Facebook Twitter

საქმე ბს-491-473(უს-13) 25 ნოემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი _ შპს „…“

მოწინააღმდეგე მხარეები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი - ბ. ჯ-ა

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

საჩივრის დავის საგანი _ სარჩელის უზრუნველყოფა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 5 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „…“ 2013 წლის 26 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2013 წლის 31 იანვრის #1-1/25 ბრძანების, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 7 აგვისტოს #ტ7/1462 მიმართვისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 14 აგვისტოს #882012465797-03 სარეგისტრაციო წარმოების საფუძველზე განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 მარტის განჩინებით შპს „…“ სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2013 წლის 21 იანვრის #1-1/25 ბრძანებისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 22 ოქტომბრის #1/1-145 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 მაისის საოქმო განჩინებით #3/12-13 ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესამე პირად ჩაება ბ. ჯ-ა.

შპს „…“ 2013 წლის 6 ივნისს სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების თაობაზე განცხადება/შუამდგომლობით მიმართა გურჯაანის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოითოხვა: 2012 წლის 5 ნოემბრის #1186 აუქციონის შედეგების, სადავო მიწის ნაკვეთის განკარგვის შესახებ 2012 წლის 21 ნოემბრის #2012102248835 უ.უ. ნასყიდობის ხელშეკრულების, საჯარო რეესტრის ჩანაწერში ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესახებ 2012 წლის 11 სექტემბრის #882012730333 სარეგისტრაციო წარმოებისა და სახელმწიფოს მიერ პრივატიზებულ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის 2012 წლის 21 ნოემბრის #892012113682 სარეგისტრაციო წარმოების ბათილად ცნობა. ამასთან, მოსარჩელემ მოპასუხეებად დაასახელა აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და სადავო მიწის ნაკვეთზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში - ბ. ჯ-ა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შ.პ.ს. „…“-ის სარჩელი მოპასუხეების: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირის - ბ. ჯ-ას მიმართ, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 7 აგვისტოს №ტ7/1462 მიმართვის ბათილად ცნობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2013 წლის 31 იანვრის №1-1/25 ბრძანების ბათილად ცნობის, 2012 წლის 5 ნოემბრის №1186 აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის, აუქციონის შედეგად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და დასახელებული აქტების საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „…“.

შპს „…“ წარმომადგენელმა ნ. ხ-მა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა: სარჩელის უზრუნველყოფის სახით ყადაღა დაედოს უძრავ ქონებას, მდებარე: ყვარლის რაიონი, სოფ. ..., საკადასტრო კოდით - ...; აეკრძალოს მესამე პირს ბ. ჯ-ას უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით: ...) მდებარე ნარგავებითა და ვაზის გახარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურით სარგებლობა; ყადაღა დაედოს ყურძნის მოსავალს, რომელიც მოწეულია შპს „…“ კუთვნილ ვენახში, მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ყვარლის რაიონი, სოფ. ... (საკადასტრო კოდით: ...), აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე იჯარის ხელშეკრულება დადებულია შპს „…“.

განმცხადებლმა მიუთითა, რომ სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბათილად იქნება ცნობილი ის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მესამე პირის საკუთრებაში აღმოჩნა სადავო მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, ბათილად გამოცხადდება საჯარო რეესტრის ის ჩანაწერი, რომელიც საკუთრების უფლებას ანიჭებს მესამე პირს. ამიტომ განმცხადებლის მოსაზრებით მიზანშეწონილია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღა დაედოს სადავო უძრავ ქონებას დავის დასრულებამდე. თუ სასამართლო ამგვარ უზრუნველყოფის ღონისძიებას არ გამოიყენებს მხარეს არ ექნება შეზღუდული უფლება გაასხვისოს სადავო უძრავი ქონება გარეშე მესამე პირზე და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დადგება შედეგი, როცა შეუძლებელი იქნება გადაწყვეტილების აღსრულება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანშეწონილობაზე მსჯელობისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ასევე ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონება არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებით, განთავსებულია 67800 ლარის ღირებულების ნარგავები - ინვესტიცია, რომელიც 2006 წლიდან 2012 წლამდე შპს „…“ განახორციელა, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შეფასებითვე არ გასხვისებულა და კვლავ ამ უკანასკნელის საკუთრებას წარმოადგენს. შესაბამისად, სადავო ქონების გასხვისებით, შპს „…“ საკუთრებაში არსებული ქონებაც, რომელიც ამ მიწაზეა განთავსებული, აღმოჩნდება გარეშე მესამე პირის ფაქტობრივ მფლობელობაში. რაც შეეხება ვენახსა და მოსავალს, რომელიც მოწეული იქნება აღნიშნულ ნაკვეთზე, წარმოადგენს შპს „…“ საკუთრებას. ამდენად, ვინაიდან ბ. ჯ-ა აუქციონის შედეგად, როგორც მესაკუთრე დაეუფლა სადავო მიწის ნაკვეთს და იგი განაგებს ასეთ ნარგავებსაც, არის საშიშროება, რომ მოსავალი გასხვისდება, რის გამოც იგი აუცილებლად უნდა დაყადაღდეს, რადგან სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ აღდგება სტატუს ქვო, შპს „…“ კვლავ განაგრძობს საიჯარო ნაკვეთის მოვლა-პატრონობას. თუმცა, 2013 წლის მოსავალი სამწუხაროდ უკვე გადამუშავებული და გასხვისებული იქნება, რაც კიდევ ერთი დავის წარმოშობის საფუძველია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 5 სექტემბრის განჩინებით შპს „…“ წარმომადგენლის ნ. ხ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 7 აგვისტოს Nტ7/1462 მიმართვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2013 წლის 31 იანვრის N1-1/25 ბრძანების, 2012 წლის 5 ნოემბრის N1186 აუქციონის შედეგების, აუქციონის შედეგად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და დასახელებული აქტების საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობა. აღნიშნულ დავაში ბ. ჯ-ა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 მაისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩაბმულ იქნა მესამე პირად. სადავო სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მდებარე: ყვარლის რაიონი, სოფელი …, საკადასტრო კოდი - ..., წარმოადგენს მესამე პირის ბ. ჯ-ას საკუთრებას.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ,,მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის, რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ,,ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. ხოლო ამავე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ,,მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა“.

პალატამ განმარტა, რომ მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს, მხოლოდ მოპასუხის სახელზე რიცხულ საკუთრებაზე. შესაბამისად, აღნიშნული გამორიცხავდა საქმეში, მე-3 პირის სტატუსით ჩაბმული ბ. ჯ-ას საკუთრებაში არსებულ ქონებასთან მიმართებაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობები, ვინაიდან სახეზე იყო ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რომლის გამოც კონკრეტულ შემთხვევაში, დაუშვებლად მიიჩნია მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რამდენადაც, განმცხადებელი მოითხოვდა მესამე პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას და მისსავე საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მდებარე ნარგავებითა და ვაზის გახარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურით სარგებლობის აკრძალვას.

სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 5 სექტემბრის განჩინება გაასაჩივრა შპს „…“ წარმომადგენელმა ნ. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.

საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემსახურება სარჩელის აღსრულებადობის მიზანს და გამოიყენება იმ შემთხვევისათვის, რათა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების შემდგომი აღსრულება არ გაძნელდეს ან/და შეუძლებელი არ გახდეს. მოცემულ შემთხვევაში, მართალია ფაქტობრივად უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომელ ქონებაზეც მიმართულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, წარმოადგენს პროცესში მესამე პირად ჩართული პირი, მაგრამ დავის საგანს წარმოადგენს იმ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა - აუქციონის შედეგად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც ბ. ჯ-ას წარმოეშვა საკუთრების უფლება აღნიშნულ უძრავ ქონებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი არ უნდა განემარტა სასამართლოს ასე ვიწროდ და სარჩელის უზრუნველყოფის ადრესატად მხოლოდ მოპასუხე არ უნდა მიეჩნია, მით უმეტეს, რომ აღნიშნული მუხლი არ განმარტავს, რომ ზოგადად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მხოლოდ მოპასუხის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული. რაც შეეხება 191-ე მუხლის მე-2 ნაწილს, საჩივრის ავტორის მოსაზრებით ეს არის სპეციალური შემთხვევა, როცა ყადაღა უშუალოდ მიმართულია მოპასუხისაკენ და შესაბამისად მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისაკენ, გარდა ამისა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 პუნქტი ანიჭებს სასამართლოს ფართო უფლებამოსილებას, რომ საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 სექტემბრის განჩინებით შპს „…“ საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 5 სექტემბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა საქმეში მე–3 პირის სტატუსით მონაწილე ბ. ჯ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე.

სააპელაციო სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შეუძლებლობა დაასაბუთა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მარეგულირებელი ნორმები, ითვალისწინებენ მისი გამოყენების შესაძლებლობას, მხოლოდ მოპასუხის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საჩივრის ავტორის მიერ ვერ იქნა გაბათილებული გასაჩივრებული განჩინების არგუმენტები სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შეუძლებლობის თაობაზე, შესაბამისად მიაჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო შპს „…“ საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლში კი განმტკიცებულია დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის მიხედვითაც, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის აღძვრისას მოსარჩელე თვითონ განსაზღვრავს სარჩელის შინაარსს, კერძოდ, დავის საგანსა და ფარგლებს, ასევე სასარჩელო მოთხოვნებს და მიუთითებს მოპასუხე მხარეებზე, რომელთა წინააღმდეგაც მიმართულია მისი სასარჩელო მოთხოვნა, თუმცა საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებაზეც, რომლის თანახმად, სასამართლომ უნდა დაადგინოს აღძრულია თუ არა სარჩელი იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე ან სწორად აქვს თუ არა მოსარჩელეს ყველა სასარჩელო მოთხოვნის მიმართ დასახელებული მოპასუხე.

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 7 აგვისტოს №ტ7/1462 მიმართვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2013 წლის 31 იანვრის №1-1/25 ბრძანების, 2012 წლის 5 ნოემბრის №1186 აუქციონის შედეგების, აუქციონის შედეგად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და დასახელებული აქტების საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაციების ბათილად ცნობა. აღნიშნული აქტების საფუძველზე ყვარლის რაიონის, სოფელ …, საკადასტრო კოდი - ... მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გახდა ბ. ჯ-ა, რომელიც გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესამე პირად არის საქმეში ჩაბმული.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჩაბმული მესამე პირის - ბ. ჯ-ას მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შეუძლებლობაზე, იმ საფუძვლით, რომ იგი არ წარმოადგენს მოპასუხეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „…“ ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზების შედეგად 2012 წლის 21 ნოემბერს დადებული #2012102248835 უ.უ. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ამდენად, ხსენებული მოთხოვნა მიმართული იყო სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა“ და ბ. ჯ-ასადმი. საქმეში დაცული სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების თაობაზე შპს „…“ მიერ 2013 წლის 6 ივნისს წარდგენილი განცხადება/შუამდგომლობით დგინდება, რომ მოსარჩელემ სადავო მიწის ნაკვეთის განკარგვის შესახებ 2012 წლის 21 ნოემბრის #2012102248835 უ.უ. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში მოპასუხედ ბ. ჯ-ა დაასახელა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო საქმის არსებითად განხილვისას, ისე სააპელაციო სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადების განხილვისას ვალდებული იყვნენ გაეთვალისწინებინათ 2013 წლის 6 ივნისს წარდგენილი მოსარჩელის განცხადება/შუამდგომლობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე მხარეს არ შეუმცირებია, მაშინ, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის გმოყენებაზე უარის თქმის შესახებ 2013 წლის 5 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ ერთის მხრივ დადგენილად მიიჩნია, რომ დავის საგანს წარმოადგენდა აუქციონის შედეგად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მეორე მხრივ აღნიშნული დავის საგნის მიმართ მოპასუხე - ბ. ჯ-ა მიიჩნია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქმეში ჩაბმულ მესამე პირად. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების განხილვამდე დაზუსტებას საჭიროებდა ბ. ჯ-ას პროცესუალური სტატუსი, რის შემდეგაც სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების გამოყენების შესაძლებლობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შპს „…“ განცხადება განხილულია საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. სააპელაციო სასამართლოს არსებითად არ უმსჯელია შპს „…“ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების მოპასუხე - ბ. ჯ-ას მიმართ საფუძვლიანობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, უნდა დაადგინოს ბ. ჯ-ას პროცესუალური სტატუსი და მხოლოდ აღნიშნული საკითხის გარკვევის შემდეგ მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შპს „…“ განცხადების თაობაზე. რისთვისაც სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „…“ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 191-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „…“ საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 5 სექტემბრის განჩნება;

3. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შპს „…“ განცხადების ხელახლა განხივის მიზნით საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე