საქმე №ბს-529-520(კ-12) 20 მაისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე
კასატორი (მოსარჩელე) – ლ. ი-ი
მოწინააღმდეგე მხარე: (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირები - მ. წ-ი, რ. შ-ა, თ. გ-ი
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მოსარჩელე : ლ. ი-ი
მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური
სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
სარჩელის საგანი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 5 ოქტომბრის მ. წ-ის საკუთრების უფლების №882010757284 რეგისტრაციის ბათილად ცნობას 2,07 კვ.მ. ფართის რეგისტრაციის ნაწილში.
სარჩელის საფუძველი:
ფაქტობრივი: 1994 წლის 16 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით, თ. კ-ემ გაყიდა და ლ. ი-მა იყიდა მთელი საცხოვრებელი სახლის 28/1838 წილი, მდებარე ქ. თბილისი, ... გამზ. №40.
პრივატიზაციის ხელშეკრულების და ასევე ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით შეძენილი ფართი შეადგენდა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ 28 კვ.მ. საცხოვრებელ ფართს და 14 კვ.მ. საერთო დამხმარე ფართს; აღნიშნული ფართი ამავე სახით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მის სახელზე 2005 წელს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 5 ოქტომბერს მ. წ-ის საკუთრებაში დარეგისტრირდა ... გამზ. №40–40ა 43.00 კვ.მ. ფართი, თანასაკუთრებაში - სამზარეულო, საპირფარეშო, სამრეცხაო, კორიდორი.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული რეგისტრაციით მოხდა მის საკუთრებაში არსებული ფართის რეგისტრაცია, ვინაიდან, მან ამხანაგობის კრების ოქმების საფუძველზე მ. წ-ზე ადრე მოახდინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სამართლებრივი: მოსარჩელე მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე და მე-601 მუხლებზე, ასევე ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონზე (იხ. ს.ფ. 1-9; 52-60; ტ.1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება მ. წ-ი (იხ. ს.ფ. 98-99; ტ.1).
მოპასუხის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის შესაგებელი:
ფაქტობრივი: მოპასუხის განმარტებით, 2010 წლის 24 აგვისტოს მ. წ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა რეგისტრირებულ უფლებებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ... გამზ. №40-40ა.
თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა 2010 წლის 30 აგვისტოს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით მ. წ-ის საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო 28,00 კვ.მ ფართზე და თანასაკუთრება - სამზარეულო, საპირფარეშო, სამრეცხაო და კორიდორი. აქედან გამომდინარე, სარეგისტრაციო სამსახურმა მ. წ-ს მოსთხოვა განმარტებითი ხასიათის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“ კრების ოქმის წარმოდგენა, იმის თაობაზე, რომ შედიოდა თუ არა საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებულ 28,00 კვ.მ ფართში და ასევე თანასაკუთრების ფართები შიდა აზომვითი ნახაზი 43, 00 კვ.მ ფართში.
დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო სამსახურში 2010 წლის 8 სექტემბერს დამატებით წარადგინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“ კრების ოქმი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ 43.00 კვ.მ მოიცავდა რეესტრში უკვე რეგისტრირებულ 28.00 კვ.მ ფართობს.
შესაბამისად, 2010 წლის 10 სექტემბერს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო №882020757284-05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან საჯარო რეესტრის ჩანაწერების თანახმად აღნიშნულ მისამართზე არსებულ სამეურნეო სათავსოებზე საკუთრების უფლებები უკვე რეგისტრირებული იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ლ...“ მიერ შედგენილი კრების ოქმების საფუძველზე, რომლის თავმჯდომარეს წარმოადგენდა ნანული შეყლაშვილი, ხოლო დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი იყო სხვა ამხანაგობის (ბმა ,,...“ კრების ოქმი (თავმჯდომარე დ. თ-ე). აღნიშნულიდან გამომდინარე, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობა, იმ შემთხვევაში თუ წინამდებარე მისამართზე არსებულ ერთ მიწის ნაკვეთზე არსებობდა ორი ამხანაგობა.
მოპასუხის განმარტებით, მ. წ-მა 2010 წლის 30 სექტემბერს დამატებით წარადგინა 2010 წლის 19 ივნისის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა კრების ოქმი №2, რომლითაც დადასტურდა, რომ ბმა ,,ლ...“ შეეცვალა სახელწოდება და თავმჯდომარე (ამხანაგობას ეწოდა ბმა ,,...“ და თავმჯდომარედ არჩეულ იქნა გ. ს-ა).
შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე 2010 წლის 5 ოქტომბერს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ.
სამართლებრივი: მოპასუხის განმარტებით, სარეგისტრაციო წარმოების მასალებით დასტურდება, რომ მ. წ-ის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაცია სრულად შეესაბამება ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი (იხ. ს.ფ. 133-141; ტ.1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, მესამე პირებად ჩაებნენ რ. შ-ა და თ. გ-ი (იხ. ს.ფ. 191; ტ.1).
დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მ. წ-ის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის 14,34 კვ.მ. ფართის რეგისტრაციის ნაწილში ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 375-378; ტ.1).
საქმის გარემოებები:
ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროში 1994 წლის 17 ივნისს დარეგისტრირდა ლ. ი-ის საკუთრების უფლება ... გამზ. №40-ში. 2008 წლის 2 სექტემბერს მისივე განცხადების საფუძველზე განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია და ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად დაზუსტდა მის საკუთრებაში არსებული ფართის ოდენობა და 2008 წლის 2 სექტემბრის №882008261887 რეგისტრაციის შესაბამისად, საკადასტრო კოდით №..., საკუთრების უფლება აღირიცხა 29.10 კვ.მ. ფართზე.
ამასთან, ლ. ი-ის 2008 წლის 1 სექტემბრის განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ იმავე წლის 24 სექტემბერს საკუთრების უფლება რეგისტრირებული იქნა 2.07 კვ.მ. ფართზე. საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი იყო ბმა ,,ლ...’’ კრების ოქმი №61.
ასევე 2008 წლის 17 ნოემბერს ლ. ი-ის საკუთრების უფლება დამატებით დარეგისტრირდა 2,07 კვ.მ ფართზე ბმა ,,ლ...’’ №67 კრების ოქმის საფუძველზე.
2011 წლის 8 აპრილს ლ. ი-ის განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ იმავე წლის 26 აპრილს განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, რომლის თანახმად ლ. ი-ის სახელზე საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ... გამზირი №40-ში საცხოვრებელ 31,17 კვ.მ ფართზე, მის საკუთრებაში არსებული 29,10 კვ.მ. ფართისა და 2,07 კვ.მ ფართის შეერთების საფუძველზე და საკუთრების უფლება სხვენზე 56,24 კვ.მ-ზე (საკადასტრო კოდით №...) უფლების დამდგენ დოკუმენტად მიეთითა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის №ბ-12/126729-16 ბრძანება.
ამასთან, მოსარჩელის საკუთრებაში რჩებოდა 2,07 კვ.მ ფართი, რეგისტრირებული 2008 წლის 17 ნოემბერს (რეგისტრაციის ნომერი 882008320801, საკადასტრო კოდით №...).
ზემოაღნიშნულ რეგისტრაციებს ახლავს 2008 წელს შესრულებული აზომვითი ნახაზები, რომლიდანაც დასტურდება, რომ ლ. ი-ის საკუთრებაში არსებული 29,1 კვ.მ ფართის მომიჯნავედ მდებარეობდა საერთო სარგებლობაში არსებული ფართი, რომლის წილ 4,14 კვ.მ ფართზე (ჯამი 2,07 კვ.მ. და 2,07კვ.მ ფართის) საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნებართვა გასცა ამავე კორპუსის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ლ...’’, სადავო ფართზე ლ. ი-მა იმავე პერიოდში განახორციელა სარემონტო სამუშაოები, კერძოდ, მიაშენა საპირფარეშო.
ლ. ი-ი კუთვნილი 29 კვ.მ. ფართის მომიჯნავედ მდებარე ფართით რ. შ-ასთან, თ. დ-ესთან, ნ. ძ-ესთან და მ. წ-თან ერთად სარგებლობდა, რომლებმაც მსუბუქი კონსტრუქციით გადატიხრეს მათი წილი დამხმარე ფართი. აპელანტისა და სხვა ბინათმესაკუთრეების მიერ დამხმარე ფართით სარგებლობის ფაქტი დაადასტურა ბმა ,,ლ...’’ თავმჯდომარემ გ. ს-ამ, რომელმაც ასევე მიუთითა, რომ მ. წ-მა 2010 წელს უკანონოდ დაიკავა სადავო ფართი, აჭედა შესასვლელი კარი და გარეთ გამოყარა ბინათმესაკუთრეთა ნივთები.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო ნაწილი/:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:
1993 წლის 22 მარტის სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით თ. კ-ეს უსასყიდლოდ საკუთებაში გადაეცა ქ. თბილისში, ... გამზ.№40–ში მდებარე ბინა, ოროთახიანი, საცხოვრებელი ფართი 28 კვ.მ. საერთო სამზარეულო - 14 კვ.მ. და საპირფარეშო. 1994 წლის 16 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით, თ. კ-ემ გაყიდა და ლ. ი-მა იყიდა, მთელი საცხოვრებელი სახლის 28/1838 წილი, მდებარე ქ. თბილისი, ... გამზ. №40.
მარეგისტრირებელ ორგანოში დარეგისტრირდა ლ. ი-ის საკუთრების უფლება, ქ. თბილისში, ... გამზ.№40, მდებარე 29.10 კვ.მ. ფართზე, საკადასტრო კოდი ..., უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებული იყო სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული 1994 წლის 16 ივნისს.
2008 წლის 24 სექტემბერს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ლ. ი-ის საკუთრების უფლება, ქ. თბილისში, ... გამზ. №40-ში მდებარე 2.07 კვ.მ. ფართზე, საკადასტრო კოდი №....
2008 წლის 17 ნოემბრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში კვლავ დარეგისტრირდა ლ. ი-ის საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ... გამზ.№ 40-ში მდებარე 2.07 კვ.მ. ფართზე, საკადასტრო კოდი №....
2006 წლის 1 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებით, მ. ჯ-მა გაყიდა, ხოლო მ. წ-მა იყიდა საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ... გამზირი №40–40ა, წილობრივი მონაცემები–28 კვ.მ, სამზარეულო, საპირფარეშო, სამრეცხაო, კორიდორი–საერთო საკუთრებაში.
2008 წლის 4 აგვისტოს ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (პირველადი რეგისტრაცია 2006 წლის 10 თებერვალს № 012006006307), ქ. თბილისში, ... გამზ. №40–40ა, დარეგისტრირდა მ. წ-ის საკუთრების უფლება 28.00 კვ.მ. ფართზე და თანასაკუთრება სამზარეულო, საპირფარეშო, სამრეცხაო, კორიდორი, საკადასტრო კოდი №....
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის (მრავალბინიანი სახლის მისამართი ქ. თბილისში, ... გამზირი №40–401 ) 2010 წლის 19 ივლისის საერთო კრების ოქმი №2–ში მითითებულია, რომ კრების გადაწყვეტილებით ამხანაგობას ეწოდა ბმა „...“, ამხანაგობის თავმჯდომარე - მ. მ-ის ნაცვლად აირჩიეს დ. თ-ე.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ 2010 წლის 24 აგვისტოს კრების №2 ოქმით, ამხანაგობის წევრთა 2/3–ზე მეტმა მხარი დაუჭირა მას, რომ წარმოდგენილ აზომვით ნახაზზე ასახული ... გამზირი №40–ში მდებარე 43 კვ.მ. ფართი, წარმოადგენს ამხანაგობის წევრის მ. წ-ის ინდივიდუალური საკუთრების საგანს და ამხანაგობის წევრებს არ აქვთ არანაირი პრეტენზია, რათა აღნიშნულ უძრავ ნივთზე მ. წ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოხდეს თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ 2010 წლის 1 სექტემბრის კრების №2 ოქმში დაზუსტებულია, რომ 43 კვ. მ. ფართი მოიცავს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ 28 კვმ. ფართს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 5 ოქტომბრის №882010757284–09 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განმცხადებელ მ. წ-ის მოთხოვნა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ, მდებარე ... გამზირი №40–40ა, რაც აისახა 2010 წლის 5 ოქტომბრის ამონაწერში საჯარო რეესტრიდან №882010757284, საკადასტრო კოდი №..., სადაც მითითებულია, რომ დარეგისტრირდა მ. წ-ის საკუთრების უფლება, ქალაქი თბილისი გამზირი ... №40–40ა 43.00 კვ.მ. ფართზე, თანასაკუთრება სამზარეულო, საპირფარეშო, სამრეცხაო, კორიდორი.
სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:
მოსარჩელემ მიუთითა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან სადავო 14,34 კვ.მ ფართი არის მისი საკუთრება.
მხარეთა მიერ სადავოდ გახდილი ფაქტების შეფასება:
საქალაქო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 05 ოქტომბრის №882010757284–09 გადაწყვეტილებით, უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია განხორციელდა, როგორც უფლების დამდგენი დოკუმენტის, ისე სარეგისტრაციო წარმოებისას დაინტერესებული მხარის მიერ დამატებით წარმოდგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ კრების ოქმების შესაბამისად, რომელთა ერთობლიობაც, კონკრეტულ შემთხვევაში წარმოშობდა, უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს.
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/ :
სასამართლომ განმარტა, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის მე–2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსის (სარდაფი, სხვენები და ა.შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესავლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3–ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანება №4–ის „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ მე–15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლით განსაზღვრული საკუთრების უფლება დაურეგისტრირებელ საგანზე ამხანაგობის წევრის ინდივიდუალური საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს ამხანაგობის წევრების ხმათა 2/3–ით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ამხანაგობის შესაბამისი წევრის მიერ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე სამეურნეო სათავსის ინდივიდუალურ მფლობელობაში არსებობის ფაქტი.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე–3 მუხლის მე–2 ნაწილის მე–6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომლები პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დროს, დაინტერესებული მხარის მიერ წარმოდგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმების ნამდვილობის შემოწმება, არც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსა და არც ამ სასამართლოს კომპეტენციას არ წარმოადგენს (იხ. ს.ფ. 417-422; ტ.1).
აპელანტი: ლ. ი-ი
მოწინააღმდეგე მხარე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირები - მ. წ-ი, რ. შ-ა, თ. გ-ი
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელაციის მოტივები:
ფაქტობრივი: აპელანტის განმარტებით, სადავო ფართის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი იყო ... გამზ.№40-ში მდებარე სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ლ...’’ კრების ოქმები. აღნიშნულ სახლში 2005 წლიდან აღირიცხებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ლ...’’. 2010 წლის 19 ივლისს ბმა ,,ლ...’’ გადაერქვა სახელი და ეწოდა ,,...’’ და აირჩიეს ახალი თავმჯდომარე დ. თ-ე. ბინათმესაკუთრეთა წევრებს შორის კონფლიქტისა და თავმჯდომარის მიმართ უნდობლობის გამო ორ თვეში დ. თ-ე გადაირჩიეს და ბმა-ს დაუბრუნდა ძველი სახელი. მითითებულ ორ თვეში მ. წ-ის სასარგებლოდ შეადგინეს კრების ოქმი, რომლის შესახებ არ იცოდნენ სადავო ფართით მოსარგებლე პირებმა, რაც ქმნის ეჭვის საფუძველს ოქმის კანონიერებაზე. კრების ოქმით მას მიეცა ნებართვა სადავო ფართის რეგისტრაციის, რომელზეც რეგისტრირებული იყო მისი საკუთრების უფლება, რაც გამორიცხავდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ მ. წ-ის სასარგებლოდ სადავო ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობას, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაციის უფლებას. სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულება მასზედ, რომ მის სახელზე რეგისტრირებული საკუთრების უფლება ... გამზ. №40-ში, ასევე დარეგისტრირდა მ. წ-ის სახელზე, რაც აპელანტის მოსაზრებით, არამართებულია, ვინაიდან საქმეში არსებული აზომვითი ნახაზები, მე-4 სართულის გეგმარება, მოწმეთა განმარტებები და თვით მესამე პირის - მ. წ-ის მიერ სხდომაზე გაკეთებული განმარტება, რომ მის მიერ ბმა ,,...’’ კრების ოქმით რეგისტრირებული საკუთრების უფლების საგანი და ლ. ი-ის მიერ 2008 წელს რეგისტრირებული საკუთრების უფლების საგანი იყო ერთი და იგივე, რომელიც წარმოადგენს დავის საგანს, იძლეოდა იმის საფუძველს, რომ საქალაქო სასამართლოს დაედგინა სადავო გარემოება.
სასამართლო გადაწყვეტილებაში ასევე მიუთითებდა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონის 4.2 მუხლის თანახმად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე 2/3 აფიქსირებენ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსოს (სარდაფი, სხვენი და ა.შ) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას, რომლის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი. აღნიშნული მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსოს ადგილმდებარეობის დადგენა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური მ. წ-ის უფლების რეგისტრაციისას ვალდებული იყო, მოეთხოვა ნახაზი, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნებოდა სათავსოს ადგილმდებარეობის დადგენა, რომელზეც საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2010 წლის 5 ოქტომბერს, მ. წ-ის მიერ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით შეუძლებელია დადგინდეს სათავსოს ადგილმდებარეობა.
აპელანტის მტკიცებით, საქალაქო სასამართლომ სრულად არ განმარტა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანების ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ 15.1 მუხლის დანაწესი, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელია ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე საკუთრების უფლება დაურეგისტრირებელ საგანზე. ვინაიდან სადავო ფართზე უკვე იყო რეგისტრირებული მისი საკუთრების უფლება 2008 წლის 24 სექტემბერს და 17 ნოემბერს, შესაბამისად, საგანი დატვირთული იყო საკუთრების უფლებით, რაც გამორიცხავდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების გადაწყვეტილების საფუძველზე მ. წ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას.
აპელანტის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებაში ასევე მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი სადავო ფართზე იყო ამხანაგობის კრების ოქმი და მისი ნამდვილობის შემოწმება, არც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს და არც სასამართლოს კომპეტენციას არ წარმოადგენს. კრების ოქმის კანონიერების შემოწმება არ წარმოადგენდა დავის საგანს და ვერც იქნებოდა, ვინაიდან აღნიშნულზე უფლება სამოქალაქო სამართლის წესითაა შესაძლებელია, მაგრამ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ კანონის 3.6 მუხლის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ადმინისტრაციულ ორგანოს არ ეკისრება წარმოდგენილი დოკუმენტების კანონიერების შემოწმების ვალდებულება, როგორც ამას სასამართლო განმარტავს, მაგრამ იგი პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტების ურთიერთშესაბამისობაზე. დაუშვებელია, მოპასუხე მხარე გათავისუფლდეს აღნიშნული პასუხისმგებლობისაგან და საკითხის მოგვარება მიანდოს მხოლოდ დაინტერესებული პირის კეთილსინდისიერებას. აპელანტის განმარტებით, ვინაიდან სადავო ფართზე 2008 წლის რეგისტრაციის თანახმად აღრიცხული იყო მისი საკუთრების უფლება, იგი გამორიცხავდა მ. წ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას. აპელანტის მითითებით, აღნიშნულზე საუბარია ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ კანონის 23-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად ,,მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია, უარი უთხრას უფლების რეგისტრაციაზე, თუ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების რეგისტრაციას’’. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული გარემოება წარმოადგენს მისი ბათილობის საფუძველს. საქმის მასალებით კი აშკარაა, რომ სადავო აქტის რეგისტრაციამდე რეგისტრირებული იყო მისი საკუთრების უფლება 4,14 კვ.მ ფართზე.
ამასთან, აპელანტის განმარტებით საკუთრების უფლება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ასევე, დანარჩენ - 10,2 კვ.მ. ფართზე, რომელზეც საკუთრების უფლება მ. წ-ს წარმოეშვა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...’’ კრების ოქმის საფუძველზე 2010 წლის 5 ოქტომბრის რეგისტრაციით. სადავო ფართს გააჩნია მხოლოდ ერთი შესასვლელი საერთო სარგებლობის კორიდორის მხრიდან, რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება მის მიერ საკუთრებაში რეგისტრირებულ ფართს, ამასთან, რეგისტრირებული ფართები აღნიშნულ ოთახში არის ერთმანეთისაგან განცალკევებით. შესაბამისად, 2010 წლის 5 ოქტომბრის რეგისტრაციის მხოლოდ 4,14 კვ.მ ფართზე ბათილად ცნობის შემთხვევაში მას არ ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს საკუთრების უფლებით, ვინაიდან აღნიშნულ ფართებთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მ. წ-ის საკუთრებაში არსებული ფართის გავლით. შესაბამისად, რეგისტრაციის ბათილად ცნობა მხოლოდ 4,14 კვ.მ ფართზე გამორიცხავს მოსარჩელის მიერ მის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობას. ვინაიდან შეუძლებელია, სასამართლოს მიერ განისაზღვროს ხელშეშლის აღკვეთისათვის რა ნაწილზე უნდა იქნეს ცნობილი რეგისტრაცია ბათილად, აპელანტის მოსაზრებით, რეგისტრაცია ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო 14,34 კვ.მ ფართზე და სათანადო საფუძვლების შემთხვევაში ჩატარდეს წარმოება და საკუთრების უფლება დარეგისტრირდეს ისე, რომ ლ. ი-ს არ შეეშალოს საკუთრების უფლებით სარგებლობა. ამასთან, მხარეების მიერ სადავო ფართში წილები, მათ შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, დაყოფილი იყო 2,07 კვ.მ 6 ბინათმესაკუთრეზე, რაც ჯამში შეადგენს 12,42 კვ.მ., ხოლო სადავო ოთახის ფართი შეადგენს 14,34 კვ.მ რომელთა სხვაობა არის 1,92 კვ.მ, აღნიშნული ფართი უნდა გამოყენებულიყო საერთო სარგებლობის კორიდორად.
სამართლებრივი: აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსაბუთებელია, სადავო რეგისტრაციით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დარღვეულ იქნა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ კანონისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლების მოთხოვნები და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად სადავო რეგისტრაცია 14,34 კვ.მ ფართზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი (იხ. ს.ფ. 438-451; ტ.1).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 მაისის განჩინებით ლ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითა, რომ აპელანტი (მოსარჩელე) მ. წ-ის სახელზე განხორციელებულ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 5 ოქტომბერს განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციას სადავოდ ხდის 14.34 კვ.მ. ფართზე, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ფართი წარმოადგენდა ამხანაგობის თანასაკუთრებაში არსებულ დამხმარე ფართს სათავსოს სახით, საიდანაც 4.14 კვ.მ. ფართზე მან ამხანაგობის კრების ოქმების საფუძველზე მ. წ-ზე ადრე მოახდინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია; სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება და განმარტა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ. ი-ზე რეგისტრირებული დამხმარე ფართი და მ. წ-ის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ფართი არის ერთი და იგივე; კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ 1994 წელს შეიძინა თბილისში ... ქ.№40–ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 28/1838 წილი, რომელიც პრივატიზებული იყო კ-ის სახელზე; ამასთან, პრივატიზაციის ხელშეკრულების და ასევე ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით შეძენილი ფართი შეადგენდა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ 28 კვ.მ. საცხოვრებელ ფართს და 14 კვ.მ. საერთო დამხმარე ფართს; აღნიშნული ფართი ამავე სახით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ლ. ი-ის სახელზე 2005 წელს; ს.ფ.65, 70, 260–273; საქმეში წარმოდგენილი მეოთხე სართულის საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით დამხმარე საერთო 14 კვ.მ. ფართი განთავსებულია ინდივიდუალური საცხოვრებელი ფართების შემდეგ საერთო სარგებლობის კორიდორის ბოლოში; ს.ფ.12;
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმების საფუძველზე ლ. ი-მა მოახდინა დამხმარე ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია; კერძოდ, №67 კრების ოქმის საფუძველზე №... საკადასტრო კოდით დაირეგისტრირა 2.07 კვ.მ. ფართი (ს.ფ.363 ), ხოლო №61 კრების ოქმის საფუძველზე №568 კოდით დაირეგისტრირა ასევე 2.07 კვ.მ. ფართი(ს.ფ.229) ; №... კოდით რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული ამხანაგობის კრების ოქმის მიხედვით ამხანაგობის მიერ ლ. ი-ს საკუთრებაში გადაეცა მის სარგებლობაში არსებული დამხმარე სათავსო 2.07 კვ.მ; ს.ფ.213–224; ხოლო №574 კოდით რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული №67 14/11/2008 წლის კრების ოქმი საქმეში წარმოდგენილი არ არის; საქმეში წარმოდგენილია 2008 წლის 10 მარტის კრების ოქმი, რომლითაც ლ. ი-ს ამხანაგობის მიერ საკუთრებაში გადაეცა დამხმარე სათავსო 2.07 კვ.მ.; ს.ფ.41–42;
სააპელაციო სასამართლომ ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ი-ისათვის ამხანაგობის მიერ საკუთრებაში გადაცემული და შემდგომ მის სახელზე რეგისტრირებული ზემოთ აღნიშნული ფართები წარმოადგენს ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული დამხმარე ფართის ნაწილს; ამასთან, ამხანაგობის კრების ოქმების საფუძველზე შეუძლებელია, დადგინდეს ი-ისთვის გადაცემული ფართების კონკრეტული მახასიათებლები იმდენად, რამდენადაც კრების ოქმებს არ ახლავს შესაბამისი ნახაზები და არც სხვა რაიმე მონაცემები; შესაბამისად, შეუძლებელია, მოხდეს იდენტიფიცირება იმ დამხმარე ფართებისა, რომელიც ამხანაგობამ გადასცა ი-ს საკუთრებაში და რომლის რეგისტრაცია განახორციელა ამ უკანასკნელმა;
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ამხანაგობის მიერ ი-ზე გადაცემული ფართები შედის გასაჩივრებული აქტით მ. წ-ის სახელზე რეგისტრირებულ ფართში (რაც არის სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი), რის გამოც ლ. ი-ის სარჩელი არის დაუსაბუთებელი ფაქტობრივი თვალსაზრისით; კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. წ-მა სადავო რეგისტრაციით განახორციელა მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის დაზუსტება ამხანაგობის წევრთა თანხმობით ( ს.ფ. 193–206– პირველი რეგისტრაცია, ს.ფ. 142–173 – ფართის დაზუსტება), რის შედეგადაც დღეის მდგომარეობით მ. წ-ის სახელზე რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური საკუთრების საცხოვრებელი ფართი, ისე თანასაკუთრებაში არსებული დამხმარე ფართი: სამზარეულო, საპირფარეშო, სამრეცხაო, კორიდორი; ს.ფ.173; შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მტკიცება იმის შესახებ, რომ მ. წ-მა მოახდინა საერთო საკუთრების 14 კვ.მ. დამხმარე ფართის რეგისტრაცია;
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსის (სარდაფი, სხვენები და ა.შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3–ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი.
„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე–15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლით განსაზღვრული საკუთრების უფლება დაურეგისტრირებელ საგანზე ამხანაგობის წევრის ინდივიდუალური საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს ამხანაგობის წევრების ხმათა 2/3–ით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ამხანაგობის შესაბამისი წევრის მიერ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე სამეურნეო სათავსის ინდივიდუალურ მფლობელობაში არსებობის ფაქტი.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე–3 მუხლის მე–2 ნაწილის მე–6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომლები პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 05 ოქტომბრის №882010757284–09 გადაწყვეტილებით, უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია განხორციელდა, უფლების დამდგენი დოკუმენტის, მათ შორის, სარეგისტრაციო წარმოებისას დაინტერესებული მხარის მიერ დამატებით წარდგენილი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ კრების ოქმების შესაბამისად, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევდა, უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველს. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი იყო, მიეღო №882010757284 გადაწყვეტილება მ. წ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე–3 მუხლის მე–2 ნაწილის მე–6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოსა და მისი თანამშრომლების პასუხისმგებლობას მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობაზე (იხ. ს.ფ. 56-67; ტ.2).
კასატორი: ლ. ი-ი
მოწინააღმდეგე მხარე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითად აფუძნებს იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა, სააპელაციო საჩივარში და ამასთან განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმეზე არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ ის გარემოება, რომ მასზე და მ. წ-ზე რეგისტრირებული ფართი არის ერთი და იგივე ფართი, აღნიშნული ფართის ადგილზე დათვალიერება სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღების.
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები:
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე დასაშვებია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე (იხ. ს.ფ. 184-187; ტ.2).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ლ. ი-ის საკასაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება, იმ მოტივით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში იხილებოდა ლ. ი-ის სარჩელი მოპასუხეების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ლ...ა~ და მ. წ-ის მიმართ (ბმა ,,...~ 2010 წლის 1 სექტემბრის #02 კრების ოქმის, ლ. ი-ის ინდივიდუალური საკუთრების 4.14 კვ.მ. და სერთო სარგებლობის 10.2 კვ.მ. ფართის ((სულ 14.34 კვ.მ) მ. წ-ისათვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე).
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 2 მაისის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება ლ. ი-ის საკასაციო საჩივარზე, ვინაიდან როგორც 2014 წლის 25 აპრილს საკასაციო სასამართლოს მიმართვის საფუძველზე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოგზავნილი წერილიდან ირკვევა, სამოქალაქო საქმეზე 2/11886-2012 მოსარჩელე - ლ. ი-ის, მოპასუხე - ბმა ,,ლ...“ და მ. წ-ის საქმის წარმოება დასრულებულია და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (იხ. ს.ფ. 207-209; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (კასატორმა) უარი თქვა სარჩელაზე და მოითხვა საქმის წარმოების შეწყვეტა (იხ. სხდომის ოქმი 2014 წლის 20 მაისი ს.ფ. 219-225; ტ.2).
მორიგების აქტის დამტკიცებაზე თანხმობა განაცხადა ასევე მოწინააღმდეგე მხარის - თელავის მუნციპალიტეტის წარმომადგენელმაც (იხ. სხდომის ოქმი 2014 წლის 6 მაისი ს.ფ. 219-225; ტ.2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ. ი-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, ლ. ი-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 მაისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება, ლ. ი-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
კონკრეტულ შემთხვევაში პროცესის მონაწილე მხარემ - კასატორმა, ფიზიკურმა პირმა სარჩელზე უარის თქმით გამოხატა ნება თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, რაც მოტივირებულ იქნა იმ გარემოებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ბმა „...“ 2010 წლის 1 სექტემბრის №02 კრების ოქმი, ლ. ი-ის ინდივიდუალური საკუთრების 4.14 კვ.მ. და საერთო სარგებლობის 10.2 კვ.მ ფართზე, მ. წ-ისათვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის ნაწილში. კასატორის (მოსარჩელის) განმარტებით, სწორედ ბმა „...“ 2010 წლის 1 სექტემბრის №02 კრების ოქმის საფუძველზე მოხდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 5 ოქტომბერს განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია ამხანაგობის თანასაკუთრებაში არსებულ დამხმარე - 4.14 კვ.მ. ფართზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გაუქმდა სადავო რეგისტრაციის საფუძველი - ბმა „...“ 2010 წლის 1 სექტემბრის №02 კრების ოქმი. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ გამოხატული ნება სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე ფიზიკური პირების ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან კასატორმა (მოსარჩელე) 2014 წლის 20 მაისის სასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა სარჩელზე უარის თქმის შესახებ და სასამართლო პროცესზე გამოცახადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა და მესამე პირმა - მ. წ-მა თანხმობა განაცხადეს მხარის ნების გამოხატვაზე, საკასაციო სასამართლო იყენებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სსსკ-ის 272-ე მუხლის ,,გ“ პუნქტისა და 401-ე მუხლებით, მინიჭებულ უფლებამოსილებას და წყვეტს წარმოებას სარჩელზე მასზე უარის თქმის გამო.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ფიზიკური პირების მიერ პროცესუალური ნების ამგვარი გამოხატვა სრულ შესაბამისობაშია საპროცესო კანონმდებლობით აღიარებულ მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპთან, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე არ არის უფლებამოსილი მხარეთა ნების გამოხატვა დააბრკოლოს სამოსამართლო ჩარევის თვალსაზრისით.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.3 მუხლის შესაბამისად, კასატორის – ლ. ი-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ნახევარი 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 9.3; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,გ“ პუნქტით, 390-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ი-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 მაისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. ლ. ი-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
4. ლ. ი-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება სარჩელზე უარის თქმის გამო;
5. მხარეებს განემარტოთ, საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
6. ლ. ი-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300) ლარიდან 150 ლარი;
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/პ. სილაგაძე/