ბ-1114-6 (გან-13) 31 ოქტომბერი, 2013წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2012წ. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2012წ. გადაწყვეტილებით ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2011წ. განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 05.05.11წ. №60 ბრძანება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ნ. მ-ის საკითხთან მიმართებაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
30.09.13წ. ნ. მ-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასაართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2012წ. გადაწყვეტილების განმარტება. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 26.03.2013წ. მიიღო ბრძანება, რომელშიც წერია, რომ განხილულ უნდა იქნეს ნ. მ-ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხი. ნ. მ-ს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფორმულირება არასწორია, რადგან მის ყველა განცხადებაში, საქმეებში არსებულ დოკუმენტაციასა და სასამართლო გადაწყვეტილებების შინაარსში ჩანს, რომ მას ორი შვილი ჰყავს, რომელთაგან ერთი უკვე სრულწლოვანია. ამდენად, ვინაიდან ნ. მ-ის ოჯახი შედგება სამი სულისგან, იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ბრძანებაში განმცხადებელი მითითებული უნდა იყოს არა მარტო, არამედ შვილებთან: ლ. და ქ. მ-ებთან ერთად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო ნ. მ-ის განცხადებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2012წ. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე და თვლის, რომ არ არსებობს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2012წ. გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 05.05.11წ. №60 ბრძანება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ნ. მ-ის საკითხთან მიმართებაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო 26.03.2013წ. №63 ბრძანება ნ. მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. მითითებული ბრძანების მე-3 პუნქტის მიხედვით დადგინდა სათანადო საცხოვრებელი ფართობის მოძიების შემდეგ საქართველოს მთავრობის 13.06.2012წ. №1162 განკარგულებით დამტკიცებული ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად ნ. მ-ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის განხილვა. ნ. მ-ს მიაჩნია, რომ სამინისტროს ბრძანების ფორმულირება არასწორია, რადგან მისი ყველა განცხადებით, საქმეებში არსებულ დოკუმენტაციითა და სასამართლო გადაწყვეტილებებით დასტურდება, რომ მას ორი შვილი ჰყავს, რომელთაგან ერთი უკვე სრულწლოვანია. ამდენად, ვინაიდან ნ. მ-ის ოჯახი შედგება სამი სულისგან, იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ბრძანებაში განმცხადებელი მითითებული უნდა იყოს შვილებთან ერთად, შესაბამისად სწორედ ასე უნდა იქნეს განმარტებული და გაგებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.12.2012წ. გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.12.2012წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გარკვევით და ნათლად არის ჩამოყალიბებული, არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ და შეუსაბამო დებულებებს, სარეზოლუციო ნაწილში ცხადად არის მითითებული, რომ სამინისტროს დაევალა ნ. მ-ის საკითხთან მიმართებაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თუმცა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ ნ. მ-ის საკითხის განხილვისას, არსებული შესაძლებლობის ფარგლებში, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბავშვების ინტერესები, მათი შემდგომი ინტეგრირების შესაძლებლობა. ასევე მითითებულია, რომ ნ. მ-ის განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფოს პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს იმ მინიმალური სტანდარტების უზრუნველყოფა, რაც მისცემს მას ღირსეული არსებობის შესაძლებლობას. პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, აღწერილობით ნაწილთან ერთად, წარმოადგენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის საფუძველს, მასში აისახება გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების შედეგები, სასამართლოს დასკვნები გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის საფუძველად არსებული ფაქტების და მათი სამართლებრივი შეფასების შესახებ. ამდენად, განსამარტი გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილების ურთიერთშეჯერების შედეგად, ნათელია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ ნ. მ-ის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ნ. მ-ის საკითხის განხილვისას შესაძლებლობის ფარგლებში, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ნ. მ-ის ოჯახის წევრების - მისი შვილების ინტერესები.
,,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანების პირველი დანართი განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესს. დანართის არაერთი მუხლი უთითებს იმაზე, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დევნილის უზრუნველყოფა ხდება არა ინდივიდუალურად, არამედ ოჯახთან ერთად (1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი, მე-3 მუხლის პირველი პუნქტი და ა.შ.), მათი საერთო ინტერესების გათვალისწინებით. ოჯახად კი ითვლება განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას და აქვთ დევნილის სტატუსი. ამდენად, ვინაიდან, ნ. მ-ის ოჯახის წევრებად მიიჩნევიან მისი შვილებიც, სამინისტროს მიერ ნ. მ-ის საკითხზე მსჯელობა თავისთავად გულისხმობს მისი შვილების ინტერესების გათვალისწინებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.12.2012წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი, იგი გარკვევით და ნათლად არის ჩამოყალიბებული, რის გამოც არ არსებობს მისი განმარტების აუცილებლობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2012წ. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე