საქმე ბს-336-326(კს-13) 25 ნოემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – a. c-e
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მარტის განჩინება
დავის საგანი – სარჩელის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. ც-ემ 2012 წლის 28 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიმართ. მოსარჩელემ სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 27 აპრილის №222/88 გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოსათვის გაცემის დავალდებულება მოითხოვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ც-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობივ; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფროსის 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ა. ც-ის საჩივართან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულება და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაასაჩივრა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მარტის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება და დაუშვებლობის გამო ა. ც-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.
სააპელაციო სასამართლომ შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა: ოზურგეთის რაიონის გამგეობის 1997 წლის 27 მაისის №6832 დადგენილებით დამტკიცდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის №13 ოქმის გადაწყვეტილება - 10 წლის ვადით ი/მ ა. ც-ისათვის 10 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით მიმაგრების თაობაზე. ოზურგეთის მიწის მართვის რაიონულ სამმართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გრძელვადიანი იჯარით მიმაგრების ხელშეკრულების გაფორმება დაევალა. 1997 წლის 12 აგვისტოს ი/მ ა. ც-ესა და ოზურგეთის რაიონის გამგეობას შორის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის №15 ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად, ი/მ ა. ც-ეს იჯარით ოზურგეთის რაიონში, ... ტერიტორიაზე მდებარე 4,5 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 10 წლის ვადით გადაეცა. ა. ც-ემ 2011 წლის 15 აპრილს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიმართა განცხადებით. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ა. ც-ეს 1997 წლიდან ოზურგეთში, ... ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 10 წლის ვადით ჰქონდა იჯარით გადაცემული. მან 2007 წელს მიმართა ოზურგეთის რაიონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამსახურს, მიწის გამოსასყიდი თანხა გადაიხადა და მიწის ნაკვეთის დოკუმენტაცია წარადგინა, მაგრამ აღნიშნულ საკითხზე ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილება არ მიუღია.
2010 წელს ა. ც-ემ სასარჩელო განცხადება წარადგინა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში. სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გურიის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მოიჯარე ა. ც-ის დოკუმენტაციის გაცნობა და მათი სისწორის შემთხვევაში მიწისა და სხვა უძრავი ქონების დამადასტურებელი ოქმის გაცემა დაევალა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ა. ც-ემ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიწის ნაკვეთის შეძენის დამადასტურებელი ოქმის გაცემა მოითხოვა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 27 აპრილს №2-22/88 წერილით (გადაწყვეტილებით) ა. ც-ეს იჯარით გაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. უარის თქმის საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: ოზურგეთის რაიონის გამგეობის 1997 წლის 27 მაისის №6832 დადგენილება არ იყო ხელმოწერილი და დადასტურებული უფლებამოსილი პირის მიერ, ამასთან წარდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერები გაცემული იყო ა. ც-ის სახელზე, ხოლო იჯარის ხელშეკრულება გაფორმებული იყო ი/მ ა. ც-ეზე. განცხადებაზე თანდართული გეგმა-ექსპლიკაცია არ იყო დამოწმებული შესაბამისი სამსახურის ბეჭდით, ასევე განხცადებას არ ერთვოდა ი/მ ა. ც-ის სახელზე გაცემული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 27 აპრილის №2-22/88 წერილი (გადაწყვეტილება) ა. ც-ემ 2011 წლის 16 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაასაჩივრა. სამინისტროში საჩივარი 2011 წლის 21 ივნისს დარეგისტრირდა, ხოლო 2011 წლის 6 ივლისის №1-1/1218 ბრძანებით ა. ც-ის ადმინისტრაციული საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. საქმეში დაცული ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის თანახმად, 2011 წლის 25 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ა. ც-ის ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენა ჩატარდა, სადაც მხარეთა წარმომადგენლების განმარტებები იქნა მოსმენილი. ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენა სხდომაზე ასევე დასტურდება სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამმართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის 2013 წლის 15 მარტის მოხსენებითი ბარათით. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა განმარტებებისა და საქმის მასალების მიხედვით დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ც-ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზეპირი მოსმენის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება მხარისათვის არ უცნობებია.
სააპელაციო სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის ერთი თვის ვადაში განუხილველობა და მხარისათვის შედეგის შეუტყობინებლობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად ითვლებოდა და კანონით დადგენილი წესით უნდა გასაჩივრებულიყო. შესაბამისად, ა. ც-ეს უფლება ჰქონდა მომდევნო ერთი თვის ვადაში სასამართლოსათვის სარჩელი წარედგინა. მან სასამართლოში 2012 წლის 28 მაისს, ე.ი. დაახლოებით 9 თვის შემდეგ აღძრა სარჩელი, რითაც გაუშვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი გასაჩივრების ვადა, რაც სარჩელის დაუშვებლად ცნობის საფუძველი იყო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მარტის განჩინება კერძო საჩივრით ა. ც-ემ გაასაჩივრა. კერძო საჩივარის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ადგენს არა სარჩელის სასამართლოში წარდგენის, არამედ ადმინისტრაციული საჩივრით ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის ვადას. კერძო საჩივრის ავტორი ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე მუხლზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას თავად ადმინისტრაციულმა ორგანომ დარღვია აღნიშნული მუხლის მოთხოვნა და ზეპირი მოსმენა კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით ჩაატარა. რაც შეეხება სარჩელს, სასამართლოში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ვადის დაცვით იქნა წარდგენილი, რადგან, ა. ც-ემ სატელეფონო საუბრისას შეიტყო, რომ საჩივარზე წარმოება დასრულებული იყო, რის შემდეგაც კანონით დადგენილ ვადაში სარჩელი სასამართლოში წარადგინა. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხედველობაში უნდა მიეღო აღნიშნულ საკითხზე ოზურგეთის რაიონული სასამართოს 2010 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა მასალების გაცნობის შედეგად, დოკუმენტების სისწორის შემთხვევაში საკუთრების მოწმობა გაეცა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ც-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე სრულად იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი. ამ ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნული ნორმა ადგენს არა სარჩელის სასამართლოში წარდგენის, არამედ ადმინისტრაციული საჩივრით ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის ვადას.
ა. ც-ემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 27 აპრილის №2-22/88 წერილი (გადაწყვეტილება) 2011 წლის 16 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაასაჩივრა. სამინისტროში საჩივარი 2011 წლის 21 ივნისს დარეგისტრირდა, ხოლო 2011 წლის 6 ივლისის №1-1/1218 ბრძანებით ა. ც-ის ადმინისტრაციული საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. საქმეში დაცული ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის თანახმად, 2011 წლის 25 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ა. ც-ის ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენის სხდომა ჩატარდა, სადაც მოსმენილ იქნა მხარეთა წარმომადგენლების განმარტებები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისათვის დადგენილი ვადის დარღვევით ეცნობა სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ა. ც-ის ადმინისტრაციული საჩივარი, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი ზეპირი განხილვა იქნა ჩანიშნული. საქმეზე დადასტურებულია და საქმის მასალებით ირკვევა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენა იქნა ჩატარებული. მხარისათვის გაურკვეველი დარჩა, დასრულდა თუ არა ადინისტრაციული საჩივრის განხილვა, ვინაიდან მას ადმინისტრაციული ორგანოსგან, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წერილობითი ფორმით და ვადაში არ მიუღია. უფრო მეტიც, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, წარმოების დასრულებისა და აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე მან შეიტყო მაშინ, როცა ადმინისტრაციულ ორგანოში დარეკა და ტელეფონით აცნობეს, რომ მისი ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მარტის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ც-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე