Facebook Twitter

საქმე¹ბ-315-1(გან-14) 14 აპრილი, 2014 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

განიხილა მ. ტ-ის წარმომადგენლის ა. ღ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის №ბს-581-560 (კ-10) გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 29 მაისს მოსარჩელე ზ. მ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიმართ და ქ.თბილისის მერიის 2009 წლის 22 აპრილის №359 განკარგულებისა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2008 წლის 10 დეკემბრის წერილის ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას დავალებოდა გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თბილისში, ... №204 კოპუსის 1-ლი სადარბაზოს მე-5 სართულის №14 ოროთახიანი ბინის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე და გაეცა შესაბამისი საკუთრების მოწმობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 22 აპრილის №359 განკარგულება და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2008 წლის 10 დეკემბრის №მ-5856 წერილი; მოპასუხის - ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა – მოსარჩელე ზ. მ-ას ქ. თბილისში, ... №204 კორპუსის I სადარბაზოს მე-5 სართულის №14 ოროთახიანი ბინის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომელმაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ზ. მ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ზ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2008 წლის 10 დეკემბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 22 აპრილის №359 განკარგულება და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას დაევალა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ. მ-ას მიმართ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2014 წლის 20 მარტს განცხადებით მომართა მ. ტ-ის წარმომადგენლმა ა. ღ-მა, რომელმაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის №ბს-581-560 (კ-10) გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა. განმცხადებელი ითხოვს განიმარტოს, შპს ... პროფკომიტეტის 1993 წლის 31 მარტის №2 ადმინისტრაციის მმს კრების ოქმი წარმოადგენდა თუ არა სამართლებრივ საფუძველს და დასაშვები იყო თუ არა მისი გამოყენება სახელმწიფო ქონების განკარგვის საფუძვლად. ასევე გააჩნდა თუ არა ქ. თბილისის ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს - გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას მიტოვებული ქონების განკარგვის უფლება იმ პირობებში, როცა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, ... მე-2 მ/რ, კორპ. №204-205-ში არის სახელმწიფოს საკუთრება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო მ. ტ-ის წარმომადგენლის ა. ღ-ის განცხადებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის №ბს-581-560 (კ-10) გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე და მიაჩნია, რომ განმცხადებელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ამასთან, გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად და იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელი - მ. ტ-ი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის №ბს-581-560 (კ-10) გადაწყვეტილების მხარე არ არის. მითითებული გადაწყვეტილება მიღებულია ზ. მ-ას სარჩლისა გამო აღძრულ დავაზე, მოპასუხეების - ქ. თბილისი მერიისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიმართ, მესამე პირი შპს„...“. გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განმარტების მიზანია მხარეთა ან აღმასრულებლის მოთხოვნით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არსებული ბუნდოვანების აღმოფხვრა, რაც ემსახურება გადაწყვეტილების აღსრულების მიზანს. პირი, რომელიც საქმეში არ წარმოადგენს მხარეს, საპროცესო კანონმდებლობა არ ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს გადაწყვეტილების განმარტება, ვინაიდან მის ინტერესს გადაწყვეტილების აღსრულება არ წარმოადგენს.

შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. ტ-ის წარმომადგენლის ა. ღ-ს უარი უნდა ეთქვას გადაწყვეტილების განმარტებაზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი მხოლოდ მხარეებს და აღმასრულებელს აძლევს საშუალებას მოითხოვოს გადაწყვეტილების განმარტება, მხოლოდ მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ტ-ის წარმომადგენლის ა. ღ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის №ბს-581-560 (კ-10) გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე