#ბს-876-858(კ-12) 3 ოქტომბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ო. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინება
სარჩელის საგანი _ ქმედების მართლზომიერად ცნობა; ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 24 იანვარს ო. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკომინიკის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 11 ოქტომბერს გამოქვეყნდა განცხადება ქ. ბათუმში, ... ქ. №...-ში მდებარე - 463.83 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართისა და მასზე წილობრივად დამაგრებული - 1108.88 კვ.მ მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით აუქციონის ჩატარების თაობაზე. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, ო. ბ-ემ შესაბამის ანგარიშზე ,,ბე“-ს სახით შეიტანა - 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი - 173 405 ლარი, მოსაკრებელი - 50 ლარი და საბანკო ქვითრებით განაცხადდთან ერთად 15 ნოემბერს მიმართა აუქციონის რეგისტრატორს. 2006 წლის 16 ნოემბერს ჩატარდა სააუქციონო ვაჭრობა და შედგა ოქმი, რომლის თანახმად, ო. ბ-ე აუქციონის გამარჯვებულად გამოცხადდა, გასაყიდი ობიექტის საბოლოო ფასმა კი - 720 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი შეადგინა. აღნიშნული ოქმი მას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 21 ნოემბრის №1142 ბრძანებით დამტკიცებული სახით ჩაბარდა.
მოსარჩელის მითითებით, სიტყვიერი მოლაპარაკებების საფუძველზე, გამყიდველს ერთი თვის ვადაში უნდა უზრუნველეყო - გაყიდული ფართის გამონთავისუფლება სასურსათო მაღაზიის, ომის ვეტერანთა საბჭოს, იურიდიული კონსულტაციის და მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურისაგან, მასვე უნდა უზრუნველეყო გასაყიდ შენობებზე საერთო საკუთრებიდან მიკუთვნებული წილის რეალურად გამიჯვნა და აქტით დადასტურება და მასზე უკანონო მშენებლობის დემონტაჟი, რაც არაერთგზის შეხსენების მიუხედავად, გამყიდველმა ვერ უზრუნველყო და ვერ შექმნა მყიდველისათვის ნივთობრივად და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთის გადაცემის პირობა. აქედან გამომდინარე, გაჩნდა რისკის საფუძველი, რომ მოსარჩელე, როგორც სახელმწიფო ქონების მყიდველი, გახდებოდა ყველა არსებული შეუსრულებელი ვალდებულების სამართალმემკვიდრე.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის შემთხვევაში იგი თანახმა იყო შეენარჩუნებინა აუქციონის შედეგები, რისთვისაც საჭირო იყო საკითხის მოგვარებამდე გადაეწიათ თანხის შეტანის ვადა, რაც მოპასუხე მხარემ არ გაითვალისწინა, არამედ პირიქით გასაჩივრებული აქტით მას ჩამოართვა გამარჯვებულის სტატუსი და არ დაუბრუნა ,,ბე“-ს სახით შეტანილი 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მოპასუხის ბრალეული მოქმედებით, ვინაიდან, მას გასაყიდად ჰქონდა გამოტანილი უფლებრივად და ნივთობრივად ნაკლის მქონე ნივთი და თანხის საბოლოო შეტანის ვადის დადგომამდე ვერ უზრუნველყო ამ ნაკლის აღმოფხვრა, რასაც კანონი ავალდებულებდა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 422-ე მუხლის თანახმად, ,,ბე“-ს მიმღებს, რომლის ბრალეული მოქმედებით იყო გამოწვეული ვალდებულების შეუსრულებლობა, ,,ბე“-ს თანხა უკან უნდა დაებრუნებინა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ - ო. ბ-ის მიერ საპრივატიზაციო ობიექტის საბოლოო ფასის ერთი თვის ვადაში გადაუხდელობის მართლზომიერად მიჩნევა, 2006 წლის 16 ნოემბერის აუქციონის შედეგების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 25 დეკემბრის №1275 ბრძანების ბათილად ცნობა, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის მოსარჩელის ბრალეულობის გამორიცხვის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება, მოსარჩელის მიერ ,,ბე“-ს სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნება და მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
საქალაქო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ეტაპზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ ო. ბ-ის მიერ საპრივატიზაციო ობიექტის საბოლოო ფასის ერთი თვის ვადაში გადაუხდელობის მართლზომიერად მიჩნევა, 2006 წლის 16 ნოემბერის აუქციონის შედეგების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 25 დეკემბრის №1275 ბრძანების ნაწილობრივ, კერძოდ, ო. ბ-ის მიერ ,,ბე’’-ს სახით შეტანილი 100 000 აშშ დოლარის არ დაბრუნების ნაწილში ბათილად ცნობა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის 100 000 აშშ დოლარის დაბრუნების თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 აგვისტოს განჩინებით ო. ბ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 280-ე მუხლის ,,გ“ ქვეუნქტის საფუძველზე შეჩერდა მოცემული საქმის წარმოება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 თებერვლის საოქმო განჩინებით განახლდა მოცემული საქმის წარმოება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინებით ო. ბ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 280-ე მუხლის ,,გ“ ქვეუნქტის საფუძველზე შეჩერდა მოცემული საქმის წარმოება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 5 იანვრის განჩინებით განახლდა მოცემული საქმის წარმოება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განჩინებით ო. ბ-ის სარჩელი დარჩა განუხილველი.
ბათუმის საქალაქო სასმართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ო. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ო. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2006 წლის 16 ნოემბერს სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით გამართა აუქციონი, სადაც გასაყიდად იქნა გამოტანილი ქ. ბათუმში, ... ქ.№...-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი - 115.75 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული 234.3 კვ.მ მიწის ნაკვეთი; 45.1 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული 93.72 კვ.მ მიწის ნაკვეთი; 40.61 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული 79.3 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ქ. ბათუმში, ... ქ. №...-ში მდებარე 130.17 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული 350.78 კვ.მ მიწის ნაკვეთი; 132.2 კვ.მ. და მასზე წილობრივად დამაგრებული 350.78 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აუქციონში მონაწილეობას იღებდა მოსარჩელე - ო. ბ-ე, რომელმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დადგენილ ვადაში „ბე“ -ს სახით გადაიხადა 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი - 173250 ლარი. აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდა მოსარჩელე - ო. ბ-ე.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 21 ნოემბრის №1142 ბრძანებით დამტკიცდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2006 წლის 16 ნოემბერს ქ. ბათუმში, ... ქ.№...-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართების - 115.75 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული 234.3 კვ.მ მიწის ნაკვეთი; 45.1 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული 93.72 კვ.მ მიწის ნაკვეთი; 40.61 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული 79.3 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ქ. ბათუმში, ... ქ. №...-ში მდებარე 130.17 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული 350.78 კვ.მ მიწის ნაკვეთი; 132.2 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული 350.78 კვ.მ მიწის ნაკვეთის პრივატიზებისათვის ჩატარებული სააუქციონო ვაჭრობის ოქმი; სააუქციონო ვაჭრობაში გამარჯვებულად გამოცხადდა ფიზიკური პირი - ო. ბ-ე და ობიექტის საბოლოო ფასი განისაზღვრა - 720 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით. ამავე ბრძანებით სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსს დაევალა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველეყო სააუქციონო ვაჭრობაში გამარჯვებულ ფიზიკურ პირთან _ ო. ბ-ესთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება და თანხის დაფარვის შემდეგ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 25 დეკემბრის №1275 ბრძანებით, ო. ბ-ის მიერ თანხის გადაუხდელობის გამო ძალადაკარგულად გამოცხადდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 21 ნოემბრის №1142 ბრძანება და გაუქმდა 2006 წლის 21 ნოემბრის სააუქციონო ვაჭრობის შედეგები. ამავე ბრძანების მეორე პუნქტით მოქალაქე ო. ბ-ეს ჩამოერთვა გამარჯვებულის სტატუსი და მის მიერ შეტანილი „ბე“ _ 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი უკან არ დაუბრუნდა. ამასთან, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №01 ბრძანებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 25 დეკემბრის №1275 ბრძანებაში შეტანილი იქნა დაზუსტება, რომლის თანახმად, ,,2006 წლის 21 ნოემბერს ჩატარებული აუქციონის” ნაცვლად ჩაიწერა ,,2006 წლის 16 ნოემბერს ჩატარებული აუქციონი”.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონზე, ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულებაზე და განმარტა, რომ ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ო. ბ-ეს, როგორც მყიდველს აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა უნდა გადაეხადა აუქციონზე ნაყიდი ნივთის მთლიანი ღირებულება და ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული თანხის სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემოდა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მას სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლება გამყიდველის მიერ გადაეცემოდა სახელმწიფო ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, იმ დროისათვის მოქმედი ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების მე-6 მუხლის თანახმად, თუ მყიდველი პირობების გარეშე გამოცხადებულ აუქციონში, დადგენილ ვადებში არ გადაიხდიდა ქონების გამოსასყიდ თანხას, მას არ გადაეცემოდა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ,,ბე” არ დაუბრუნდებოდა.
საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ,,ბე”-ს მიმცემი ბრალეულად დაარღვევდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, ,,ბე” რჩებოდა მის მიმღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ო. ბ-ის მიერ ,,ბე”-ს სახით შეტანილი - 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაბრუნებაზე უარის თქმის ნაწილში 2006 წლის 16 ნოემბრის აუქციონის შედეგების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 25 დეკემბრის №1275 ბრძანება იყო კანონიერი და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ო. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში გადაცემის საკითხებს არეგულირებდა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის თანახმადაც, ქონებას დადგენილი წესით განკარგავდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო პირდაპირი განკარგვის უფლებით სარგებლობდა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი. ამასთან, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ,,აჭარის ა/რ ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ა/რ კანონის თანახმად, უფლებამოსილი იყო აჭარის ა/რ ქონება დადგენილი წესით განეკარგა მხოლოდ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მყიდველს საბოლოო თანხა უნდა გადაეხადა აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა. ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამარჯვებული პირი ვალდებული იყო აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში კი – აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში გადაეხადა სრული/საბოლოო თანხა. თანხის გადახდის შემდეგ გამარჯვებულ პირზე გაიცემოდა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-41 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, აუქციონის შედეგები უქმდებოდა და გამარჯვებულ პირს გადახდილი ”ბე’’ არ უბრუნდებოდა, თუ გამარჯვებული პირი დათქმულ ვადაში არ გადაიხდიდა სრულ/საბოლოო თანხას.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლება ო. ბ-ეს არ გადასცემია მისივე ბრალით, ვინაიდან, მისი მხრიდან არ იქნა შესრულებული მითითებული ქონების გამოსასყიდი თანხის გადახდის ვალდებულება. კერძოდ, ო. ბ-ემ არ შეასრულა ვალდებულება და კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა აუქციონზე ნაყიდი ნივთის მთლიანი ღირებულება, რაც გახდა მისთვის გამარჯვებულის სტატუსის ჩამორთმევისა და მის მიერ შეტანილი ,,ბეს” დაუბრუნებლობის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა აპელანტის არგუმენტები იმის თაობაზე, რომ შეძენილი ქონება იყო ნაკლის მქონე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც გაზეთ ,,აჭარაში” საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ისე პრივატიზაციის მასალებით, აპელანტი სრულად ფლობდა აუქციონზე გატანილი უძრავი ქონების შესახებ მონაცემებს და კერძოდ, რომ არასაცხოვრებელი ფართი იყიდებოდა მასზე წილობრივად დამაგრებულ მიწის ფართთან ერთად (წილის რეალურად გამიჯვნის გარეშე). შესაბამისად, აუქციონში გამარჯვების შემდეგ, უსაფუძვლო იყო მისი მოთხოვნა ქონების გამსხვისებლის მიმართ, საერთო საკუთრებიდან მისი კუთვნილი წილის რეალურად გამიჯვნის შესახებ. ამდენად, შეძენილი ქონება იყო შეთანხმებული ხარისხის და ვარგისი ჩვეულებრივი სარგებლობისათვის ანუ - ნივთობრივად უნაკლო.
სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონება არც უფლებრივად არ იყო ნაკლის მქონე. აპელანტი მიუთითებდა, რომ აუქციონზე შეძენილ ფართებს, ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდნენ სხვადასხვა პირები, თუმცა მესამე პირების მიერ სადავო ფართების რაიმე უფლებით ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარუდგენია. საჯარო რეესტრის მონაცემებით კი სადავო ფართი წარმოადგენდა გამსხვისებლის საკუთრებას. მესამე პირების მიერ სადავო ფართის ფლობის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც, ისინი პრეტენზიას არ აცხადებდნენ საკუთრების უფლებაზე. შესაბამისად, არც ნივთობრივად და არც უფლებრივად აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონება ნაკლის მქონე არ იყო.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2006 წლის 25 დეკემბრის №1275 სადავო ბრძანებაში არსებულ მსჯელობას იმის შესახებ, რომ დაუშვებელი იყო საბოლოო თანხის გადახდის ვადის გადავადების შესახებ ო. ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება, კანონთან მისი შეუსაბამობის გამო და მართებულად ცნო ძალადაკარგულად სააუქციონო ვაჭრობის შედეგები, ქონების ღირებულების დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო. შესაბამისად, ,,ბეს” სახით შეტანილი თანხა დარჩა გამყიდველს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პრივატიზების მასალების თანახმად, აუქციონში მონაწილე ო. ბ-ეს პირადად განემარტა, რომ აუქციონის შედეგების დამტკიცებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა გადაეხადა ქონების გამოსასყიდი საბოლოო თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ გადაეცემოდა ქონებაზე საკუთრების უფლება და შეტანილი ,,ბეს” თანხა არ დაუბრუნდებოდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სადავო გადაწყვეტილება შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს და მისი ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რის გამოც გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად იყო დაუსაბუთებელი, რაც მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენდა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ო. ბ-ემ არაერთგზის მიმართა როგორც აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ასევე ქ. ბათუმის მერიას, იმის თაობაზე, რომ დაუყოვნებლივ მოეხდინათ აუქციონზე გასაყიდად გატანილი უძრავი ქონების საერთო საკუთრებიდან კუთვნილი წილის რეალურად გამიჯვნა. სააპელაციო სასამართლომ ასევე შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ აუქციონზე შეძენილი ქონების იჯარის ხელშეკრულებების თანახმად, მოიჯარეებს აღნიშნულ ფართზე გარკვეული პრეტენზია გააჩნდათ, ხოლო მათი არსებობის ცოდნის შემთხვევაში ბერიძე მონაწილეობას არ მიიღებდა აუქციონში.
კასატორის განმარტებით, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებითა და საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ 1999 წლის 14 სექტემბრის №54 აქტით, ცალსახად დასტურებოდა ის გარემოება, რომ სადავო ქონებაზე მესამე პირებს პრეტენზია ნამდვილად გააჩნდათ, რის გამოც გასხვისებული ქონება უფლებრივად უნაკლო არ იყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ო. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებად იქნა ცნობილი ო. ბ-ის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2013 წლის 4 ივლისს 12:30 საათზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის საოქმო განჩინებით ო. ბ-ის საკასაციო საჩივრის განხილვა გადაინიშნა 2013 წლის 3 ოქტომბერს ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს იმავე სასამართლოში, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია (სსკ.394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტი).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2006 წლის 16 ნოემბერს სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით გამართა აუქციონი, სადაც გასაყიდად იქნა გამოტანილი ქ. ბათუმში, ... ქ. №...-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი - 115.75 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული 234.3 კვ.მ მიწის ნაკვეთი; 45.1 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული 93.72 კვ.მ მიწის ნაკვეთი; 40.61 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული 79.3 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ქ. ბათუმში, ... ქ.№...-ში მდებარე 130.17 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული 350.78 კვ.მ მიწის ნაკვეთი; 132.2 კვ.მ. და მასზე წილობრივად დამაგრებული 350.78 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ტ. I, ს.ფ. 12). ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე რაიმე ტიპის შეზღუდვები ან/და ვალდებულებები სააუქციონო განაცხადში მითითებული არ ყოფილა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო მოსარჩელე - ო. ბ-ემ, რომელმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დადგენილ ვადაში „ბე“ -ს სახით გადაიხადა 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი - 173 250 ლარი (ტ. I, ს.ფ. 17).
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 21 ნოემბრის №1142 ბრძანებით დამტკიცდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2006 წლის 16 ნოემბერს ქ. ბათუმში, ... ქ.№...-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის - 115.75 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული 234.3 კვ.მ მიწის ნაკვეთის; 45.1 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული 93.72 კვ.მ მიწის ნაკვეთის; 40.61 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული 79.3 კვ.მ მიწის ნაკვეთის და ქ.ბათუმში, ... ქ. №...-ში მდებარე 130.17 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული 350.78 კვ.მ მიწის ნაკვეთის; 132.2 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული 350.78 კვ.მ მიწის ნაკვეთის პრივატიზებისათვის ჩატარებული სააუქციონო ვაჭრობის ოქმი; სააუქციონო ვაჭრობაში გამარჯვებულად გამოცხადდა ფიზიკური პირი - ო. ბ-ე და ობიექტის საბოლოო ფასი განისაზღვრა 720 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით. ამავე ბრძანებით სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსს დაევალა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველეყო სააუქციონო ვაჭრობაში გამარჯვებულ ფიზიკურ პირთან _ ო. ბ-ესთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება და თანხის დაფარვის შემდეგ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა (ტ. I, ს.ფ. 135).
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2006 წლის 20 და 22 დეკემბერს ო. ბ-ემ განცხადებებით მიმართა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (ასევე ქ. ბათუმის მერიას). განმცხადებელმა მის მიერ აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონების - სასურსათო მაღაზიის, ომის ვეტერანთა საბჭოს, იურიდიული კონსულტაციის და მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურისაგან გამონთავისუფლება, გასაყიდ შენობებზე საერთო საკუთრებიდან მიკუთვნებული წილის რეალურად გამიჯვნა, აქტით დადასტურება და მასზე უკანონო მშენებლობის დემონტაჟი ანუ უძრავი ნივთის უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თანხის გადახდის გადავადება მოითხოვა (ტ. I, ს.ფ. 7-8, ს.ფ. 144-145). აღნიშნული განცხადების მიუხედავად, გამყიდველს - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გასხვისებულ უძრავ ნივთზე არსებული უფლებრივი თუ ნივთობრივი ნაკლის გამოსწორების მიზნით არანაირი ქმედითი ღონისძიება არ გაუტარებია. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი აჭარის ა/რ რესპუბლიკის აჭარის ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა საბჭოს 2007 წლის 2 თებერვლის №1 ცნობა და ი/მ …’’ 2007 წლის 30 იანვრის განცხადება, რომელთა თანახმადაც, ქ. ბათუმში ... ქ. №... -ში განთავსებული მაღაზიის და ვეტერანთა საბჭოს მიერ დაკავებული ფართის გამონთავისუფლების მოთხოვნით მათთვის არავის მიუმართავს (ტ. I, ს.ფ. 198-199).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებზე, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 25 დეკემბრის №1275 ბრძანებით, ო. ბ-ის მიერ თანხის გადაუხდელობის გამო, ძალადაკარგულად გამოცხადდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 21 ნოემბრის №1142 ბრძანება და გაუქმდა 2006 წლის 21 ნოემბრის სააუქციონო ვაჭრობის შედეგები. ამავე ბრძანების მეორე პუნქტით მოქალაქე ო. ბ-ეს ჩამოერთვა გამარჯვებულის სტატუსი და მის მიერ შეტანილი „ბე“ _ 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი უკან არ დაუბრუნდა (ტ. I, ს.ფ. 6). აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №01 ბრძანებით კი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2006 წლის 25 დეკემბრის №1275 ბრძანებაში შეტანილი იქნა დაზუსტება, რომლის თანახმად, ,,2006 წლის 21 ნოემბერს ჩატარებული აუქციონის” ნაცვლად ჩაიწერა ,,2006 წლის 16 ნოემბერს ჩატარებული აუქციონი” (ტ. I, ს.ფ. 10).
ამასთან, რაც შეეხება ო. ბ-ის 2006 წლის 20 და 22 დეკემბრის განცხადებებს თანხის გადახდის გადავადების თაობაზე, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №01-17/31 წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ არსებობდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი (ტ. I, ს.ფ. 9).
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს ო. ბ-ის მიერ გადახდილი ,,ბე”-ს თანხის - 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაბრუნება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო არასწორად მიუდგა სადავო საკითხს და არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალების ობიექტური შეფასებიდან. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე განხილულია ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის გარეშე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში გადაცემის საკითხებს არეგულირებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის თანახმადაც, ქონებას დადგენილი წესით განკარგავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“, ხოლო პირდაპირი განკარგვის უფლებით სარგებლობს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი. ამასთან, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ,,აჭარის ა/რ ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ა/რ კანონის თანახმად, უფლებამოსილი არის აჭარის ა/რ ქონება დადგენილი წესით განკარგოს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. სადავო პერიოდში მოქმედი ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მყიდველს საბოლოო თანხა უნდა გადაეხადა აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა. ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამარჯვებული პირი ვალდებული იყო აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში კი – აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში გადაეხადა სრული/საბოლოო თანხა. თანხის გადახდის შემდეგ გამარჯვებულ პირზე გაიცემოდა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია, სადავო პერიოდში მოქმედი ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-41 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, აუქციონის შედეგები უქმდებოდა და გამარჯვებულ პირს გადახდილი ,,ბე’’ არ უბრუნდებოდა, თუ გამარჯვებული პირი დათქმულ ვადაში არ გადაიხდიდა სრულ/საბოლოო თანხას, მაგრამ აღნიშნული დათქმა ბუნებრივია, თავის მხრივ არ გამორიცხავდა გამყიდველის ვალდებულებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლიდან გამომდინარე, მყიდველისათვის გადაეცა ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი, რაც მოცემულ შემთხვევაში უგულვებელყოფილ იქნა ადმინისტრაციული ორგანოს, კერძოდ, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გამოცხადებული აუქციონის პირობებში არ არსებობდა არანაირი აღნიშვნა იმის შესახებ, თუ რა შეზღუდვა ან ვალდებულება ჰქონდა აუქციონზე გატანილ უძრავ ქონებას. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ო. ბ-ის მიერ შეძენილი ქონება იყო ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და მასზე მესამე პირები არანაირ პრეტენზიას არ აცხადებდნენ.
საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე. აღნიშნული განჩინების შინაარსიდან ცალსახად ირკვევა ის გარემოება, რომ ქ. ბათუმში ... ქ. №...-ში მდებარე 115.75 კვ. არასაცხოვრებელ ფართზე და მასზე წილობრივად მიმაგრებულ 234.3 კვ.მ მიწის ნაკვეთზე პრეტენზიას აცხადებდა - მ. ვ-ე, აღნიშნულ ფართში იგი სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა (ტ. II, ს.ფ. 111).
ამასთან, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილზე კერძო საკუთრება, კერძოდ, გ. ი-ძის საცხოვრებელი სახლი იყო განთავსებული, რასაც ადასტურებს აღნიშნული სახლის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ 1999 წლის 10 სექტემბრის №54 აქტი, ქ. ბათუმის მერიის 1998 წლის 13 მაისის და 1999 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის გეგმა- ნახაზები (ტ. I ს.ფ. 46-57; ტ. II, ს.ფ. 112).
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ 2010 წლის 28 თებერვალს გამართულ პირობებიან აუქციონზე სადავო უძრავი ქონების ახალი მესაკუთრე გახდა შპს ,,...“, რომელსაც აუქციონის პირობების შესაბამისად, სხვა ვალდებულებებთან ერთად ქ. ბათუმში ... (ყოფილი ... ქ.) ქ. №...-ში მდებარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართების საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთში მდებარე კერძო საკუთრების გამოსყიდვა დაევალა. ამდენად, ნათელია ის ფაქტი, რომ ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე მესამე პირთა კერძო საკუთრება, ო. ბ-ის მიერ აუქციონზე სადავო ქონების შეძენის ეტაპზეც არსებობდა, თუმცა აღნიშნულის შესახებ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან მითითება არც სააუქციონო განაცხადში და არც სხვა დოკუმენტში არ გაკეთებულა (ტ. I, ს.ფ. 149-154).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გამყიდველსა და მყიდველის მიერ ხელმოწერილი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი წერილობით ხელშეკრულებას წარმოადგენდა. ამდენად, დადგენილ ვადაში, მყიდველისათვის უფლებრივი და ნივთობრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთის გადაუცემლობა, გამყიდველის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევად მიიჩნეოდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 423-ე მუხლის შესაბამისად, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ,,ბეს“ მიმღების ბრალეული მოქმედებით, მან ,,ბე“ უკან უნდა დააბრუნოს. ამასთან, ,,ბეს“ მიმღებს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ამდენად, ვალდებულებების დარღვევა უარყოფით სამართლებრივ შედეგს იწვევს იმ მხარის მიმართ, რომელმაც დაარღვია ხელშეკრულების პირობები, წინამდებარე შემთხვევაში ხელშეკრულების პირობების დარღვევას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, რომელიც, როგორც ქონების მესაკუთრე ვალდებული იყო, სცოდნოდა ქონების ფაქტობრივი მდგომარეობა და უზრუნველეყო მყიდველისათვის მისი თავისუფალ მდგომარებაში გადაცემა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ო. ბ-ემ აღნიშნული მოთხოვნით ადმინისტრაციულ ორგანოს არაერთგზის მიმართა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დაადგინოს ის გარემოება, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, როგორც გამყიდველმა, რამდენად უზრუნველყო მყიდველისათვის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემა და გამყიდველის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის პირობებში, რამდენად ეკისრებოდა მყიდველს უძრავი ქონების ღირებულების სრულად გადახდის ვალდებულება ანუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვეული იყო თუ არა ,,ბე“-ს მიმღების ბრალეული ქმედებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად სწორი შეფასება უნდა მისცეს შეკრებილ მტკიცებულებებს და უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ამავე კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე