Facebook Twitter

ბს-547-528 (კს-13) 14 ნოემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) – შპს „…“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოპასუხეები – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახური

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 30 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა. მოსარჩელემ მოპასუხედ მიუთითა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური. საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „…“. მოსარჩელემ საბოლოოდ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1991 წლის 2 დეკემბრის №1270 ბრძანების არარად აღიარება მოითხოვა. მანვე ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ 1999 წლის 30 აგვისტოს დამტკიცებული მიწის ნაკვეთის გეგმის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ტერიტორიის (4600 კვ.მ. მიწის ფართობის) გადაფარვის ნაწილში, ძალაში შესვლის დღიდან, ასევე შპს „…“ საკუთრებაში უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო გადაწყვეტილებების (მომზადების თარიღი: 29.12.06 წ. და 04.06.07 წ.) ძალაში შესვლის დღიდან, თანმდევი შედეგებით (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 4600 კვ.მ. მიწის ფართის ნაწილში) ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 ივნისის განჩინებით თავდაცვის სამინისტრის სარჩელზე ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1991 წლის 2 დეკემბრის №1270 ბრძანების არარად აღიარების ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, … ქუჩის აღმოსავლეთით მდებარე სადავო 4600 კვ. მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2006 წლის 29 დეკემბერს და 2007 წლის 4 ივნისს შპს „…“ განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია ძალაში შესვლის დღიდან. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი 1999 წლის 30 აგვისტოს ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ დამტკიცებული მიწის ნაკვეთის გეგმა სადავო 4600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში და ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურს დაევალა შესაბამისი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „…“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 აგვისტოს განჩინებით შპს „…“ სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს დაევალა განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სასამართლოსთვის წარმოედგინა საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი იმდენი ასლის დართვით, რამდენი მხარეც არის საქმეში და ასევე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

აღნიშნული განჩინება შპს „…“ საქმეში მითითებულ მისამართზე 2013 წლის 8 აგვისტოს ლ. მ-ს ჩაბარდა. საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების დასტურის მიხედვით გზავნილის ჩამბარებელი პირი არის ორგანიზაციის წარმომადგენელი (მენეჯერი). გზავნილში ასევე მითითებულია ჩამბარებელი პირის პირადი ნომერი (ტ. II, ს.ფ. 14).

2013 წლის 6 სექტემბერს შპს „…“ დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით სააპელაციო სასამართლოში წარადგინა სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით და სააპელაციო საჩივრის ასლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინებით შპს „…“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი, სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაშვების გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით შპს „…“ გაასაჩივრა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლო გზავნილის ჩაბარების დატური არ შეიცავს სწორ ინფორმაციას, ვინაიდან ლ. მ-ი გზავნილში მითითებულ დღეს სამსახურში არ იმყოფებოდა, იგი ამ დროისათვის კუთვნილ შვებულებაში იყო და შესაბამისად, ვერ შეძლებდა გზავნილის ჩაბარებას. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით საფოსტო გზავნილი სავარაუდოდ გადაეცა შენობის დარაჯს, რომელიც შპს „…“ არანაირ სამართლებრივ ურთიერთობაში არ იმყოფება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 აგვისტოს განჩინება შპს-სთვის ცნობილი გახდა ლ. მ-ის შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით შპს „…“ კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „…“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 აგვისტოს განჩინება იმავე დღეს, 2013 წლის 7 აგვისტოს გაეგზავნა. აღნიშნული განჩინების შემცველი გზავნილი შპს „…“ იურიდიულ მისამართზე, ქ. თბილისი, ... 89/24, ლ. მ-ს ჩაბარდა (ტ. II, ს.ფ. 14). გზავნილის ჩამბარებელი პირის სტატუსი განსაზღვრულია, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი (მენეჯერი) და ასევე მითითებულია პირადი ნომერი. დადგენილია, რომ შპს „…“ განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 სექტემბერს მიმართა (ტ. II, ს.ფ. 30). კერძო საჩივარს ერთვის საქართველოს არქიტექტორთა კავშირის 2013 წლის 13 სექტემბრის წერილი, რომლის მიხედვით 2013 წლის 5 აგვისტოდან ამავე წლის 2 სექტემბრის ჩათვლით კავშირის თანამშრომელი - ლ. მ-ი შვებულებაში იმყოფებოდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაგზავნილი გზავნილის ჩაბარების დასტური შევსებულია სრულად, მასზე მითითებულია ჩამბარებელი პირის სახელი, ხელმოწერა, თანამდებობა, პირადი ნომერი და ჩაბარების თარიღი.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო გზავნილის ჩაბარების დასტური შეიცავს არასწორ მონაცემებს, ვინაიდან ლ. მ-ი 2013 წლის 8 აგვისტოს შვებულებაში იმყოფებოდა. საკასაციო პალატა მიუთითებს გზავნილის შინაარსზე, რომელიც სრულად აკმაყოფილებს გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევისათვის საჭირო კრიტერიუმებს. კერძოდ, მასში მითითებულია გზავნილის ჩამბარებელი პირის ვინაობა, მისი კავშირი ადრესატთან, ფიზიკური პირის პირადი ნომერი, ჩამბარებელი პირის ხელმოწერა და ჩაბარების თარიღი. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება აღნიშნული მონაცემების მცდარობასთან დაკავშირებით, ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ, ვინაიდან დოკუმენტში მითითებული გარემოების უსწორობა არ არის დადგენილი სათანადოდ და იგი წარმოადგენს მხოლოდ კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას.

საკასაციო პალატა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ გზავნილი ჩაბარდა შენობის დარაჯს, ვინაიდან გზავნილში მითითებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები შეუძლებელია თავად ამ პირის ინფორმირების გარეშე ცნობილი ყოფილიყო შენობის დარაჯისათვის, რომელიც კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით შპს-სთან არანაირ სამართლებრივ ურთიერთობაში არ იმყოფება. ამდენად, 2013 წლის 8 აგვისტოს ლ. მ-ის შვებულებაში ყოფნის ფაქტს, მისი დადასტურების პირობებშიც, მოცემულ საკითხთან მიმართებით არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინაიდან ზემოთ აღნიშნული საპროცესო ნორმის მიხედვით, სასამართლო გზავნილის ჩამბარებელი პირი პირადი პასუხისმგებლობით ვალდებულია, სასამართლოს კურიერს ან ფოსტის მუშაკს განუმარტოს თავისი უფლებამოსილება და დაადასტუროს გზავნილის მიღება ხელმოწერით. ამდენად, თუ ლ. მ-ი ინფორმირებული იქნა საფოსტო გზავნილის თაობაზე, მას თავად გააჩნდა ვალდებულება ფოსტის მუშაკისათვის მიეთითებინა საამისოდ უფლებამოსილ პირზე. ამასთან, თუ მან შვებულებაში ყოფნის პერიოდში ჩაიბარა სასამართლო გზავნილი, ასევე გააჩნდა ვალდებულება უზრუნველეყო გზავნილის უფლებამოსილი პირისათვის დროულად გადაცემა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. მ-ს, როგორც შპს „…“ გაგზავნილი გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ პირის, საქმეში მითითებულ შპს-ს მისამართზე, ქ. თბილისი, ... 89/24-ში, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 აგვისტოს განჩინება 2013 წლის 8 აგვისტოს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო ამ დღიდან და 2013 წლის 19 აგვისტოს დასრულდა. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინებით მართებულად იქნა მიჩნეული, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზი განჩინებით დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული და სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „…“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „…“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე