრაციის არაკანონიერებას, ვერ გამორიცხავს მითითებული ნორმით დაცულ ვარაუდს რეესტრში რეგისტრირებული უფლების მართებულობასთან დაკავშირებით, მანამ სანამ არ დადგინდება ჩანაწერის უზუსტობა.
რაც შეეხება მოსარჩელის (კასატორის) სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 ივლისის განაჩენზე მითითებას, რომლითაც პ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ 2007 წლის 7 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურში მ. მ-ის სახელით შედგენილი ყალბი განცხადების გამო, რომლითაც მოხდა სადავო უძრავი ნივთის რეგისტრაცია შპს ,,...“ საკუთრებად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე განხორციელდა შპს ,,...“ სახელზე სადავო ქონების რეგისტრაცია და შემდგომ შპს ,,...“ დირექტორ პ. ც-ესა და ლ. ა-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება დაედო საფუძვლად სადავო სარეგისტრაციო ჩანაწერს, ვინაიდან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიზანია აღსდგეს სადავო ქონების მის სახელზე რეგისტრაცია, აღნიშნულისთვის საჭიროა შპს ,,...“ სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმება, რაც მოსარჩელის მხრიდან თავდაპირველი სარჩელის საგანი არ ყოფილა. მართალია, მან 2012 წლის 6 ივნისს განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც დააზუსტა სარჩელი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის №882012281840 განცხადების საფუძველზე, ლ. ა-ის სახელზე № ...საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობასთან ერთად მოითხოვა 2007 წლის 7 ივნისს, მ. მ-ის სახელით შესრულებული განცხადების საფუძველზე, კასპში, ... №2-ში მდებარე ქონებიდან მ. მ-ის სახელზე რიცხული ქონების - პირველ სართულზე - 206,56 მ2, მეორე სართულზე - 167,22 მ2, მესამე სართულზე - 274,87 მ2 ფართი, შპს ,,...“ საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 118; ტ.1), მაგრამ გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 ნოემბრის საოქმო განჩინებით მ. მ-ის შუამდგომლობა სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, იმ საფუძვლით, რომ მოწინააღმდეგე მხარე კასპის სარეგისტრაციო სამსახური არ დაეთანხმა განცხადებას სარჩელის გაზრდის თაობაზე. აღნიშნულის გამო, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, სარჩელის ტრასფორმირების ფორმითაც დაეხმაროს მოსარჩელის მოთხოვნის სწორად ჩამოყალიბებაში.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საყურადღებოა ასევე ის გარემოებაც, რომ საქმეშია გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 იანვრის განჩინება, რომლითაც მ. მ-ის სარჩელი მ. მ-ისა და პ. ც-ის შორის 2007 წლის 27 ივნისის წილის დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, დაუშვებლად იქნა მიჩნეული და შეწყდა საქმის წარმოება /იხ. ს.ფ. 21-22; ტ.1/.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ №882012281840 განცხადების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაციის საქმეზე დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებს, სარჩელის საფუძვლისა და საგნის ფარგლებში კანონიერების შემოწმების შედეგად, კანონშეუსაბამობა არ დასტურდება. ამასთან, საკასაციო სასამართლო დასძენს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების პირობებშიც, სარჩელის მიზანი მიუღწეველი დარჩება, რამდენადაც რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაშიც, ძალაშია მისი საფუძველი - უფლების დამდგენი დოკუმენტი - ნასყიდობის ხელშეკრულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს მ. მ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/პ. სილაგაძე/