Facebook Twitter
saqme #bs-799-773(k-10)

საქმე #ბს-439-428(2კ-13) 19 ნოემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა დ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე დ. ს-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

დ. ს-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაკისრებოდა სახელფასო დავალიანების, ბინის ქირის, კვების კომპენსაციის, ერთჯერადი გასასვლელი დახმარების, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის თანხის ყოველ გადაცილებულ დღეზე 0,07 %-ისა და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული თანხის - 500 ლარის ანაზღაურება (იხ.ს .ფ. 1-10; ტ.1).

წერილობითი შესაგებლით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 28-38; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობროვ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1999-2001 წლების სახელფასო დავალიანების სულ - 2373,93 აშშ დოლარის (ეროვნული ვალუტის ექვივალენტი ლარში) ანაზღაურება; ხოლო 1999-2001 წლების ბინის ქირის, კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი ხანდაზმულობის მოტივით, ხოლო ერთჯერადი გასასვლელი დახმარების, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის თანხის ყოველ გადაცილებულ დღეზე 0,07 %-ისა და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული თანხის - 500 ლარის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის მოტივით (იხ. ს.ფ. 95-109; ტ.1).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და დ. ს-ემ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 114-123; ტ.1).

დ. ს-ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 126-142; ტ.1).

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო შესაგებლით მოითხოვა დ. ს-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 8-15; ტ.2).

დ. ს-ემ სააპელაციო შესაგებლით მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.ს.ფ. 28-25; ტ.2).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა დ. ს-ის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის -500 ლარის გადახდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად (იხ. ს.ფ. 48-66; ტ.2).

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. ს-ემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

დ. ს-ემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ასევე მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის საადვოკატი ხარჯების 100 ლარის ანაზღაურების დაკისრება და საქმის განსახილველად დიდი პალატისათვის გადაცემა (იხ. ს.ფ. 73-81; 114-124; ტ.2).

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას (იხ.ს.ფ. 84-91; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ხოლო 2013 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით დ. ს-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 96-97; 130-131; ტ.2).

საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით დ. ს-ემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 105-107; ტ.2).

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებით მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 109-110; ტ.2).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობის მოსაზრებით, მიიჩნევს, რომ კასატორის _ დ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით მიაჩნია, რომ არ არსებობს დ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც დ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

რაც შეეხება დ. ს-ის შუამდგომლობას საქმის დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911-ე მუხლის შესაბამისად: ,,საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ: ა) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას; ბ) საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას); გ) საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას)“, ვინაიდან, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ არც ერთ საფუძველს და საკასაციო საჩივარი ცნო დაუშვებლად ანუ ჩათვალა, რომ საქმე არ მიეკუთვნებოდა იმ კატეგორიის დავას რომელიც წარმოადგენდა იშვიათ სამართლებრივ პრობლემატიკას და საჭირო იყო სამართლებრივი ნორმის განმარტება ან სააპელაციო სასამართლო მიღებული გადაწყვეტილებით ეწინააღმდეგებოდა საკასაციო სასამართლოს მიერ ადრე დადგენილ პრაქტიკას მსგავსი კატეგორიის საქმეებთან მიმართებაში, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი შუამდგომლობა მოცემული საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემის თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. არ დაკმაყოფილდეს დ. ს-ის შუამდგომლობა საქმის დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემის თაობაზე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე