Facebook Twitter

საქმე ბს-284-276(2კ-13) 17 დეკემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორები - ქ. თბილისის მერია; ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. ღ-ი

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მოსარჩელე: ქ. ღ-ი

წარმომადგენელი: გ. ღ-ი

მოპასუხეები: ქ. თბილისის მერია; ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური

სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

სარჩელის საგანი:

1. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 6 თებერვლის №001371 დადგენილების ბათილად ცნობა.

2. ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 20 მარტის №648 განკარგულების ბათილად ცნობა.

(იხ. ს.ფ. 1-9).

სარჩელის საფუძველი:

ფაქტობრივი:

მოსარჩელის განმარტებით, 2005-2006 წლებში მის საცხოვრებელ სახლში ქ.თბილისში, ... ქუჩა №13-ში, უკანონოდ განახორციელა შენობა-ნაგებობაზე კიბის და კიბის ბაქნის მოწყობა, აივნის მიშენება და ფანჯრის ღიობის გადაკეთება კარის ღიობად, რის შემდეგაც მისი ოჯახი სარგებლობდა აღნიშნული კიბით საცხოვრებელ სახლში შესასვლელად. ძირითადი საერთო სარგებლობის კორიდორი, რომლითაც მოსარჩელის ოჯახი აღარ სარგებლობდა მიშენების შემდეგ, დაიკავა მისმა თანამესაკუთრემ მ. მ-მა.

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 13 ოქტომბრის №001371 მითითებით განესაზღვრა 10-დღიანი ვადა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად ან სათანადო სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად.

მოსარჩელის მტკიცებით, კიბისა და კიბის ბაქნის მონგრევის შემთხვევაში მის საცხოვრებელ ბინას აღარ რჩებოდა შესასვლელი, რის გამოც მან მიმართა ზედამხდეველობის საქალაქო სამსახურს, რომ მ. მ-ს მიეცა მისთვის სადარბაზოს შესასვლელი კორიდორით სარგებლობის უფლება.

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება და ის ფაქტი, რომ მეზობლებს შორის კორიდორით სარგებლობის საკითხი იხილებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 17 იანვრის №4-3/3-გ/-12 ბრძანებით სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა 2012 წლის 16 მარტამდე.

მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად აღნიშნულისა, იგი 2012 წლის 6 თებერვლის №001371 დადგენილებით დაჯარიმდა 8 000 ლარით ქ.თბილისში, ... ქუჩა №13-ში შენობა-ნაგებობაზე უნებართვოდ კიბის და კიბის ბაქნის მოწყობისათვის, აივნის მიშენებისათვის და ფანჯრის ღიობის კარის ღიობად გადაკეთებისათვის.

სამართლებრივი: მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლებზე არ მიუთითებია (იხ. ს.ფ. 1-4).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 ივნისის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება ქ. თბილისის მერია (იხ.ს.ფ. 35-37).

მოპასუხის - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის შესაგებელი:

ფაქტობრივი: მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელს არ წარმოუდგენია 2005-2006 წლებში მშენებლობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამასთან, მოპასუხის მითითებით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 17 იანვრის №4-3/3-გ-12 ბრძანებით, სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა ორი თვით, 2012 წლის 17 იანვრიდან 2012 წლის 16 მარტამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ დადგენილება უნდა გამოცემულიყო მითითებულ ვადაში და არა ამ ვადის გასვლის შემდეგ (იხ. ს.ფ. 57-63).

მესამე პირმა – ქ. თბილიის მერიამ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 და 22-ე მუხლების შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები (იხ. ს.ფ. 85-93).

საქმის გარემოებები:

მოსარჩელის განმარტებით, 2005-2006 წლებში მის საცხოვრებელ სახლში ქ.თბილისში, ... ქუჩა №13-ში უაკანონოდ განახორციელა შენობა-ნაგებობაზე კიბის და კიბის ბაქნის მოწყობა, აივნის მიშენება და ფანჯრის ღიობის გადაკეთება კარის ღიობად.

2011 წლის 13 ოქტომბრის №001371 მითითებით განესაზღვრა 10-დღიანი ვადა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად ან სათანადო სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად შესაბამისად, ზემოაღნიშნული მითითებით განსაზღვრული ვადა შეჩერდა ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 27 ოქტომბრის №4357 ბრძანებით ქ. ღ-ს დაუდგინა ხარვეზი და განესაზღვრა 10- დღიანი ვადა სათანადო დოკუმენტაციის წარმოსადგენად. ამასთან, განემარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება განუხილველი დარჩებოდა. მოსარჩელის განმარტებით, დადგენილ ვადაში ხარვეზი ვერ შეავსო.

2011 წლის 18 ნოემბრის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის №001371 შემოწმების აქტით დაფიქსირდა 13 ოქტომბრის მითითების შეუსრულებლობა.

ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2012 წლის 6 თებერვლის №001371 დადგენილებით ქ. ღ-ი დაჯარიმდა 8 000 ლარით ქ.თბილისში, ... ქუჩა №13-ში შენობა-ნაგებობაზე უნებართვოდ კიბისა და კიბის ბაქნის მოწყობისათვის, აივნის მიშენებისათვის და ფანჯრის ღიობის კარის ღიობად გადაკეთებისათვის.

აღნიშნული დადგენილება მოსარჩელემ გაასაჩივრა ქ.თბილისის მერიაში, რომლის 2012 წლის 20 მარტის №648 განკარგულებით ქ. ღ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 156-161).

სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:

ქ. თბილისის ზედამხედველობის სამსახურის 2011 წლის 13 ოქტომბრის №001371 მითითებით ქ. ღ-ს განესაზღვრა 10-დღიანი ვადა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად ან სათანადო სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად.

2011 წლის 21 ოქტომბერს, მოსარჩელემ მიმართა არქიტექტურის სამსახურს უნებართვოდ მიშენებული აივნის და კიბის უჯრედის ლეგალიზების მოთხოვნით, რა დროსაც 13 ოქტომბრის მითითებით განსაზღვრული ვადა შეჩერდა ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. არქიტექტურის სამსახურმა დაუდგინა ხარვეზი და სათანადო დოკუმენტაციის წარმოსადგენად განუსაზღვრა 10 დღის ვადა. მოსარჩელემ დადგენილ ვადაში ხარვეზი ვერ შეავსო.

2011 წლის 18 ნოემბრის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის №001371 შემოწმების აქტით დაფიქსირდა 13 ოქტომბრის მითითების შეუსრულებლობა.

2012 წლის 6 თებერვლის №001371 დადგენილებით ქ. ღ-ი დაჯარიმდა 8 000 ლარით ქ.თბილისში, ... ქუჩა №13-ში შენობა-ნაგებობაზე უნებართვოდ კიბის და კიბის ბაქნის მოწყობისათვის, აივნის მიშენებისათვის და ფანჯრის ღიობის კარის ღიობად გადაკეთებისათვის.

აღნიშნული დადგენილება მოსარჩელემ გაასაჩივრა ქ.თბილისის მერიაში. 2012 წლის 20 მარტის №648 განკარგულებით ქ. ღ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:

სადავოა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2012 წლის 6 თებერვლის №001371 დადგენილებისა და ქ.თბილისის მერიის 2012 წლის 20 მარტის №648 განკარგულების კანონიერება.

სასამართლოს დასკვნები - საქმის მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლომ ქ. ღ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:

საქალაქო სასამართლომ ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით. კონკრეტულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ საქმის მასალების შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ღ-მა არ შეასრულა 2012 წლის 13 ოქტომბრის მითითებაში განსაზღვრული ვალდებულება, რაც შემდგომ აისახა შემოწმების აქტში.

,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის 221-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.

სასამართლო ასევე მიუთითებს, ,,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა.

აღნიშნული მუხლის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დასახელებულ ვადაში განიხილოს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმე და მიიღოს დადგენილება. ვადის გაგრძელება არ გულისხმობს, რომ დადგენილება ვადის ამოწურვის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული.

სამართლებრივი კვალიფიკაცია:

საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 და მე-601 მუხლებით, ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით (იხ. ს.ფ. 156-161).

აპელანტი: ქ. ღ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები: ქ. თბილისის მერია; ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური

აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

აპელაციის მოტივები:

ფაქტობრივი : აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემწმება შეუძლებელია. აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასვკნას, რომ მის მიერ განხორციელდა შენობა-ნაგებობაზე კიბის და კიბის ბაქნის მოწყობა, აივნის მიშენება და ფანჯრის ღიობის გადაკეთება კარის ღიობად.

სამართლებრივი: სამართლებრივ გარემოებებზე აპელნატს არ მიუთითებია (იხ. ს.ფ. 167-175).

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტის ქ. ღ-ის წარმომადგენელმა წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულება, კერძოდ, ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 26 ოქტომბრის №3047 განკარგულება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 5 ივლისის №4-1/დ466-12 და №001716/№001752 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე. აპელანტის განმარტებით, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 21 მარტის მითითების თანახმად, ქ. თბილისში, ... ქ. №13-ში განხორციელდა შენობა-ნაგებობების მშენებლობა. ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ 1999 წლის 12 ოქტომბრის №622 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით, რაც გამოიხატა იმაში, რომ პირველ სართულზე არ იყო მოწყობილი კედელი და გამოყენებული იყო მომიჯნავე შენობის კედელი. მეორე სართულზე გაზრდილი იყო ოთხი ფანჯრის ღიობის გაბარიტი, ხოლო სამ მათგანში დამატებით მოწყობილი იყო თითო კარი. შეცვლილია ასევე გადახურვის კონფიგურაცია. ფანჯრის ღიობის დაბლა მოწყობილია ლითონის კარი. გაუქმებული იყო ოთხი ფანჯრის ღიობი. შეცვლილი იყო ფასადის მოპირკეთება და არ იყო შესრულებული დეკორატიული ლესვა. ასევე კედელი გაწეულია ,,ბ-ბ“ ღერძიდან, დაახლოებით 0,15 მ-ით. ,,ბ-გ“ ფასადზე შეცვლილი იყო აივნისა და კარ-ფანჯრის კონფიგურაცია, მოწყობილი იყო ფრამუგა და სადარბაზო შეცვლილი იყო კიბის კონფიგურაცია, ხოლო განსახილველი დავა ეხება შენობა-ნაგებობაზე კიბისა და კიბის ბაქნის მოწყობას, აივნის მიშენებას და ფანჯრის ღიობის გადაკეთებას კარის ღიობად, ზუსტად ანალოგიური სამართალდარღვევის ფაქტზე არის მსჯელობა ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 26 ოქტომბრის №3047 განკარგულებაში.

აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული დადგენილება არის სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან, არსებობს ქ. თბილისში, ... ქ. №13-ში მდებარე შენობა-ნაგებობის ორი პროექტი, მშენებლობა რაც გახდა სადავო აქტების გამოცემის საფუძველი ქ. ღ-ს არ უწარმოებია იგი არსებობდა მანამდეც (იხ. ს.ფ. 214).

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

მესამე პირის - ქ. თბილისის მერიის განმარტებით, ქ. ღ-მა თავად მიუთითა, რომ მან 2005-2006 წლებში აწარმოვა სამშენებლო სამუშაოები, რაც შეეხება ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 26 ოქტომბრის №3047 განკარგულებას, იგი სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს ეხება, კერძოდ, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ 1999 წლის 12 ოქტომბრის №622 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტორული პროექტის დარღვევის ფაქტს და კონკრეტულად არის ჩამოთვლილი განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები.

ამასათან, კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანია შენობა-ნაგებობაზე უკანონოდ ნაწარმოები კიბის და კიბის ბაქნის მოწყობა, აივნის მიშენება და ფანჯრის ღიობის გადაკეთება კარის ღიობად, ხოლო ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 26 ოქტომბრის №3047 განკარგულება ეხება საპროექტო სამართალდარღვევას (იხ. ს.ფ. 215).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. ღ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ქ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 20 მარტის №648 განკარგულება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 6 თებერვლის №001371 დადგენილება და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ღ-ის მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში (იხ.ს.ფ. 233-249).

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ.თბილისში, ... ქუჩა №13-ში მოქალაქე ქ. ღ-მა განახორციელა შენობა-ნაგებობაზე კიბისა და კიბის ბაქნის მოწყობა, აივნის მიშენება და ფანჯრის ღიობის გადაკეთება კარის ღიობად შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. 2011 წლის 13 ოქტომბერს შედგენილი №001371 მითითებით, ქ. ღ-ს განესაზღვრა 10-დღიანი ვადა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად ან სათანადო სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად. 2011 წლის 21 ოქტომბერს, მოსარჩელემ მიმართა არქიტექტურის სამსახურს უნებართვოდ მიშენებული აივნისა და კიბის უჯრედის ლეგალიზების მოთხოვნით, რა დროსაც 13 ოქტომბრის მითითებით განსაზღვრული ვადა შეჩერდა ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. არქიტექტურის სამსახურმა მოსარჩელეს ხარვეზი დაუდგინა და სათანადო დოკუმენტაციის წარმოსადგენად განუსაზღვრა 10 დღის ვადა. მოსარჩელემ დადგენილ ვადაში ხარვეზი ვერ შეავსო.

2011 წლის 18 ნოემბერს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტმა შეადგინა აქტი, რომლითაც დაფიქსირდა 13 ოქტომბრის მითითების შეუსრულებლობა (ს.ფ. 69).

ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის 2012 წლის 17 იანვრის ბრძანებით ქ. ღ-ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა 2 თვით 2012 წლის 16 მარტამდე (ს.ფ. 80).

ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 6 თებერვლის №001371 დადგენილებით ქ. ღ-ი დაჯარიმდა 8 000 ლარით ქ.თბილისში, ... ქუჩა №13-ში შენობა-ნაგებობაზე უნებართვოდ კიბის და კიბის ბაქნის მოწყობისათვის, აივნის მიშენებისათვის და ფანჯრის ღიობის კარის ღიობად გადაკეთებისათვის.

2012 წლის 20 მარტის №648 განკარგულებით ქ. ღ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 10-12, 14-17).

ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 1 მაისის №001752 მითითებიდან ირკვევა, რომ ქ.თბილისში, ... ქუჩა №13-ში მოქალაქე ქ. ღ-ის მიერ დარღვეულია მთავარი არქიტექტორის 12.10.1999 წლის N5622 ბრძანებით შეთანხმებული პროექტი, კერძოდ, პირველ სართულზე „2-1“ მონაკვეთში არ არის მოწყობილი კედელი და გამოყენებულია მომიჯნავე შენობის კედელი. მეორე სართულზე „2-1“ მონაკვეთში გაზრდილი ფანჯრის ღიობის გაბარიტი, „1-3“ მონაკვეთში გაზრდილია ოთხი ფანჯრის ღიობის გაბარიტი, ხოლო სამ მათგანში დამატებით მოწყობილია თითო კარი, „1-4“ ფასადის მხარეს დამატებით მოწყობილია აივანი (0,90X12,20), რითაც მომატებულია ფართი (დაახლოებით 10,9 კვ.მ-ით), შეცვლილია გადახურვა კონფიგურაცია, „1-4“ ფასადზე „1-2“ მონაკვეთში ფანჯრის ღიობის დაბლა მოწყობილია ლითონის კარი, ფასადზე დამატებით მოწყობილია კიბე და ლითონის მოაჯირები. „3-4“ მონაკვეთში გაუქმებულია ოთხი ფანჯრის ღიობი, ხოლო +2.48 ნიშნულზე დამატებით მოწყობილია კარის ღიობი. შეცვლილია ფასადის მოპირკეთება და არ არის შესრულებული დეკორატიული ლესვა. „5-6“ მონაკვეთში კედელი გადაწეულია „ბ-ბ“ ღერძიდან დაახლოებით 0,15 მ-ით, „ბ-გ“ ფასადზე შეცვლილია აივნის და კარ-ფანჯრის კონფიგურაცია, +7,00 ნიშნულებით მოწყობილია საჩრდილობელი, შეცვლილია ფასადის მოპირკეთება და არ არის შესრულებული დეკორატიული ლესვა. -0,20 ნიშნულზე შეცვლილია კარ-ფანჯრის კონფიგურაცია და მოწყობილია ფარდა-ჟალუზი. „4-6“ ფასადზე +5,00 ნიშნულზე ოთხით ფანჯრის ღიობის ნაცვლად მოწყობილია სამი ფანჯრის ღიობი, გაზრდილია მათი გაბარიტი. „6-4“ ფასადზე „6-5“ მონაკვეთში +4,20 ნიშნულზე დამატებით, მოწყობილია ფრამუგა. სადარბაზოში შეცვლილია კიბის კონფიგურაცია.

ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 26 ოქტომბრის განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 5 ივლისის N4-1/დ-466-12 N0001716/N001752) დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევაზე, იმ საფუძვლით, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს არ ჰქონდა ნამსჯელი, თუ ვისზე უნდა გავრცელებულიყო „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო სასამართლომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის საფუძველზე განმარტა, რომ უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით გამოყენებული პერიოდის გასვლის შემდეგ.

,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს” ქვეპუნქტის ანალიზიდან გამომდინარე, ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები.

განსახილველი დავის შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 6 თებერვლის №001371 დადგენილებით ქ. ღ-ი დაჯარიმდა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ქ.თბილისში, ... ქუჩა №13-ში შენობა-ნაგებობაზე უნებართვოდ კიბისა და კიბის ბაქნის მოწყობის, აივნის მიშენებისა და ფანჯრის ღიობის კარის ღიობად გადაკეთებისათვის. საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 26 ოქტომბრისN 3047 განკარგულებით ირკვევა, რომ ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 5 ივლისის N4-1/დ-466-12 N0001716/N001752) დადგენილება, რომლითაც მოსარჩელეს დაეკისრა პასუხისმგებლობა სამშენებლო სამართალდარღვევაზე, ქ.თბილისში, ... ქუჩა №13-ში, შენობა-ნაგებობის ფასადზე დამატებით მოწყობილი კიბისა და ლითონის მოაჯირების, კარის ღიობის, ფასადის მხარეს დამატებით მოწყობილი აივნის, ფასადზე დამატებით მოწყობილი კიბისა და ლითონის მოაჯირების, ფასადზე შეცვლილი აივნის და კარ-ფანჯრის პროექტის დარღვევით წარმოებული მშენებლობისათვის.

დადგენილი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველი დავის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია იმ ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევა და დადაგენა, არსებობს თუ არა ერთიდაიმავე ფაქტთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ორი განსხვავებული ადმინისტრაციული აქტი, სადაც ერთ შემთხვევაში (ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 6 თებერვლის №001371 დადგენილება), მოსარჩელეს პასუხისმგებლობა დაეკისრა მის მიერ განხორციელებულ სამშენებლო სამართალდარღვევაზე (უნებართვოდ კიბისა და კიბის ბაქნის მოწყობისათვის, აივნის მიშენებისათვის და ფანჯრის ღიობის კარის ღიობად გადაკეთებისათვის). ხოლო მეორე შემთხვევაში (ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 26 ოქტომბრის N3047განკარგულება), იგივე ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (ფასადზე დამატებით მოწყობილი კიბისა, აივნისა და კარ-ფანჯრის პროექტის დარღვევით მშენებლობისათვის), მოსარჩელე გათავისუფლდა პასუხისმგებლობისაგან.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალსიწინებით, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასებისას ყურადღება უნდა მიაქციოს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 6 თებერვლის №001371 დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 26 ოქტომბრის №3047 განკარგულებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დაადგინოს ადგილი აქვს თუ არა საქმის გარემოებათა იდენტურობას. რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება დადგინდეს სახეზეა თუ არა ქ. ღ-ის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის საფუძვლები.

სამართლებრივი კვალიფიკაცია:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 96-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით (იხ. ს.ფ. 239-249).

კასატორი: ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური

წარმომადგენელი: გ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ქ. ღ-ი

მესამე პირი - ქ. თბილისის მერია

წარმომადგენელი: ს. ხ-ა

კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასაციის მოტივები:

პროცესუალური: კასატორის მითითებით გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1 ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

მატერიალური: კასატორის შეფასებით, აბსოლუტურად გაუგებარია სასამართლოს დავალება - გამოიკვლიოს ერთიდაიმავე ფაქტთან დაკავშირებით, ხომ არ განხორციელდა ორი სხვადასხვა შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. 2012 წლის 6 თებერვლის №001371 დადგენილების შესაბამისად, ქ. ღ-ს პასუხისმგებლობა დაეკისრა მის მიერ განხორციელებული უნებართვო სამშენებლო სამუშაოებისთვის, კიბის და კიბის ბაქნის მოწყობა, აივნის მიშენება და ფანჯრის ღიობის კარის ღიობად გადაკეთება, ხოლო ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 5 ივლისის №001752 დადგენილებით, მოქალაქე ქ. ღ-ი დაჯარიმდა ქ. თბილისში, ... ქ. №13-ში პროექტის დარღვევით ნაწარმოები მშენებლობისათვის. ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 26 ოქტომბრის №3047 განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 5 ივლისის N001752 დადგენილება. აღნიშნული განკარგულების მიღების საფუძველია ის გარემოება, რომ 12.11.99 წ. №622 მშენებლობის ნებართვაში დამკვეთად მითითებულია ბ. ს-ე, ხოლო მოქალაქე ქ. ღ-მა და მ. მ-მა ქ. თბილისში, ... ქ. №13-ში მდებარე უძრავი ქონება შეიძინეს 2004 წელს. სააპელაციო პალატის მსჯელობა იმასათან დაკავშირებით, რომ ერთ დარღვევაზე ორი აქტია გამოცემული, უსაფუძვლოა იმიტომ, რომ საქმეშია №001371 06.02.12 წლის სხდომის ოქმი, სადაც ქ. ღ-ი აღიარებს, რომ 2006-2007 წლებში მან განახორციელა უნებართვო მშენებლობა, რაც ასახულია სადავო დადგენილებაში ანუ აუცილებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს არქიტექტურული პროექტის დარღვევა და უნებართვო მშენებლობა, რომელიც განხორციელდა 2006-2007 წლებში და რასაც აღიარებს ასევე მოსარჩელე ქ. ღ-ი.

კასატორი: ქ. თბილისის მერია

წარმომადგენელი: ს. ხ-ა

სარჩელზე მოპასუხე: ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური

წარმომადგენელი: გ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ქ. ღ-ი

კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პროცესუალური: კასატორის მითითებით გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1 ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

მატერიალური: კასატორის განმარტებით, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 6 თებერვლის №001371 დადგენილებით ქ. ღ-ი დაჯარიმდა 8000 ლარით ქ. თბილისში, ... ქ. №13-ში შენობა-ნაგებობაზე უნებართვოდ კიბისა და კიბის ბაქნის მოწყობისათვის, აივნის მიშენებისათვის და ფანჯრის ღიობის კარის ღიობად გადაკეთებისათვის. აღნიშნული სამართალდარღვევის არსებობის ფაქტი დასტურდება საქმეში არსებული სხვადასხვა მტკიცებულებებით კერძოდ, ზედამხედევლობის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული მითითებით, შემოწმების აქტით, ფოტომასალით და 2011 წლის 21 ოქტომბრის №12/140757 განცხადებით, რომლის თანახმადაც, სამართალდამრღვევმა ქ. ღ-მა მიმართა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილსში, ... ქ, №13-ში უნებართვოდ მოწყობილი ფართის ლეგალიზება. კასატორის განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ლეგალიზების მოთხოვნით მხარემ თავადვე დაადასტურა მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტი, რაც ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ექვემდებარებოდა სავალდებულო სანქციას (დაჯარიმებას). სამართალდარღვევის არ დაჯარიმება და მის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოუყენებლობა ჩაითვლებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებად.

კასატორის განმარტებით, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 5 ივლისის N001752 დადგენილებით ქ. ღ-ი ქ. თბილისში, ... ქ.№13-ში დაჯარიმდა პროექტის დარღვევით ნაწარმოები მშენებლობისათვის, რომელიც თბილისის მერიის 2012 წლის 26 ოქტომბრის №3047 განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი, რაც ადასტურებს იმას, რომ აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ზედამხედველობის სამსახურს წარმოება არ დაუწყია და არც სამართალდარღვევის ფაქტი გამოუვლენია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, სახეზეა ქ. თბილისში, ... ქ. №13-ში ქ. ღ-ის მიერ უნებართვო მშენებლობის წარმოების ფაქტი (იხ.ს .ფ. 265-272).

საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები (სასკ 34.3 მ.):

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორების თბილისის მერიისა და თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით, კერძოდ „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გადამოწმების შედეგად მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის განხილვა-გადაწყვეტისას არ არის დაშვებული იმგვარი საპროცესო-სამართლებრივი დარღვევა, რომელსაც შესაძლოა გამოეწვია საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენა, სასამართლომ სწორად შეუფარდა ნორმა სადავო სამართალურთიერთობას და არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლეული და დადგენილია კანონშესაბამისად, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგან წარმოდგენილი არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ... ქუჩა №13-ში მოქალაქე ქ. ღ-ის მიერ განხორციელდა შენობა-ნაგებობაზე კიბის და კიბის ბაქნის მოწყობა, აივნის მიშენება და ფანჯრის ღიობის გადაკეთება კარის ღიობად შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. 2011 წლის 13 ოქტომბერს შედგენილი №001371 მითითებით, ქ. ღ-ს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად ან სათანადო სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად. 2011 წლის 21 ოქტომბერს, მოსარჩელემ მიმართა არქიტექტურის სამსახურს უნებართვოდ მიშენებული აივნისა და კიბის უჯრედის ლეგალიზების მოთხოვნით, რა დროსაც 13 ოქტომბრის მითითებით განსაზღვრული ვადა შეჩერდა ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. არქიტექტურის სამსახურმა მოსარჩელეს ხარვეზი დაუდგინა და სათანადო დოკუმენტაციის წარმოსადგენად 10 დღის ვადა განუსაზღვრა, წინააღმდეგ შემთხვევაში განემარტა, რომ განცხადება განუხილველი დარჩებოდა. მოსარჩელემ დადგენილ ვადაში ხარვეზი ვერ შეავსო.

2011 წლის 18 ნოემბერს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტმა შეადგინა აქტი, რომლითაც დაფიქსირდა 13 ოქტომბრის მითითების შეუსრულებლობა (იხ. ს.ფ. 69).

ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის 2012 წლის 17 იანვრის ბრძანებით ქ. ღ-ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა 2 თვით 2012 წლის 16 მარტამდე (იხ. ს.ფ. 80).

ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 6 თებერვლის №001371 დადგენილებით ქ. ღ-ი დაჯარიმდა 8 000 ლარით ქ.თბილისში, ... ქუჩა №13-ში შენობა-ნაგებობაზე უნებართვოდ კიბისა და კიბის ბაქნის მოწყობისათვის, აივნის მიშენებისათვის და ფანჯრის ღიობის კარის ღიობად გადაკეთებისათვის. აღნიშნული დადგენილება მოსარჩელემ გაასაჩივრა ქ.თბილისის მერიაში. 2012 წლის 20 მარტის №648 განკარგულებით ქ. ღ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 10-12, 14-17).

ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 1 მაისის №001752 მითითებით ირკვევა, რომ ქ.თბილისში, ... ქუჩა №13-ში მოქალაქე ქ. ღ-ის მიერ დარღვეულია მთავარი არქიტექტორის 12.10.1999 წლის N5622 ბრძანებით შეთანხმებული პროექტი, კერძოდ, პირველ სართულზე „2-1“ მონაკვეთში არ არის მოწყობილი კედელი და გამოყენებულია მომიჯნავე შენობის კედელი. მეორე სართულზე „2-1“ მონაკვეთში გაზრდილი ფანჯრის ღიობის გაბარიტი, „1-3“ მონაკვეთში გაზრდილია ოთხო ფანჯრის ღიობის გაბარიტი, ხოლო სამ მათგანში დამატებით მოწყობილია თითო კარი, „1-4“ ფასადის მხარეს დამატებით მოწყობილია აივანი (0,90X12,20), რითაც მომატებულია ფართი (დაახლოებით 10,9 კვ.მ-ით), შეცვლილია გადახურვის კონფიგურაცია, „1-4“ ფასადზე „1-2“ მონაკვეთში ფანჯრის ღიობის დაბლა მოწყობილია ლითონის კარი, ფასადზე დამატებით მოწყობილია კიბე და ლითონის მოაჯირები. „3-4“ მონაკვეთში გაუქმებულია ოთხი ფანჯრის ღიობი, ხოლო +2.48 ნიშნულზე დამატებით მოწყობილია კარის ღიობი. შეცვლილია ფასადის მოპირკეთება და არ არის შესრულებული დეკორატიული ლესვა. „5-6“ მონაკვეთში კედელი გადაწეულია „ბ-ბ“ ღერძიდან დაახლოებით 0,15 მ-ით, „ბ-გ“ ფასადზე შეცვლილია აივნის და კარ-ფანჯრის კონფიგურაცია, +7,00 ნიშნულებით მოწყობილია საჩრდილობელი, შეცვლილია ფასადის მოპირკეთება და არ არის შესრულებული დეკორატიული ლესვა. -0,20 ნიშნულზე შეცვლილია კარ-ფანჯრის კონფიგურაცია და მოწყობილია ფარდა-ჟალუზი. „4-6“ ფასადზე +5,00 ნიშნულზე ოთხით ფანჯრის ღობის ნაცვლად მოწყობილია სამი ფანჯრის ღიობი, გაზრდილია მათი გაბარიტი. „6-4“ ფასადზე „6-5“ მონაკვეთში +4,20 ნიშნულზე დამატებით, მოწყობილია ფრამუგა. სადარბაზოში შეცვლილია კიბის კონფიგურაცია.

ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 26 ოქტომბრის №3047 განკარგულებით დაკმაყოფილდა მოქალაქე ქ. ღ-ის წარმომადგენლის დ. ა-ისა და მოქალაქე მ. მ-ის 2-12 წლის 20 ივლისის N12/106425-1 და N12/106286-7 ადმინისტრაციული საჩივარი. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 5 ივლისის N4-1/დ-466-12 N0001716/N001752) დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევაზე, იმ საფუძვლით, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს არ ქონდა ნამსჯელი, თუ ვისზე უნდა გავრცელებულიყო „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა გამოყენებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლი, რამდენადაც ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 6 თებერვლის №001371 დადგენილება გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. ასევე, არსებითად არის დარღვეული მისი მომზადების კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60I მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60I.2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა; შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით გამოყენებული პერიოდის გასვლის შემდეგ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები, ვინაიდან, ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს” ქვეპუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას ან/და შეუსრულებლობას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონით. ამავე კანონის პირველი მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია ტექნიკური ბარიერებისა და რისკების გათვალიწინებით სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა.

ერთი მხრივ, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 6 თებერვლის №001371 დადგენილებით ქ. ღ-ი დაჯარიმდა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ქ. თბილისში, ... ქ. №13-ში შენობა-ნაგებობაზე უნებართვოდ კიბის და კიბის ბაქნის მოწყობის, აივნის მიშენებისა და ფანჯრის ღიობის კარის ღიობად გადაკეთებისათვის, ხოლო მეორე მხრივ, ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 26 ოქტომბრის №3047 განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 5 ივლისის №4-1/დ-466-12 დადგენილება, რომლითაც ღ-ს დაეკისრა პასუხისმგებლობა სამშენებლო სამართალდარღვევაზე ქ. თბილისში, ... ქ. №13-ში შენობა-ნაგებობის ფასადზე დამატებით მოწყობილი კიბისა და ლითონის მოაჯირეების, კარის ღიობის, ფასადზე შეცვლილი აივნისა და კარ-ფანჯრის პროექტის დარღვევით წარმოებული მშენებლობისათვის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა სწორ შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ მარტივად რომ განვმარტოთ, სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა მაშინ, როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, კასატორების არგუმენტს, იმის თაობაზე, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსაკვლევი არაფერია, რადგან ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 6 თებერვლის №001371 დადგენილებით ქ. ღ-ი დაჯარიმდა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ქ. თბილისში, ... ქ. №13-ში შენობა-ნაგებობაზე უნებართვოდ კიბის და კიბის ბაქნის მოწყობის, აივნის მიშენებისა და ფანჯრის ღიობის კარის ღიობად გადაკეთებისათვის, ხოლო ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 26 ოქტომბრის №3047 განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 5 ივლისის №4-1/დ-466-12 დადგენილება, რომლითაც ღ-ს დაეკისრა პასუხისმგებლობა სამშენებლო სამართალდარღვევაზე ქ. თბილისში, ... ქ. №13-ში შენობა-ნაგებობის ფასადზე დამატებით მოწყობილი კიბისა და ლითონის მოაჯირების, კარის ღიობის, ფასადზე შეცვლილი აივნისა და კარ-ფანჯრის პროექტის დარღვევით წარმოებული მშენებლობისათვის, და განმარტავს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევასა და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება საერთოდ დაკარგავს აზრს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დადგენილი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე განსახილველი დავის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია იმ ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევა და დადგენა, არსებობს თუ არა ერთი და იმავე ფაქტთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ორი განსხვავებული ადმინისტრაციული აქტი, სადაც ერთ შემთხვევაში, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 6 თებერვლის №001371 დადგენილებით ქ. ღ-ს პასუხისმგებლობა დაეკისრა მის მიერ განხორციელებულ სამშენებლო სამართალდარღვევაზე (უნებართვოდ კიბის და კიბის ბაქნის მოწყობის, აივნის მიშენებისა და ფანჯრის ღიობის კარის ღიობად გადაკეთებისათვის). ხოლო მეორე შემთხვევაში, ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 26 ოქტომბრის N3047 განკარგულებით, იგივე ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, (ფასადზე დამატებით მოწყობილი კიბისა, აივნისა და კარ-ფანჯრის პროექტის დაღვევით მშენებლობისათვის) ქ. ღ-ი გათავისუფლდა პასუხისმგებლობისაგან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.

აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა _ შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში რიგ შემთხვევებში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ხელახლა უნდა შეისწავლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი შემოწმების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ქ. ღ-ის საჩივრის მიმართებაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრებში ჩამოყალიბებული არგუმენტები სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტების არასწორ დადგენასთან და კანონის არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებით არ არის იურიდიულად დასაბუთებული და არ გამომდინარეობს განხილული ნორმების ნამდვილი შინაარსიდან და მოსაწესრიგებელი ურთიერთობის ნამდვილი მიზნიდან; შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობას სააპელაციო სასამართლომ სწორად შეუფარდა და განმარტა სამართლის ნორმა, რის გამოც არ არსებობს კასაციების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ამასთან, სსსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე კასატორებს - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურსა და ქ. თბილისის მერიას უნდა დაეკისროთ სასამართლო ხარჯების სახით 100-100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 408.3 და 410-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება;

3. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურსა და ქ. თბილისის მერიას დაეკისროთ სასამართლო ხარჯების სახით 100-100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/

მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/

/პ. სილაგაძე/