საქმე #ბს-890-872(კ-12) 25 ივნისი , 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - მ. ტ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები): 1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახური
წარმომადგენელი: მ. ბ-ი
2. ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული კომისია
წარმომადგენელი - მ. ქ-ა
3. სს ,,...“
წარმომადგენელი: შ. დ-ე
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრების უფლებით რეგისტრაცია
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსარჩელე: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო
წარმომადგენელი: ლ. ჭ-ა
მოპასუხეები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახური
წარმომადგენელი: ნ. ჯ-ა
2. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული კომისია
წარმომადგენელი - მ. ქ-ა
3. სს ,,...“
წარმომადგენელი: თ. ბ-ა
სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 24-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება
სარჩელის საგანი:
1. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 3 ოქტომბრის №779 გადაწყვეტილების (2008 წლის 3 ოქტომბრის სხდომის ოქმი №27) ბათილად ცნობა;
2. 2008 წლის 17 ოქტომბერს გაცემული საკუთრების უფლების №850 მოწმობის ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც სს ,,...“ საკუთრებაში გადაეცა 150 მ2 არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
3. სადავო ქონების - 150 მ2 მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში აღრიცხვა.
სარჩელის საფუძველი:
ფაქტობრივი: ზუგდიდის მინიციპალიტეტის გამგეობასა და სს ,,...“ შორის 2000 წლის 10 ოქტომბერს გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის №29 საიჯარო ხელშეკრულება. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 10 წლით;
ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარეს გადაეცა 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ზუგდიდი, ... ქ. №1-ში.
2008 წლის 17 ოქტომბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სს ,,...“ გაიცა № 850 საკუთრების უფლების მოწმობა;
საჯარო რეესტრის №882011230199 ამონაწერის თანახმად, სს ,,...“ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ზუგდიდი, ... ქუჩა №1 (საკადასტრო კოდი №...), საკუთრების უფლება №850 -ის საფუძველზე.
სამართლებრივი: მოსარჩელის განმარტებით, სარეგისტრაციო სამსახურს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის პირობებში უნდა შეემოწმებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი იყო თუ არა სახელმწიფოს მიერ განკარგული; ადმინისტრაციულმა ორგანომ სს ,,...“ საკუთრების უფლება ისე აღიარა, რომ არ გამოუკვლევია იყო თუ არა სადავო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს მიერ განკარგული და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე შეიძლებოდა თუ არა საკუთრების მოწმობის გაცემა მოიჯარისათვის; წარმოადგენდა თუ არა 2000 წლის საიჯარო ხელშეკრულება სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოსარჩელემ მოითხოვა სადავო აქტების ბათილად ცნობას /იხ.ს.ფ. 1-11; 61-73/.
მოპასუხის - სს ,,...“ შესაგებელი:
ფაქტობრივი: მოპასუხის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ 2000 წლის იჯარის ხელშეკრულება არ ყოფილა სადავო უძრავ ქონებაზე სს ,,...“ საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი.
სამართლებრივი: მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, სს ,,...“ 2000 წლიდან საკუთრებაში ერიცხებოდა ქ. ზუგდიდში, ... ქუჩა №1-ში სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, სს ,,...“ წარმოადგენდა უძრავი ქონების მოსარგებლეს, შესაბამისად, ბანკისათვის საკუთრების უფლების გადაცემა მიწის ნაკვეთზე მოხდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის № 525 ბრძანებულების თანახმად.
მოპასუხის მტკიცებით, საჯარო რეესტრს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას კანონმდებლობის მოთხოვნები არ დაურღვევია. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნები არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან, მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობაის თაობაზე ხანდაზმულია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად /იხ. ს.ფ. 43-51/.
მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის შესაგებელი:
ფაქტობრივი:
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ქ. ზუგდიდში, ... ქ.№1-ში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2000 წლის 19 ივლისს, რეგისტრაციის შედეგად შენობა-ნაგებობის მესაკუთრე გახდა შპს ,,...“. სს ,,...“ შპს ,,...“ შეიძინა აღნიშნული უძრავი ქონება და 2000 წლის 12 აგვისტოს დაირეგისტრირა საკუთრების უფლება მასზე, ამავე განაცხადით სს ,,...“ დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთზე იჯარის უფლება ზუგდიდის რაიონის გამგეობასთან 2000 წლის 11 აგვისტოს დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 17 ოქტომბერს გაცემული №850 საკუთრების უფლების მოწმობისა და 2008 წლის 23 ოქტომბრის №6195 განაცხადით საჯარო რეესტრში ქ. ზუგდიდში, ... ქ.№1-ში მდებარე 209.5 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მოხდა სს ,,...“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახური არ იყო ვალდებული კანონმდებლობის შესაბამისად შეემოწმებინა საკუთრების აღიარების კომისიის მიერ გაცემული №850 საკუთრების მოწმობის გაცემის მართლზომიერება.
სამართლებრივი: მოპასუხე მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ სადავო რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტები ძალაშია, ამასთანავე გასულია ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა და არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი / იხ.ს.ფ. 89-97/.
მოპასუხე - ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებულ კომისიას შესაგებელი არ წარმოუდგენია.
საქმის გარემოებები:
2000 წლის 12 ივლისს შპს ,,...“ და სს ,,...“ შორის დადებული არასაცხოვრებელი ფართის (შენობის) ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,...“ საკუთრებაში არსებული ძველი შენობა, მდებარე ქ.ზუგდიდში, ... ქ. №1-ში საკუთრების უფლებით გადაეცა სს ,,...“ /იხ.ს.ფ. 104-105/;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და სს ,,...“ შორის 2000 წლის 10 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის №29 საიჯარო ხელშეკრულების თანახმად სს ,,...“ 10 წლის ვადით გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ზუგდიდში, ... ქ. №1-ში /იხ.ს.ფ. 13-19/;
2008 წლის 3 ოქტომბრის ქ. ზუგდიდის საკრებულოს ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით ქ. ზუგდიდში, ... ქ. №1-ში მდებარე სს ,,...“ სარგებლობაში არსებულ 190 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და თვითნებურად დაკავებულ 59.5 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე აღიარებულ იქნა სს ,,...“ საკუთრების უფლება /იხ.ს.ფ. 27-80/;
2008 წლის 17 ოქტომბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სს ,,...“ გაიცა № 850 საკუთრების უფლების მოწმობა /იხ.ს.ფ. 12/;
საჯარო რეესტრის №882011230199 ამონაწერის თანახმად, სს ,,...“ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ზუგდიდი, ... ქუჩა №1 (საკადასტრო კოდი №...), საკუთრების უფლება №850 -ის საფუძველზე /იხ.ს.ფ.21 /.
რაიონული /საქალაქო/ სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა /იხ. ს.ფ. 192/.
სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:
საქმეში არ არის სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:
საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2008 წლის 3 ოქტომბერს განიხილა სს ,,...“ განცხადება და მიიღო გადაწყვეტილება (№779), რომლითაც აღიარა მისი საკუთრების უფლება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
ამ გადაწყვეტილებისა და მის შესაბამისად გაცემულ საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე ,,...“ საკუთრებაში რეალურად დაურეგისტრირდა მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 208,70 მ2, თუმცა საკუთრების უფლების მოწმობაში მიწის ნაკვეთის ფართობად მითითებულია 209,5 მ2 (ანუ 0,7 მ2- ით მეტი საკუთრებაში რეგისტრირებულზე);
კომისიის 2008 წლის 3 ოქტომბრის სხდომის ოქმით დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე ფართის მიხედვით საკუთრების აღიარება განხორციელდა სხვადასხვა საფუძვლით. კერძოდ, 59,5 მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარება განხორციელდა, როგორც დაინტერესებული პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, ხოლო 150 მ2 მიწის ნაკვეთზე კი საკუთრება აღიარებულ იქნა, როგორც დაინტერესებული პირის სარგებლობაში არსებულ ნაკვეთზე. სხდომის ოქმში დაშვებულია ტექნიკური უზუსტობა და 150 მ2 ნაცვლად მითითებულია 190 მ2. აღნიშნული ფაქტი საბოლოოდ გამოსწორდა გადაწყვეტილების ცალკე გამოცემისას, სადაც მთლიან ფართად დაფიქსირდა 209,5 მ2 (ანუ 150+ 59,5). იგივე ფართი დაფიქსირდა საკუთრების მოწმობაშიც.
150 მ2 მიწის ნაკვეთი, რომელზეც კომისიამ აღიარა სს ,,...“ საკუთრების უფლება ამ უკანასკნელს 2000 წლის 10 ოქტომბრიდან გადაცემული ჰქონდა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე (10 წლის ვადით), თუმცა, ამ მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობა ირიცხებოდა ჯერ შპს ,,...“ საკუთრებაში, ხოლო 2000 წლის 12 ივლისიდან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,...“ საკუთრებაში.
იჯარის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ამ მიწაზე არსებულ შენობა -ნაგებობაზე სს ,,...“ უკვე ჰქონდა საკუთრების უფლება. საკუთრების რეგისტრაცია განხორციელდა 2000 წლის 12 ოქტომბერს.
სასამართლოს დასკვნები _ სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის (2008 წლის 17 ოქტომბრისათვის მოქმედი რედაქციით) მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით.
რაიონული სასამართლო სადავო გადაწყვეტილების კანონიერებასთან მიმართებაში განმარტავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება შეესაბამება აღიარების მომენტში მოქმედ სამართლის ნორმებს, ვინაიდან, სადავო ნაკვეთზე დაინტერესებული ფიზიკური პირის სასარგებლოდ იჯარის არსებობა არ კრძალავდა ამ პირზე ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას, იგი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას და დაინტერესებული პირის სარგებლობაში არსებულ მიწას.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის (2008 წლის 3 ოქტომბრისათვის მოქმედი რედაქციით) მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სადავო ნაკვეთი წარმოადგენს ფიზიკური პირის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთს, ვინაიდან, იგი წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელზეც განთავსებული შენობა-ნაგებობა იურიდიულ პირს საკუთრებაში ჰქონდა ამ კანონის ამოქმედებამდე (2000 წლის 12 ოქტომბრიდან) და კომისიაში ამის დასადასტურებლად წარდგენილი ჰქონდა საჯარო რეესტრის ამონაწერი (მომზადებული 24.03.08) ანუ დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი, ხოლო სადავო მიწით სარგებლობის დამადასტურებლად სხვა რაიმე დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება მას არ ჰქონდა, რადგან კანონმდებელმა იმპერატიულად დაადგინა, რომ მიწის სარგებლობა პირდაპირ იყო დაკავშირებული ამ მიწაზე განთავსებული შენობის საკუთრებასთან და ამ შენობის მესაკუთრის დადგენა ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-43 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად (რომელიც მოქმედებდა საკუთრების აღიარების მომენტში) შეიძლებოდა მხოლოდ საჯარო რეესტრის ამონაწერით, რადგან უძრავ ნივთზე გარიგებისა და სხვა სამართლებრივი მოქმედების განხორციელებისას, გარდა მემკვიდრეობის უფლების დადგენისა, მასზე დაინტერესებული პირის უფლებამოსილება დასტურდებოდა მხოლოდ ამონაწერით /იხ. ს.ფ. 186-192/.
აპელანტი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები): 1. ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული კომისია
2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახური
3. სს ,,...“
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. 196-207/.
აპელაციის მოტივები:
ფაქტობრივი: აპელანტის განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში არასწორად მიუთითა, რომ სს ,,...“ აღიარების კომისიაში არ წარუდგენია იჯარის ხელშეკრულება. 2008 წლის 23 სექტემბრის განცხადების თანდართულ დოკუმენტების ნუსხაში ჩანს, რომ მხარეს აღიარების კომისიაში წარდგენილი აქვს იჯარის ხელშეკრულების დამოწმებული ასლი. ამასთანავე საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ჩანს, რომ მიწის ნაკვეთზე გაფორმებული იყო იჯარის ხელშეკრულება 10 წლის ვადით.
სამართლებრივი: აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა წარმოადგენდა თუ არა სს ,,...“ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სუბიექტს, რადგან სს ,,...“ მიწათსარგებლობის უფლება წარმოეშვა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე და სახელმწიფოსთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს და იხდიდა იჯარის ქირას სახელმწიფოს სასარგებლოდ. სახელმწიფო, როგორც სადავო ქონების მესაკუთრე, უფლებამოსილი იყო მის საკუთრებაში არსებული ქონება განეკარგა კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესითა და მოთხოვნების შესაბამისად ქონება გადაეცა იურიდიული ან ფიზიკური პირისათვის საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმით;
რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა რომ მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულება შეწყვეტილი არ ყოფილა. ,,სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით სახელმწიფო ქონების პრივატიზება უნდა განხორციელებულიყო აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის წესით, რომლის უგულებელყოფამ სახელმწიფო ბიუჯეტისათვის ზიანის (3369 ლარი) მიყენება გამოიწვია. იჯარის ხელშეკრულება განსახილველ შემთხვევაში თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე მოიჯარისათვის არ წარმოადგენდა საფუძველს – მოეთხოვა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია /იხ. ს.ფ. 196-207/.
მოწინააღმდეგე მხარის სს ,,საქართველოს ბანკის“ შესაგებელი:
სს ,,...“ წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სს ,,...“ 2000 წლიდან საკუთრებაში ერიცხებოდა ქ. ზუგდიდში, ... ქუჩა №10-ში სახელმწიფოს საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, ბანკისათვის საკუთრების უფლების გადაცემა მიწის ნაკვეთზე იყო კანონშესაბამისი ქმედება და მოითხოვა აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ 229-236/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო ნაწილი/:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება /იხ. ს.ფ. 282-290/.
აპელაციის მოტივების არგაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო აქტების გამოცემის დროისათვის მოქმედი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენდა მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე, თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს, რომელიც გამომდინარეობს მიწის მართლზომიერი მფლობელობიდან ან სარგებლობიდან და მიწის თვითნებურად დაკავებიდან.
კონკრეტულ შემთხვევაში, სს ,,...“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების მიზნით შექმნილ მუდმივმოქმედ კომისიას (შემდგომში კომისია) მიმართა ქ. ზუგდიდში, ... №1-ში მდებარე მის სარგებლობაში არსებულ 209,5 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებით აღიარების მოთხოვნით; კომისიამ დაინტერესებული მხარის მოთხოვნა, წარდგენილი მასალების და ადგილზე დათვალიერების შედეგად 150 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განიხილა, როგორც მართლზომიერ სარგებლობაში არსებული. ხოლო დარჩენილ 59,5 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის ფარგლებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით სს ,,...“ მიმართ მართლზომიერი სარგებლობის მოტივით საკუთრების უფლების აღიარების კანონიერების შეფასება, აღნიშნულთან მიმართებაში, სააპელაციო პალატის განმარტებით, სადავო აქტების მიღების დროისათვის მოქმედი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 2007 წლის 21 ივლისის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ამოქმედდა 2007 წლის 21 სექტემბრიდან) სარგებლობაში არსებული მიწა განმარტებული იყო როგორც სახელმწიფოს საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა ორგანიზებულმა წარმონაქმნმა სარგებლობის უფლება მოიპოვა 1998 წლის 12 ნოემბრამდე ან ამ მიწაზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საკუთრებაში აქვს ამ კანონის ამოქმედებამდე, აგრეთვე იმ კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელთა დამფუძნებელიც არის სახელმწიფო.
საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ კომისიის მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით სს ,,...“ სასარგებლოდ 150კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება განხორციელდა ამ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის სააქციო საზოგადოებისადმი კუთვნილების მოტივით, რაც მითითებული ნორმის თანახმად წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელ გარემოებას.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის წარმომადგენლის პოზიცია არსებულ ურთიერთობაზე სადავო აქტების მიღების დროისათვის მოქმედი ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელების შესახებ, ვინაიდან, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამ ურთიერთობის დარეგულირებისათვის უთითებდა სადავო აქტების საფუძვლად გამოყენებულ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონს, შესაბამისად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებით სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ზიანის მიყენებაზე მითითება საფუძველს მოკლებულია (აპელანტი სადავოდ არ ხდის სს ,,...“ მიერ არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის ოდენობას).
რაც შეეხება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავ გარემოებად საიჯარო ხელშეკრულებაზე მითითებას სააპელაციო პალატა ამ მიმართებით იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ მოტივაციას, რომ სადავო აქტების გამოცემის ფაქტობრივ საფუძველს არა საიჯარო ხელშეკრულება, არამედ მართლზომიერი სარგებლობის მოტივით საკუთრების უფლებით ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე სს ,,...“ საკუთრების უფლების არსებობა წარმოადგენდა, რაც ცალსახადაა მითითებული კომისიის 2008 წლის 3 ოქტომბრის №27 ოქმში.
ამდენად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში სს ,,...“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების და მისი სახელმწიფოს სასარგებლოდ დარეგისტრირების საფუძველი /იხ.ს.ფ. 282-290/.
კასატორი: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები): 1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახური;
2. ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული კომისია;
3. სს ,,...“
კასაციის საგანი და მოცულობა :
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
კასაციის მოტივები /სამართლებრივი/ :
პროცესუალური: კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატის მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,გ~ და ,,ე~ პუნქტები, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი.
სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია წარმოადგენდა თუ არა სს ,,...“ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სუბიექტს. სს ,,...“ სახელმწიფოსთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული ვადით ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება ისე მოხდა, რომ ხელშეკრულების მოქმედება არ შეწყვეტილა, შესაბამისად, დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისიწინებული პირობები.
კასატორის განმარტებით, ,,სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით ცალსახად არის დადგენილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესი და პირობები, რომელთა დაცვა სავალდებულოა. ამასთანავე, აღნიშნული კანონით მიწის განკარგვის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტი არ განიცდიდა დანაკლისს მინიმუმ 3369 ლარით /იხ. ს.ფ. 300-309/.
მოწინააღმდეგე მხარეებს წერილობითი მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები (სასკ 34.3 მ.):
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორის სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით, კერძოდ „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლა-გაანალიზებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას, საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ,,გ” პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გადამოწმების შედეგად მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის განხილვა-გადაწყვეტისას არ არის დაშვებული იმგვარი საპროცესო-სამართლებრივი დარღვევა, რომელსაც შესაძლოა გამოეწვია საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენა, სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას და არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: სს ,,...“ ზუგდიდის ფილიალსა და შპს ,,...“ შორის 2000 წლის 12 ივლისს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება №1, შპს ,,...“ საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართის შესყიდვის შესახებ, მდებარე ქ. ზუგდიდში, ... ქ. №1-ში.
2000 წლის 10 ოქტომბერს სს ,,...“ ზუგდიდის ფილიალსა და ზუგდიდის რაიონის გამგეობას შორის დაიდო ხელშეკრულება №29 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის შესახებ, 10 წლის ვადით.
ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე არასაცხოვრებელი ფართი 2000 წლის 12 ოქტომბერს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში სს ,,...“ ზუგდიდის ფილიალის საკუთრების უფლებით. მიწის ნაკვთის ფართად მიეთითა 150 კვ.მ. დაუზუსტებელი სახით, ხოლო მესაკუთრედ - სახელმწიფო. ასევე ამავე თარიღით რეგისტრაციაში გატარდა 2000 წლის 10 ოქტომბრის №29 საიჯარო ხელშეკრულება.
2008 წელს 23 სექტემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით შექმნილ მუდმივმოქმედ კომისიას განცხადებით მიმართა სს ,,...“ წარმომადგენელმა და ქ. ზუგდიდში, ... ქ. №1-ში სს ,,...“ სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 209,5 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა.
2008 წლის 3 ოქტომბრის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის №779 გადაწყვეტილებით სს ,,...“ საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა მის სარგებლობაში არსებულ 150 კვ.მ. (ოქმში ტექნიკური შეცდომის გამო ჩაიწერა 190 კვ.მ., რაც შემდგომ გამოსწორდა) და თვითნებურად დაკავებულ 59,5 კვ.მ. ჯამში 209,5 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
2008 წლის 17 ოქტომბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №850, რომლითაც სს ,,...“ საკუთრებაში გადაეცა ქ. ზუგდიდში, ... ქ. №1-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობით - 209,5 კვ.მ. და შენობა-ნაგებობა ფართობით - 144.40 კვ.მ.
2011 წლის 18 მაისის მდგომარეობით მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით სს ,,...“ საკუთრებაში 2008 წლის 23 ოქტომბრიდან ირიცხება ქ. ზუგდიდში, ... ქ. №1-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართით - 208,70 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1 განაშენიანების ფართი 144,4 კვ.მ (ზონა - ზუგდიდი ..., სექტორი - … ..., კვარტალი - ..., ნაკვეთი - ...).
განსახილველ შემთხვევაში სარჩელის საგანს წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 3 ოქტომბრის №779 გადაწყვეტილების (2008 წლის 3 ოქტომბრის სხდომის ოქმი №27) და 2008 წლის 17 ოქტომბერს გაცემული საკუთრების უფლების №850 მოწმობის ბათილად ცნობა (იმ ნაწილში, რომლითაც სს ,,...“ საკუთრებაში გადაეცა 150 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) იმ საფუძვლით, რომ სს ,,...“ არ იყო სადავო 150 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მოსარგებლე და იგი არ წარმოადგენდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სუბიექტს. ამასთან, მოსარჩელე უძრავ ქონებაზე - 150 კვ.მ. ნაკვეთზე სს ,,...“ სასარგებლოდ განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილობას და ამ ქონების სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციას მოითხოვს.
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი, ორგანიზაციული და სამართლებრივი საფუძვლები მოწესრიგებულია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით, რომელთა მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების (2008 წლის 3 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლით განსაზღვრულია იმ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწათა კატეგორია, რომელიც საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება, კერძოდ: ა) მართლზომიერ მფლობელობაში არსებული; ბ) სარგებლობაში არსებული და გ) თვითნებურად დაკავებული.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, კი სარგებლობაში არსებული მიწა ეს არის სახელმწიფოს საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც ფიზიკურმა ან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა ორგანიზებულმა წარმონაქმნმა სარგებლობის უფლება მოიპოვა 1998 წლის 12 ნოემბრამდე ან ამ მიწაზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საკუთრებაში აქვს 2007 წლის 1 იანვრამდე, აგრეთვე იმ კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელთა დამფუძნებელიც არის სახელმწიფო.
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობის განმარტებით, აღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, სახელმწიფოს საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობაში არსებულ მიწად მიჩნევა ხდება ორი კრიტერიუმით:
ა) ფიზიკურ ან იურიდიულ პირს მიწით სარგებლობის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს 1998 წლის 12 ნოემბრამდე;
ბ) მიწაზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საკუთრებაში უნდა ჰქონდეს 2007 წლის 1 იანვრამდე.
საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ 2000 წლის 12 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,...“ ზუგდიდის ფილიალმა შპს ,,...“ შეიძინა შპს ,,...“ საკუთრებაში არსებული ძველი კანტორის შენობა, მდებარე ქ. ზუგდიდში, ... ქ. №1-ში (იხ. ს.ფ. 109-105). 2000 წლის 12 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, ქ. ზუგდიდში, ... ქ. №1-ში მდებარე 150 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობა არის სს ,,...“ ზუგდიდის ფილიალის საკუთრება (იხ. ს.ფ. 206).
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მფლობელობა (სარგებლობა) არის ფაქტი და მართლზომიერ მფლობელად (მოსარგებლედ) ითვლება ყველა ის პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მართლზომიერი მფლობელობისათვის საჭიროა, რომ პირი მართლზომიერი საფუძვლით იყოს ნივთს დაუფლებული და მართლზომიერად განაგრძობდეს მის მფლობელობას (სარგებლობას).
შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სს ,,...“. ზუგდიდის ფილიალი არ წარმოადგენდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტს და ზემოაღნიშნული ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმარვლესობას დადგენილად მიაჩნია, რომ სს ,,...“ ზუგდიდის ფილიალი სადავო 150 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მოსარგებლეა, ვინაიდან, 2000 წლიდან იგი ამ მიწაზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრე და შესაბამისად, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტია.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სს ,,...“ ზუგდიდის ფილიალს მიწათსარგებლობის უფლება წარმოეშვა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, სადავო აქტების მიღების საფუძველია ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე სს ,,...“ ზუგდიდის ფილიალის საკუთრების უფლების არსებობა.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას იმის თაობაზე, რომ სს ,,...“ ზუგდიდის ფილიალს, როგორც სადავო მიწის ნაკვეთზე განლაგებული ობიექტის მესაკუთრეს, მიწის ნაკვეთის შესაბამის ნაწილზე წარმოეშვა საკუთრების უფლება, რამდენადაც მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე უფლება იწვევს მიწის ნაკვეთის ნაწილზე აქცესორულ უფლებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ 2008 წლის 3 ოქტომბრის №779 გადაწყვეტილება (2008 წლის 3 ოქტომბრის სხდომის ოქმი №27) და 2008 წლის 17 ოქტომბერს გაცემული საკუთრების უფლების №850 მოწმობა მიღებულია კანონმდებლობის სრული დაცვით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნების შესაბამისად, სს ,,...“ მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიაში წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრვი და პროცესულაური საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენობის უმრავლესობით მიაჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 408-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/პ. სილაგაძე/