Facebook Twitter

საქმე ბს-50-49 (2კ-14) 28 აპრილი, 2014 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურისა და შპს ,,…’’-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 15 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს ,,…’’ მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ’’ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 1 დეკემბრის №882011313829-06 გადაწყვეტილების, ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 12 იანვრის №5153 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურისათვის უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში შპს ,,…’’ განცხადებით მოთხოვნილი ცვლილებების რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.

2012 წლის 4 დეკემბერს შპს ,,…’’ ახალი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგონტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ’’ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 31 აგვისტოს №882011313829-07 გადაწყვეტილების და ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 1 ნოემბრის №171507 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურისათვის უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში შპს ,,…’’ განცხადებით მოთხოვნილი ცვლილებების რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე N3/838-12 შპს ,,…’’ სარჩელისა გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და ადმინისტრაციული საქმე N3/4698-12 შპს ,,…’’ სარჩელისა გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ გაერთიანდა ერთ წარმოებად და ადმინისტრაციულ საქმეს მიენიჭა ნომერი 3/838-12.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 12 იანვრის №5153 და 2012 წლის 1 დეკემბრის №171507 გადაწყვეტილებები; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 1 დეკემბრის №882011313829-06 და 2012 წლის 31 აგვისტოს №882011313829-07 გადაწყვეტილებები და ადმინისტრაციულ ორგანოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებით გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ და ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურმა გაასაჩივრა. შპს ,,…’’ წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შპს ,,…’’ შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურმა საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. აღნიშნული განჩინება შპს ,,…’’ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურისა და შპს ,,…’’-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურისა და შპს „…“-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე ა. გ-ას შპს ,,…’’ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურისა და შპს ,,…’’-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ოქტომბრის განჩინება;

3. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (საიდენტიფიკაციო კოდი: 202238621) 2014 წლის 11 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი; (მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის BIC კოდი: TRESGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №300773150);

4. ა. გ-ას (პირადი ნომერი:…) 2014 წლის 17 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი; (მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის BIC კოდი: TRESGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №300773150);

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე