#ბს-514-496(კ-13) 28 ნოემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 11 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 16 ივნისს აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს სარჩელით მიმართა ც. ლ-ასა და სხვათა (სულ 13 ფიზიკური პირის) წარმომადგენელმა მ. ა-ემ და მოსარჩელეთაგან ექსპროპრირებული ერთოთახიანი ბინების მესაკუთრე ოჯახებისათვის ღირებულებისა და კომპენსაციის სახით 15000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ოროთახიანი ბინების მესაკუთრეთათვის _ 25000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ხოლო სამოთახიანი ბინების მესაკუთრეთათვის _ 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა მოპასუხე აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოსათვის. მოგვიანებით, 30 ივნისს მ. ა-ემ, უკვე როგორც 15 ფიზიკური პირის წარმომადგენელმა, სასამართლოს დაზუსტებული სარჩელით მიმართა და მოსარჩელეთა სასარგებლოდ მოპასუხისათვის 252300 აშშ დოლარისა და წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების _ დავის საგნის ღირებულების 10%-ის ოდენობით, 25230 აშშ დოლარის, სულ _ 277530 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
აღნიშნული სარჩელი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2004 წლის 2 ივლისის განჩინებით განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს იმ მოტივით, რომ დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 500 000 ლარს.
2004 წლის 30 აგვისტოს მ. ა-ემ, როგორც უკვე 17 მოსარჩელის წარმომადგენელმა, დაზუსტებული სარჩელით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მოსარჩელეთა სასარგებლოდ მოპასუხე აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოსათვის 362 780 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 31 აგვისტოს განჩინებით აღნიშნული სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაიგზავნა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში იმ მოტივით, რომ სარჩელის ფასი აღემატებოდა 500 000 ლარს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 22 სექტემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული აღნიშნული სარჩელი.
2004 წლის 19 ნოემბერს მ. ა-ემ დაზუსტებული კოლექტიური სარჩელით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს და მოპასუხისათვის დაბა ..., ... (...) ქ. №...-ში განლაგებული 24-ბინიანი საცხოვრებელი სახლის 13 ბინის მესაკუთრეების სასარგებლოდ 252 300 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, ..., სამეურნეო ეზო №4-ში მდებარე ციტრუსების მეურნეობის 30-ბინიანი სახლის 4 ბინის მესაკუთრეების სასარგებლოდ 50000 აშშ დოლარის, ხოლო ... ქ. №5-ში განთავსებული სახლების 3 მესაკუთრისათვის _ 92500 აშშ დოლარის, ასევე წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯები _ 39 380 აშშ დოლარის, სულ - 433 580 აშშ დოლარის ოდენობით დაკისრება მოითხოვა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების - ც. ლ-ასა და სხვათა (სულ 72 ფიზიკური პირი) სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-ემ, რომელმაც სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 21 იანვრის განჩინებისა და 2005 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 15 ივლისის განჩინებით კასატორების _ ც. ლ-ასა და სხვათა წარმომადგენლის, მ. ა-ის, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
2006 წლის 9 იანვარს მოსარჩელეებმა დაზუსტებული კოლექტიური სარჩელით მიმართეს ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს და აჭარის ა/რ მთავრობისათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ 517 000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ც. ლ-ამ და სხვებმა (სულ 80 ფიზიკური პირი), რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 აპრილის განჩინებით ნ. და ა. (ა.) ლ-ის, ვ. ო-ის, ა. ჩ-ის, ც. ტ-ის, ც. და ი. ჩ-ეების, ი. ს-ის, რ., ჟ., ს., ე. და ს. ო-ების, დ. და ე. მ-ების, ნ. კ-ის, გ., თ., ჯ. და დ. ლ-ების, თ. და გ. ქ-ეების, ი. ღ-ის, ა., მ. და რ. მ-ების, ვ. და ე. პ-ების, ჟ. და ე. პ-ების, გ. თ-ის, მ., რ., შ., ნ. და მ. ფ-ეების, ლ. ვ-ის, ნ., ნ. და მ. ა-ების, ა. დ-ის, რ. ბ-ის, ს. ა-ის სააპელაციო საჩივრები ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 11 აპრილის განჩინებით ც. ლ-ას და სხვათა (სულ 37 ფიზიკური პირი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 11 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ მთავრობამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 11 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე