საქმე №ბს-320-311 (2კ-12) 10 აპრილი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე,
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ქალაქ თბილისის მთავრობა
კასატორი (მოპასუხე) – ნ. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): ზ. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.03.2013 წ. გადაწყვეტილება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის (საკონკურსო) კომისიის 09.11.01წ. №27 საოქმო გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ... და ... მიმავალი გზის მიმდებარედ არსებულ ორ მიწის ნაკვეთზე (თვითოეული 525 კვ. მ. ფართის ოდენობით) აუქციონზე გამარჯვებულად აღიარებულ იქნა ნ. ნ-ი, რომელსაც დაევალა ორი თვის ვადაში ქონების ღირებულების (ორივე ნაკვეთისათვის 10 000 ლარის) გადახდა. საოქმო გადაწყვეტილება დამტკიცდა ქ. თბილისის პრემიერის 29.11.01წ. №1073 განკარგულებით. ამავე განკარგულებით კონკურსში გამარჯვებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაევალათ წარედგინათ ტოპოგრაფიული გეგმა 1:500 მაშტაბით, პროექტი შესათანხმებლად, ტექნიკური დოკუმენტაცია ობიექტის რეგისტრაციაში გასატარებლად და მშენებლობის ნებართვის მისაღებად.
კონკურსში გამარჯვებულმა ნ. ნ-მა საკონკურსო კომისიის ოქმით და პრემიერის განკარგულებით დადგენილ დროში (ორი თვის ვადაში) არ გადაიხადა კომისიის სახელზე საბოლოოდ დადგენილი თანხა.
ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 26.03.03წ. N3.5.50 დადგენილებით, ქ. თბილისის მთავრობის 13.02.03წ. N03.04.30 დადგენილების საფუძველზე, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ... ქუჩიდან ... მიმავალი გზის მონაკვეთი ჩაითვალა ... ქუჩის გაგრძელებად და N18 ნაკვეთს მიენიჭა ... ქ. N66, ხოლო N19 ნაკვეთს ... ქ. N68.
თბილისის მთავრობამ 05.06.03წ. N08.38.185 დადგენილებით დაამტკიცა ,,კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო ვალის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციისათვის გადასაცემი მიწის ნაკვეთების ნუსხა’’, რომელშიც შესულია ... გზის მიმდებარე ტერიტორია.
19.12.05წ. ოცდაექვსმა ფიზიკურმა პირმა, მათ შორის ზ. ნ-მა სარჩელი აღძრა მოპასუხე თბილისის მთავრობის მიმართ და მოითხოვეს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორცილების დავალება, კერძოდ თბილისის მთავრობისათვის მოსარჩელეებზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის საკითხის გადასაწყვეტად წინადადების მომზადების დავალება. ზ. ნ-ის მოთხოვნა ეხებოდა ... გზის მიმდებარედ იგივე ... ქ. N66 და N68 ნაკვეთებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.06.06წ. გადაწყვეტილებით (საქმე N31/1476-06), სხვა მოსარჩელეებთან ერთად, დაკმაყოფილდა ზ. ნ-ის სარჩელი და ქ. თბილისის მთავრობას დაევალა მოსარჩელეებზე მიწის ფართობების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის საკითხის გადასაწყვეტად წინადადებების მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა. გადაწყვეტილება ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 14.11.07წ. განჩინებით. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ 09.01.08წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
04.05.07წ. ქ. თბილისის მთავრობის N09.17.287 დადგენილებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ქ. თბილისის მთავრობის და ქ.თბილისის პრემიერის რიგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან, მათ შორის ქ. თბილისის პრემიერის 29.11.01წ. N1073 განკარგულებასთან დაკავშირებით. ქ. თბილისის მთავრობის 27.08.07წ. №18.19.621 დადგენილებით ძალაში დარჩა ქ. თბილისის პრემიერის 29.1101წ. №1073 განკარგულება. ქ. თბილისის მთავრობის 27.08.07წ. N18.19.621 დადგენილებაში მითითებულია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, იხელმძღვანელა რა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპით, მიზანშეწონილად მიიჩნია ქ. თბილისის პრემიერის რიგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად არ გამოცხადება, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირების შეთავაზებების გათვალისწინება და მათთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება, მიწის ნაკვეთის მიმდინარე ნორმატიული ფასის გადახდის პირობით. ქ. თბილისის პრემიერის 29.11.01წ. N1073 განკარგულებით გათვალისწინებულ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც ქ. თბილისის მთავრობასთან არ ჰქონდათ გაფორმებული ხელშეკრულებები მიწის ნაკვეთების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის შესახებ ან/და სარგებლობის უფლება და არ ჰქონდათ უფლება რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გაუფორმდებოდათ ხელშეკრულებები, იმ პირობით, თუ წარმოადგენდნენ ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემულ დადებით ქალაქგეგმარებით დასკვნას, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დამზადებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს და მიწის ნორმატიული ფასის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.
ქ. თბილისის მთავრობის 03.04.08წ. №05.27.212 დადგენილებით ცვლილება იქნა შეტანილი ქ. თბილისის მთავრობის 27.08.07 წ. №18.19.621 დადგენილების მე-5 პუნქტში, რის შედეგადაც ქ. თბილისის პრემიერის 29.11.01წ. №1073 დადგენილებით გათვალისწინებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც ქ.თბილისის მთავრობასთან არ ჰქონდათ გაფორმებული ხელშეკრულებები მიწის ნაკვეთების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის შესახებ ან/და საკუთრების ან სარგებლობის უფლება არ ჰქონდათ რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, უნდა გაფორმებოდათ სათანადო ხელშეკრულებები ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, 2009 წლის 1 იანვრამდე.
ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 03.11.08წ. N12/68457 წერილით ნ. ნ-ს ეცნობა, რომ სამსახურს ქალაქგეგმარების კუთხით ვაკე-საბურთალოს რაიონში, ... და ... მიმავალი გზის მიმდებარედ აუქციონის წესით გაცემული 525-525 კვ.მ. ორი მიწის ნაკვეთის (N18 და N19) გასხვისება მიზანშეწონილად მიაჩნია, მიწის ნაკვეთები მდებარეობს დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელ ბინაში, ნაკვეთი განეკუთვნება N12 ქვეზონას, სადაც ნორმატიული ფასი 85 ლარს შეადგენს.
ქ. თბილისის მთავრობის 27.08.07წ. N18.19.621 დადგენილებისა და ქ. თბილისის მთავრობის 03.04.08წ. N05.27.212 დადგენილების საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობასა და ნ. ნ-ს შორის 25.12.08წ. დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ქ. თბილისში, ... ქუჩასა და ... მიმავალი გზის მიმდებარედ (ნაკვეთი 064) არსებული 1050 კვ.მ. ორი მიწის ნაკვეთი N18 და N19 (თვითოეული 525 კვ.მ. ოდენობით) საკუთრებაში გადაეცა ნ. ნ-ს. სანოტარო აქტში მითითებულია, რომ ქ. თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის (საკონკურსო) კომისიის 09.11.01წ. ოქმის თანახმად აუქციონის შედეგებით ნაკისრი თანხა (10 000 ლარი) მყიდველის მიერ სრულად არის დაფარული.
ზ. ნ-მა სარჩელი აძღრა სასამართლოში ქ. თბილისის მთავრობის და ნ. ნ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ქ. თბილისის მთავრობის 27.08.07წ. N18.19.621 და 03.04.08წ. N05.27.212 დადგენილებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ქ. თბილისის მთავრობისა და ნ. ნ-ს შორის 25.12.08წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში 04.12.08წ. ჩანაწერის აღდგენა, სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. ზ. ნ-მა ასევე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის გამოყენება ქ. თბილისში ... და ... მიმვალი გზის მიმდებარედ N18 და N19 ნაკვეთზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.06.09წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ზ. ნ-ის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა დაედო ნ. ნ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე ... და ... მიმავალი გზის მიმდებარედ N18 და N19, რაც გაასაჩივრა ნ. ნ-მა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.06.09წ. განჩინების გაუქმება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.07.09წ. განჩინებით ნ. ნ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.07.09წ. განჩინებით ნ. ნ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.04.11წ. გადაწყვეტილებით ზ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გაუქმდა 08.06.09წ. განჩინებით გამოყენებული ყადაღა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზ. ნ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13.09.11წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ზ. ნ-ის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 06.12.12წ. განჩინებით ზ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13.09.11წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.03.13წ. გადაწყვეტილებით ზ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მთავრობის 27.08.07წ. N18.19.621 და 03.04.08წ. N05.27.212 დადგენილება, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის პრემიერის 29.11.01 წ. №1073 განკარგულება თბილისში ... და ... მიმავალი გზის მიმდებარედ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრებასა და სარგებლობაში გადაცემაზე მიწის მართვისა და განკარგვის (საკონკურსო) კომისიის შემაჯამებელი სხდომის ოქმის დამტკიცების შესახებ, თბილისში ... და ... ქუჩისაკენ მიმავალი გზის მიმდებარედ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების №18 და №19 (იგივე... №66 და №68 ნაკვეთები) ფიზიკურ პირთან სათანადო ხელშეკრულების გაფორმების ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი აგრეთვე თბილისის მთავრობასა და ნ. ნ-ს შორის 25.12.08 წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 04.12.08წ. სარეგისტრაციო ჩანაწერის აღდგენის შესახებ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.03.13წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ზ. ნ-ის მოთხოვნა 19.03.13წ. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ.
სააპელაციო პალატამ 19.03.13წ. გადაწყვეტილებით არ გაიზირა პირველ ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებით ვერ დგინდება ... მიმავალი გზის მიმდებარე №18 და №19 ნაკვეთების იდენტურობა ... №66 და №68 მიწის ნაკვეთებთან. მიუთითა, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 26.03.03წ. N3.5.50 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მთავრობის 13.02.03წ. N03.04.30 დადგენილებით ვაკე-საბურთალოს რაიონში, ... ქუჩიდან ... მიმავალი გზის მონაკვეთი ჩაითვალა ... ქუჩის გარძელებად ნაკვეთი N18-ს მიენიჭა ... ქ.N66 მისამართი, ხოლო ნაკვეთი N19-ს მიენიჭა ... ქ.N68, ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.06.06წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სწორედ სადავო მიწის ნაკვეთებზე დაევალა ქ. თბილისის მთავრობას საქართველოს პრეზიდენტისათვის ზ. ნ-ზე მიწის ფართობის პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის საკითხის გადასაწყვეტად წინადადებების წარდგენა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.06.06წ. გადაწყვეტილება აღსრულებულია სხვა მოსარჩელეების ნაწილში, ხოლო ზ. ნ-ის მიმართ არ აღსრულებულა, რის გამოც ადგილი აქვს ზ. ნ-ის მიმართ არაიდენტური ქმედების განხორციელებას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. სახეზეა თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.06.06წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ფაქტი. ქ. თბილისის მთავრობის 27.08.07 წ.N18.19.621 და 03.04.08 წ. N05.27.212 დადგენილებების გამოცემისას (გასაჩივრებულ ნაწილში), ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. ვინაიდან საქმეში არ არის დაცული 04.05.07წ. ქ. თბილისის მთავრობის №09.17.287 დადგენილებით გათვალისწინებული დათქმა მიწის ნაკვეთის მიმდინარე ნორმატიული ფასის გადახდის პირობით ხელშეკრულების გაფორმებაზე, ნ. ნ-ი არ წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის კეთილსინდისიერ შემძენს. „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-17 მუხლი ითვალისწინებს წინა სარეგისტრაციო ჩანაწერის აღდგენას მომდევნო სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ან არარად ცნობის შემთხვევაში, რის გამოც უსაფუძვლოა ზ. ნ-ის მოთხოვნა სარეგისტრაციო ჩანაწერის აღდგენის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.03.11წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს მთავრობის და ნ. ნ-ის მიერ.
ქ. თბილისის მთავრობა და ნ. ნ-ი საკასაციო საჩივრებში აღნიშნავენ, რომ სადავო აქტების გამოცემისას არ დარღვეულა კანონმდებლობის რაიმე მოთხოვნა, ხელშეკრულება გაფორმდა კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით. კასატორები აღნიშნავენ, რომ ნ. ნ-ი არის კეთილსინდისიერი შემძენი იმ ქონების მიმართ, რომელიც 2008 წელს აღირიცხა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უგულებელყოფლია სკ-ის 312-ე მუხლი, გადაწყვეტილებით უგულებელყოფილია საკუთრების უფლება. კანონიერ ნდობას არ უარყოფს ფასის გადახდა არა 2007 წლის, არამედ 2001 წლის ნორმატივის მიხედვით. ფასის განსაზღვრა უნდა მოხდეს არა ახალი, არამედ ძველი მდგომარეობის მიხედვით. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას, რომ ზ. ნ-ის მიმართ ადგილი აქვს არაიდენტურ მიდგომას და თვლის, რომ ასეთ მდგომარეობას ადგილი ექნება ნ. ნ-ისათვის ნაკვეთის არგადაცემის შემთხვევაში მაშინ, როდესაც სხვებს ანალოგიური წესით დაუკანონდათ წლების წინ წარმოშობილი ურთიერთობის საფუძველზე შეძენილი საკუთრება. ქ. თბილისის მთავრობის მხრიდან ადგილი არ აქვს დისკრიმინაციულ მიდგომას, მით უმეტეს, რომ არარსებობს ზ. ნ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების შეძენის რაიმე გარანტია. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა (სკ-ის 312-ე მუხ., სზაკ-ის 601. 4 მუხ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით ზ. ნ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეებმა დავის მორიგებით გადაწყვეტა ვერ შეძლეს. სსსკ-ის 408.3 მუხლის საფუძველზე, საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკაასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების და საკასაციო საჩივრების საფუძვლების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქ. თბილისის პრემიერის 29.11.01წ. N1073 განკარგულებით დამტკიცდა ქ. თბილისის მიწის მართვის და განკარგვის (საკონკურსო) კომისიის 09.11.01წ. N27 შემაჯამებელი სხდომის ოქმი და ამავე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აუქციონში გამარჯვებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მათ შორის ნ. ნ-ს, დაუწესდათ მთელი რიგი ვალდებულებების შესრულება, კერძოდ მათ არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურისათვის უნდა წარედგინათ ტოპოგრაფიული გეგმა, შესათანხმებელი პროექტი, ტექნიკური დოკუმენტაცია, დაეკვეთათ საკადასტრო რუკა, ორი თვის ვადაში მიწის მართვის დეპარტამენტთან უნდა გაეფორმებინათ მიწის ნაკვეთის სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები, მიწის მართვის დეპარტამენტში წარედგინათ სათანადო დოკუმენტები მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში უფლებრივ რეგისტრაციასთან დაკავშირებით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად და საკუთრების უფლების შესაძენად ნ. ნ-ს არ შეუსრულებია არცერთი ზემოაღნიშნული პირობა და მათ შორის არ გადაუხდია აუქციონის თანხა, ხოლო აუქციონის ჩატარების დროს მოქმედი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 10.05.2000წ. N65 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესის’’ თანხმად საბოლოო გადახდის ვალდებულების შესრულება კონკურსში გამარჯვებულ მონაწილეს კონკურსში გამოცხადების დროს განსაზღვრული ვადის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა. ამავე ნორმის მიხედვით გადახდის სათანადოდ შეუსრულებლობის შემთხვევაში კონკურსის გამარჯებულის უფლებები ბათილად ჩაითვლებოდა (6.3 მუხ.), ხოლო პირი კარგავდა დეპოზიტზე შეტანილი თანხის დაბრუნების უფლებას კომისიის სასარგებლოდ (5.12 მუხ.). საქმეში არ მოიპოვება ნაკვეთის ღირებულების გადახდის გადავადების დამადასტურებელი მტკიცებულება, ამასთანავე მითითებული ნორმატიული აქტის თანახმად გადავადება სავალდებულო წესით, შესყიდვის ფასის უზრუნველსაყოფად, მიწის გირაოში გადაცემას იწვევდა (6.4 მუხ.), რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.06.06წ. გადაწყვეტილებით ზ. ნ-ისა და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მთავრობის 14.03.06წ. N05.07.124 დადგენილება ძალაში შესვლის დღიდან, თბილისის მთავრობას დაევალა მოემზადებინა და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარედგინა მოსარჩელეებზე მიწის ფართობების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის საკითხის გადასაწყვეტად წინადადებები, რომლებიც უნდა შეიცავდეს: ინფორმაციას მოსარჩელეზე; N502 საბინაო კოოპერატივის წევრზე ზ. ნ-ზე- ქ.თბილისში, ... გზის მიმდებარედ (ამჟამინდელი... ქ. N66 და N68, ნაკვეთი N46 მიმდებარედ (ამჟამად... ქ. N38)) გადასაცემი მიწის ნაკვეთების საერთო ფართისა და ღირებულების შესახებ; მოსარჩელეზე გადასაცემი საპრივატიზაციო მიწის ნაკვეთების პრივატიზებაში მონაწილე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრის რეკვიზიტებს; ინფორმაციას საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების პრივატიზებაში მონაწილე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრის მიმართ არსებული სახელმწიფო-საშინაო ვალის (საკომპენსაციო თანხის) ოდენობის შესახებ.
ქ. თბილისის მთავრობის 04.05.07წ. N09.17.287 დადგენილებით, მთელი რიგი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მათ შორის ქ. თბილისის პრემიერის 29.11.01წ. N1073 განკარგულების შესწავლისა და კანონიერების დადგენის მიზნით, ნ. ნ-ის მიმართ, რომელთანაც ქ. თბილისის მთავრობას არ ჰქონდა გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. ქ. თბილისის მთავრობის 27.08.07წ. N18.19.621 დადგენილებით გათვალისწინებულ იქნა რა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირების შეთავაზება მიწის ნაკვეთების ნორმატიული ფასის გადახდასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა მიწის ნაკვეთის მიმდინარე ნორმატიული ფასის გადახდის პირობით ნ. ნ-ის მიმართ ძალაში დარჩენილიყო ქ. თბილისის პრემიერის 29.11.01წ. N1073 განკარგულება, ამასთანავე, ამავე ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით განისაზღვრა აუქციონით განსაზღვრული ყველა პირობის 2007 წლის 1 დეკემბრამდე შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონის შედეგები უნდა გაუქმებულიყო. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. ნ-მა მითითებულ ვადაში არცერთი ვალდებულება არ შეასრულა. აუქციონის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონის შედეგების გაუქმების მომწესრიგებელ მოცემულ პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის საბოლოო თანხას, პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში – აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში. გამარჯვებული პირის მიერ დათქმულ ვადაში საბოლოო თანხის გადაუხდელობა იწვევდა აუქციონის შედეგების გაუქმებას, გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე არ უბრუნდებოდა.
თბილისის მთავრობის 03.04.08წ. N05.27.212 დადგენილებით, 27.08.07წ. N18.19.621 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ნ. ნ-ს 2009 წლის 1 იანვრამდე გადაუვადდა ვალდებულებების შესრულების და მათ შორის აუქციონის თანხის გადახდის ვადა. დადგინდა, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დამზადებული მიწის ნაკვეთის საზღვრების წარდგენისა და ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი საფასურის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ, გაფორმდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულება. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის მთავრობის მიერ სადავო უძრავ ქონებაზე აუქციონის თანხის გადახდის გადავადების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას, არა თუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებული იყო მთელი რიგი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები განეხორციელებინა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად. თბილისის მთავრობის 05.06.03წ. N08.28.125 დადგენილებით დამტკიცდა თბილისში მდებარე არასასოფლო-საამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნუსხა და ნუსხაში შესული ნაკვეთები გადაეცა საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციას. თბილისის მთავრობამ აუქციონის ჩატარებიდან შვიდი წლის შემდეგ, 25.12.08წ. გაყიდა ნაკვეთი, რომლის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების და სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად, უნდა წარედგინა წინადადება საქართველოს პრეზიდენტისათვის მიწის ფართობის პირდაპირი მიყიდვის ფორმით ზ. ნ-ისათვის გადაცემის საკითხის გადასაწყვეტად. ამასთანავე, ,,საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ’’ კანონის თანახმად, მთავრობის კომპეტენციას ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხებში განეკუთვნება პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირის ფინანსური და საინვენტარიზაციო ვალდებულებების შესრულებისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, გარდა სააუქციონო საპრივატიზებო პირობებისა და სააუქციონო საპრივატიზებო ფასისა (38.2 მუხ. ,,ე’’ ქვეპუნქტი). (((.2
მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ დავა დაიწყო ჯერ კიდევ 19.12.05წ., როდესაც პირთა ჯგუფმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს ქ. თბილისის მთავრობისათვის მოსარჩელეებზე მიწის ფართობების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის საკითხის გადასაწყვეტად წინადადებების მომზადების დავალება, ხსენებულ დავაში მოპასუხედ ქ. თბილისის მთავრობა გამოდიოდა, ამდენად მისთვის ცნობილი იყო დავის შესახებ. ქ. თბილისის მთავრობას 22.1.08წ. წარედგინა სააღსრულებო ფურცელი თბილისის სააღსრულებო ბიუროს წერილთან ერთად (თბილისის მერიის კანცელარიაში წერილი აღირიცხა 22.01.2008წ.), რომლითაც იგი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ კანონის 17.1 მუხლის და 28.2 მუხლის თანახმად, გაფრთხილდა სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის დაუყოვნებელი შესრულებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ უმოკლეს ვადაში სააღსრულებო ბიუროსათვის წერილობითი შესრულების ვალდებულების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის 23.04.09წ. N293-302 განკარგულებებით (ტ.1,ს.ფ.92-111) დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.06.06წ. N3/1476 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცა საბინაო კოოპერატივის წევრებს. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. მოცემულ შემთხვევაში ასეთი საფუძველი არ არსებობს. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ნაცვლად, ქ. თბილისის მთავრობამ სადავო 27.08.07წ. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნ. ნ-ს აღუდგინა ვადა. სზაკ-ის 94-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია აღადგინოს დაინტერესებული მხარის მიერ საპატიო მიზეზით გაშვებული, ამავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა, თუ ეს არ არის აკრძალული კანონით და ზიანს არ აყენებს მესამე პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს. ქ. თბილისის მთავრობა ვალდებული იყო აღესრულებინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის, ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ ორგანული კანონის მე-4 მუხლის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ის უნდა შესრულდეს. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან მათი აღსრულების შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული საფუძვლებითა და წესით. ადმინისტრაციული ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებულნი არიან ყოველნაირად შეუწყონ ხელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.
საქმის მასალებით არ დასტურდება აგრეთვე ვადის გაცდენის საპატიო მიზეზის არსებობა. 03.04.08წ. დადგენილება არ შეიცავს რაიმე არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ შეძლო ნ. ნ-მა აუქციონის თანხის და ასევე მის მიერ აღებული მთელი რიგი ვალდებულებების შესრულება 2007 წლის 1 დეკემბრამდე, მით უფრო, რომ ნ. ნ-ს არ გაუხდია სადავოდ 27.08.07წ. აქტით განსაზღვრული მიწის ნორმატიული ფასის გადახდა. სზაკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს რაიმე მითითებას ნ. ნ-ის მიერ ვადის საპატიო მიზეზით გაშვებასთან დაკავშირებით. მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული დადგენილებები მიუთითებს მხოლოდ აუქციონის თანხის გადახდის არაერთხელ გადავადების საჯარო და კერძო ინტერესების მიზანშეწონილობაზე, მაშინ როდესაც აუქციონის ფორმით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების მიზანს კონკურენტულ გარემოში იმ მყიდველისათვის საკუთრების უფლების გადაცემა წარმოადგენს, რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს შესთავაზებს ყველაზე მაღალ ფასს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდა პირობებით - საკუთრების უფლება მიენიჭება იმ მყიდველს, რომელიც აიღებს პირობების დაკმაყოფილების ვალდებულებას და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. ამასთანავე, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება არ განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, შესაბამისად მიზანშეწონილობის მოსაზრება მოცემულ შემთხვევაში არ არის მხედველობაში მისაღები, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იხელმძღვანელოს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით, უკანასკნელს არ აქვს პრიორიტეტული მნიშვნელობა კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნების დაცვასთან. სასამართლო გადაწყვეტილების აღმასრულებელი ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულებაზე დამოკიდებულია მისი შესრულების ხერხის შერჩევა და არა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება არ არის დამოკიდებული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიზანშეწონილობის მოსაზრებებზე, ნება-სურვილზე, აღნიშნული ეწინააღმდეგება სასამართლო აქტის აღსრულების სავალდებულო, სახელისუფლებო -იმპერატიული ძალის ბუნებას.
საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის კასატორების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით თბილისის მთავრობას მხოლოდ მიწის ფართობების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის საკითხის გადასაწყვეტად წინადადებების მომზადება და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა დაევალა, რაც თავისთავად არ გულისხმობდა მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობას უძრავ ქონებაზე. არაერთი ნორმატიული აქტით დადასტურებულია კოოპერატიული ბინათმშენებლობით გამოწვეული სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარებული ვალდებულების გასტუმრების სანაცვლად კონკრეტული საპრივატიზებო ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემაზე. აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნით კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილმა მოპასუხეს დაუდგინა რეალაქტის-საჯარო მოქმედების განხორციელების ვალდებულება. სასამართლო აქტის აღსრულებას სავალდებულო, სახელისუფლებო-იმპერატიული ძალის ბუნება აქვს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პროცესუალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზედამხედველო წარმოების წესებს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას. სსკ-ის 265-ე მუხლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება დაუშვებელია, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა, რომელშიც ამავე კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მოიაზრება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. სასამართლო გადაწყვეტილების იმპერატიულობა გულისხმობს იმას, რომ გადაწყვეტილება არ შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს, საჯარო თუ კერძო იურიდიული პირის ან ნებისმიერი თანამდებობის პირის მიერ, ამ ორგანოებსა და პირებს უფლება არ აქვთ სასამართლო გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღონ. მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელება სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებაში გამოიხატება, სამართლიანი განხილვის უფლება ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც მოიცავს, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ,,სასამართლო პროცესის’’ განუყოფელ ნაწილად განიხილება.
ქ. თბილისის მთავრობის 03.04.08 წ. N05.27.212 და 27.08.07წ. N18.19.621 დადგენილებები ნ. ნ-ისათვის ქმნის საკუთრების უფლების მოპოვების საფუძველს უძრავ ქონებაზე. სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტი, როგორც სამართლის ნორმის ანუ გენერალური მოწესრიგების კონკრეტიზაციის და ინდივიდუალიზაციის აქტი, უნდა ემყარებოდეს სამართლებრივ საფუძველს. გასაჩივრებული დადგენილებები ნ. ნ-ს ვალდებულებების შესასრულებლად აღუდგენენ რა ვადას, შემდგომში მასთან ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად, მოსარჩელე ზ. ნ-ისათვის არის შემზღუდავი, ვინაიდან ხსენებულ აქტებს მოსარჩელის მიმართ მოჰყვა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობა. ამდენად, სზაკ-ის მე-601.4 მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიერ კანონიერი უფლებებისა და ინტერსების დარღვევა არის აღნიშნული აღმჭურველი აქტების ბათილად გამოცხადების წინაპირობა, რამდენადაც მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი უკეთუ არსებითად ირღვევა სხვა პირის კანონიერი უფლებები ან ინტერესი, რაც სადავო ფართთან მიმართებით, კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის გათვალისწინებით, სახეზეა. ამასთან, საკასაციო სასამართლო მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ადასტურებს მართლმსაჯულების წესით საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიმართ კანონიერი ნდობის უპირატესობას სხვა, ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვის საფუძველზე მიღებული აქტის მიმართ ნდობასთან შედარებით (სუს 26.11.08წ. Nბს-966-927 (3კ-07) განჩინება). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს აგრეთვე, რომ კანონიერი ნდობა შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი მოსაზრების წარდგენის შემთხვევაში (სზაკ-ის მე-9 მუხლით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება), რომლის უფლებებსაც უშუალოდ ეხება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება.
,,ქ. თბილისის მთავრობისა და ქ. თბილისის პრემიერის რიგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესწავლასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ’’ ქ. თბილისის მთავრობის 04.05.07წ. N09.17.287 დადგენილებით აღინიშნა, რომ დაინტერესებულ მხარეებს შესაძლოა გააჩნდეთ გარკვეული სამართლებრივი ინტერესები, რის გამოც სზაკ-ის მე-13 და 95-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად დადგინდა მათი ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ მხარეებად ჩართვა და მათთვის საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობების მიცემა. დადგენილების მე-3 პუნქტით ადმინისტრაციას დაევალა დაინტერესებულ მხარეთა მოწვევა ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად. სზაკ-ის 95-ე მუხლი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ხსენებული წესი მიზნად ისახავს იმ პირების დაცვას, რომლის უფლებებსაც შესაძლოა შეეხოს გამოსაცემი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სზაკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. ხსენებულ მუხლში დეკლარირებული წესი ადმინისტრაციული წარმოების უმნიშვნელოვანესი პრინციპთაგანია, რომელიც მიზნად ისახავს იმ პირების მაქსიმალურ დაცვას, რომლის უფლებებსაც შესაძლოა შეეხოს გამოსაცემი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული პირები უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ ამ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ დაინტერესებული მხარის უფლებების დაცვას, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითად სწორი, ობიექტური გადაწყვეტილების გამოცემას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო უზრუნველეყო ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის-ზ. ნ-ის ჩაბმა, ადმინისტრაციული წარმოების აღნიშნული წესის მოთხოვნის შეუსრულებლობამ გამოიწვია სზაკ-ის მე-13, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლებით რეგლამენტირებული მოთხოვნების დარღვევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მთავრობის 27.08.07წ. N18.19.621 და 03.04.08წ. N05.27.212 დადგენილებები (გასაჩივრებულ ნაწილში) მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, სახეზეა ქ. თბილისის მთავრობის 03.04.08 წ. N05.27.212 და 27.08.07 წ. N18.19.621 დადგენილებების სადავო ნაწილში სზაკ-ის მე-601 მუხლით განსაზღვრული ბათილობის საფუძვლები.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის მთავრობის 27.08.07წ. N18.19.621 დადგენილებისა და ქ. თბილისის მთავრობის 03.04.08წ. N05.27.212 დადგენილების საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობასა და ნ. ნ-ს შორის 25.12.08წ. დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ქ. თბილისში, ... ქუჩასა და ... მიმავალი გზის მიმდებარედ (ნაკვეთი 064) არსებული 1050 კვ.მ. ორი-N18 და N19 (თვითოეული 525 კვ.მ. ოდენობით) მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა ნ. ნ-ს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სადავო ნაწილების საფუძველზე დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ამდენად, დასტურდება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსა და მესამე პირს შორის მიწის ნაკვეთების ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას არ გააჩნდა კანონიერი საფუძველი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ხელშეკრულების ბათილად ცნობას არ გამორიცხავს კასატორის-ქ.თბილისის მერიის მითითება მყიდველის კეთილსინდისიერებაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსა და ნ. ნ-ს შორის დადებული სადავო ხელშეკრულება თავისი ბუნებით არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომლის კანონიერების შესაფასებლად სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს არა მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნორმებით. სზაკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო, როგორც ადმინისტრაციული ხელშკრულების მონაწილე მხარე, მთელი თავისი ადმინისტრაციული რესურსით თავადვე უნდა იყოს ხელშეკრულების კანონიერების გარანტი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რომელიც საფუძვლად დაედო ხელშეკრულებას, სზაკ-ის 70.2 მუხლის თანახმად ქმნის ხელშეკრულების ბათილობის დამატებით საფუძვლებს. ხსენებული ნორმის თანახმად ადმინისტრაციული აქტის ბათილობა იწვევს მისი სამართლებრივი შედეგის ბათილობას, აქტის ბათილობის გამოცხადებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას არ გააჩნდა კანონიერი საფუძველი. ამასთანავე, ნ. ნ-ისათვის ცნობილი იყო მის მიერ სააუქციონო პირობების შეუსრულებლობა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია მოცემული ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის გამომრიცხავ გარემოებად კეთილსინდისიერ შემძენზე მითითება. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც ზ. ნ-ს უქმნის სადავო მიწის ნაკვეთის მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის საფუძველს, დასტურდება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით იზღუდება მისი, როგორც დაინტერესებული პირის უფლება და კანონიერი ინტერესი. სზაკ-ის 67-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს და აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნ. ნ-ის მიერ აუქციონში გამარჯვების შედეგად მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება არის უძრავი ქონების პრივატიზაციის პროცესის დამაგვირგვინებელი დოკუმენტი, ხელშეკრულების დადებამდე პრივატიზაციის პროცესი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მთელი რიგი საჯარო მოქმედებების განხორციელებას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას. მოცემული პროცესის განხორციელებისას მიღებული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა ქმნის მათი საბოლოო შედეგის-ნასყიდობის ხელშეკრულების კანონთან შეუსაბამობისა და მისი ბათილად ცნობის აუცილებელ, გარდაუვალ და თანმდევ პირობას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ნ. ნ-ს, როგორც 09.11.01წ. აუქციონში გამარჯვებული პირის, უფლებები ნაკვეთის შესყიდვასთან დაკავშირებით ბათილია, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.06.06წ. გადაწყვეტილების გათვალისწინებით ქ. თბილისის მთავრობა არ იყო ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანო, ამდენად, ნ. ნ-ი ვერ ისარგებლებს კეთილსინდისიერი შემძენის დაცვის ნორმებით, ხოლო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრებები მიწის ნორმატიული ფასის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივრებში მითითებულ დარღვევას ადგილი არ აქვს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, გადაწყვეტილება არსებითად სწორია და მიღებულია საკასაციო სასამართლოს განჩინების მითითებების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არარსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების კანონისმიერი საფუძველი.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მთავრობისა და ნ. ნ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.03.2013 წ. გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე