Facebook Twitter

საქმე ბს-490-472(კს-13) 28 ნოემბერი, 2013 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ა. ღ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინება

დავის საგანი - საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ღ-მა 2005 წლის 29 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ რეგისტრირებული უმუშევრის სტატუსის მინიჭება (უმუშევრად დარეგისტრირება) და ასევე 6 თვის კომპენსაციის – 120 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი ა. ღ-მა წარადგინა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით ა. ღ-მა გაასაჩივრა. მანვე საქმეში სს ,,...” მესამე პირად ჩართვაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინების გაუქმება მოითხოვა. ა. ღ-მა ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 აპრილის განჩინება გაასაჩივრა, რომლითაც სხდომის ოქმში ცვლილებების შეტანაზე ეთქვა უარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 31 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინებები.

2009 წლის 16 თებერვალს ა. ღ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართა, რომლითაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. ღ-ის განცხადება სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანის თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ა. ღ-ის მიერ წარდგენილი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 აპრილისა და 13 მაისის განჩინებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 თებერვლის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით ა. ღ-მა გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ივნისის განჩინება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 მარტის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 23 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 მაისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 6 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.08.2010წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად. ასევე არ დაკმაყოფილდა განცხადება მოსამართლის აცილების თაობაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2012 წლის 10 მაისს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ივლისის განჩინებით ავთანიდლ ღ-ის განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით ა. ღ-მა გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განჩინებით ა. ღ-ის 09.01.2013წ. განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი. აღნიშნულ განჩინებაზე ა. ღ-მა კერძო საჩივარი წარადგინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2013 წლის 22 ივლისს განცხადებით მიმართა ა. ღ-მა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (უმუშევრად დარეგისტრირება (რეგისტრირებული უმუშევრის სტატუსის მინიჭება) და უმუშევრის შემწეობის 120 ლარის გაცემის დაკისრება) მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ა. ღ-ის მიერ სასამართლოებში არაერთხელ წარდგენილი განცხადებების მიზანია გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და მის სარჩელზე განახლდეს საქმისწარმოება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მესამე ნაწილზე და აღნიშნა, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება - საქალაქო სასამართლომ დავა გადაწყვიტა სამუშაოდან დათხოვნის დღეს მისთვის შრომის წიგნაკის გაუცემლობის ფაქტის გამაქარწყლებელი წერილობითი მტკიცებულების სს „...“ გამოთხოვის გარეშე, არაერთხელ იყო მითითებული ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების წინამძღვრად. საქმის მასალების მიხედვით, ზემოაღნიშნული განცხადებები სასამართლოების მიერ არაერთხელ იქნა დატოვებული განუხილველად. ამავე კოდექსის 429-ე მუხლზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ა. ღ-ის განცხადება უნდა დარჩენილიყო განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინებაზე წარმოდგენილ კერძო საჩივარში ა. ღ-მა აღნიშნა, რომ განჩინება არ შეიცავს პასუხს მის მიერ 2013 წლის 22 ივლისს წარდგენილ განცხადებაზე, მასში გადმოცემულია ამავე სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის განჩინების შინაარსი. ამასთან, სადავო განჩინებაში არასწორად არის მითითებული დავის საგანი. ასევე სადავო განჩინება უნდა მიეღო სასამართლოს კოლეგიურ შემადგენლობას. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს სსსკ-ის 427.2 მუხლის გათვალისწინებით განცხადებაზე უნდა დაედგინა ხარვეზი, რისი გამოუსწორებლობის შემთხვევაში განცხადება დაეტოვებინა განუხილველად. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო განჩინება მიღებულია პროცესუალური ნორმების დარღვევით, რაც სსსკ-ის 393.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინების გაუქმების ფორმალური საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ განცხადება უნდა განეხილა სასამართლოს კოლეგიურ შემადგენლობას და ერთი მოსამართლის მიერ ერთპიროვნულად საკითხის გადაწყვეტა არის საპროცესო ნორმათა დარღვევა, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია. საკასაციო პალატა მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო საჩივარი ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე. ამავე კოდექსის მე-6 მუხლში მოცემულია მაგისტრატი მოსამართლის განსახილველ საქმეთა ჩამონათვალი. მათ შორისაა საქმე სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხის თაობაზე (ასკ-ს მე-6 მუხ. „გ“ ქვეპ.). აღსანიშნავია, რომ ა. ღ-ის სარჩელში დავის საგანია უმუშევრად დარეგისტრირება (რეგისტრირებული უმუშევრის სტატუსის მინიჭება) და უმუშევრის შემწეობის გაცემა. აღნიშნული მოთხოვნა ემყარებოდა იმჟამად მოქმედ „დასაქმების შესახებ“ კანონის დანაწესს და წარმოადგენდა სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხს. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო ა. ღ-ის 2013 წლის 22 ივლისის განცხადების დასაშვებობის საკითხი განეხილა და გადაეწყვიტა ერთპიროვნულად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ა. ღ-ის მიერ 2013 წლის 22 ივლისს წარდგენილი განცხადების მიზანია მის სარჩელზე საქმისწარმოების განახლება, რაც განმცხადებლის მოსაზრებით შესაძლებელია სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის განჩინებისა და მისი წინმსწრები ყველა განჩინებისა და გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმებასა და საქმისწარმოების განახლებას უშვებს მხოლოდ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ან ბათილად ცნობის საფუძვლით. ორივე დასახელებულ საპროცესო მოქმედებას აქვს კონკრეტული საფუძვლები. ა. ღ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 22 ივლისს წარდგენილი განცხადება ემყარება იმ გარემოებას, რომ საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელის გადაწყვეტისას არ მოიპოვა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება იყო შესაძლებელი. მხარისათვის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ისეთი ახალი გარემოების ან მტკიცებულების შეტყობა, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რომელიც ქმნის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო შესაძლებლობას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს სადავო განჩინების აღწერილობით ნაწილში დავის საგანად - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების მითითება გამომდინარეობს ა. ღ-ის 2013 წლის 22 ივლისის განცხადების შინაარსიდან.

საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო პალატას მის მიერ წარდგენილ განცხადებაზე უნდა დაედგინა ხარვეზი და მისი გამოუსწორებლობის შემდეგ დაეტოვებინა განცხადება განუხილველად. ამასთან გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს პასუხს მის 2013 წლის 22 ივლისის განცხადებაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით განცხადების სასამართლოსათვის წარდგენა არის საპროცესო მოქმედება, რომელიც შეზღუდულია ვადით, ვადის ათვლისათვის მნიშვნელობა ენიჭება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის მხარის მიერ შეტყობის ფაქტს. საქმეში დაცული არაერთი განჩინების თანახმად, ა. ღ-ისათვის ის გარემოება, რაც მას საქმისწარემოების განახლების საფუძვლად მიაჩნია, ცნობილი იყო. ამასთან აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების განახლების საკითხი სასამართლოებმა არაერთი განჩინებით უარყოფითად გადაწყვიტეს. შესაბამისად, იმავე საფუძვლით ახლად დაყენებული მოთხოვნა აღარ ექვემდებარებოდა განხილვას. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად განმცხადებლისათვის განცხადებაზე ხარვეზის დადგენა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ განცხადება არ შეიცავს ამავე მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილ საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადებისათვის სავალდებულო რომელიმე რეკვიზიტს. ამავე კოდექსის 285-ე მუხლი ადგენს იმ კრიტერიუმებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს განჩინების შინაარსი. ამდენად, როგორც განცხადებაზე ხარვეზის დადგენა, ისე განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ მოთხოვნის არსებითად განხილვის შედეგად მიღებული განჩინებით 2013 წლის 22 ივლისის განცხადებაში დასმულ საკითხებზე პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნებოდა თუ თავად განცხადება დააკმაყოფილებდა იმ პირობებს, რომლებიც მისი განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინება მიღებულია საპროცესო ნორმათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ.ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ.მურუსიძე

ნ.სხირტლაძე