Facebook Twitter

საქმე №ბ-555-3(ა-14) 19 მაისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა რ.ბ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 8 მაისის განჩინების გაუქმების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 14 მაისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა რ.ბ-მა და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 8 მაისის განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივით:

2012 წლის 26 მარტს გორის რაიონულ პროკურატურაში შეიტანა განცხადება ლ. ბ-ის მიერ დოკუმენტების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რაზედაც დაიწყო გამოძიება. აღნიშნული გამოძიება 2013 წლის 27 სექტემბერს უკანონოდ შეწყდა და მას 2014 წლის 6 თებერვალს წერილით ეცნობა, რომ ჩატარებული მოკვლევის შედეგად არ გამოიკვეთა რაიმე დანაშაულის ნიშნები, რის გამოც არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება გამოძიების დაწყების თაობაზე.

განმცხადებელმა მიმართა გორის მუნიციპალიტეტს განმარტების მოთხოვნით, ჰქონდა თუ არა ბოშურის ტერიტორიული ორგანოს უფროსს სპეციალისტს ლ. კ-ეს 1996-2007 წლებში საკომლო წიგნში ჩანაწერის გაკეთების უფლება. 2014 წლის 15 აპრილს წერილის პასუხად ეცნობა, რომ არც იმ დროისათვის და 2006 წლამდე მოქმედი ,,თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12, მე-13, 24-ე და 25-ე მუხლები არ იძლეოდა იმ იურიდიულ საფუძველს, რომ სოფლის (თემის) თვითმმართველობის კომპეტენციაში შესულიყო კომლის რეგისტრაცია და საკომლო წიგნების წარმოების ფუნქცია და გაუქმებულ კომლში განხორციელებული ჩანაწერების თაობაზე გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ იძებნება.

განმცხადებლის მითითებით, ამ ფაქტის შესახებ რომ ყოფილიყო ცნობილი გორის რაიონულ სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვის დროს გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, ვინაიდან თუკი დადასტურდებოდა, რომ საკომლო წიგნში ლ. ბ-ის სახელზე განხორციელებული ჩანაწერი შესრულებული იყო უკანონოდ, კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ეს გასაჩივრებული აქტის ბათილობის საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, ამ საკომლო წიგნის საფუძველზე გორის რაიონის სოფელი ზემო ბოშურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ლ. თ-ის მიერ გაცემული ცნობები და მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებიც გაბათილდებოდა და ამით აღდგებოდა რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ.ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 8 მაისის განჩინების გაუქმების შესახებ განსჯადობის წესების დაცვით, უნდა გადაეცეს უფლებამოსილ გორის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 424.1 მუხლის თანახმად, რომელიც განსაზღვრავს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განსჯადობის საკითხს, განცხადება შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში, განცხადება გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს განსჯადია იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.

კონკრეტულ შემთხვევაში, რ.ბ-ი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადებით ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 8 მაისის განჩინების გაუქმებას, რომლითაც დაუშვებლად იქნა მიჩნეული რ.ბ-ის საკასაციო საჩივარი, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 დეკემბრის განჩინებით რ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რ.ბ-ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბოშურის ტერიტორიული ორგანოს 2010 წლის 24 თებერვლის №47-ე, 2010 წლის 9 მარტის №50-ე ცნობების, 2010 წლის 3 აგვისტოს №51-ე მიმართვის, ლ. ბ-ის სახელზე განხორციელებული საკომლო წიგნისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ.

შესაბამისად, რ.ბ-ის მიერ განცხადება საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილია განსჯადობის წესების დარღვევით, რადგან მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის შედეგად გამოტანილია გორის რაიონული სასამართლოს მიერ. შესაბამისად, სსსკ-ის 424-ე მუხლის მოთხოვნის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ რ.ბ-ის განცხადების განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს გორის რაიონული სასამართლო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, რ.ბ-ის განცხადება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის შესაბამისად, განსჯადობის წესების დაცვით უნდა გადაეცეს გორის რაიონულ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია იმსჯელოს წარმოდგენილი განცხადების დასაშვებობასა და მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 26.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 421-ე, 424-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ.ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განსახილველად გადაეცეს უფლებამოსილ გორის რაიონულ სასამართლოს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე