Facebook Twitter

№ბს-389-378(კ-13) 20 მაისი, 2014 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ შემოსავლების სამსახური; წარმომადგენელი - ალექსანდრე დიასამიძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი/მ ,,შ. მ-ი“; წარმომადგენელი - ნ. თ-ა

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მოსარჩელე: ი/მ ,,შ. მ-ი“

მოპასუხე: სსიპ შემოსავლების სამსახური

სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

სარჩელის საგანი:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 20 დეკემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის №026779, №026780, №026785 ოქმების ბათილად ცნობა;

2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 19 თებერვლის №6271 ბრძანების ბათილად ცნობა.

სარჩელის საფუძველი:

ფაქტობრივი: 2012 წლის 14 მარტს გაიქურდა ქ. თბილისში, ... ქ. №31-ში მდებარე, ... ეკო პროდუქტების ჯიხური, სადაც ი/მ ,,შ. მ-ს“ შენახული ჰქონდა საკონტროლო-სალარო აპარატები საქარხნო ნომრებით: №...; №...; №....

აღნიშნულთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც დღემდე არაა გახსნილი. მიუხედავად იმისა, რომ სალარო-აპარატების დაკარგვა მისი ბრალით არ იყო გამოწვეული, შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 20 დეკემბრის სამართალდარღვევის ოქმებით №026779 და №026780, №026785, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281.7 ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდა 3000-3000-3000 ლარის ოდენობით, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2013 წლის 19 თებერვლის №6271 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სამართლებრივი: მოსარჩელემ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და საგადასახადო კოდექსის 269-ე და 281-ე მუხლებზე (იხ.ს.ფ. 1-9; ტ.1).

მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის შესაგებელი:

შემოსავლების სამსახურმა საქალაქო სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ი/მ ,,შ. მ-მა“ ადმინისტრაციული წარმოების დროს ვერ წარადგინა მტკიცებულება ობიექტის გაქურდვის თაობაზე, ასევე შენახული საკონტროლო-სალარო აპარატებისა და მოპარული საქონლის ჩამონათვალი. ადმინისტრაცული წარმოების დროს წარადგინა მხოლოდ საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების დეტექტივი თანაშემწე - გამომძიებლის ე. კ-ას 2012 წლის 14 მარტის მიმართვის წერილი, რომელიც გაცემული იყო ნ. ბ-ის სახელზე, სადაც მითითებული იყო ზოგადად ქურდობის ფაქტის შესახებ და არ იყო აღნიშნული კონკრეტულად სალარო-აპარატის დაკარგვის თაობაზე, ხოლო სარჩელს დართული აქვს ემილი კუპრავას 2012 წლის 27 ნოემბრის სხვა წერილი, დ. ა-ის სახელზე, რომელშიც მითითებულია სალარო აპარატების დაკარგვის შესახებ, სადაც წყაროდ მითითებულია ქ. გ-ის ჩვენება, რომელიც დაკითხული იყო მოწმის სახით. აღნიშნული მტკიცებულებები კი ურთიერთგამომრიცხავია.

სამართლებრივი: მოპასუხის განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო სალარო აპარატის (გარდა GPRS-ის და CRYPTO-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატებისა) დაკარგვა, თუ დადგენილი არ არის, რომ ეს გამოწვეულია სხვა პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით - იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, დადგენილი არ არის ის ფაქტი, რომ ი/მ ,,შ. მ-ის“ საკონტროლო-სალარო აპარატების დაკარგვა გამოწვეული იყო სხვა პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, რის გამოც არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი (იხ. ს.ფ. 33-41).

საქმის გარემოებები:

2012 წლის 14 მარტს გაქურდეს ... ეკოპროდუქტების ჯიხური, სადაც ი/მ ,,შ. მ-ს“ დასაწყობებული ჰქონდა საკონტროლო-სალარო აპარატები საქარხნო ნომრებით: №...; №...; №...., პროდუქტებთან ერთად მოიპარეს მისი კუთვნილი საკონტროლო-სალარო აპარტებიც, მიუხედავად იმისა, რომ სალარო აპარატები არ დაკარგულა მოსარჩელის ბრალით, საგადასახადო ორგანომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281.7 ნაწილის საფუძველზე ინდ/მეწარმე დააჯარიმა 9000 ლარით.

ი/მ ,,შ. მ-მა“ საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა დაკისრებული ჯარიმისგან გათავსუფლება, რომლის 2013 წლის 19 თებერვლის №6271 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ საქმის მასალებით დადგენილი არ იყო ის გარემოება, რომ საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვა გამოწვეული იყო სხვა პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, შესაბამისად, სამართალდარღვევის ოქმი შეესაბამებოდა საგადასახადო კანონმდებლობას და არ არსებობდა დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ი/მ ,,შ. მ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 20 დეკემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის №026779, №026780, №026785 ოქმები და 2013 წლის 19 თებერვლის №6271 ბრძანება (იხ.ს .ფ. 57-63;ტ.1)

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები:

2012 წლის 20 დეკემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის ინსპექტორების მიერ ი/მ ,,შ. მ-ის“ მიმართ საკონტროლო-სალარო აპარატების (ELVES MIKRO-F საქარხნო №№...; №...; №...) დაკარგვის ფაქტზე შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები №026779, №026780 და №026785, რომელთა შესაბამისად საწარმო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდა 3 000-3000-3000 ლარით.

ი/მ ,,შ. მ-ი“ წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ამავე სამსახურის 2012 წლის 20 დეკემბრის სამართალდარღვევის ოქმების გაუქმება.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 19 თებერვლის №6271 ბრძანებით ი/მ ,,შ. მ-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:

საქალაქო სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილად მიაჩნია, რომ საკონტროლო-სალარო აპარატების (ELVES MIKRO-F საქარხნო №№...; №...; №...) დაკარგვაში არ იკვეთება მოსარჩელის არათუ განზრახვა, არამედ გაუფრთხილებლობაც კი და არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მტკიცებულებათა არასაკმარისობის თაობაზე, ვინაიდან, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ... ეკოპროდუქტების ჯიხურიდან სხვადასხვა დასახელების პროდუქტებისა და ფულადი თანხის ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების დაუფლების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 177.2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

სასამართლოს დასკვნები - საქალაქო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, ბათილად ცნო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-7 ნაწილი არ გულისხმობს პირისათვის ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის დაკისრებას. საგადასახადო კოდექსის 269-ე და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 და მე-11 მუხლების დებულებებით ცალსახად არის დადგენილი ადმინისტრაციული (მათ შორის საგადასახადო) სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაწესების საფუძვლები, რომლის მიხედვითაც, პირს პასუხისმგებლობა ეკისრება მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებისათვის. ამდენად, დაუშვებელია პასუხისმგებლობის დაკისრება მაშინ, როდესაც პირს არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არ დაურღვევია კანონმდებლობით განმტკიცებული მართლწესრიგი, მასზე დაკისრებული მოვალეობები, არ შეულახავს სხვისი უფლებები და განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით არ გამოუწვევია მართლსაწინააღმდეგო შედეგი. საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-7 ნაწილში მითითებული დათქმა სხვა პირის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაზე არ უნდა განიმარტოს ისე, თითქოს თუ სხვა პირის დანაშაულებრივი ქმედება არ არის დადგენილი, ნებისმიერ შემთხვევაში სალარო აპარატის დაკარგვისათვის პასუხი უნდა აგოს გადასახადის გადამხდელმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ დებულებით არ არის დადგენილი საკონტროლო-სალარო აპარატების შენახვის რაიმე სპეციალური წესი, რაც სავალდებულოდ უნდა დაიცვას მეწარმემ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, გადასახადის გადამხდელს არ მოეთხოვება რაიმე განსაკუთრებული ღონისძიებების გატარება, სალარო-სალარაო აპარატის დაკარგვის თავიდან აიცილების გამო, მაგრამ იგი ვალდებულია, მეწარმისათვის დამახასიათებელი გულისხმიერებით გაუფრთხილდეს საკონტროლო-სალარო აპარატს და შეინახოს იგი ისეთ პირობებში, რომელიც გამორიცხავს სხვა პირთა უნებართვოდ დაშვებას მასთან, დაუფლებას ან სხვა გზით აპარატის გასვლას გადასახადის გადამხდელის მფლობელობიდან.

საქალაქო სასამართლოს შეფასებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, გამოიწვია თუ არა საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვა პირის, სულ მცირე, გაუფრთხილებელმა ქმედებამ, რაც შეიძლება გამოიხატოს აპარატის არასათანადო შენახვაში, უყურადღებოდ დატოვებაში და ა.შ., რასაც, სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:

საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269.1, 281.7 მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10, მე-11 და მე-12 მუხლებით, ,,საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესების და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტების შესახებ’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 9 მარტის №186 ბრძანებით (იხ.ს .ფ. 57-63; ტ.1)

აპელანტი: სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე: ი/მ ,,შ. მ-ი“

აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელაციის მოტივები:

ფაქტობრივი: აპელანტის მტკიცებით, მოსარჩელემ ადმინისტრციული საჩივრის განხილვის დროს ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, სალარო აპარატების გაქურდულ ობიექტში შენახვის თაობაზე, ასევე მოპარული საქონლის ჩამონათვალი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების დეტექტივი თანაშემწე-გამომძიებლის ე. კ.ას 2012 წლის 14 მარტის მიმართვის წერილი, რომელიც საქმის ადმინსტრაციული განხილვის დროს გაცემული იყო ნ. ბ-ის სახელზე, სადაც მითითებულია ზოგადად ქურდობის ფაქტის შესახებ და არ არის აღნიშნული კონკრეტულად სალარო აპარატების დაკარგვის თაობაზე, ხოლო სარჩელეს კი ერთვის ე. კ-ას 2012 წლის 27 ნოემბერს გაცემული სხვა წერილი, დ. ა-ის სახელზე, რომელშიც მითითებულია სალარო აპარატების დაკარგვის შესახებ, სადაც წყაროდ მითითებულია ქ. გ-ის ჩვენება, რომელიც დაკითხული იყო მოწმის სახით, შესაბამისად, აპელანტის განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულებები ურთიერთგამომრიცხავია.

სამართლებრივი: აპელანტის მტკიცებით, სასამართლოს მითითება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 9 მარტის №186 ბრძანებთ დამტკიცებულ ,,საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესების და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტების შესახებ’’ დებულებაზე და მისი განმარტება იმგვარად, რომ გადასახადის გადამხდელისათვის არ არის დადგენილი რაიმე სპეციალური წესი, რომელიც მას დაავალდებულებდა გაეტარებინა სპეციალური ღონისძიებები, რათა თავიდან აერიდებინა სალარო აპარატის დაკარგვა ან სხვაგვარი სახის დაზიანება, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, რადგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრულია პასუხისმგებლობა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევისათვის და მითითებულია პასუხისმგებლობის ზომა აღნიშნული სამართალდარღვევისათვის. აქედან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია უზრუნველყოს საკონტროლო-სალარო აპარატების დაკარგვის ან სხვაგვარი დაზიანების თავიდან აცილება. აპელანტის მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269.1 მუხლის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით“. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო აფასებს მხოლოდ პირის ვალდებულებას ქმედებასთან დაკავშირებით, მას არ აქვს შეფასებული გადასახადის გადამხდელის უმოქმედობა, შეესრულებინა მისთვის დაკისრებული მოვალეობა უზრუნველეყო საკონტროლო-სალარო აპარატების დაცვა დაკარგვისაგან ან სხვა სახის დაზიანებისაგან.

აპელანტის მითითებით, საქმის განხილვის დროს მოსარჩელის მიერ წარდგენილი იყო ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების 2012 წლის 14 მარტის წერილი ი/მ ,,ნ. ბ-ის“ სახელზე გამომძიებლის თანაშემწის ე. კ-ას ხელწერით, რომელშიც აღნიშნულია, რომ ,,... ეკოპროდუქტების“ ჯიხური გაიქურდა და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177.2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნტით, მაგრამ ფაქტიურად შედგი არ არის დამდგარი.

სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას. მოსარჩელემ კი ვერ წარმოადგინა ის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, რომ ნამდვილად ამ სათავსოში ინახვდა კუთვნილ აპარატებს, ამასთან საკონტროლო-სალარო აპარატების დაკარგვასთან დაკავშირებით არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე და არ დადგენილა სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, შესაბამისად, აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რის გამოც მიიღო არასწორი გადაწყვეტილება.

ამასთან, მოსარჩელე თავის საჩივარში განმარტავს, რომ საკონტროლო-სალარო აპარატები დაიკარგა 2012 წლის 14 მარტს, ხოლო შემოსავლების სამსახურს აღნიშნულის შესახებ მიმართა 2012 წლის 26 დეკემბერს, სამართალდარღვევის ოქმების შედგენის შემდეგ. ფაქტსა და ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდებას შორის დროის ინტერვალი თითქმის 8 თვეა.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საგადასახადო კოდექსის 281.7 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოირიცხება თუ დადგენილია, რომ ეს ჩადენილია სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით.

აპელანტის მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში დადასტურებული არ არის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სხვა პირის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ჰქონდა თუ არა ადგილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება იყო სამართლებრივად დასაბუთებული, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა და გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება (იხ ს.ფ. 69-80; ტ.1).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების /სარეზოლუციო/:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივნისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტა, რომ დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით მნიშვნელოვანია იმ გარემოების შეფასება მოსარჩელის მიერ ჩადენილია თუ არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევა, რაც გამორიცხავს მის მიმართ მითითებული ნორმით განსაზღვრული სანქციის გამოყენების შესაძლებლობას. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, გამოიწვია თუ არა საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვა პირის, სულ მცირე, გაუფრთხილებელმა ქმედებამ, რაც შეიძლება გამოიხატოს აპარატის არასათანადო შენახვაში, უყურადღებოდ დატოვებაში. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის საგადასახადო კოდექსის 281. 7 მუხლის იმგვარ განმარტებას, რომ იგი პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებად ადგენს მხოლოდ შემთხვევას, როცა საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვა გამოწვეულია სხვა პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 და მე-11 მუხლების დებულებებით ცალსახად არის დადგენილი ადმინისტრაციული (მათ შორის საგადასახადო) სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაწესების საფუძვლები, რომლის მიხედვითაც, პირს პასუხისმგებლობა ეკისრება მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებისათვის. ამდენად, დაუშვებელია პასუხისმგებლობის დაკისრება მაშინ, როდესაც პირს არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არ დაურღვევია კანონმდებლობით განმტკიცებული მართლწესრიგი, მასზე დაკისრებული მოვალეობები, არ შეულახავს სხვისი უფლებები და განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით არ გამოუწვევია მართლსაწინააღმდეგო შედეგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281.7 მუხლით გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, გამოიწვია თუ არა საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვა სხვა პირის განზრახ ან გაუფთხილებელმა ქმედებამ, რაც შეიძლება გამოიხატოს, მაგალითად აპარატის არასათანადოდ შენახავაში ან უყურადღებოდ დატოვებაში.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, იმის თაობაზე, რომ სალარო-აპარატების დაკარგვაში არ იკვეთება მოსარჩელის როგორც განზრახი, ასევე გაუფრთხილებელი ბრალი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს ქმნის, ამასთან, მიმართებაში სააპელაციო პალატა მიუთითებს, საქმეში არსებულ მტკიცებულებაზე, კერძოდ, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების 2012 წლის 14 მარტისა და 27 ნომებრის წერილებზე, რომლითაც დასტურდება ჯიხურის გაქურდვისა და საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვის ფაქტი.

სააპელაციო პალატის შეფასებით, აპელანტის მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების არარსებობის გამომრიცხავი მტკიცებულება ვერც საქალაქო და ვერც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ვერ იქნა წარმოდგენილი (იხ. ს.ფ. 26-39; ტ.1).

კასატორი: სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე: ი/მ ,,შ. მ-ი“

კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე და საფუძვლებზე, რაზეც სააპელაციო საჩივარში (იხ. ს.ფ. 44-53; ტ.2).

საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, შემდეგი მოსაზრებით, იმ მტკიცებულებათა შორის, რასაც დაეყრდნო სასამართლო და რის საფუძველზეც მიიღო გადაწყვეტილება, აშკარა შეუსაბამობაა. საქმის ადმინისტრაციული წესით განხილვისას მოსარჩელემ წარმოადგინა 2012 წლის 14 მარტის მიმართვის წერილი ნ. ბ-ის სახელზე, გაცემული შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საბურთალოს მე-5 განყოფილების დეტექტივი თანაშემწე-გამომძიებლის ე. კ-ას მიერ. წერილში მითითებული იყო მხოლოდ ... ეკო პროდუქტების ჯიხურიდან პროდუქტებისა და ფულადი თანხის ქურდობის ფაქტის შესახებ და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ, ხოლო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს დართული აქვს ამავე დეტექტივის მიერ 8 თვის შემდეგ შედგენილი, კერძოდ, 2012 წლის 27 ნოემბრის სხვა წერილი, სადაც მითითებულია მხოლოდ ის, რომ აღნიშნულ სათავსოში იყო საკონტროლო-სალარო აპარატები, რომელიც დაიკარგა.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის მითითებით, არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ გამოუყენებია ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველის ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნტი ადგენს გადასახადის გადამხდელის ვალდებულებას, უზრუნველყოს იმ დოკუმენტების შენახვა 6 წლის ვადით, რომლის საფუძველზეც ხდება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტების აღრიცხვა და საგადასახადო დეკლარაციების შედგენა, აგრეთვე შემოსავლის/მოგების მიღების, გაწეული ხარჯებისა და გადახდილი ან/ და დაკავებული გადასახადების დადასტურება. ამავე მუხლის ,,თ“ ქვეპუნტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადენილი სხვა ვალდებულებები. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების მე-17 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნტის“ შესაბამისად, საკონტროლო სალარო აპარატის ფისკალური მეხსიერება არის მეხსიერება, რომელშიც აპარატი უზრუნველყოფს ყოველდღიური ანგარიშგების ფიქსირებას და გადასახადის გადამხდელი ვალდებულა უზრუნველყოს საკონტროლო-სალარაო აპარატის არანაკლებ 6 წლის ვადით შენახვა.

საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები:

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე დასაშვებია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე და იგი მიჩნეულ იქნა დასაშვებად, როგორც აბსოლუტური კასაცია (იხ. ს.ფ. 54-57; ტ.2).

საკასაციო სასამართლოში სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ - ი/მ ,,შ. მ-მა~ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2 და 394 ,,ე” მუხლების მოთხოვნები; სასამართლომ დავა გადაწყვიტა ისე, რომ საერთოდ არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოებები, არ გამოუყენებია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილება და ოფიციალობის პრინციპის უგულებელყოფით დაადგინა საქმეზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საკასაციო საჩივრის მოტივი განსახილველ საქმეში, რამაც შექმნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული აბსოლუტური კასაციის წანამძღვრები, არის საგულისხმო და განსაკუთრებული სამართლებრივი თვალსაზრისით, რამაც მოცემულ საქმეს მიანიჭა სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანი საქმის სტატუსი, კერძოდ, სამართლის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია საკასაციო სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცეს:

1. სასამართლო ორგანოების მიერ პირის საჯარო სამართლებრივი ვალდებულებების შეუსრულებლობისას პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებების დამადასტურებელი ფაქტების გამოკვლევისა და დადგენის კანონიერებას;

2. საგადასახადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული საკონტროლო-სალარო აპარატის იურიდიულ სტატუსს და მისი გამოყენება-შენახვის ადმინისტრირების კანონიერების საკითხს.

3. საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვის შემთხვევაში - მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემადგენლობის განსაზღვრას, შემთხვევის სამართალდარღვევად მიჩნევას და სამართლებრივი კვალიფიკაციის მიცემისას ქმედების განზრახი ან გაუფრთხილებელი ხასიათის გათვალისწინებას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ჩამოყალიბებული სამართლებრივი შეფასებები და სასამართლო დასკვნები სასარგებლო იქნება, როგორც საგადასახადო ორგანოების მოხელეებისათვის და საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების (საგადასახადო კოდექსის 49.6 მუხლით საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით საქართველოს საგადასახადო ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საგადასახადო კონტროლის ცალკეული სახეები შესაძლებელია, განახორციელოს სხვა პირმა) მმართველობითი საქმიანობისათვის, ასევე საგადასახადო სამართალურთიერთობათა მონაწილეთათვის, რამდენადაც ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილი - საგადასახადო სამართალი აწესრიგებს გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. ამდენად, საგადასახადო სამართლის აღნიშნული ინსტიტუტების სწორი გაგება-გამოყენება უშუალოდ განაპირობებს ადამიანთა ყოფას, საზოგადოებრივი წესრიგის ხარისხსა და კულტურას.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა სახელმძღვანელო გახდება სახელმწიფოში არსებული ადმინისტრაციული ორგანოებისათვის და მათი პრაქტიკისათვის, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალურთიერთობებში შესაბამისი სასამართლო განმარტება ხელს შეუწყობს ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველ სასამართლოებს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებაში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ და გადაწყვეტილ იქნა საპროცესო ნორმებით დადგენილი მოთხოვნების უგულებელყოფით, სასამართლო აქტი საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას სააპელაციო საჩივრის მოტივებზე, არ არის გაქარწყლებული აპელანტის მოსაზრებები, ისე არის მიჩნეული დაუსაბუთებლად და კანონშეუსაბამოდ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ანუ სააპელაციო სასამართლო, საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3. მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით ხელმძღვანელობით სტანდარტთან დაკავშირებით, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეზე №ბს-52-52(კ-08) მ. ხ-ის სარჩელისა გამო მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ, 2008 წლის 25 მარტის საკასაციო სასამართლომ იმსჯელა სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოთ მითითებული საპროცესო ნორმით მინიჭებული კომპეტენციის კვალიფიციური გამოყენების შესახებ, კერძოდ:

,,სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ) ქვეპუნქტის მიხედვით: სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უცვლელად რჩება გასაჩივრებული გადაწყვეტილება და თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მასზე მითითებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება განჩინებაში გადმოსცეს მოკლე დასაბუთება, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით ახორციელებს მართლმსაჯულებას. მითითებული ნორმით დადგენილი პროცესუალური უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოვიდეს წინააღმდეგობაში ამავე კოდექსის 377.1 მუხლით განსაზღვრულ სააპელაციო სასამართლოს იურისდიქციასა და კომპეტენციასთან, ვინაიდან სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულების განხორციელების არსი მდგომარეობს სწორედ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების ვალდებულების დადგენით. გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების და დასაბუთებულობის შემოწმების ვალდებულება პროცესუალურ-სამართლებრივი დოქტრინის მიხედვით უცილობლად გულისხმობს და მოიაზრებს სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შეფასებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება, რომელიც აგებულია მხარეთა დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივარს აკუთვნებს მხარის უფლების დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, ამასთან, სწორედ მხარის ამ საპროცესო უფლების რეალიზაცია თანაზომიერია მხარისავე საპროცესო ვალდებულებასთან _ დაასაბუთოს საჩივარი, კერძოდ, სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის ე) და ვ) ქვეპუნქტებში მითითებულია თუ რა უნდა იყოს ასახული სააპელაციო საჩივრის შინაარსში. მხარის ამგვარი პროცესუალური ვალდებულება შეიცავს მხარის საპროცესო უფლებრივ გარანტიას, ზემდგომმა სასამართლომ შეაფასოს მისი საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაიზიაროს ან უარყოს, გააქარწყლოს ისინი იურიდიულად არგუმენტირებული სახით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების გამოყენება ზემომითითებული საპროცესო ნორმების ობიექტური შინაარსის კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, სააპელაციო სამართალწარმოების გახდის ზედაპირულს და განაპირობებს მის უკიდურესად ფორმალისტურ ხასიათს, რაც წინააღმდეგობაში მოდის სააპელაციო სამართალწარმოების არსსა და მართლმსაჯულების პრინციპებთან.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცესო ნორმა შეუძლებელია გამოყენებულ იქნეს მხარის პროცესუალური უფლების შეზღუდვის თვალსაზრისით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება უნდა შეიზღუდოს, რათა არ მოხდეს მხარის საპროცესო უფლების იგნორირება, უკიდურეს შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონით გათვალისწინებული საპროცესო ზედამხედველობა განუხორციელებელი დარჩება.“

ამდენად, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.2 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლომ თითოეული საქმის განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საქმის მასალების შესაბამისად: ი/მ ,,შ. მ-ი“ 2011 წლის 18 იანვარს დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში და ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას (იხ. ს.ფ. 13; ტ.1).

შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 20 დეკემბრის სამართალდარღვევის №026779 ოქმში მითითებულია, რომ ი/მ ,,შ. მ-ის“ მინდობილი პირის ნ. ბ-ის განცხადების თანახმად, 2012 წლის 14 მარტს ობიექტის გაქურდვის შედეგად დაიკარგა სალარო აპარატი ELVES-MIKRO-F, საქარხნო ნომერი ..., ვინაიდან, არ იყო გარკვეული, რომ სალარო აპარატის დაკარგვა გამოწვეული იყო სხვა პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281.7 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა - 3000 ლარით (იხ. ს.ფ. 22; ტ.1).

შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 20 დეკემბრის სამართალდარღვევის №026779 ოქმის მიხედვით, ი/მ ,,შ. მ-ის“ მინდობილი პირის ნ. ბ-ის განცხადების თანახმად, 2012 წლის 14 მარტს ობიექტის გაქურდვის შედეგად დაიკარგა სალარო აპარატი ELVES-MIKRO-F, საქარხნო ნომერი ..., ვინაიდან, არ იყო გარკვეული, რომ სალარო აპარატის დაკარგვა გამოწვეული იყო სხვა პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281.7 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა - 3000 ლარით (იხ. ს.ფ. 23; ტ.1).

შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 20 დეკემბრის სამართალდარღვევის №026780 ოქმში მითითებულია, რომ ი/მ ,,შ. მ-ის“ მინდობილი პირის ნ. ბ-ის განცხადების თანახმად, 2012 წლის 14 მარტს ობიექტის გაქურდვის შედეგად დაიკარგა სალარო აპარატი ELVES-MIKRO-F, საქარხნო ნომერი ..., ვინაიდან, არ იყო გარკვეული, რომ სალარო აპარატის დაკარგვა გამოწვეული იყო სხვა პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281.7 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა - 3000 ლარით (იხ. ს.ფ. 23; ტ.1).

შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 20 დეკემბრის სამართალდარღვევის №026785 ოქმში მითითებულია, რომ ი/მ ,,შ. მ-ის“ მინდობილი პირის ნ. ბ-ის განცხადების თანახმად, 2012 წლის 14 მარტს ობიექტის გაქურდვის შედეგად დაიკარგა სალარო აპარატი ELVES-MIKRO-F, საქარხნო ნომერი ..., ვინაიდან, არ იყო გარკვეული, რომ სალარო აპარატის დაკარგვა გამოწვეული იყო სხვა პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281.7 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა - 3000 ლარით (იხ. ს.ფ. 24; ტ.1).

ი/მ ,,შ. მ-ის“ წარმომადგენელმა აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2013 წლის 19 თებერვლის №6271 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 11-12; ტ.1).

საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს V განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის 2012 წლის 27 ნოემბრის მიმართვის წერილის, რომლის ადრესატია დ. ა-ი, შესაბამისად: ,,საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს V განყოფილებაში, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის ... ეკო პროდუქტების ჯიხურიდან სხვადასხვა დასახელების პროდუქტების და ფულადი თანხის ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების ფატზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით.

გამოძიების პროცესში მოწმის სახით დაკითხვისას ქ. გ-მა აჩვენა, რომ მ/წლის 14 მარტს ... ეკო პროდუქტების ჯიხურში მათ დროებით შენახული ჰქონდათ სამი ცალი ძველი საკასო აპარატი რომელიც ასევე სხვადასხვა პროდუქტებთან ერთდ იქნა მოპარული“ (იხ. ს.ფ. 10; ტ.1)

საქმეშია ასევე საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს V განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის 2012 წლის 14 მარტის მიმართვის წერილი, რომლის ადრესატია ი/მ ,,ნ. ბ-ე“, შესაბამისად:,, საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს V განყოფილებაში, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის ... ეკო პროდუქტების ჯიხურიდან სხვადასხვა დასახელების პროდუქტების და ფულადი თანხის ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ წარმომადგენილი, რომელიც ცნობილი იქნება შემდგომში დაზარალებულად რომელიც დაიცავს თქვენს ინტერესებს გამოძიების და სასამართლო პროცესზე, ასევე გთხოვთ გვაცნობოთ ქურდობის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა (იხ. ს.ფ. 45; ტ.1).

საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელე ი/მ ,,შ. მ-მა“ სადავოდ გახადა სამართალდარღვევის საერთოდ ჩადენის ფაქტი, მიაჩნია რა, რომ საკონტროლო-სალარო აპარატების დაკარგვა გამოწვეული არ იყო მისი ბრალით, ვინაიდან, გაიქურდა ის ობიექტი სადაც ინახავდა ამ სალარო აპარატებს და მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

სადავო სამართალურთიერთობა წარმოშობილია საგადასახადო სამართალდარღვევათა სფეროში, გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო სამარათალდარღვევები საქართველოში მოწესრიგებულია საგადასახადო კოდექსით, რომელიც განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებსა და საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლით განსაზღვრული ქმედების საგადასახადო სამართალდარღვევად მიჩნევისა და საგადასახადო პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები, რომლის მიხედვით საგადასახადო სამართალდარღვევად ჩაითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საგადასახადო პასუხისმგებლობა არის კონკრეტული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვალდებულება, საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის. მართლსაწინააღმდეგოა ქმედება, რომელიც არღვევს საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებს.

საგადასახადო კოდექსი ასევე აწესებს პასუხისმგებლობის ზომებს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის, კერძოდ, 281-ე მუხლის მე-7 ნაწილი აწესებს პასუხისმგებლობის ზომას, გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის (გარდა GPRS-ის და CRYPTO-ს მოდულის ფისკა­ლური სა­კო­ნტროლო-სალარო აპარატებისა) დაკარგვისათვის: ,,გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის (გარდა GPRS-ის და CRYPTO-ს მოდულის ფისკა­ლური სა­კო­ნტროლო-სალარო აპარატებისა) დაკარგვა, თუ დადგენილი არ არის, რომ ეს გამოწვეულია სხვა პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვის გამო პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ სალარო-აპარატის დაკარგვა გამოწვეული იყო სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, ანუ საკანონმდებლო ნორმა ცალსახად ადგენს, რომ სახეზე უნდა იყოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი და დადასტურებული ფაქტი, რომ მეწარმეს საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვაში ბრალი არ მიუძღვის, მისი დაკარგვა არ გამოუწვევია მის დაუდევარ ქმედებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ იგი სათანადო პასუხისმგებლობით არ მოეკიდა საკონტროლო-სალარო აპარატის შენახვას, არამედ მისი დაკარგვა გამოწვეულია სხვა პირის ბრალეული ქმედებით ან დაუძლეველი ძალის არსებობით. ამგვარი ფაქტის დაუდგენლობის შემთხვევაში ქმედების/უმოქმედობის კვალიფიკაციისათვის საგადასახადო კოდექსის 281.7 ნაწილის გამოყენება კანონსაწინააღმდეგოა, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ნორმათშეფარდებას წინ უსწრებს ფაქტების გამოკვლევა-დადგენა-შეფასების სტადია, რაც ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს კანონით აღწერილ შემთხვევას. ადმინისტრაციული წარმოების მიზანი კანონიერი გადაწყვეტილების მიღებაა, რომლის უზრუნველსაყოფად იგი ორ მნიშვნელოვან საფეხურს შეიცავს:

1. საქმის ირგვლივ ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-დადგენა-შეფასება და

2. დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე ქმედების კვალიფიკაცია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ეროვნული სასამართლო ორგანოების მიერ პირის საჯარო სამართლებრივი ვალდებულებების შეუსრულებლობისას პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებების დამადასტურებელი ფაქტების გამოკვლევისა და დადგენის კანონიერება უშუალოდ არის დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების ობიექტურ შეფასებასთან.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა ისე დაადგინეს, რომ სამართალდარღვევის ჩადენა - სალარო აპარატების დაკარგვა, გამოწვეული იყო სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევიათ და არ დაუდგენიათ საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად საქმეზე დაადგინეს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რითაც უხეშად დაარღვიეს ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპული მოთხოვნები, სასამართლოს მიერ საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის ვალდებულების თაობაზე.

1.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.

საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათშეფარდება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. აღნიშნული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნას ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).

ადმინისტრაციული სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი პრინციპი _ ოფიციალობის პრინციპი განსაზღვრავს ადმინისტრაციული მართლმსაჯულების როლს. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისგან სასამართლო პროცესუალური აქტივობის ცენტრში იმყოფება, ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალში სასამართლოს აკისრებს საპროცესო სამართალურთიერთობაში მხარეთა საპროცესო უფლებებში ბალანსის მიღწევისთვის აუცილებელ საპროცესო მოქმედებების შესრულებას.

ოფიციალობის პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მუხლი 4); სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მუხლი 19).

ადმინისტრაციული სასამართლოს ეს უფლებამოსილება კანონმდებლის მიერ განმტკიცებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლში ადმინისტრაციულ ორგანოთა ვალდებულების დადგენით, წარუდგინოს სასამართლოს საქმის განხილვისა და გადაწყვეტისათვის აუცილებელი დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია.

სასამართლოს უფლებამოსილება _ თავისი ინიციატივით მოიპოვოს მტკიცებულებები ან ინფორმაცია, ნიშნავს, რომ სასამართლომ უნდა განსაზღვროს შემთხვევები, როდესაც საფრთხე ემუქრება მართლმსაჯულების ძირითად პრინციპს _ მხარეთა თანასწორობის /ანუ თანაბარი შესაძლებლობა _ დაიცვან თავიანთი უფლებები/ რეალიზაციას საჯარო სამართლებრივი დავების მონაწილეთა სუბორდინაციული მდგომარეობიდან გამომდინარე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებითად /ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით/ განმხილველი სასამართლოების მიერ ოფიციალობის პრინციპის მეშვეობით საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევა, მტკიცებულებათა მოპოვება სახელმწიფოში დღეისათვის არსებული სამართლებრივი კულტურის პირობებში არის უპირობო აუცილებლობა, ადმინისტრაციულ დავათა კანონიერად გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობაზე სრულფასოვანი სასამართლო კონტროლის განხორციელებისათვის, რის გარეშეც სამართლებრივი სახელმწიფოს, როგორც ღირებულებითი სიკეთით სარგებლობა შესაძლებელია ვერ მიიღწეს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სსსკ-ის 105.2. მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემული საქმის განხილვისას სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის მასალები, დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ ჰპოვებს დადასტურებას შესაბამისი მტკიცებულებებით, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს კი არ მიეცა ობიექტური შეფასება, შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებში ჩამოყალიბებული დასკვნები არ გამომდინარეობს საქმის მასალების საფუძვლიანი გამოკვლევისა და შესწავლიდან.

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმებისას მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები, სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნები, საქმის გარემოებები არ არის გამოკვლეული ჯეროვნად, საქმის მასალები შეფასებულია ზედაპირულად, შესაბამისად, სასამართლო დასკვნები წინააღმდეგობრივია, კერძოდ, სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელის არაბრალეულობის შესახებ სრულიად დაუსაბუთებელია, რამდენადაც იგი არ ემყარება საქმეზე ობიექტურად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ასე მაგ. საქალაქო სასამართლო უთითებს, რომ სახეზე არ არის მოსარჩელის არათუ განზრახვა, არამედ გაუფრთხილებლობაც კი (იხ. ს.ფ. 59), რაც დაასაბუთა შემდეგნაირად, რომ ,,ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს V განყოფილების წერილით, თანახმად, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ... ეკოპროდუქტების ჯიხურიდან სხვადასხვა დასახელების პროდუქტების და ფულადი თანხის ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. გამოძიების პროცესში მოწმის სახით დაკითხულმა ქ. გ-მა განმარტა, რომ 2012 წლის 14 მარტს ჯიხურიდან სხვადასხვა პროდუქტებთან ერთად მოიპარეს სამი ცალი საკონტროლო-სალარო აპარატი (ი.ხ ს.ფ. 59; ტ.1), რასაც სრულიად დაეთანხმა სააპელაციო სასამართლო: ,,სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე, კერძოდ, ,,ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს V განყოფილების 2012 წლის 14 მარტის და 27 ნოემბრის წერილებზე, რომლებიც ადასტურებენ ... ეკოპროდუქტების ჯიხურის გაქურდვის, ჯიხურიდან სხვადასხვა დასახელების პროდუქტების და ფულადი თანხის, ასევე სამი ცალი საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვის ფაქტს. პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტის მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის გამომრიცხავი მტკიცებულება, ვერც პირველი და ვერც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილი ვერ იქნა“ (იხ. ს.ფ. 38; ტ.2), თუმცა, შესაბამისი დასაბუთებული მსჯელობის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოები არაკვალიფიციურად აფასებენ პირის ბრალეულობის საკითხს, რამდენადაც ამ საკითხის შეფასებისას ეყრდნობიან მხოლოდ საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს V განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის 2012 წლის 27 ნოემბრის მიმართვის წერილს (იხ.ს.ფ. 10; ტ.1) და ამავე დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის 2012 წლის 14 მარტის მიმართვის წერილს, რომლის ადრესატია ი/მ ,,ნ. ბ-ე“, სადაც მითითებულია, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ... ეკოპროდუქტების ჯიხურიდან სხვადასხვა დასახელების პროდუქტების და ფულადი თანხის ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების ფაქტზე ანუ აღნიშნული წერილებიდან დასტურდება, რომ დაწყებულია გამოძიება, რომელიც დასრულებული არ არის. ამასთან, ი/მ ,,შ. მ-ის“ სალარო აპარატებიც, რომ იმ ჯიხურში იმყოფებოდა დადგენილია მხოლოდ მოწმე - ქ. გ-ის ჩვენებით და ეს მტკიცებულებები არ არის შეჯერებული სხვა არცერთი სახის მტკიცებულებასთან. ქვემდგომ არცერთი ინსტანციის სასამართლოებს არ დაუკითხავთ არცერთი მოწმე, რომელიც დაადასტურებდა რომ ი/მ ,,შ. მ-ის“ სალარო აპარატები შენახული იყო ... ეკოპროდუქტების ჯიხურში, რომელიც მდებარეობდა თბილისში, ... ქ. №31-ში, ამასთან, არ გამოუკვლევია იმ წერილის ადრესატის ვინაობა, რომელზედაც სასამართლები აფუძნებენ გადაწყვეტილებას, რამდენადაც ერთ შემთხვევაში არის ი/მ ,,ნ. ბ-ე“ (იხ. ს.ფ. 54; ტ.1) და მეორე შემთხვევაში დათო აფციაური (იხ. ს.ფ. 55; ტ.1). ქვემდგომ სასამართლოებს საერთოდ არ უმსჯელიათ მოსარჩელის ქმედების - სალარო აპარატების სხვა მეწარმის სავაჭრო ობიექტში შენახვა, ისიც, ამ ფაქტის უტყუარად დადასტურების პირობებში, რითი იყო გამოწვეული, კანონით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის სტატუსის მქონე ნივთების შენახვა სხვის ობიექტში რის საფუძველზე შეფასდა, როგორც მეწარმის ბრალის გამომრიცხავი გარემოება. სასამართლოებს არ უმსჯელიათ ამგვარი მოქმედება, შესაბამისად ნივთების უსაფრთხოების, დაცულობის იმედოვნება წარმოადგენს თუ არა მოსარჩელის მიერ გაწეულ რისკს. აგრეთვე, სასამართლოებს საერთოდ არ გამოუთხოვიათ იფიციალური ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, არ გამოუთხოვიათ თავად საქმე, დაცულია თუ არა საქმეში გაქურდული ობიექტის აღწერის ოქმი, მოპარული ნივთების ჩამონათვალი და მათ შორის მითითებულია თუ არა სალარო აპარატები.

საკასაციო სასამართლოს შეფასებით: ამგვარი მიდგომით, ასეთივე წარმატებით შეიძლება დადგენილად იქნას მიჩნეული ნებისმიერი ნივთის დაკარგვის/მოპარვის ფაქტი, რაც სრულიად შეუსაბამოა სამართალწარმოების ამოცანებთან და მიზანთან. საკასაციო სასამართლო მტკიცებულებათა გამოკვლევა-შეფასების ამგვარი სტანდარტის დამკვიდრებას აფასებს, როგორც უკანონოს და უკიდურესად საზიანოს მართლმსაჯულების განმხორციელებელი ორგანოების ავტორიტეტისათვის, რამდენადაც სასამართლოს ყველა საპროცესო მოქმედება საპროცესო წესების ზედმიწევნით დაცვით უნდა ჩატარდეს.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის XV-XX თავების საფუძველზე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია მტკიცებულებათა სახეები: წერილობითი, ზეპირი და ნივთიერი სახის მტკიცებულებები. სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილია სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა (ნაწილი 1). სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის კრიტიკას ქვემდგომი სასამართლოების მიერ საქმის გარემოებების არასათანადო გამოკვლევა-შეფასებისა და შედეგად, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების გამოტანის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო: გაუგებარია რას ეყრდნობიან სასამართლო ორგანოები, როცა დადგენილ ფაქტად მიიჩნევენ ობიექტის გაქურდვისას სალარო აპარატების დაკარგვას, ვინაიდან სამართალწარმოების კანონისმიერი სტანდარტით ამგვარი დასკვნა უნდა გამომდინარეობდეს საქმეში დაცული დოკუმენტებიდან. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არსებობს წერილობითი სახის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს:

1. სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგად კანონით დადგენილი წესით მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, სალარო აპარატებთან მიმართებით;

2. ... ეკოპროდუქტების ჯიხურში, რომელიც მდებარეობდა თბილისში, ... ქ. №31-ში ნამდვილად ინახებოდა თუ არა ი/მ ,,შ. მ-ის“ სახელზე რიცხული საკონტროლო-სალარო აპარტები;

3. არ არსებობს საგამოძიებო სამსახურის მიერ შედგენილი მოპარული ნივთების ადგილზე აღწერის ნუსხა;

4. შესაბამისად, არ არსებობს ობიექტის გაქურდვის შედეგად დაკარგული ნივთების აღწერის ნუსხის ჩამონათვალში სალარო აპარატები.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოიკვლიოს: თუ რატომ ინახავდა ი/მ ,,შ. მ-ი“ საგადასახადო კანონმდებლობით განსაკუთრებული სტატუსის მქონე სააღრიცხვო დოკუმენტს სხვის საკუთრებაში არსებულ ობიექტზე, ნამდვილად იყო თუ არა ი/მ ,,შ. მ-ის“ სახელზე რეგისტრირებული სალარო აპარატები ეკო პროდუქტების კუთვნილ ჯიხურში, მოხდა თუ არა ობიექტის გაქურდვის ფაქტის აღმოჩენის შემდეგ საგამოძიებო უწყების წინაშე მეპატრონის მიერ დაკარგული ნივთების აღწერა, ამ ნივთების ჩამონათვალში შედიოდა თუ არა ი/მ ,,შ. მ-ზე“ რეგისტრირებული სალარო აპარატები.

ამასთან, მოსარჩელის მტკიცებით, მისი კუთვნილი სალარო აპარატები დაიკარგა 2012 წლის 14 მარტს, როცა გაიქურდა ეკო პროდუქტების კუთვნილი ჯიხური, ხოლო ამის თაობაზე შემოსავლების სამსახურს ი/მ ,,შ. მ-ის“ წარმომადგენელმა აცნობა 2012 წლის 26 დეკემბერს, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, მეწარმემ რატომ არ აცნობა შემოსავლების სამსახურს სალარო აპარატების დაკარგვისთანავე, მით უფრო იმ ვითარებაში, როცა მოხდა ქურდობის ფაქტი და აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე. საკასაციო სასამართლოში შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი წერილის მიხედვით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოს 2014 წლის 5მარტის №122999-21-02 ინფორმაციით დადგენილია, რომ ი/მ ,,შ. მ-ის“ დაკარგული სალარო აპარატების ფისკალური მეხსიერების ბლოკები საარქივო სამმართველოში არ ინახება (იხ. ს.ფ. 93;94; ტ.2).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სარწმუნოდ უნდა გამოარკვიოს: რამ განაპირობა მოსარჩელის საკონტროლო-სალარო აპარატების დაკარგვა, არის თუ არა სახეზე მეწარმის ბრალის გამომრიცხავი გარემოებები, მით უფრო იმ პირობებში როდესაც საკასაციო სასამართლოში შემოსავლების სასმსახურის მიერ წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების 2014 წლის 5 თებერვლის №231251 ინფორმაციით დასტურდება, რომ შპს ,,...“ ჯიხურების გაქურდვასთან დაკავშირებით (სადაც მოწმე ქ. გ-ი განმარტავს, რომ ჯიხურში დროებით ინახებოდა ი/მ ,,მ-ზე“ რიცხული სამი სალარო აპარატი) არ დამთავრებულა გამოძიება და არ არის დადგენილი, რომ სალარო აპარატების დაკარგვა გამოწვეულია სხვა პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით (იხ. ს.ფ. 83; ტ.2) ზემომითითებული გარემოებების სრულფასოვანი გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია მართებულად იქნას მიჩნეული სააპელაციო პალატის დასკვნა - პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრების გაზიარებასთან დაკავშირებით, რომ „ სალარო-აპარატების დაკარგვაში არ იკვეთება მოსარჩელის როგორც განზრახი, ასევე გაუფრთხილებელი ბრალი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს ქმნის“ (იხ.ს.ფ. 59; ტ.1)

2.საგადასახადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული საკონტროლო-სალარო აპარატის იურიდიული სტატუსის და მისი გამოყენება-შენახვის ადმინისტრირების კანონიერებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, საკონტროლო-სალარო აპარატი წარმოადგენს სახელმწიფოს კონტროლის ინსტრუმენტს ნაღდი ფულის ბრუნვაზე და გადასახადის გადამხდელის მიერ მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემების თავისდროულად აღრიცხვაზე. საკონტროლო-სალარო აპარატი განკუთვნილია მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას მიწოდებული საქონლის (მომსახურების) რეგისტრაციისათვის და შესაბამისი მონაცემების აღრიცხვისათვის. არსებობს ფისკალური და არაფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან მეხსიერებით. ფისკალური მეხსიერების საკონტროლო-სალარო აპარატს გააჩნია ინფორმაციის მატარებელი, რაც არ იძლევა მონაცემების წაშლის საშუალებას, ასევე გააჩნია ქვეყნის ფისკალური კანონმდებლობით გათვალისწინებული კონსტრუქციის სხვა განსაკუთრებულობა. საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში გროვდება ამ საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით განხორციელებული ყველა ოპერაციის შესახებ მონაცემები.

საგადასახადო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულნი არიან განახორციელონ საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაცია, რაც გულისხმობს მასზე ფისკალური მეხსიერების ჩართვას და მონაცემთან ერთიან კომპიუტერულ ბაზაში საკონტროლო-სალარო აპარატების სარეგისტრაციო მონაცემების ასახვას. სახელმწიფო რეესტრიდან საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელების ამოღების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან უნდა მოიხსნას ძველი მოდელის საკონტროლო-სალარო აპარატი და რეგისტრაცაში გატარდეს და გადასახადის გადამხდელის ობიექტზე დარეგისტრირდეს ახალი ტიპის საკონტროლო-სალარო აპარატი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საკონტროლო-სალარო აპარატი განეკუთვნება საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილით დეფინირებულ სააღრიცხვო დოკუმენტაციას, მისი დანიშნულებიდან გამომდინარე, შესაბამისად, ამავე კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ვ) ქვეპუნქტით დადგენილი გადასახადის გადამხდელის ვალდებულება - უზრუნველყოს ამ ქვეპუნქტის ჩამონათვალში მოცემული დოკუმენტების შენახვა 6 წლის ვადის განმავლობაში, მოიცავს საკონტროლო-სალარო აპარატის შენახვის ვალდებულებასაც.

სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ მისცა შეფასება თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ საგადასახადო კანონმდებლობა, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 09 მარტის #186 ბრძანებით არ არის დადგენილი საკონტროლო-სალარო აპარატების შენახვის რაიმე სპეციალური წესი, რაც სავალდებულოდ უნდა დაიცვას მეწარმემ. ამდენად, გადასახადის გადამხდელს არ მოეთხოვება რაიმე განსაკუთრებული ღონისძიებების გატარება, რათა თავიდან აიცილოს სალარო აპარატის დაკარგვა, არამედ იგი ვალდებულია, მეწარმისთვის დამახასიათებელი გულისხმიერებით გაუფრთხილდეს საკონტროლო-სალარო აპარატს და შეინახოს იგი ისეთ პირობებში, რომელიც გამორიცხავს სხვა პირთა უნებართვოდ დაშვებას მასთან, დაუფლებას და ა.შ. (იხ.. ს. ფ. 62. ტ.1.), საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გაუგებარია სასამართლოს მსჯელობის ლოგიკა, რაში მდგომარეობს გადასახადის გადამხდელისთვის საკონტროლო-სალარო აპარატის შენახვის რაიმე სპეციალური წესის დადგენის საჭიროება, ან რას გულისხმობს სასამართლო „შენახვის სპეციალურ წესში“, და ასეთის ნორმატიულად არდადგენა ათავისუფლებს თუ არა გადამხდელს საკონტროლო-სალარო აპარატის შენახვის ვალდებულებისაგან. მსჯელობა არ ატარებს დასრულებულ ხასიათს, რამდენადაც სასამართლოს იგი დასკვნის სახით არ ჩამოუყალიბებია. მეტიც, მსჯელობის მეორე ნაწილში საპირისპირო აზრია განვითარებული თუმცა, სასამართლო დასკვნის სახით შეჯამებული არც ის არ არის.

საკასაციო სასამართლო დასძენს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს ნივთის შენახვის ზოგად სტანდარტს, ასე, მაგ: 170.3 მუხლი, რომლის შესაბამისად: ,,სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე შესაძლებლობას, არ ისარგებლოს პირმა თავისი ნივთით. კანონით შეიძლება დაწესდეს სარგებლობის ან მოვლისა და შენახვის ვალდებულება, თუკი ამ ნივთის გამოუყენებლობა ან მოუვლელობა ხელყოფს საზოგადო ინტერესებს. ამ შემთხვევაში მესაკუთრეს შეიძლება ან თვითონ დაეკისროს ვალდებულების შესრულება, ან შესაბამისი სასყიდლით ნივთის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში“. მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მესაკუთრეს შესაძლებელია დაევალოს მისი საკუთრების შენახვის ვალდებულებაც, თუ მისი საკუთრებაში არსებული ნივთი განსაკუთრებულ, სოციალურ, ეკონომიკურ ფასეულობას წარმოადგენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი, როგორც ავღნიშნეთ, საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში გროვდება საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით განხორციელებული ყველა ოპერაციის შესახებ მონაცემები, რომელიც საგადასახადო სამსახურისათვის წარმოადგენს სააღრიცხვო დოკუმენტაციას, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე პუნქტის საფუძველზე, ანუ სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, ხორციელდება მეწარმის საგადასახადო კონტროლი, ე.ი. სააღრიცხვო დოკუმენტაცია შეიცავს ნებისმიერ წერილობითი (მათ შორის, ელექტრონული) ფორმით შესრულებულ საბუთს, რომელსაც კავშირი აქვს დაბეგვრასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, საკონტროლო-სალარო აპარატი წარმოადგენს უმნიშვნელოვანესი მმართველობითი ღონისძიების - საგადასახადო ადმინისტრირების ერთ-ერთ განსაკუთრებულ სახეს, მეწარმე ვალდებულია განსაკუთრებული გულისხმიერებით შეინახოს საკონტროლო სალარო-აპარატი და ამისთვის არ არის აუცილებელი საგადასახადო კანონმდებლობით შემუშავებული შენახვის წესებისა და პირობების დადგენა.

3. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით: ,,საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით“. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევა განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა სპეციფიკურ სახეს, შესაბამისად მის მიმართ სრულად ვრცელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობის მოთხოვნები. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეზე №ბს-544-535(კ-12) გ. ბ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიმართ, 2013 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და სასამართლო დასკვნებს, კერძოდ: ,,საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე- 10-ე მუხლის, რომელშიც დეფინირებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ცნება, განმარტავს: ქმედება, რომლითც გამოხატულია პოზიტიური თუ ნეგატიური ფორმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) კვალიფიცირდება თუ სახეზეა შემდეგი ერთობლიობა: სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსით განსაზღვრულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები:

1. ადმინისტრაციული ქმედუნარიანობა /მუხლი 13. / ;

2. აუცილებელი მოგერიება /მუხლი 18./ ;

3. უკიდურესი აუცილებლობა /მუხლი 19. /;

4. შეურაცხადობა /მუხლი 20. /.“

,,ადმინისტრაციული სახდელის შემფარდებელი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის გამოვლენისას საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა, დადგენა, შემთხვევის მონაწილის სამართალდამრღვევად მიჩნევა, ადეკვატური სამართლებრივი კვალიფიკაციის მოხდენა და სამართალდამრღვევისთვის სანქციის შეფარდება აუცილებლად მოიცავს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებების, ისევე, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებათა გამოკვლევა-დადგენასა და შეფასებას. სწორედ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებების არარსებობის პირობებში შეიძლება პირს შეეფარდოს ადმინისტრაციული სახდელი, რომლის დადების ზოგადი წესების თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით /მუხლი 33. 1/.

ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სახდელის დადებისას შეფასების საგანს წარმოადგენს - ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის დადება უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის -კანონიერების პრინციპის ზედმიწევნით დაცვის საფუძველზე“.

საგადასახადო კოდექსის 281.7 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის კვალიფიკაცია და მისი შეფარდება პირისთვის, შეუძლებელი და შესაბამისად, კანონსაწინააღმდეგო იქნება პირის ბრალეულობის განსაზღვრის გარეშე. საგადასახადო ორგანომ უნდა იმსჯელოს არის თუ არა სახეზე ისეთი ობიექტური გარემოება, რამაც შეიძლება გამორიცხოს მეწარმის ბრალეულობის საკითხი, რამდენადაც პირის ბრალის გარეშე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემადგენლობა სახეზე არ არის. მხოლოდ ამ ფაქტების გამოკვლევა-დადგენის შემდეგ მეწარმეს შეიძლება დაეკისროს ან არ დაეკისროს პასუხისმგებლობა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა უზრუნველყოს საქმის გარემოებების სრულფასოვანი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე სასამართლო დავის კანონიერად და მიუკერძოებლად გადაწყვეტა, საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობის განუხრელი დაცვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412.2 მუხლის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემოაღნიშნული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/

მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/

/პ. სილაგაძე/