საქმე #ბს-401-390(კ-13) 12 ნოემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე გ. ნ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხების - თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ს. ა-ის მიმართ, მესამე პირების - გ. ა-ისა და გ. ც-ის მონაწილეობით).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
გ. ნ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების - თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ს. ა-ის მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა (იხ.ს.ფ. 1-10).
წერილობითი შესაგებლით მოპასუხე ს. ა-ემ სარჩელი არ ცნო (იხ.ს .ფ. 48-55).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ. ა-ე და გ. ც-ე (იხ. ს.ფ. 175-177).
წერილობითი შესაგებლით მესამე პირმა გ. ა-ემ სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 184-191).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 218-232).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ნ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ.ს .ფ. 241-251).
სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი წერილობითი შესაგებლით ს. და გ. ა-ეებმა მოითხოვს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.ს.ფ. 282-289).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის განჩინებით გ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 312-323).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ნ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 334-344).
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 9 სექტემბრის განჩინებით გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 372-373).
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით სალი და გ. ა-ეებმა მოითხოვს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 384-385).
წერილობითი მოსაზრებით გ. ნ-ემ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 387-390).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობის მოსაზრებით, კასატორის _ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ გ. ნ-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს გ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ნ-ის სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს გ. ნ-ის საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. გ. ნ-ეს დაუბრუნდეს გ. ნ-ის საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2013 წლის 6 აგვისტოს გადახდის ქვითარი №575288 გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (300 ლარი) 70%, _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე