Facebook Twitter

#ბს-424-413(გ-13) 31 ოქტომბერი, 2013წ.

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

Nნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა Pშპს ,,...” სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და მცხეთის რაიონულ სასამართლოს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს ,,ქ...” 20.09.12წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს ,,ტ...” მიმართ, მოსარჩელემ მოითხოვა მის მფლობელობაში არსებულ სასაქონლო ნიშანზე (`...~) განსაკუთრებული უფლებების დარღვევის შეწყვეტა, რადგან მოპასუხის მიერ გამოყენებულ სასაქონლო ნიშანში (,,...”) ჩართული სიტყვები მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნების მსგავსი იყო, რაც მოსარჩელის აზრით, წარმოადგენდა მათი აღრევის საფუძველს. Mმომხმარებელი ვერ აცნობიერებს, რომ იძენს არა მოსარჩელის, არამედ სხვა მწარმოებლის პროდუქციას, ,,...” და ,,...” საგრძნობლად მსგავსი სიტყვათა წყობაა, ამასთანავე მოპასუხის მიერ წარმოებული პროდუქციის ფასი მოსარჩელის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე დაბალია, რაც განაპირობებს მოპასუხის პროდუქციის შეძენას.

მოპასუხე შპს ,,ტ...” 01.11.12წ. აღძრა შეგებებული სარჩელი, რომლითაც შპს ,,ქ...” სახელზე რეგისტრირებული სიტყვიერი სასაქონლო ნიშნების ბათილად ცნობა და `საქპატენტის” მიერ სასაქონლო ნიშნების რეესტრში ყველა კომბინირებულ სასაქონლო ნიშანში სიტყვიერი ჩანაწერების დისკლამაციაზე ჩანაწერის შეტანა მოითხოვა.

შპს ,,ქ...” წარმომადგენლმა 30.11.12წ. შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ შპს `ქ...” არ იყო სათანადო მოპასუხე შეგებებულ სარჩელში, რადგან ,,საქპატენტი” წარმოადგენდა იმ ორგანოს, ვის მიმართაც უნდა განხორციელებულიყო ძირითადი სარჩელის მოპასუხის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, სადაც თავდაპირველი მოსარჩელე ჩაერთვებოდა მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებულ სარჩელზე მოპასუხემ მოითხოვა საქმის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისთვის განსახილველად გადაცემა და ძირითადი სარჩელის შეგებებული სარჩელისგან დამოუკიდებლად სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.12.12წ. საოქმო განჩინებით შპს ,,ქ...” წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შპს `ტ...~ შეგებებულ სარჩელზე მოპასუხე შპს ,,ქ...” შეიცვალა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრით `საქპატენტით”, ხოლო შპს ,,ქ...” ჩაბმულ იქნა საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე შპს `ტ...” შეგებებული სარჩელის გამო საქმე მოპასუხე – `საქპატენტის”, მესამე პირის - შპს ,,ქ...” მიმართ, გამოეყო ძირითად სარჩელს და განსჯადობით გადაეგზავნა `საქპატენტის” ადგილმდებარეობის მიხედვით _ მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განმარტა, რომ თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შემდეგ დავა ეხება ადმინისტრაციულ ორგანოს – `საქპატენტის” უფლებამოსილებებს, კერძოდ, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ვადის გაგრძელებას, რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანას, `საქპატენტის” მიერ რეგისტრაციის გაუქმებას, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობას ანუ საბოლოო ჯამში ადმინისტრაციული ორგანოს – სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის `საქპატენტის” მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ასეთი დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნას განხილული. მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ქ...”, როგორც არასათანადო მოპასუხე, შეიცვალა სათანადო მოპასუხით - სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის `საქპატენტით”, რის გამოც საქმე მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია, ვინაიდან მოსარჩელე მხარე მოითხოვს `საქპატენტის” მიერ გაცემული სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.12.12წ. საოქმო განჩინებით შეჩერდა წარმოება საქმეზე შპს ,,ქ...” სარჩელზე მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული წესით განსახილველ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 05.06.13წ. საოქმო განჩინებით სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი `საქპატენტი” მიჩნეულ იქნა არასათანადო მოპასუხედ, მესამე პირი შპს ,,ქ...” მოსარჩელის თანხმობით საქმეში ჩაერთო მოპასუხედ. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.06.13წ. განჩინებით საქმე შპს `ტ...” სარჩელისა გამო განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.12.12წ. საოქმო განჩინების მითითება იმის შესახებ, რომ დავა ეხება `საქპატენტის” უფლებამოსილებებს ანუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის `საქპატენტის” აქტებს, ამასთან მოპასუხედ მიიჩნევს შპს ,,ქ...”. დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, უკეთუ დაინტერესებული პირი ასაჩივრებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ჯერ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, შემდეგ კი სასამართლოში. მოსარჩელეს არც სარჩელში და არც შემდგომ საქმის განხილვის ეტაპზე არ მიუთითებია რაიმე ბათილად საცნობი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ის გარემოება, რომ მოსარჩელე შპს ,,ქ...” საკუთრებაში არსებული სასაქონლო ნიშნების ბათილად ცნობას ითხოვს, არ ნიშნავს, რომ ის ასაჩივრებს `საქპატენტის” მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. მოსარჩელე ითხოვს სასაქონლო ნიშნების როგორც საკუთრების გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ შპს `ტ...” სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში დავა ეხება როგორც საგნობრივ, ასევე ტერიტორიულ განსჯადობას. ტერიტორიული განსჯადობის საკითხი წყდება მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. სასამართლო თავისი ინიციატივით მოპასუხეს ვერ შეცვლის.Aადმინისტრაციული კატეგორიის საქმეზე სასამართლოებს შორის განსჯადობაზე დავის დასაშვებობა არ ათავისუფლებს სასამართლოს სსკ-ის 85-ე მუხლის მოთხოვნების დაცვისაგან, რომლის თანახმად სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის თანხმობით და არა თავისი ინიციატივით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მცხეთის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი `საქპატენტის” აქტების კანონიერება, ამასთან, მოპასუხედ მიიჩნია რა შპს ,,ქ...”, მცხეთის რაიონული სასამართლოს 05.06.13წ. საოქმო განჩინებით `საქპატენტი” შეიცვალა სათანადო მოპასუხით, შესაბამისად შპს ,,ქ...” საქმეში ჩაერთო მოპასუხედ. ამასთანავე, საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხედ მითითებული შპს ,,ქ...” არასათანადოობა. საკასაციო პალატა არ იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.12.12წ. საოქმო განჩინებაში მოყვანილ მოსაზრებას იმის Aშესახებ, რომ დავა ეხება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. `სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლის ან/და მომსახურებისაგან. ამდენად, სასაქონლო ნიშანი არის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტთან დაკავშირებით დავები ძირითადად ეხება ობიექტზე უფლების მოპოვებას ან უფლებათა დარღვევას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული დავებისათვის დამახასიათებელია პროცესუალური ორგვაროვნება, ინტელექტუალური საკუთრებითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავა ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მიმართულებისაა, ერთ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს (სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის _ `საქპატენტის”) მიმართ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის შესახებ დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივია და შესაბამისად დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული, ხოლო მეორეს მხრივ დაინტერესებული პირის მიერ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლების დაცვის მოთხოვნა სამოქალაქო-სამართლებრივია. პროცედურა, რომელსაც ატარებს `საქპატენტი” სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ითვალისწინებს ექსპერტიზის ჩატარებას, ექპერტიზა ორ ეტაპად იყოფა, პირველ ეტაპზე მოწმდება ფორმალური მოთხოვნების შესრულება (საგანაცხადო მასალის სისრულის შემოწმება, საფასურის გადახდა, წარმომადგენლობის საბუთის არსებობა და სხვ.), მეორე ეტაპზე ტარდება არსობრივი ექსპერტიზა – მოწმდება სასაქონლო ნიშნის შესაბამისობა კანონით დადგენილ კრიტერიუმებთან, მოწმდება ნიშნის სიახლე. კანონმდებლობა ითვალისწინებს ორივე ეტაპის გასაჩივრების შესაძლებლობას. `სასაქონლო ნიშნების შესახებ~ კანონი ითვალისწინებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის და არსობრივი ექსპერტიზის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების განმცხადებლის (ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს მოწმობის გაცემას) მიერ სამი თვის ვადაში გასაჩივრების შესაძლებლობას (კანონის მე-16 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები; საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 23.08.99წ. #63 ბრძანებით დამტკიცებული `სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ~ ინსტრუქციის 17.1 და 22.1 მუხ.). `საქპატენტის” მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე წარმოშობილი დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი იქნება. უკეთუ პალატამ დააკმაყოფილა საჩივარი, ე.ი. მიიღო გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ ანდა არსობრივი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება, განაცხადის მონაცემები სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში უნდა გამოქვეყნდეს ერთი თვის ვადაში, ბიულეტენი ხელმისაწვდომია გასაცნობად ნებისმიერი პირისათვის. Gგანაცხადის მონაცემების ბიულეტენში გამოქვეყნებიდან სამი თვის ვადაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ეძლევა სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა (,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” კანონის 16.4 მუხ., ,,სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის 24-ე მუხ.). ასეთ შემთხვევაში შედავება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება, შედავება ასეთ შემთხვევაში უშუალოდ შეეხება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას. აღნიშნულ შემთხვევებში პრეტენზია თავდაპირველად განიხილება `საქპატენტში”, მისი სპეციალური ორგანოს – სააპელაციო პალატის მიერ. საქართველოს მთავრობის 03.07.10წ. დადგენილებით დამტკიცებული `საქპატენტის” დებულების მიხედვით საქპატენტის ძირითადი ფუნქციაა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტთან დაკავშირებით განმცხადებლისა და მესამე პირების საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება `საქპატენტთან” არსებულ სააპელაციო პალატაში, რომლის გადაწყვეტილება, `სასაქონლო ნიშნების შესახებ” კანონის 16.6 მუხლის თანახმად, შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. საპატენტო კანონის 403-ე მუხლის მე-6 პუნქტი პირდაპირ უთითებს, რომ `საქპატენტის” სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შესაძლოა გასაჩივრდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილ ვადაში, რაც ადასტურებს ამ კატეგორიის დავების ადმინისტრაციული სასამართალოწარმოების წესით განხილვას. ამდენად, განაცხადის მონაცემების ბიულეტენში გამოქვეყნებიდან სამი თვის ვადაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს `საქპატენტთან~ არსებულ სააპელაციო პალატაში გაასაჩივროს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება,Pპრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში ის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება. თუ სამი თვის ვადაში სააპელაციო პალატაში არ იქნება შეტანილი სააპელაციო საჩივარი, `საქპატენტი~ ახდენს სასაქონლო ნიშნის რეგისტრციას სასაქონლო ნიშნების რეესტრში და მონაცემებს რეგისტრირებული ნიშნის შესახებ აქვეყნებს ბიულეტენში. სასაქონლო ნიშნების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ `საქპატენტი~ გასცემს მოწმობას სასაქონლო ნიშანზე, რომლითაც დასტურდება სიმბოლოს რეგისტრაცია სასაქონლო ნიშნად, ნიშნის პრიორიტეტის თარიღი, მფლობელის განსაკუთრებული უფლება ნიშანზე, რეგისტრაციის მოქმედების ვადა. სასაქონლო ნიშანს `...~ არაერთგზის აქვს გავლილი აღნიშნული პროცედურა (საქმის მასალების თანახმად ძალაშია რამოდენიმე სასაქონლო ნიშანი), ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები არ გასაჩივრებულა. Uუფრო მეტიც, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2004 წელს შპს `ტ...~ უარი ეთქვა სასაქონლო ნიშნის _ `...~ რეგისტრაციაზე, ექსპერტიზამ მიიჩნია, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნიშანი მსგავსია შპს ,,ქ...” კუთვნილი სასაქონლო ნიშნისა `...~, აღნიშნულის გამო `სასაქონლო ნიშნების შესახებ~ კანონის მე-5 მუხლის `გ~ ქვეპუნქტის საფუძველზე სასაქონლო ნიშნის დარეგისტრირებაზე შპს `ტ...~ უარი ეთქვა.

შპს ,,ქ...”, როგორც `...~ (ქართულ, ინგლისურ, რუსულ ენებზე) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირი, სკ-ის 1102-ე მუხლის საფუძველზე ითხოვს შპს `ტ...~ მიერ მსგავსი ნიშნის (`...~) გამოყენების აკრძალვას, თავის მხრივ, შპს `ტ...~ უარყოფს შპს ,,ქ...” მიერ სასაქონლო ნიშანზე (`...~) განსაკუთრებული უფლების დარღვევას, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სარჩელი აღძრულია როგორც დაცვითი საშუალება მოპასუხის მიერ აღძრული სარჩელის მიმართ, შპს `ტ...~ სარჩელში მოპასუხედ დასახელებულია არა ადმინისტრაციული ორგანო - `საქპატენტი~, არამედ შპს ,,ქ...”. მოსარჩელე თვლის, რომ სიტყვების `...~ გამოყენება შეუძლია ყველა პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია თბილისთან, არავის არ აქვს უფლება სასაქონლო ნიშანზე რეგისტრაციით მოიპოვოს განსაკუთრებული უფლება ტერიტორიულ დასახელებაზე (`...~), აუკრძალოს მისი გამოყენება სხვა პირებს, ამასთანავე სასაქონლო ნიშანი `...~ მიანიშნებს 2007 წლიდან თბილისის ადმინისტრაციულ რაიონს, ხოლო ისტორიულ რაკურსში ის არის თბილისის კონცეფტუალური მოდელი ადამიანთა აღქმაში. მოსარჩელის აზრით თუ `...~ დაემატება სიტყვა `...~ ამით ის არ კარგავს ტერიტორიული დასახელების შინაარსს, ამით აღინიშნება იგივე ტერიტორიული დასახლება დროის ადრეული პერიოდისათვის, ხსენებული გამორიცხავს განსაკუთრებულ უფლებას სიტყვაზე ,,...” და სიტყვათა კომბინაციაზე - `...~, შესაბამისად მის მიერ გამოშვებულ პროდუქციაზე ნიშნის გამოყენება არ არღვევს რაიმე უფლებას. მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნა ეხება სასაქონლო ნიშნის გამოყენების წესის დაცვის დარღვევას, ნიშანზე განსაკუთრებული უფლების არსებობას, მისი დაცვის შესაძლებლობას (სკ-ის 1102-ე მუხ.), ნიშანზე განსაკუთრებული უფლების ფარგლებს (მე-7 მუხ.), კანონმდებლობის მოთხოვნებთან ნიშნის შესაბამისობას (`სასაქონლო ნიშნების შესახებ~ კანონის მე-4 მუხლის `ი~ ქვეპუნქტი), საბოლოო ჯამში დისკლამაციის (სასაქონლო ნიშნის გარკვეული ელემენტის დაცვაზე უარის თქმის) დადასტურებას. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოთხოვნები არ უკავშირდება ადმინისტრირებას, საჯარო სამართალს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების სამთვიანი ვადის გასვლა არ გამორიცხავს სასაქონლო ნიშნის მფლობელისადმი, როგორც ინტელექტუალური ობიექტის მესაკუთრისადმი, შედავების წარდგენის შესაძლებლობას. კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლოს მიერ უკვე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმებას (,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” კანონის 27-ე, 28-ე მუხ.), რაც ადასტურებს საქპატენტის სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში მოთხოვნის გამოქვეყნებიდან სამი თვის გასვლის და რეესტრში სასაქონლო ნიშნის შეტანის შემდეგ სასაქონლო ნიშანთან, როგრც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტთან, დაკავშირებით შედავების წარდგენის შესაძლებლობას. რეგისტრაციის და ,,საქპატენტის” მიერ სასაქონლო ნიშანზე მოწმობის გაცემის შემდეგ რეგისტრაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები დასრულებულად ითვლება, რეესტრში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაცია ადასტურებს ობიექტის პირის საკუთრებაში ყოფნას, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლების წარმოშობას ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან, რეგისტრაციიდან სასაქონლო ნიშანი სამრეწველო საკუთრებას წარმოადგენს და როგორც საკუთრების ობიექტი მონაწილეობს სამოქალაქო ბრუნვაში. ასეთ შემთხვევაში დავა სასაქონლო ნიშანთან დაკავშირებით, კერძოდ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის ქმედების შეწყვეტა, დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების, რეგისტრირებული ნიშნის ყველა იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი მასალისა და სარეკლამო განცხადების განადგურების, აგრეთვე ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეების, მატრიცების, საქონლის განადგურების მოთხოვნა (კანონის 45-ე მუხ.), ისევე როგორც სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებიდან გამომდინარე სამოქალაქო ბრუნვაში მესამე პირის მიერ სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვის მოთხოვნის უფლების არარსებობის ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” კანონით გათვალისწინებული (მე-7 მუხ.) შემთხვევებიდან გამომდინარე დავები არ უკავშირდება ადმინისტრირების პროცესს და კერძოსამართლებრივ დავათა კატეგორიას განეკუთვნება, რის გამო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შემდეგ წარმოშობილი დავა შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ადმინისტრაციული კატეგორიის საქმედ უკეთუ დავა უშუალოდ შეეხება ადმინისტრაციულ ორგანოს _ `საქპატენტის~ უფლებამოსილების საკითხს (მაგ. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ვადის გაგრძელებას (მე-20 მუხ.), საქპატენტის ინიციატივით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების შესაძლებლობას (27-ე მუხ.)) და გასაჩივრებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილ ვადაში. სხვა შემთხვევაში, ინტელექტუალურ-საკუთრებითი ურთიერთობიდან გამომდინარე ორ კერძო სუბიექტს შორის არსებული დავა თავისი ბუნებით კერძო-სამართლებრივია და სასამართლო მას განიხილავს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამდენად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ სასაქონლო ნიშანი იქცევა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტად და საკუთრებითი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა, `საქპატენტის~ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადის გასვლის შემთხვევაში, განხილულ უნდა იქნას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ხოლო საქპატენტი, როგორც რეგისტრაციის განმახორციელებლი ადმინისტრაციული ორგანო, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე და მის აღსასრულებლად, შეიტანს შესაბამის ცვლილებას რეესტრში. დავის განსჯადობის საკითხს არ ცვლის ის გარემოება, რომ კერძო სუბიექტებს შორის დავის გადაწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს `საქპატენტის~ მიერ რეგისტრაციის შეცვლა, ასეთ შემთხვევაში რეგისტრაციის ცვლილება არ არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინიცირებული, მას არ აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა, ის არ არის წარმოშობილი ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და დეტერმინირებულია კერძო-სამართლებრივი ურთიერთობებით.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სადავო სამართალურთიერთობაში მოპასუხედ დასახელებული ჰყავს ის პირი, რომლის საკუთრებაშიც იმყოფება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი და არა რეგისტრაციის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო, დავა ეხება საკუთრებაში მყოფ ობიექტს და არა ადმინისტრაციული აქტის გაუქმებას, რეალაქტის განხორციელებას, ადმინისტრირებას. კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე _ შპს `ტ...~ მოპასუხედ ასახელებს არა სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს _ `საქპატენტს~, არამედ შპს ,,ქ...”, მოსარჩელე არ ითხოვს `საქპატენტის~ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას. მოსარჩელეს საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ მოუთხოვია საქპატენტის რომელიმე კონკრეტული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მოსარჩელის მიერ მოპასუხის შპს ,,ქ...” საკუთრებაში არსებული სასაქონლო ნიშნების ბათილად ცნობის მოთხოვნა ნიშნავს სასაქონლო ნიშნების როგორც საკუთრების გაუქმების მოთხოვნას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელზე უფლება არის დისპოზიციური, სახელდობრ მოსარჩელე განსაზღვრავს დავის საგანს და ასახელებს მოპასუხეს, ამასთანავე, სსკ-ის მე-11 მუხლის `ა~ ქვეპუნქტის თანახმად დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ იურიდიულ პირებს შორის საქმეებს სასამართლო განიხილვას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველი დავა ტერიტორიული განსჯადობით არ მიეკუთვნება მცხეთის რაიონული სასამართლოს იურისდიქციას, დავა უნდა იქნეს განხილული მოპასუხის _ შპს ,,ქ...” ადგილმდებარეობის მიხედვით სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შესაბამისად, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ტ...” სარჩელი მოპასუხე შპს ,,ქ...” მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე