ბს-626-601 (კ-13) 17 აპრილი, 2014 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ.ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.10.2013წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. მ-ემ 24.07.2013წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ.ქუთაისის მერიის მიმართ მოპასუხის 21.06.2013წ. =2013-კ ბრძანების ბათილად ცნობის, სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის - 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების მოთხოვნით.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ნ. კ-ი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22.08.2013წ. გადაწყვეტილებით მ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ.ქუთაისის მერის დ.კოპალიანის 21.06.2013წ. =2013-კ ბრძანება ქ.ქუთაისის მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან კ. მ-ის გათავისუფლების შესახებ, ქ.ქუთაისის მერს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კ. მ-ის სამსახურში - ქ.ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის - სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. ქ.ქუთაისის მერიას დაეკისრა კ. მ-ისთვის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე არაუმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით განაცდური ხელფასის ანაზღაურება, 21.06.2013 =2013-კ ბრძანების მე-2 პუნქტის საფუძველზე კ. მ-ისთვის გადაცემული თანხის გათვალისწინებით. გადაწყვეტილება მიექცა დაუყონებლივ აღსასრულებლად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22.08.2013წ. გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. კ-მა და ქ.ქუთაისის მერიამ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ.ქუთაისის მერიის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.10.2013წ. განჩინებით ქ.ქუთაისის მერიისა და ნ. კ-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა ქ.ქუთაისის მერიის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ.ქუთაისის მერიის მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.ქუთაისის მერიისა საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ.ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე