საქმე ბს-359-349(4კ-13) 24 აპრილი, 2014წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
მაია ვაჩაძე
სხდომის მდივანი _ ანა ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) _ ვ. მ-ი, წარმომადგენელი ლ. წ-ი (რწმუნებულება 05.02.2013წ. №130094412)
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები): ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, წარმომადგენელი გ. ო-ი (23.04.14წ. №84758 მინდობილობა), ა. თ-ე (20.01.14წ. №10999 მინდობილობა), ქ. თბილისის მერია, წარმომადგენელი ბ. ნ-ე (მინდობილობა 31.12.13წ. N17-06/13365245).
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2013წ. განჩინება
სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ვ. მ-მა 16.06.2011წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მისი უძრავი ნივთის - თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 12.08.2010წ. №06-8/8207 წერილის, გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 19.08.2010წ. №882010742465-03 გადაწყვეტილების, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 12.10.2010წ. აუქციონის №9-4-248 ოქმის, დ. ო-ის სახელზე 16.11.2010წ. გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით ...) დ. ო-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სამსახურის 26.11.2010წ. გადაწყვეტილებისა და ვ. მ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.05.2011წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2006 წლის 17 ივლისიდან მის საკუთრებაში ირიცხება ნორიოს საკრებულოს ტერიტორიაზე მდებარე ... 0,10 ჰა. მიწის ნაკვეთი, რომელიც 20.06.2006წ. შეიძინა. 04.04.2011წ. განცხადებით მიმართა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს და წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია (ნაკვეთის ზომების დაზუსტება). საჯარო რეესტრმა დაადგინა, რომ ვ. მ-ის მიერ წარდგენილ საკადასტრო ნახაზსა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება და მის მიერ წარდგენილი ნახაზის მიხედვით მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. აღნიშნული ზედდების საფუძველი გახდა 19.08.2010წ. ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში აღრიცხვა, რის შემდეგაც მოხდა ნაკვეთის გასხვისება აუქციონის წესით დ. ო-ეზე. ვ. მ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც უარი თქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელის მოსაზრებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და სამართლებრივად შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შედეგად მოჰყვა უკანონო გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.07.2011წ. საოქმო განჩინებით, სზაკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ დ. ო-ე და ქ. თბილისის მერია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.08.2011წ. გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.05.2011წ. №73784 გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში კანონიერია, ვინაიდან რეგისტრაცია მოსარჩელეს პირდაპირ სასამართლოში უნდა გაესაჩივრებინა. სასამართლომ მიიჩნია, რომ თვითმმართველი ერთეულის სახელზე 19.08.2010წ. რეგისტრაციის განხორციელების პერიოდში არ არსებობდა უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან სახეზე იყო შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტი - ქონების მართვის სააგენტოს 12.08.2010წ. №06-8/8807 მიმართვა. ვ. მ-ის სახელზე 2006 წელს განხორციელებული დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობის პირობებში ვერ დადგინდებოდა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა და ფართობი, შესაბამისად, ზუსტი საკადასტრო მონაცემები. ამდენად, ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების შეუსაბამობის განსაზღვრა ვ. მ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან შეუძლებელი იყო. 12.10.2010წ. აუქციონის, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 12.10.2010წ. №9-4-248 ადმინისტრაციული დაპირებისა და 16.11.2010წ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 19.08.2010წ. №882010742465-03 გადაწყვეტილების საფუძველზე სადავო ქონება აღირიცხა თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში და საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრირებულმა პირმა კანონით დადგენილი წესის დაცვით გაასხვისა ქონება მესამე პირზე - დ. ო-ეზე, რომელიც უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.08.2011წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2011წ. განჩინებით ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 19.08.2010წ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის №882010742465-03 გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ... დაზუსტებული 933 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №...) დარეგისტრირდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე საკუთრების უფლებით. სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას, არ გამოკვეთილა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლები. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვ. მ-ის მიერ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების რეგისტრაციის მოთხოვნის პერიოდისათვის სადავო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული მონაცემებით უკვე აღრიცხული იყო ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა (WGS-84) სისტემის (UTM) პროექციით შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ვ. მ-ის საკუთრებაში არსებულ ობიექტს და არ არსებობდა მასზე თვითმმართველი ერთეულის მიერ რეგისტრაციის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები. ვ. მ-ის მიერ ნორიოში მდებარე 0,10 ჰა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროისათვის (2006 წელს) მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად, საკადასტრო აღწერის ჩატარება გულისხმობდა უძრავი ნივთების შესახებ მონაცემების დოკუმენტირებას (მოძიება, სისტემატიზაცია, დაფიქსირება), რომლებიც ასახავენ უძრავი ნივთების ადგილმდებარეობას, დანიშნულებას, საზღვრებს, ზომებს და მათთან დაკავშირებულ უფლებებს. პალატამ მიუთითა, რომ ვ. მ-ის მიერ არ იქნა წარდგენილი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო რეესტრის შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული სადავო მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა – ამონაბეჭდი საკადასტრო რუკიდან, მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა მხოლოდ შპს ”გ...” მიერ შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება და მიიჩნია, რომ 2006 წელს განხორციელებული ვ. მ-ის სახელზე დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობის პირობებში ვერ დგინდება მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა და ფართობი, საკადასტრო მონაცემები. შესაბამისად, არ დასტურდება ვ. მ-ისა და თვითმმართველი ერთეულის მიერ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 19.08.2010წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 12.08.2010წ. №06-8/8807 მიმართვის საფუძველზე განხორციელდა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, არის კანონშესაბამისი და მისი რეგისტრაციის დროისათვის არ არსებობდა „საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 21-23-ე მუხლებით გათვალისწნებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა და სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლები.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.05.2011წ. №73784 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის შესახებ საჩივრდებოდა სასამართლო წესით. სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის (მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის) მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება და მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.05.2011წ. №73784 გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში კანონიერია, ვინაიდან უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება პირდაპირ სასამართლოში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აუქციონი ჩატარდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, არ არსებობდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.11.2010წ. გადაწყვეტილების, რომლითაც სადავო ქონება დაურეგისტრირდა დ.ო-ეს, გაუქმების საფუძველი. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ დასკვნებს და მიიჩნია, რომ არ დასტურდება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა კანონის მოთხოვნათა ისეთი დარღვევით, რაც სზაკ-ის მე-601 მუხლის შესაბამისად მათი ბათილად ცნობის საფუძველს შექმნიდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2011წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მოყვანილი სასამართლოს მოსაზრებები სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რადგან ვ. მ-ის მიერ 17.07.2006წ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებისათვის წარდგენილ იქნა იმ დროს მოქმედი კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, შესაბამისად, სხვა დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებაც არ არსებობდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 27.11.2012წ. განჩინებით ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2011წ. განჩინება და საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კასატორ _ ვ. მ-ის სახელზე 20.06.2006წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია დავის განხილვის მომენტისათვის ძალაშია და ნამდვილია. საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმციიდან გამომდინარე ითვლება, რომ ვ. მ-ს საკუთრებაში გააჩნია შემდეგი უძრავი ქონება: სარეგისტრაციო ზონა _ გარდაბანი, კოდი ..., სექტორი ..., კოდი ..., კვარტალი ..., ნაკვეთი ..., ფართობი 0,10 ჰა (დაუზუსტებელი). საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მითითება ვ. მ-ისა და დ. ო-ის მიწის ნაკვეთების არაიდენტურობის თაობაზე და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლეოდა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია და დაედგინა ჰქონდა თუ არა ადგილი მიწის ნაკვეთების - №... და №... იდენტურობას და უფლებამოსილი ორგანოს მიერ სხვადასხვა პერიოდში ერთი და იმავე მიწის ნაკვეთის განკარგვას, არსებობდა თუ არა მათ შორის გადაფარვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.03.2013წ. გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.08.2011წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 12.08.2010წ. №06-8/8207 წერილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 19.08.2010წ. №882010742465-03 გადაწყვეტილება (ვ. მ-ის მიერ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში), აღნიშნული აქტების მოქმედება შეწყდა მათი ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან; ვ. მ-ის მოთხოვნას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.11.2010წ. გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.05.2011წ. №73784 გადაწყვეტილების, 12.10.2010წ. აუქციონის, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 12.10.2010წ. №9-4-248 ადმინისტრაციული დაპირებისა და 16.11.2010წ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე უარი ეთქვა.
სააპელაციო სასამართლომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 19.08.2010წ. №882010742465-03 გადაწყვეტილება, რომლითაც 933 კვ. მ. მიწის ნაკვეთი აღირიცხა თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში, წარმოადგენს ძალადაკარგულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.11.2010წ. გადაწყვეტილებით განხორციელდა საკუთრების უფლების გადასვლა და 933 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა დ. ო-ის სახელზე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 20.06.2006წ. №1644 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაზე თანდართული იყო შპს „გ...“ მიერ შესრულებული საკადასტრო რუკები, რომელიც „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შემადგენელი ნაწილი იყო და წარმოადგენდა უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრების შესახებ საკადასტრო მონაცემების კარტოგრაფიულ გამოსახულებას. გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურში დაცული 20.06.2006წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით ვ. მ-ის მომიჯნავე №48 მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ა. ბ-ეს, 20.06.2006წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ა. ბ-ის საკუთრებაში არსებული 1000 კვ. მ. მიწის ნაკვეთი დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრის მიერ და მისი საკადასტრო კოდია .... . საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში 21.02.2013წ. დამზადებული სადავო მიწის ნაკვეთების ამსახველი საკადასტრო რუკიდან დგინდება, რომ ა. ბ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მეზობლად მდებარეობს თვითმმართველი ერთეულის სახელზე 19.08.2010წ. დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... , რომელზეც ამჟამად დარეგისტრირებულია დ. ო-ის საკუთრების უფლება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დამზადებულ უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემების ზედდების ამსახველ სიტუაციურ ნახაზზე, რომლითაც დადგენილია, რომ დ. ო-ისა და ვ. მ-ის მიწის ნაკვეთები იმყოფება ნაწილობრივ გადაფარვაში. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ თვითმმართველი ერთეულის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არ განხორციელდა მასთან დაცული რეგისტრირებული მონაცემების შედარება თვითმმართველი ერთეულის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მონაცემებთან, შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის სახელზე დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირდა ვ. მ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი. სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სზაკ-ის 96-ე მუხლისა და ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების დარღვევა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წანამძღვრებს ქმნიდა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 12.08.2010წ. წერილით თვითმმართველი ერთეულის სახელზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს მიერ უკვე განკარგული, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი. ქ. თბილისის მერიის 12.10.2010წ. აუქციონის შედეგების, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 12.10.2010წ. №9-4-248 ადმინისტრაციულ დაპირებისა და 16.11.2010წ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნებთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ დ. ო-ეს გააჩნია კანონიერი ნდობა, შესაბამისად, დაუშვებელია აღმჭურველი ხასიათის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.05.2011წ. №73784 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პალატამ აღნიშნა, რომ სადავო აქტი გასაჩივრებულ ნაწილში კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.03.2013წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურმა, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, აგრეთვე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება ვ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა. ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ აგრეთვე მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №882010742465-03 გადაწყვეტილების, ქონების მართვის სააგენტოს №06-8/8207 წერილის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ქონების მართვის სააგენტოსათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.03.2013წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ვ. მ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, აგრეთვე იმ ნაწილში, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 12.08.2010წ. №06-8/8207 წერილისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 19.08.2010წ. №882010742465-03 გადაწყვეტილების მოქმედების შეწყვეტის თარიღად განსაზღვრა მათი ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღე. კასატორმა მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 12.08.2010წ. №06-8/8207 წერილისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 19.08.2010წ. №882010742465-03 გადაწყვეტილების მოქმედების შეწყვეტის დროდ მათი ძალაში შესვლის თარიღის განსაზღვრა და ვ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმ ნაწილში, რომელშიც უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, ქონების მართვის სააგენტოს 12.10.2010წ. №9-4-248 ოქმის, დ. ო-ის სახელზე 16.11.2010წ. გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით 81.21.05.392) დ. ო-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26.11.2010წ. გადაწყვეტილებისა და ვ. მ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.05.2011წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. კასატორმა აღნიშნა, რომ სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს აქტის მოქმედების შეწყვეტა მისი ძალაში შესვლის დღიდან, ბათილად ცნობის დღიდან ან მომავალში კონკრეტული თარიღის მითითებით. როგორც წესი, აქტის ბათილად ცნობის მიზნებიდან გამომდინარე, აქტის მოქმედების შეწყვეტა განისაზღვრება მისი ძალაში შესვლის დღიდან, გამონაკლისის სახით სხვა თარიღის განსაზღვრა გადაწყვეტილებაში უნდა იყოს დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლოს 29.03.2013წ. გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეწყვეტის თარიღის განსაზღვრა. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა - ამავე ნორმის „ა“ ქვეპუნქტი. ყოველივე ამის შედეგად სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რამდენადაც ბათილად ცნობილი აქტები ვ. მ-ის უფლებებს უხეშად ლახავდნენ მათი ძალაში შესვლის დღიდან. აქტების მოქმედების შეწყვეტის თარიღად გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების თარიღის განსაზღვრით სასამართლო ცდილობს დააკანონოს ვ. მ-ის საკუთრების ქონების მართვის სააგენტოს მიერ აუქციონზე რეალიზაცია. 12.10.2012წ. აუქციონის შედეგები - 12.10.2012წ. გამარჯვების ოქმი და 16.11.2010წ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ჩაითვლება კანონიერ აქტებად, მიუხედავად იმისა, რომ მათ საფუძვლად არსებული აქტები ცნობილია უკანონოდ, რაც კანონსაწინააღმდეგოა. კასატორი არ ეთანხმება აგრეთვე მოსაზრებას, რომ დ. ო-ეს სადავო აქტების მიმართ ჰქონდა კანონიერი ნდობა. დ.ო-ემ იცოდა, რომ ნივთს ჰყავდა სხვა მესაკუთრე. შესაბამისად, მასთან მიმართებაში ვერ იქნება გამოყენებული კანონიერი ნდობის ინსტიტუტი. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სხვა პირის კანონიერ ინტერესებს. განსახილველ შემთხვევაში ცალსახაა, რომ გასაჩივრებული აქტები არღვევენ ვ. მ-ის საკუთრების უფლებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სზაკ-ის მე-601 მუხლის მეოთხე ნაწილი. გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის გარეშე ვ. მ-ს ერთმევა შესაძლებლობა დაიბრუნოს 2006 წლიდან მის საკუთრებში არსებული მიწის ნაკვეთი. უკეთუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ სადავო აქტების მიმართ დ. ო-ეს გააჩნდა კანონიერი ნდობა და გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობით დ. ო-ეს მიადგებოდა ზიანი, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სზაკ-ის მე-601 მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის მიხედვით, თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, დაინტერესებულ მხარეს კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ზიანი.
საკასაციო პალატის 14.11.13წ. განჩინებებით ვ.მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ხოლო ქ.თბილისის მერიის, ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2013წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია, რომ 20.06.2006წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაუზუსტებელი მონაცემებით ნორიოში, ... 0, 10 ჰა მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) დარეგისტრირდა ვ. მ-ის საკუთრების უფლება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 19.08.2010წ. №882010742465-03 გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ... დაზუსტებული 933 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №...) დარეგისტრირდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე, უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 12.08.2010წ. მიმართვა №06-8/8807 ნაკვეთის თვითმმართველობის სახელზე რეგისტრაციის შესახებ. საქმეში დაცული საჯარო რეესტრის ამონაწერის (უფლების რეგისტრაციის თარიღი 26.11.2010წ.) თანახმად ქ.თბილისში, ... 933 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №...) დაზუსტებული მონაცემებით, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაცემული 16.11.2010წ. №დ-61 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობისა და ამავე ორგანოს მიერ 12.10.2010წ. გაცემული №9-4-248 აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე, რეგისტრირებულია დ. ო-ის საკუთრებაში. საქმეზე დადგენილია, რომ ვ. მ-ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთსა (საკადასტრო კოდი ...) და დ. ო-ის ნაკვეთს შორის (საკადასტრო კოდი №...) არსებობს ზედდება.
პალატა აღნიშნავს, რომ ვ. მ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის განხორციელებისას მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ 28.12.05 წ. კანონი ითვალისწინებდა უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში დაზუსტებული ან დაუზუსტებელი ფართობის მითითებას (8.3. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). „საჯარო რეესტრის შესახებ“ 19.12.2008წ. კანონის საფუძველზე მიღებული იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 8.7, 31.4 მუხლები ასევე ითვალისწინებენ დაუზუსტებელ რეგისტრაციას. ამდენად, კანონმდებლობა ითვალისწინებდა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში არსებობას როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით, კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს (იხ. სუს.28.02.13წ. Nბს-367-363 (კ-12) განჩინება). სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის განმტკიცებისკენ, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა. საჯარო რეესტრი, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი საჯარო დაწესებულება, ფუნქციურ-სამართლებრივი ნიშნით შექმნილი ადმინისტრაციული ორგანოა, აღნიშნულიდან გამომდინარე, მის საქმიანობაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის უმნიშვნელოვანესი პრინციპები, მათ შორის, კანონიერებისა და კანონიერი ნდობის უფლების პრინციპები. საჯარო რეესტრის ძირითადი დანიშნულება მოწესრიგებული და საიმედო სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებაა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013წ. №3/1/531 გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ ,,უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი გარემოებაა საჯარო რეესტრში ასეთი უფლების დარეგისტრირება. უძრავი ქონების როგორც შეძენა, ისე შემდგომში ამ უფლების ნებისმიერი ტრანსფორმაცია საჯარო რეესტრში დარეგისტრირებას მოითხოვს უფლების ნამდვილობისთვის. სწორედ საჯარო რეესტრში უძრავი ქონების დარეგისტრირებით პირს უჩნდება კონკრეტულ ქონებაზე საკუთრების უფლების გარანტია, რაც, იმავდროულად, სახელმწიფოს მხრიდან, მისი ამ უფლების დაცვის ვალდებულებაცაა. ამასთან, უძრავი ქონების რეგისტრაცია სახელმწიფოს ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. ამის შემდეგ მოქმედებს სახელმწიფოს ქმედების კეთილსინდისიერებისა და საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობის პრეზუმფცია (აღსანიშნავია, რომ საერთო სასამართლო დავის გადაწყვეტისას საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობას ეყრდნობა). პირს აქვს გონივრული მოლოდინი, რომ მის მიერ კანონის შესაბამისად ქმედების პირობებში, კანონი არ ითვალისწინებს, მისი ინფორმირების გარეშე, მისი ქონების გასხვისების შესაძლებლობას“. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვ. მ-ის სახელზე სადავო ნაკვეთი აღირიცხა მ. ნ-ესთან 02.08.06წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულება ძალაშია და სადავო არ გამხდარა, ხელშეკრულებაში მითითებული შესყიდული ნაკვეთის მონაცემები, მიწის შესახებ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაციის N810607531, თარიღი 30.05.2006წ., სარეგისტრაციო N812100795, თარიღი 16.06.2006წ.), ვ. მ-ის დაკვეთით 24.03.06წ. შედგენილი საკადასტრო რუკა, ვ. მ-ის სახელზე სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციის რეკვიზიტები (სარეგისტრაციო ზონა-გარდაბანი, კოდი-..., სექტორი-ხეხილსანერგე, კოდი-..., კვარტალიN..., ნაკვეთი N..., ფართობი 0,10ჰა., მისამართი-ნორიოს საკრებულო, ...) იძლეოდა ნაკვეთის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ ორგანული კანონის 47-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა. რამდენადაც აღნიშნული ქონება იმყოფებოდა ვ. მ-ის საკუთრებაში, ქონების მართვის სააგენტო არ იყო უფლებამოსილი 12.08.10წ. N06-8/8207 წერილის საფუძველზე აღერიცხა ნაკვეთი თავის საკუთრებაში და მოეხდინა მისი პრივატიზაცია. თვითმმართველობის ორგანოს სახელზე ნაკვეთის რეგისტრაციის განხორციელება მოხდა ხსენებული წერილის საფუძველზე, წერილს მოჰყვა სამართლებრივი შედეგი, შესაბამისად ის არის სზაკ-ის 2.1 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ თუ რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას. აღნიშნული ნორმის მიხედვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური ვალდებული იყო დაედგინა უძრავ ნივთზე უკვე რეგისტრირებული საკუთრების უფლება. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 19.08.10წ. N882010742465-03 გადაწყვეტილებით ვ. მ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე სხვისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს და სზაკ-ის 601 მუხლის თანახმად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 12.08.2010წ. №06-8/8207 წერილისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 19.08.2010წ. №882010742465-03 გადაწყვეტილების, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, მოქმედება შეწყდა მათი ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან, ამასთანავე, ვ.მ-ის მოთხოვნა 12.10.2010წ. აუქციონის, ქონების მართვის სააგენტოს 12.10.2010წ. =9-4-248 ოქმის, 16.11.2010წ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის ამგვარი გადაწყვეტით ვ. მ-ს ერთმევა თავისი საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა. საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის ასეთი გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საკასაციო პალატა თვლის, რომ საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. ვ. მ-სა და მ. ნ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ქმნიდა ნაკვეთის ვ. მ-ის სახელზე აღრიცხვის მყარ საფუძველს. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ 20.06.06წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ვ. მ-ის საკუთრების უფლება ნორიოში, ... 0.10 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე, დაუზუსტებელი მონაცემებით. საქმეში დაცული საჯარო რეესტრის ამონაწერით (უფლების რეგისტრაციის თარიღი 26.11.2010წ.), იმავე მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებულია დ. ო-ის საკუთრების უფლება. უკანასკნელ რეგისტრაციას საფუძვლად დაედო ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 16.11.10წ. Nდ-61 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და ამავე ორგანოს 12.10.10წ. N9-4-248 აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტით ძალაში რჩება ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერი. იმ პირობებში, როდესაც სადავო მიწის ნაკვეთი ამჟამად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ვ. მ-ის სახელზე, რეგისტრაცია და მისი საფუძველი ძალაშია და მისი კანონიერებაც ეჭვქვეშ არ დამდგარა, დაუსაბუთებელია და კანონმდებლობის მოთხოვნებს არ შეესაბამება იმავდროულად დ. ო-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმავე მიწის ნაკვეთზე. ერთი და იგივე ობიექტზე ორი ჩანაწერის კონკურენციის პირობებში საერთო წესის მიხედვით უპირატესობა ენიჭება იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვიდრე წინმსწრები. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თვითმმართველობის ორგანოს სახელზე სადავო რეგისტრაციის დროს მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის ჩანაწერის შესაბამისად ვ. მ-ის სახელზე იყო რეგისტრირებული. სადავო მიწის ნაკვეთი ამჟამადაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში ვ.მ-ის სახელზე, რეგისტრაცია ძალაშია, ის არ გასაჩივრებულა, მის მიმართ მოქმედებს რეგისტრაციის კანონიერების და უტყუარობის პრეზუმფცია. საერთო წესის მიხედვით ბოლო ჩანაწერი ძალას უკარგავს ადრინდელ ჩანაწერს. მოცემულ შემთხვევაში თვითმმართველობის ორგანოს სახელზე განხორციელებული სადავო ჩანაწერით არ გაუქმებულა ვ. მ-ის სახელზე არსებული ჩანაწერი, სახეზეა ერთი და იმავე ობიექტზე სხვადასხვა კოორდინატთა სისტემაში ორი ჩანაწერის კონკურენცია, რომლის პირობებშიც უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ კანონის 12.1 მუხლის შესაბამისად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ. ამდენად არ იკვეთება სადავო რეგისტრაციის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, თვითმმართველობის სახელზე რეგისტრაციის განხორციელება რეგისტრაციის მომენტიდან ლახავდა ვ. მ-ის საკუთრების უფლებას.
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ის გარემოება, რომ 12.10.10წ. აუქციონის შედეგები, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 12.10.10წ. N9-4-248 ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება) და 16.11.10წ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა არის დ. ო-ის მიერ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების საფუძველი, სზაკ-ის 601.4 მუხლით დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხსენებული აქტების მიმართ დ. ო-ეს კანონიერი ნდობა აქვს, რაც გამორიცხავს აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სზაკ-ის 6014 მუხლი ითვალისწინებს კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას იმ შემთხვევაში, როდესაც იგი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტი, როგორც სამართლის ნორმის (გენერალური მოწესრიგების) კონკრეტიზაციის და ინდივიდუალიზაციის აქტი, უნდა ემყარებოდეს სამართლებრივ საფუძველს. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დ. ო-ე გამოცხადდა მესაკუთრედ (16.11.10წ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა) და აუქციონში გამარჯვების 12.10.10წ. =9-4-248 ოქმი, მოსარჩელისათვის – ვ. მ-ისათვის არის შემზღუდავი, ვინაიდან ისინი ხელყოფენ მოსარჩელის საკუთრების უფლებას, პირის უფლების და ინტერესების არსებითად დარღვევა სზაკ-ის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი მიუხედავად აქტების მიმართ დაინტერესებული პირის - დ.ო-ის კანონიერი ნდობისა, მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი უკეთუ არსებითად ირღვევა სხვა პირის კანონიერი უფლებები ან ინტერესი, რაც სადავო მიწის ნაკვეთთან მიმართებით, 20.06.06წ. ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე ვ.მ-ის განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერების არსებობის გათვალისწინებით, სახეზეა. სადავო ნაკვეთის ვ. მ-ის სახელზე რეგისტრაციის შედეგად მას გაუჩნდა საჯარო რეესტრის ჩანაწერისადმი კანონიერი ნდობა და ამ ნდობის პირობებში წლების განმავლობაში ის მართლზომიერად ფლობდა კუთვნილ მიწის ნაკვეთს. სააპელაციო პალატა შემოიფარგლა მხოლოდ დ. ო-ის კანონიერ ნდობაზე მსჯელობით და შეფასების მიღმა დატოვა ვ. მ-ის კანონიერი ნდობა მის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის მიმართ. ამდენად, დ.ო-ის კანონიერი ნდობა 16.11.10წ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის და 12.10.10წ. =9-4-248 ოქმის, როგორც დაპირებისადმი, გამოირიცხება მ.მ-ის კანონიერი ნდობის დაცვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით.
ვ. მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა საფუძველს არის მოკლებული სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 12.10.10წ. აუქციონის №9-4-248 ოქმის ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიჩნევის შემთხვევაშიც. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აუქციონის ჩატარების დროს მოქმედი ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ კანონის მე-194 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენდა, რომ თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების შესახებ გარიგება ფორმდებოდა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის წერილობითი ხელშკრულება. სასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის მიხედვით, კეთილსინდისიერი მფლობელის უფლებები, მფლობელობის განხორციელების თვალსაზრისით, დაცულია მესაკუთრის ტოლფასად. სზაკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ მოქმედებს სზაკ-ის მეხუთე თავით გათვალისწინებული სპეციალური ნორმები, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლები გათვალისწინებულია არა მხოლოდ სამოქალაქო კოდექსით, არამედ დამატებით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითაც. ადმინისტრაციული ხელშეკრულების კანონიერების მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები ვლინდება სზაკ-ის ისეთ დანაწესებში, როგორიცაა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭების ფარგლებში, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის დაუშვებლობა და სხვ.. ამდენად, საჯარო ორგანო მთელი თავისი ადმინისტრაციული რესურსით მოწოდებულია უზრუნველყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების კანონიერება, ბრუნვის სტაბილურობის მოსაზრებები არ წარმოადგენს ერთადერთ მოთხოვნას ადმინისტრაციული ხელშეკრულებების მიმართ, სამართალურთიერთობის ყველა მონაწილის პატივსადები ინტერესის სამართლიანი ბალანსის მიღწევა შესაძლებელია არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციული მოთხოვნების გათვალისწინების პირობებში. მოცემულ შემთხვევაში ვ. მ-ის და დ.ო-ის ინტერესებს შორის, მარეგისტრირებელი ორგანოს გარდა, დგას ქონების განმკარგავი ადმინისტრაციული ორგანო - სსიპ ქონების მართვის სააგენტო, ნივთის შეძენა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია მის მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც ადმინისტრაციული ხელშეკრულების მონაწილე მხარის, პასუხისმგებლობა არის გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე სამართლის რომელიმე სხვა სუბიექტის, რამდენადაც მიიჩნევა, რომ სახელმწიფო, თვითმმართველობის ორგანო, მთელი მისი ადმინისტრაციული რესურსებით, თავადვე უნდა იყოს კანონიერების გარანტი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომელიც საფუძვლად დაედო ხელშეკრულებას, დამატებით ქმნის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, როგორც ადმინისტრაციული ხელშეკრულების („ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ კანონის მე-194 მუხლის მე-3 პუნქტი, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 21-ე მუხლი) სზაკ-ის 70-ე მუხლით გათვალისწინებული ბათილობის საფუძვლებს. ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, სზაკ-ის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად იწვევს ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობას, ვინაიდან ადმინისტრაციული აქტის ბათილობა იწვევს მისი სამართლებრივი შედეგის ბათილობას, აქტის ბათილობის გამოცხადებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას არ გააჩნდა კანონიერი საფუძველი. ამდენად, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს =06-8/8207 მიმართვისა და საჯარო რეესტრის გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 19.08.2010წ. =882010742465-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იწვევს მათ საფუძველზე გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების - 12.10.2010წ. =9-4-248 ოქმის, როგორც აუქციონის პროცედურის შემაჯამებელი, დამაგვირგვინებელი დოკუმენტის ბათილად ცნობას. შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუქციონის 12.10.2010წ. =9-4-248 ოქმის, 16.11.2010წ. საკუთრების მოწმობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 26.11.2010წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე ვ.მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ 12.10.10წ. აუქციონის შედეგად დ. ო-ის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი გადაფარვაში იმყოფება აგრეთვე ვ. მ-ის კუთვნილი ნაკვეთის მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთთან, სააპელაციო სასამართლოს 29.11.13წ. კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით გაუქმდა 12.10.10წ. №9-3-287 აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, 16.11.2010წ. №დ-61 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის დ. სიხუაშვილის მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში (საკადასტრო კოდი №...). ამასთანავე, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 12.08.10წ. №06-8/8207 წერილი ხსენებულ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი კანონიერ ძალაში მყოფი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.07.13წ. გადაწყვეტილებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა ეხება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.05.11წ. N73784 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. სააგენტოს აღნიშნული სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ვ. მ-ს განემარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ კანონის 29.3 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. სზაკ-ის 185-ე მუხლის მიხედვით, თუ სზაკ-ის მე-13 თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის IV თავით გათვალისწინებული დებულებანი, ხოლო სზაკ-ის მე-IV თავის 80.4 მუხლის თანახმად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში. ამდენად, აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.05.2011წ. N73738 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე, კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილშიც დაუსაბუთებელია, ვინაიდან სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების: სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 12.08.2010წ. =06-8/8207 წერილისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 19.08.2010წ. =882010742465-03 გადაწყვეტილების მოქმედების შეწყვეტის თარიღად სააპელაციო სასამართლოს მიერ მათი ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღე განისაზღვრა. როგორც წესი, აქტის ბათილად ცნობის მიზნებიდან გამომდინარე, აქტის მოქმედების შეწყვეტა განისაზღვრება მისი ძალაში შესვლის დღიდან, თუმცა ზაკ-ის მე-601 მუხლის მე-7 ნაწილი გამონაკლისის სახით უშვებს ასევე აქტის მოქმედების შეწყვეტის სხვა თარიღის განსაზღვრის შესაძლებლობას, აღნიშნული გამონაკლისი განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთების აუცილებლობას. ვ. მ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის თვითმმართველობის სახელზე რეგისტრაციით შეილახა ვ. მ-ის კონსტიტუციით აღიარებული საკუთრების უფლება. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის აღნიშნული უკანონო აქტების ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა ლახავს მოსარჩელის უფლებებს. ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან ერთად სახეზეა აუქციონის შედეგების, 12.10.10წ. N9-4-248 ოქმის, 16.11.10წ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 26.11.2010წ. გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევის სამართლებრივი წანამძღვრები, შესაძლებელია სადავო აქტების მოქმედების შეწყვეტა მათი ძალაში შესვლის დღიდან, შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი მოცემულ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.13წ. გადაწყვეტილება ვ.მ-ის სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილებისა და 12.10.2010წ. აუქციონის, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 12.10.2010წ. N9-4-248 ადმინისტრაციული დაპირების, 16.11.2010წ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 26.11.2010 წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ვ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 12.08.10წ. N06-8/8207 წერილი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 19.08.10წ. N882010742465-03 გადაწყვეტილება, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 12.10.2010წ. N9-4-248 აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, 16.11.2010წ. #დ-61 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 26.11.2010წ. #882010886804-03 გადაწყვეტილება (ვ. მ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში);
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.13წ. გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.05.11წ. #737804 გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში;
5. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს სოლიდარულად დაეკისროთ ვაჟა მ-ის (პ.ნ....) სასარგებლოდ 800 ლარის, ხოლო თ. მ-ის სასარგებლოდ - 450 ლარის გადახდა;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე