საქმე № ბს-3-174-1 (ა-14) 02 აპრილი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2013წ. განჩინებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ გ. ბ-ის განცხადების მიღების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. ბ-ემ 17.02.14წ. განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2013წ. განჩინების გაუქმების და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს 27.02.14წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 427.1 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნტების მოთხოვნებს, კერძოდ, განცხადებაში არ იყო მითითებული იმ გარემოებებზე, რომელსაც განმცხადებელი მიიჩნევდა ახლად აღმოჩენილად. გ. ბ-ეს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან „05“ დღის ვადაში წარმოედგინა სასამართლოსათვის სსკ-ის 427.1 მუხლის შესაბამისად შედგენილი განცხადება. ამასთან, გ. ბ-ეს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში მისი განცხადება დარჩებოდა განუხილველი. 10.03.14წ. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ბ-ემ და ხარვეზის ვადის გაგრძელება მოითხოვა. საკასაციო სასამართლოს 14.03.2014წ. განჩინებით დაკმაყოფილდა გ. ბ-ის განცხადება და მას გაუგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 27.02.14წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 05 დღით. 14.03.2014წ. განჩინება გ. ბ-ეს გაეგზავნა მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
გ. ბ-ეს სასამართლოს 14.03.14წ. განჩინება, სსკ-ის 71-ე მუხლის თანახმად, გაეგზავნა მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე: ჭიათურა, ... ქ. №16. გზავნილის ჩაბარებაზე ვალდებული საფოსტო დაწესებულების, შპს „...“-ის ადმინისტრატორის მიერ 27.03.14წ. შედგენილი აქტის თანახმად გზავნილი, ადრესატისათვის ჩაბარების მიზნით, გატანილი იქნა ორჯერ: 22.03.14წ. და 24.03.14წ., თუმცა ადრესატ გ. ბ-ეს უზენაესი სასამართლოს გზავნილი ვერ ჩაბარდა, რადგან გ. ბ-ემ უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე. დაუკავშირდნენ გ. ბ-ის ოჯახის წევრს - დედას, რომელმაც ასევე უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სახეზეა სსკ-ის 75-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა და მიიჩნევს, რომ სასამართლოს გზავნილი ადრესატ გ. ბ-ისათვის ჩაბარებულად ითვლება, ვინაიდან სსკ-ის 75.1 მუხლის თანახმად თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა თვლის, რომ განჩინება გ. ბ-ეს ჩაბარებული აქვს 22.03.14წ., მოცემული განჩინების გამოტანის მომენტისათვის (02.04.14წ.) გასულია განჩინების ჩაბარებიდან ხარვეზის გამოსწორებისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი 5 დღიანი ვადა, გ. ბ-ეს ხარვეზი არ გამოუსწორებია, შესაბამისად, მისი განცხადება უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2013წ. განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე, 427-ე, 396. 3, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე