Facebook Twitter

საქმე №ბს-68-66 (კ-2კს-14) 03 აპრილი, 2014 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.13წ. გადაწყვეტილებაზე, ასევე განიხილა ქ. თბილისის მერიის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.01.2014წ. განჩინებაზე და თ. ქ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.01.14წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ქ-ემ 30.04.13წ. სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის ქ. თბილისის მერიის მიმართ და ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის 10.04.13წ. №443 განკარგულების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.13წ. გადაწყვეტილებით თ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ქ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.10.13წ. გადაწყვეტილებით თ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.13წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის 10.04.13წ. N443 განკარგულება თ. ქ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და იგი აღდგენილი იქნა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, ქ. თბილისის მერიას თ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.10.13წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ.

თ. ქ-ის წარმომადგენელმა 26.12.13წ. განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.01.14წ. განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.10.13წ. გადაწყვეტილება იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების (3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით) ნაწილში, მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 268-ე მუხლზე, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127.5 მუხლზე და აღნიშნა, რომ თ. ქ-ის წარმომადგენელი განცხადებით ითხოვდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას იმ ნაწილში, რომლითაც ქ. თბილისის მერიას დაეკისრა თ. ქ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან სახეზე არ იყო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის დამაბრკოლებელი გარემოება, თ. ქ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილებულიყო, შესაბამისად დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.10.13წ. გადაწყვეტილება ქ. თბილისის მერისათვის თ. ქ-ის სასარგებლოდ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.01.14წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ.

ქ. თბილისის მერიამ კერძო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, მიუთითა სასკ-ის 1.2 და სსკ-ის 269-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ეცნობებინა ქ. თბილისის მერიისთვის თ. ქ-ის განცხადების შეტანის შესახებ და სააპელაციო სასამართლოს 29.11.13წ. გადაწყვეტილების ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენით უნდა მიეღო. სააპელაციო პალატამ საერთოდ არ აცნობა ქ. თბილისის მერიას თ. ქ-ის განცხადების შესახებ. სააპელაციო პალატამ ისე მიიღო გასაჩივრებული განჩინება, რომ თ. ქ-ის მიერ არ მომხდარა სსკ-ის 268-ე მუხლით დადგენილი მოსალოდნელი ზიანის მიყენების დადასტურება. გაურკვეველია თუ რის საფუძველზე ჩათვალა სასამართლომ, რომ 3 თვის ხელფასის აღსრულების დაყოვნებით ზიანი მიადგებოდა მოსარჩელეს ან შეუძლებელი გახდებოდა შემდგომში გადაწყვეტილების აღსრულება. სააპელაციო სასამართლოს 29.10.13წ. გადაწყვეტილება არ არის კანონიერ ძალაში შესული, ის საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მერიის მიერ, რაც ადასტურებს გასაჩივრებული 03.01.14წ. განჩინების გაუქმების აუცილებლობას, რადგან დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა ფულადი თანხა, რომლის გადახდა უნდა მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, ხოლო გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ გაუქმების შემთხვევაში ეს თანხა უკან ვერ დაბრუნდება, რადგან სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ით გათვალისწინებული აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც გამოყენებული იქნებოდა გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.

თ. ქ-ის წარმომადგენელმა 21.01.14წ. მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა გადაწყვეტილების სრულად, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.01.14წ. განჩინებით თ. ქ-ის წარმომადგენლის განცხადება არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127.5 მუხლი უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას უკავშირებს, რაც სახეზე არ არის. სსკ-ის 268.1 მუხლით რეგლამენტირებულია სასამართლოს უფლება და არა ვალდებულება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს გადაწყვეტილებები. ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა სახეზეა მაშინ, როდესაც აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მხარეს ან გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდეს, რისი მტკიცების ტვირთიც შუამდგომლობის აღმძვრელ პირს აკისრია. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ქ-ის განცხადება სამსახურში აღდგენის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.10.13წ. გადაწყვეტილების დაუყოვნებლის აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.01.14წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ქ-ის წარმომადგენელმა პ. კ-ემ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.01.14წ. განჩინების გაუქმება მოითხოვა და მიუთითა, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული არგუმენტი იმის თაობაზე, რომ თ. ქ-ემ ვერ დაადასტურა ზიანის მიყენების ალბათობა. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლების გამო იძულებით გაცდენილ პერიოდში მიუღებელი შემოსავალი, თავისი არსით, მატერიალური ზიანია, რომელსაც მოხელე განიცდის მისი სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის გამო. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად სარჩელის სამივე ინსტანციის განხილვის შემთხვევაში სამართლაწარმოება შესაძლოა მინიმუმ 1 წელი გაგრძელდეს, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული პირი კი მხოლოდ 3 თვის ანაზღაურებას უნდა დასჯერდეს, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 42.5 მუხლის მოთხოვნები. შესაბამისად, სასამართლოს ზიანის ფაქტი დადასტურებულად უნდა მიეჩნია. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127.5 მუხლი, როდესაც ამ ნორმის ამოქმედება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას დაუკავშირა. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით გამოდის, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სსკ-ით გათვალისწინებული ნორმები მნიშვნელობას კარგავს, რადგან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაწყვეტილება ისედაც ექვემდებარება აღსრულებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების და განჩინებების გაცნობის, საკასაციო საჩივრის და კერძო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, წარმოდგენილი კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.01.14წ. და 22.01.14წ. განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:

ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ იმ თანამდებობაზე, რომელიც თ. ქ-ეს ეკავა კონკურსის წესით არის სხვა პირი დანიშნული, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 97.1 მუხლი ითვალისწინებს სამსახურიდან მოხელის გათავისუფლებას არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველს არ ქმნის ასევე საკასაციო საჩივარში მითითებული სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებს ემყარება. შესაბამისად, საკასაციო საჩივარში ასახული მოსაზრებები ვერ გახდება მის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. შესაბამისად არ არსებობს სასკ-ის 34-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

საკასაციო პალატა თვლის, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს აგრეთვე ქ. თბილისის მერიის კერძო საჩივარი, როგორც უსაფუძვლო, შემდეგ გარემოებათა გამო: კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.01.14წ. განჩინების გაუქმებას, რომლითაც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.10.13წ. გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი, რომლითაც ქ. თბილისის მერიას თ. ქ-ის სასარგებლოდ 3 (სამი) თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაეკისრა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის დამაბრკოლებელი გარემოება, 3 თვის ხელფასის მიკუთვნებს შესახებ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობას ითვალისწინებს სსკ-ის 268.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, ამასთანავე, საკასაციო სასამართლოს ამავე განჩინებით ძალაში შედის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატის 29.10.13წ. განჩინება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის 10.04.13წ. N443 განკარგულება თ. ქ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და იგი აღდგენილი იქნა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა ქ. თბილისის მერიის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატის 03.01.14წ. განჩინების გაუქმების შესახებ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს აგრეთვე თ. ქ-ის კერძო საჩივარი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გამოცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას. ხსენებული ნორმა მოხელის დაუყოვნებლივ აღდგენას ითვალისწინებს სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის მიქცევის უპირობო საფუძველს არ ქმნის აგრეთვე სსკ-ის 268-ე მუხლი, რომელიც ადგენს სასამართლოს უფლებას და არა ვალდებულებას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება. დაუყოვნებელი აღსრულება არის აღსრულების საგამონაკლისო წესი, მისი თავისებურება – გასაჩივრების მიუხედავად აღსასრულებლად მიქცევა, გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობა, აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფის ამ შემთხვევაში გამოყენების შეუძლებლობა, არ იძლევა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის სასამართლოს აბსოლუტურ ვალდებულებად მიჩნევის შესაძლებლობას. ამასთანავე, ამავე განჩინებით დაუშვებლად არის ცნობილი ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი, ძალაში შედის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატის 29.10.13წ. განჩინება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის 10.04.13წ. N443 განკარგულება თ. ქ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და იგი აღდგენილი იქნა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ მოთხოვნა უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს კერძო საჩივრები და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული 03.01.2014წ. და 22.01.2014წ. განჩინებები. ამასთანავე, ვინაიდან არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ქ. თბილისის მერიის და თ. ქ-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს, უცველად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.01.2014წ. და 22.01.2014წ. განჩინებები;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე