Facebook Twitter

Nბს-822-806 (კ-12) 20 მაისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ ა. ვარდიძე

კასატორი (მოპასუხე) _ შპს ,,…’’, წარმომადგენელი მ. ქ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, წარმომადგენელი მ. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მესტიის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი ა. თ-ე

მოწინააღმდეგე მხარე-მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი _ სარეგისტრაციო ჩანაწერების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ სარჩელით მიმართა მესტიის რაიონული სასამართლოს მოპასუხეების მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირის -შპს ,,...’’ მიმართ.

მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა მესტიის სარეგისტრაციო სამსახურის 2003 წლის 8 დეკემბრის სააღრიცხვო ჩანაწერების-422003000057, 422003000058, 422003000059, 422003000060 და 422003000062 ბათილად ცნობა, რომლითაც დარეგისტრირდა შპს ,,...’’ საკუთრების უფლება (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები-N..., N..., N..., N..., N...) და საჯარო რეესტრის მესტიის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება გამოეცა ახალი ადმინისტრაციული აქტი სადავო მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე.

მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრის ამონაწერში საკუთრების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული დადგენილებით მოპასუხეს სარგებლობაში გადაეცა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთები, შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტი არ ადგენდა მოპასუხის საკუთრების უფლებას სადავო მიწის ნაკვეთებზე. ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ’’ კანონით განისაზღვრა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს უფლებამოსილებები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების გასხვისების კუთხით და რაიმე დათქმა ცალკეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის შეღავათების დაწესების შესახებ არ არსებობდა. მოსარჩელის მოსაზრებით სადავო სამართალურთიერთობაზე ასევე არ ვრცელდება ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ’’ კანონის ნორმები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ ჩათვალა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერები შპს ,,...’’ მესაკუთრედ დარეგისტრირების თაობაზე სადავო მიწის ნაკვეთებთან მიმართებაში არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად კანონსაწინააღმდეგოა და ბათილად უნდა გამოცხადდეს კანონსაწინააღმდეგო ჩანაწერები.

მესტიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მესტიის სარეგისტრაციო სამსახურის 2003 წლის 8 დეკემბრის სააღრიცხვო ჩანაწერები-422003000057, 422003000058, 422003000059, 422003000060 და 422003000062, რომლითაც დარეგისტრირდა შპს ,,...’’ საკუთრების უფლება (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები- N..., N..., N..., N..., N...), საჯარო რეესტრის მესტიის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა სადავო მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მესტიის რაიონის გამგეობის 2003 წლის 12 აგვისტოს N34 დადგენილების საფუძველზე შპს ,,...’’ ფიჭური კავშირის საბაზო სადგურების მშენებლობისათვის გამოეყო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, შემდგომი პრივატიზაციის უფლებით. შპს ,,...’’ აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე 2003 წლის 8 დეკემბერს საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა საკუთრების უფლება, შემდეგი მონაცემებით: მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები- N..., N..., N..., N..., N.... მოსარჩელისათვის საჯარო რეესტრის რეგისტრაციის შესახებ ცნობილი გახდა 2012 წლის 11 იანვარს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო სამართლებრივ ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს. ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ’’ კანონი. სასამართლომ არ გაიზიარა მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ დაარღვია ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების წესი, ვინაიდან არ გამოიყენა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრით მიმართვის ერთჯერადი წესი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ კანონის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლითაც მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების (ამ შემთხვევაში საკუთრების უფლების) რეგისტრაციის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით.

პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა ასევე ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ’’ კანონის პირველი მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-4 მე-7, მე-8 და მე-11 პუნქტებით და განმარტა, რომ გამგეობის გადაწყვეტილებით განხორციელდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის განკარგვა-სარგებლობაში გადაცემის ფორმით, რადგანაც საკუთრებაში გადაცემის ფორმით განკარგვა ხდებოდა საჯარო სამართლის იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა დაფინანსება ხორციელდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, პირდაპირი განხილვის წესით, კონკურსის და აუქციონის გამოუცხადებლად, პირდაპირი განკარგვის საკითხს კი წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი. კანონის ამ დანაწესის მოქმედება არ ვრცელდება შპს ,,...’’, რადგანაც იგი არ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. სასამართლოს მოსაზრებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის სარგებლობაში გადაცემის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონის სავალდებულო მოთხოვნა იყო სარგებლობაში განკარგვა კონკურსის, ან აუქციონის წესით, რომლის ორგანიზება ევალებოდა რაიონის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს, მათვე ევალებოდათ მიწის განკარგვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების წარმოება და საიჯარო ურთიერთობის მართვა. როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერებით ირკვევა, რეგიტრაციის საფუძველია მხოლოდ მესტიის გამგეობის გადაწყვეტილება მიწის განკარგვის შესახებ, ხოლო მასთან დაკავშირებული შემდგომი ხელშეკრულება გაფორმებული არ არის. ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ’’ კანონის 26-ე მუხლზე დაყრდნობით პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს ,,...’’ მიწის ნაკვეთი არ შეუძენია, არ დაუდია საიჯარო ხელშკრულება გამგეობასთან, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით მას საკუთრებაში მიწა არ გადასცემია, რის გამოც ჩათვალა, რომ ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევით მოხდა მიწის დარეგისტრირება შპს ,,...’’ საკუთრებად.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ’’ კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განმარტა, რომ შპს ,,...’’ მიწის ნაკვეთები კანონის ამოქმედებამდე სარგებლობაში არ ჰქონია, მას ის გადაეცა კანონის ამოქმედების შემდგომ სარგებლობისათვის, რის გამოც მასზე არ უნდა გავრცელდეს ამ კანონით დაწესებული ის გარანტიები, რომელიც უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის, ამავე კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად დადგენილად მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ უგულებელყოფილი იქნა კანონის მოთხოვნები, კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ ზერელედ, საქმის გარემოებათა შეუსწავლელად მოახდინა შპს ,,...’’ განცხადების დაკმაყოფილება და საკუთრების უფლებით დაარეგისტრირა მისთვის სარგებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთები.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შპს ,,...’’ გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებით შპს ,,...’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მესტიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით შპს ,,...’’გაასაჩივრა.

კასატორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულია ადმინისტრაციული აქტის ზემდგომ ორგანოში გასაჩივრების წესი. მისი მოსაზრებით, სადავო უძრავი ქონება მას გადაეცა საკუთრებაში კანონიერად და ამის საწინააღმდეგო მსჯელობა აღნიშნულთან დაკავშირებით 9 წლის გასვლის შემდეგ დაუსაბუთებელია. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელემ გაუშვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადაც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,...’’ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეული არ არის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი, საპროცესო ნორმები არ დაურღვევია, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვიტა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებსა და სამართლებრივ შეფასებებს, კერძოდ, სსსკ-ის 105.2 მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემული საქმის განხილვისას საქმის მასალები სასამართლოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული, დადგენილად მიჩნეული გარემოებები შესაბამისი მტკიცებულებებით დადგენილი, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ობიექტურად შეფასებული, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები დასაბუთებულია.

საქმეში წარმოდგენილი მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათებისა და საჯარო რეესტრის ამონაწერებით დადგენილია, რომ 2003 წლის 12 აგვისტოდან მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო კოდით: N..., N..., N..., N..., N... რეგისტრირებულია შპს ,,...’’ საკუთრების უფლება. მოცემული საკუთრების უფლების რეგისტრაციების საფუძველი არის მესტიის რაიონის გამგეობის 2003 წლის 12 აგვისტოს N34 დადგენილება, რომლითაც შპს ,,...’’ შემდგომი პრივატიზების უფლებით ფიჭური კავშირის საბაზო სადგურების მშენებლობისათვის გამოეყო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: უშგულის თემის ადგილ ,,ჟიბიანში-150 კვ.მ.; კალის თემის მთა ლატფარზე-20 კვ.მ. ბეჩოს თემის სოფ. უშხვანარში-150 კვ.მ.; ცხუმარის თემის სოფ. დეზგარში-150 კვ.მ. ეცერის თემის სოფელ ფხუტრერში-150 კვ.მ. ნაკრის თემის სოფ. წაკის -150 კვ,მ. ნაკრის თემის ადგილ თავრალში-20 კვ.მ. ჭუბერის თემის სოფელ ზემო-მარდში-20 კვ.მ. ჭუბერის თემის ხიდის უღელტეხილზე-20 კვ.მ. მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს მესტიის სარეგისტრაციო სამსახურის 2003 წლის 8 დეკემბრის 422003000057, 422003000058, 422003000059, 422003000060, 422003000062 სააღრიცხვო ჩანაწერების კანონიერება, რომლითაც განხორციელდა შპს ,,...’’ საკუთრების უფლება (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები-N42.14.02.001, N42.09.002, N42.11.02.003, N42.10.01.005, N42.15.01.007). შპს ,,...’’ საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე უნდა შემოწმდეს სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის - ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ’’ და ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ’’ კანონების მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია დეტერმინირებულია მასზე სარგებლობის ან საკუთრების უფლების მოპოვებით, ნაკვეთზე უფლების წარმოშობის შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით. მოცემულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთებზე კასატორის სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი დოკუმენტია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - მესტიის რაიონის გამგეობის 2003 წლის 12 აგვისტოს N34 დადგენილება, რომელმაც მოპასუხეს მიანიჭა მიწით სარგებლობის უფლებამოსილება, ამიტომ იგი თავისი შინაარსით მიწის ნაკვეთების დაუფლების მართზომიერ საფუძველს ქმნის, თუმცა არ ადგენს საკუთრების უფლებას.

სადავო პერიოდში მოქმედი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ’’ კანონით მოწესრიგებულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის საკითხები და განისაზღვრა იმ სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენცია, რომლებიც სახელმწიფო მიწით განკარგვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში წარმოადგენენ სახელმწიფოს. კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულია სახელმწიფო მიწის საკუთრებაში განკარგვის კონკურსის, აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესი. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის საკუთრებაში გადაცემის წესების დაცვა კანონმდებლის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს. საქმეზე დადგენილია, რომ სადავო ნაკვეთები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებია, შესაბამისად, კანონიერი საფუძვლის გარეშე მათი საკუთრებაში გადაცემით უხეშად ირღვევა სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები. ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ’’ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით მიწის და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდება სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა სხვა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრება ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა. ამდენად, ზონის რეგისტრატორი არ იყო უფლებამოსილი კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ შესაბამისი უფლებადამდგენი დოკუმენტის გარეშე განეხორციელებინა რეგისტრაცია. აღნიშნული კანონით რეგისტრაცია განმარტებულია როგორც სააღრიცხვო ბარათში ჩანაწერის, შენიშვნის ან აღწერის შეტანა და უძრავი ქონების გრაფიკული ასახვა ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად. სააღრიცხვო ბარათი კი წარმოადგენს სარეგისტრაციო ფურცელს, რომელიც დგება თითოეული მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ინფორმაციას ამ ნაკვეთის და მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ, აგრეთვე რეგისტრირებული უფლებების ობიექტების გეგმას. კანონმდებლობის ზემოაღნიშნული დანაწესები საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დასკვნისათვის, რომ სააღრიცხვო ბარათში მიწისა და მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობის სწორად ასახვა მიწის მართვის დეპარტამენტის კანონით პირდაპირ დაკისრებულ ვალდებულებას წარმოადგენს, შესაბამისად უფლებადამდგენი დოკუმენტის გარეშე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქმნის აღნიშნული რეგისტრაციის კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევის საფუძველს.

გარდა ამისა, სახეზე არ არის მიწის მართვის დეპარტამენტში ჩანაწერების განხორციელების პერიოდში მოქმედი ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ’’ კანონით რეგლამენტირებული სადავო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის ფორმით რეგისტრირების საფუძველი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურაში. ამ კანონის საფუძველზე ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე გამოცხადებულ იქნა კერძო საკუთრების უფლება, ამასთან, კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტით აღნიშნული კანონის მოქმედება გავრცელდა მხოლოდ იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკურ პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებს მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით გამოეყოთ. ამავე კანონის პირველი მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტში მოცემულია ტერმინი-მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთის-დეფინიცია და იგი განმარტებულია, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ დადგენილი წესით რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმაა, ან სათანადო წესით მათი დამოწმებული ასლი. კანონი მიღებულია 1998 წლის 28 ოქტომბერს, რომელიც ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე-1998 წლის 20 ნოემბერს. შპს ,,...’’ მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთის-მესტიის რაიონის გამგეობის N34 დადგენილების მიღების თარიღია 2003 წლის 12 აგვისტო ანუ კასატორს მიწის ნაკვეთი სარგებლობაში გადაეცა კანონის ამოქმედების შემდეგ. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ შპს ,,...’’ არ გააჩნდა ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ’’ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, ან სათანადო წესით მათი დამოწმებული ასლი, ანუ მას არ გააჩნდა კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით სავალდებულო წესით რეგისტრაციისათვის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული იმ დოკუმენტთა ჩამონათვალზე, რომლებიც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის განმცხადებელს უნდა წარედგინა სარეგისტრაციო სამსახურისათვის; აღნიშნული მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის სავალდებულო წესით წარდგენას, მათ შორის, ექვემდებარებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მიწის გადასახადისა და ამ კანონით დადგენილი ერთჯერადი საზღაურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. საქმის მასალებით დადგენილია და არც კასატორი უარყოფს იმ გარემოებას, რომ მის მიერ ერთჯერადი საზღაური არ ყოფილა გადახდილი და შესაბამისად, არც აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგენია სარეგისტრაციო ორგანოსათვის. ამდენად, მართალია ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ’’ კანონი სადავო პერიოდში ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მათ სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლებას ანიჭებდა, მაგრამ საქმეში დაცული მასალების შესაბამისად, მოპასუხეს ამ კანონის საფუძველზე საკუთრების უფლება არ წარმოშობია.

რაც შეეხება მესტიის რაიონის გამგეობის 2003 წლის 12 აგვისტოს N34 დადგენილებაში მითითებული მიწის ნაკვეთების მოპასუხისათვის პრივატიზაციის უფლების მინიჭებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ვინმესთვის პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობის რაიმე უპირატესობის მინიჭებას. შპს ,,...’’ სხვა პირებთან ერთად, შესაძლებლობა ექნებოდა კანონით დადგენილი წესით მონაწილეობა მიეღო გამოცხადებულ აუქციონსა თუ კონკურსში, რამდენადაც აუქციონის ფორმით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების მიზანია კონკრეტულ გარემოში იმ მყიდველისათვის საკუთრების უფლების გადაცემა, რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდა პირობებით-საკუთრების უფლება მიენიჭება იმ მყიდველს, რომელიც აიღებს პირობების დაკმაყოფილების ვალდებულებას და ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ გამოხატული ნება გულისხმობდა სადავო მიწის ნაკვეთების პრივატიზების შესაძლებლობას, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა არ უშვებდა მოპასუხისათვის ამ პროცესებში რაიმე უპირატესობის მინიჭებას. რაც შეეხება ქონების პირდაპირ მიყიდვას, ის სცილდება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების ფარგლებს, შპს ,,...’’ სახელზე რეგისტრაციის განხორციელების დროს მოქმედი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ’’ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის პირდაპირი წესით განკარგვის საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი.

რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული აქტის ზემდგომ ორგანოში გასაჩივრების წესის დარღვევასთან დაკავშირებით, წარმოდგენილ დავაში მოსარჩელე ასაჩივრებს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებას უფლების რეგისტრაციის შესახებ, აღნიშნული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად საჩივრდება სასამართლო წესით. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ კანონის 29.3 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. სზაკ-ის 185-ე მუხლის მიხედვით თუ სზაკ-ის მე-13 თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის IV თავით გათვალისწინებული დებულებანი, ხოლო ზაკ-ის IV თავის 80.4 მუხლის თანახმად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში. ამდენად, აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ადმინისტრაციული აქტის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსთვის მიწის კანონდარღვევით რეგისტრაციის შესახებ ცნობილი გახდა 2012 წლის 11 იანვარს, ხოლო სარჩელი ამავე სამმართველოს მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა 2012 წლის 2 თებერვალს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება გასაჩივრების კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევასთან დაკავშირებით.

ამდენად, შპს ,,...’’ მიერ ვერ იქნა გაბათილებული სააპელაციო სასამართლოს მიერ სასამართლოს განჩინებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს შპს ,,...’’ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე 410-ე, მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს ,,...’’ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე