Facebook Twitter

საქმე ბს-79-77 (3კ-14) 28 აპრილი, 2014 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრებისა და რ. ა-ის შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 19 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა რ. ა-ემ, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურის, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ დღგ-ს გადამხდელის პირად ბარათზე დარიცხული დავალიანების შესახებ ინფორმაციის ასახვის ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების დეპარტამენტის 2012 წლის 19 მარტის №21-11/19418 წერილის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 13 სექტემბრის №17392 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების დეპარტამენტის 2012 წლის 10 აგვისტოს №21-11/13619 ბრძანების იმ ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც არ იქნა აღდგენილი ანგარიშფაქტურებით რ. ა-ის მიერ მიღებული დღგ-ს ჩათვლები და არ იქნა შემცირებული ჩათვლების გაუქმების შედეგად დარიცხული საურავი. მოსარჩელემ, ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 2013 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების რ. ა-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად ცნობა, სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების დეპარტამენტის 2012 წლის 10 აგვისტოს №21-11/13619 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის მე-2 ნაწილში მითითებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით რ. ა-ის მიერ მიღებული დღგ-ს ჩათვლების აღდგენისა და ჩათვლების გაუქმების შედეგად დარიცხული საურავის შემცირების დავალება, სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის რ. ა-ის დღგ-ს აღრიცხვის ბარათზე სერია აა-67 0006859, №007227, სერია აა-69 №003122, სერია აა-68 №0163393, №011647, სერია აა-99 №0036106 ანგარიშფაქტურებით მიღებული ჩათვლების აღდგენისა და ჩათვლების გაუქმების შედეგად დარიცხული საურავის კორექტირება და რ. ა-ის დღგ-ს გადამხდელის პირად ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანებისა და საურავის სრულად ჩამოწერა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ა-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2013 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 19 მარტის წერილი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 2 ივლისის №10882 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 10 აგვისტოს №21-11/13619 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 13 სექტემბრის №17392 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე რ. ა-ის მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრებით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე რ. ა-ემ წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა რ. ა-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა. აღნიშნულ განჩინებაზე რ. ა-ემ წარადგინა შეგებებული საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრებისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები და რ. ა-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრებისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები და რ. ა-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებსა და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრებისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები და რ. ა-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე