#ბს-328-318(კს-13) 23 ივლისი, 2013 წელი
ქ . თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ დ. კ-ის წარმომადგენელი მ.
ქ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ სსიპ შემოსავლების სამსახური
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2012 წლის 16 მაისს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების ო. დ-ის, დ. კ-ის, რ. ბ-ის, ზ. ყ-ის, ლ. ა-ის, გ. ბ-ის, ნ. ი-ის, გ. კ-ის, ნ. შ-ას, ა. კ-ის, შპს ,,შ...“ და შპს ,,ჩ...“ მიმართ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე (იხ. ს.ფ. 2-15).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა; ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებული იქნენ ო. დ-ე, დ. კ-ე, რ. ბ-ე, ზ. ყ-ი, ლ. ა-ი, გ. ბ-ი, გ. კ-ე, ა. კ-ე, ნ. ი-ი, ნ. შ-ა, შპს ,,შ...“ და შპს ,,ჩ...“ (იხ. ს.ფ. 77-89).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-ის წარმომადგენლის მ. ქ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება დ. კ-ის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 286-296).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის განჩინებით დ. კ-ის წარმომადგენლის მ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით დარჩა განუხილველად (იხ. ს.ფ. 319-322).
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება დ. კ-ეს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე, რომელიც არ ჩაბარდა ადრესატს საცხოვრებელი სახლის მისამართლის შეცვლის მოტივით. შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინებით განხორციელდა შეტყობინების საჯაროდ გავრცელება, რა მიზნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება განთავსებული იქნა საერთო სასამართლოების ვებგვერდზე 2012 წლის 20 დეკემბერს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. კ-ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის ათვლა დაეწყო 2013 წლის 8 თებერვლიდან და ამოეწურა 2013 წლის 22 თებერვალს. სააპელაციო საჩივარი კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილი იქნა 2013 წლის 22 მარტს. რაც, სააპელაციო სასამართლოს მითითებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. კ-ის წარმომადგენელმა მ. ქ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 394-396).
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავდა, რომ დ. კ-ე ბათუმის საქალაქო სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის განხილვის დროისათვის არ იყო ფიზიკური პირი, იგი ნ. ჩ-თან ერთად იყო და არის შპს ,,ჩი...-ის“ დამფუძნებელი. სარჩელში შპს ,,ჩი...-ის“ მისამართად დაფიქსირებულია ბათუმი, … ქ. 12, ხოლო დ. კ-ის, როგორც ფიზიკური პირის მისამართი მოპასუხეს არასწორად ჰქონდა მითითებული. დ. კ-ე არც პროცესზე არ ყოფილა მოწვეული სსსკ-ის 70-74 მუხლებით დადგენილი წესით და არც მისი განცხადება არ ყოფილა წარდგენილი სასამართლოში მისი მონაწილეობის გარეშე განხილვის თაობაზე სხვა მოპასუხეებისგან განსხვავებით.
კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, სასამართლოსათვის და მოსარჩელისათვის ცნობილი იყო რომ ნ. ჩ-ი და დ. კ-ე მეუღლეები იყვნენ და შპს ,,ჩი...-ის“ დამფუძნებლებიც და ამიტომ ჩათვალა სასამართლომ ნ. ჩ-ის სასამართლო პროცესზე გამოცხადება შპს ,,ჩი...-ს“ მონაწილეობის ტოლფასად. თუმცა შპს ,,ჩი...“ კანონით დადგენილი წესით სარჩელის განხილვისას მოწვეული არ იყო და შესაბამისად, არც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გამოუტანია გადაწყვეტილება შპს ,,ჩი...-ის“ ცრუმაგიერ პირად აღიარებაზე. სასამართლომ ყველა პროცედურა წარმართა შპს ,,ჩ...“ მიმართ და გადაწყვეტილებაც მასზე გამოიტანა და გაუგზავნა შპს ,,ჩ...“, რითაც შპს ,,ჩი...-ს“ მოუსპო უფლება გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების.
კერძო საჩივრის ავტორის ასევე აღნიშნავდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება განათავსა ვებგვერდზე 7 და 8 თვის დაგვიანებით - 2012 წლის 26 დეკემბერსა და 2013 წლის 18 იანვარს მას შემდეგ, როდესაც მათმა დასვეს საკითხი მოპასუხეთა მოწვევისა და გადაწყვეტილების ჩაბარების კანონიერების საკითხი. სასამართლოს მიერ დაირღვა საჯარო შეტყობინების გამოქვეყნების პირობები, ვინაიდან სასამართლოს უნდა ეცადა პროცესში მითითებული რომელიმე საშუალებით ჩაებარებინა მხარისათვის შეტყობინება და მხოლოდ ამ საშუალებების ამოწურვის შემდეგ დაიშვება საჯარო შეტყობინების გამოქვეყნება.
2013 წლის 22 ივლისს სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოსაზრებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა დ. კ-ის წარმომადგენელს მ. ქ-ეს უარი ეთქვას კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის განჩინება იმ მოტივით, რომ კერძო საჩივრის ავტორი ვერ უთითებს განუხილველად დატოვების რომელი საფუძველი დაარღვია სასამართლომ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს არ დაურღვევია სსსკ-ის 70-78 მუხლების მოთხოვნები, პირიქით დამატებით განახორციელა საჯარო შეტყობინება. ასევე მათ მიერ წარდგენილ სარჩელში მკაფიოდ არის განსაზღვრული მოპასუხეთა წრე, სადაც მოპასუხედ მითითებულია ფიზიკური პირი დ. კ-ე ინდივიდუალური მეწარმის საიდენტიფიკაციო კოდით, მოპასუხე - შპს ,,ჩ...“ საიდენტიფიკაციო ნომრით, რომელიც იდენტურია შპს ,,ჩი...-ის“. სამეწარმეო რეესტრში მინიჭებული მეწარმის საიდენტიფიკაციო ნომერი კი არის უნიკალური და განუმეორებელი. შესაბამისად, მოპასუხის იდენტიფიკაცია არის მარტივი.
მოწინააღმდეგე მხარე ასევე აღნიშნავდა, რომ კერძო საჩივრის ავტორი არის დ. კ-ე, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს შპს ,,ჩი...-ის“ პროცესუალური უფლებების დარღვევაზე (იხ. ს.ფ. 420-421).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების, კერძო საჩივრის მოტივების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. კ-ის წარმომადგენლის მ. ქ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დაურღვევია სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; სასამართლოს არ დაურღვევია საპროცესო ნორმები; სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და განჩინება გამოტანილია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 369.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად მიიჩნევა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საპროცესო კოდექსის VIII თავში, 70-78-ე მუხლებში რეგლამენტირებულია სასამართლო შეტყობინების და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით, რამდენადაც კანონმდებელი სსსკ-ის 369.1. მუხლი სწორედ მითითებულ წესთან აიგივებს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემას.
სსსკ-ის 71-ე მუხლის 1-ლი მუხლის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით, ხოლო ამავე კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან სასამართლო კურიერის მეშვეობით. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლო შემობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე.
სსსკ-ის 78-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში - მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას დ. კ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, და განმარტავს რომ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება დ. კ-ეს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე: ქ. ბათუმი, ... ქ. 22, ბინა 39, 2012 წლის 31 მაისს. სასამართლოში დაბრუნებული ჩაუბარებლობის დასტურის გამო მეორედ გაეგზავნა - 2012 წლის 18 ივნისს. სასამართლოში დაბრუნდა გზავნილის დასტური დ. კ-ის საცხოვრებელი მისამართის შეცვლის გამო ჩაუბარებლობის თაობაზე (იხ. ს.ფ. 118; 143). ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2012 წლის 20 სექტემბერს მიიღო განჩინება საჯარო შეტყობინების მიზნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების განთავსების თაობაზე იმ მოტივით, რომ საქმეში მითითებულ მისამართებზე ვერ ხერხდება აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარება მოპასუხეებისათვის (იხ. ს.ფ. 152-153). მითითებული გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე განთავსდა 2012 წლის 20 დეკემბერს (იხ. ს.ფ. 155) შესაბამისად, მხარისათვის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო განთავსებიდან ოცდამეერთე დღეს - 2013 წლის 10 იანვარს და ვადა ამოეწურა - 2013 წლის 24 იანვარს, ხოლო დ. კ-ის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 22 მარტს (იხ. ს.ფ. 286-296), სსსკ-ის 369.1. მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ კანონით დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ დ. კ-ე არ წარმოადგენდა მოპასუხე ფიზიკურ პირს, იგი ნ. ჩ-თან ერთად იყო და არის შპს ,,ჩი...-ის“ დამფუძნებელი და იგი როგორც ფიზიკური პირი არც პროცესზე არ ყოფილა მიწვეული სსსკ-ის 70-74 მუხლებით დადგენილი წესით და არც განცხადებით მიუმართავს ბათუმის საქალაქო სასამართლოსათვის მისი დასწრების გარეშე სარჩელის განხილვის თაობაზე, როგორც ეს სხვა მოპასუხეებმა გააკეთეს, ვინაიდან, საქმეში სსიპ შემოსავების სამსახურის მიერ წარდგენილი სარჩელით დ. კ-ე როგორც ფიზიკური პირი (პირადი №...) და შპს ,,ჩ...“ (საიდენტიფიკაციო №...) წარმოადგენდნენ დამოუკიდებელ მოპასუხეებს. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს გზავნილი გაეგზავნათ სსსკ-ის 70-74 მუხლებით დადგენილი წესით ცალ-ცალკე: 1. დ. კ-ეს საქმეში მითითებულ მისამართზე ქ. ბათუმი, ... ქ. 22, ბინა 39 და ჩაბარდა მეუღლეს ნ. ჩ-ს (პირადი №...) იხ. ს.ფ. 34-35)) და 2. შპს ,,ჩ...“ საქმეში მითითებულ მისამართზე ქ. ბათუმი, ... ქ. 12 და ჩაბარდა საწარმოს დირექტორს ნ. ჩ-ს (პირადი №...) იხ. ს.ფ. 44)).
ასევე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2012 წლის 17 მაისს დ. კ-ემ მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით იმის თაობაზე, რომ ჩაიბარა სარჩელისა და სასამართლო უწყების ასლი, სარჩელს ცნობს, არ სურს შესაგებელის წარდგენა და სურს საქმის განხილვა მისი დასწრების გარეშე (იხ. ს.ფ. 36).
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქმე აწარმოა და გადაწყვეტილება გამოიტანა შპს ,,ჩ...“ მიმართ, რითაც გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მოუსპო შპს ,,ჩი...-ს“, რომლის დირექტორს წარმოადგენდა ნ. ჩ-ი, ვინაიდან, საქმის მასალების მიხედვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 მაისის მთავარ სხდომაზე გამოცხადდა მოპასუხე შპს ,,ჩ...“ წარმომადგენელი ნ. ჩ-ი, რომელსაც არანაირი პრეტენზია არ დაუფიქსირებია თავისი საწარმოს სახელწოდებასთან დაკავშირებით. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც იხილება დ. კ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის განჩინებაზე დ. კ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, აღნიშნული ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საკითხი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საჯარო შეტყობინების გამოქვეყნების ვადები და პირობები და განმარტავს, რომ მართალია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება საჯარო შეტყობინების გზით გავრცელების მიზნით ორჯერ განთავსდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე: 2012 წლის 26 დეკემბერსა და 2013 წლის 18 იანვარს და გასაჩივრების ვადის ათვლაც 2013 წლის 18 იანვრიდან 21-ე დღეს - 2013 წლის 8 თებერვლიდან დაიწყო და ამოეწურა 2013 წლის 22 თებერვალს, მაგრამ საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მაინც ვერ გახდება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალების თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინებით განხორციელდა შეტყობინების საჯაროდ გავრცელება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება განთავსდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე 2012 წლის 20 დეკემბერს, ხოლო საქმეში არსებული მტკიცებულებებით (იხ. ს.ფ. 155-156) დასტურდება, რომ საჯარო შეტყობინების განხორციელების დამადასტურებელი მკიცებულებების ამობეჭდვა მოხდა სასამართლოს მიერ ორჯერ - საჯარო შეტყობინების განხორციელებიდან (2012 წლის 20 დეკემბრიდან) მე-6 დღეს - 26.12.12წ. და 29-ე დღეს - 18.01.13წ.(ორივე შემთხვევაში მითითებულია განთავსების თარიღი - 2012 წლის 20 დეკემბერი) შესაბამისად, დ. კ-ეს სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის ათვლა დაეწყო საჯარო შეტყობინებით გავრცელების გზით გადაწყვეტილების საერთო სასამართლოების ვებგვერდზე განთავსების დღიდან - 2012 წლის 20 დეკემბრიდან 21-ე დღეს - 2013 წლის 10 იანვარს და ამოეწურა 24 იანვარს. სააპელაციო საჩივარი კი დ. კ-ის წარმომადგენლის მ. ქ-ის მიერ წარდგენილი იქნა 2013 წლის 22 მარტს, სსსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გაასაჩივროს გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დ. კ-ის წარმომადგენლის მ. ქ-ის მიერ უგულებელყოფილია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. კ-ის წარმომადგენლის მ. ქ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური უმრავლესობამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 414-419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. კ-ის წარმომადგენლის მ. ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე