Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

#ბს-819-813(კ-კს-11) 24 აპრილი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ა. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _Qსსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-თიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, მესამე პირის - ი. ი-ის მონაწილეობით.

2005 წლის 28 თებერვალს თ. და ა. მ-ებმა სარჩელით მიმართეს გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, ხოლო მესამე პირებად მიუთითეს ი. ი-ი და გ. ხ-ი-მ-ი.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს სააღსრულებო ფურცლისა და აუქციონის დანიშვნის განკარგულების ბათილად ცნობა.

გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით თ. და ა. მ-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს თ. და ა. მ-ებმა და გ. ხ-ი-მ-მა.

2007 წლის 23 აპრილს აპელანტმა – გ. ხ-ი-მ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო პალატას და მიუთითა, რომ გორის რაიონულ სასამართლოში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იხილებოდა განცხადება იმავე სასამართლოს 2002 წლის 15 იანვრის განჩინების (რომლითაც მხარეებს შორის დამტკიცდა მორიგება, რაც სადავო სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი გახდა) ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნულის საფუძველზე აპელანტი ითხოვდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების შეჩერებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 მაისის განჩინებით შეჩერდა გ. ხ-ი-მ-ის, თ. და ა. მ-ების სააპელაციო საჩივრების განხილვა გორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 15 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

2011 წლის 17 იანვარს მესამე პირმა – ი. ი-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც მოითხოვა საქმის წარმოების განახლება და განმარტა, რომ სამოქალაქო საქმე გორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 15 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე დასრულებულია და განჩინება კანონიერ ძალაშია შესული, რის დასადასტურებლადაც წარადგინა გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 აგვისტოს განჩინების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის განჩინებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის განჩინების ასლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება თ. და ა. მ-ებისა და გ. ხ-ი-მ-ის სააპელაციო საჩივრებზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით თ. და ა. მ-ებისა და გ. ხ-ი-მ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ. და ა. მ-ების სარჩელზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ (მესამე პირები – ი. ი-ი და გ. ხ-ი-მ-ი) სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და ამ ნაწილში სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება; გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ხ-ი-მ-მა, ხოლო სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს თ. და ა. მ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინებებით გ. ხ-ი-მ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადაუხდელობის გამო, ხოლო თ. და ა. მ-ების საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ ფორმის ნიმუშს და არ იყო შედგენილი ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით, ასევე საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარის ოდენობით.

2011 წლის 25 მაისს გ. ხ-ი-მ-მა და ა. მ-მა განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინეს სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მოითხოვეს საქმის წარმოების შეჩერება ერთ-ერთი მხარის – თ. მ-ის გარდაცვალების გამო უფლებამონაცვლის დადგენამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ივნისის განჩინებით მოცემულ საქმეზე შეჩერდა კერძო და საკასაციო საჩივრების წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა აწ გარდაცვლილი თ. მ-ის საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 23.09.2013წ. ა. და გ. მ-ებს გაეგზავნათ წერილი აწ გარდაცვლილი თ. მ-ის უფლებამონაცვლის შესახებ ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნით. მათვე განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარის გარდაცვალების შემთხვევაში საქმის წარმოების შეჩერების ვადად განსაზღვრულია გონივრული ვადა, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. შესაბამისად, ა. და გ. მ-ებს დაევალათ უმოკლეს ვადაში ეცნობებინათ, გაიცა თუ არა სამკვიდრო მოწმობა აწ გარდაცვლილი თ. მ-ის სამკვიდროზე და წარმოედგინათ იგი, ასევე ეცნობებინათ, თ. მ-ის მემკვიდრეებს ჰქონდათ თუ არა დავის გაგრძელებისა და მის საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში მონაწილეობის სურვილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომელშიც აწ გარდაცვლილი თ. მ-ის მეუღლე, შვილი და შვილიშვილი გამოთქვამდნენ სურვილს საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმის შესახებ. განცხადებასთან ერთად წარმოდგენილ იქნა დაბადებისა და ქორწინების მოწმობების ასლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.10.2013 წ. და 10.11.2013 წ. წერილებით ა. და გ. მ-ებს განემარტათ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-ე და 1500-ე მუხლების შესაბამისად, თ. მ-ის სამკვიდრო ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის წარმოუდგენლობისა და მემკვიდრეობის ფაქტის სათანადოდ დაუდასტურებლობის პირობებში, მხოლოდ ქორწინებისა და დაბადების მოწმობების, ასევე, მეზობლების ხელწერილების საფუძველზე, არ არსებობდა თ. მ-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში მისი მეუღლის, შვილის ან შვილიშვილის ჩაბმის საფუძველი. შესაბამისად, ა. და გ. მ-ებს კვლავ დაევალათ უმოკლეს ვადაში ეცნობებინათ გაიცა თუ არა სამკვიდრო მოწმობა აწ გარდაცვლილი თ. მ-ის სამკვიდროზე და წარმოედგინათ იგი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, წარმოედგინათ მემკვიდრეობის ფაქტის დამადასტურებელი, ნოტარიუსის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი ან სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ აწ გარდაცვლილი თ. მ-ის მეუღლე, შვილი და შვილიშვილი ფლობდნენ თ. მ-ის ქონებას. მათვე განემარტათ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოსათვის მოუმართაობის პირობებში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო, საქმე (თ. მ-ის ნაწილში) დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნულის მიუხედავად მხარეებს არ წარმოუდგენიათ მოთხოვნილი ინფორმაცია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 იანვრის განჩინებებით მოსარჩელის - აწ გარდაცვლილი თ. მ-ის საპროცესო უფლებამონაცვლის დაუდგენლობის გამო საკასაციო საჩივარი თ. მ-ის ნაწილში დარჩა განუხილველი; განახლდა საქმის წარმოება გ. ხ-ი-მ-ის კერძო საჩივარსა და ა. მ-ის ნაწილში საკასაციო საჩივარზე; გ. ხ-ი-მ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში; ა. მ-ის საკასაციო საჩივარზე გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და კასატორს - ა. მ-ს დაევალა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის ქვითრის წარმოდგენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინებით კვლავ გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 მარტის განჩინებით კასატორს - ა. მ-ს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად კასატორს - ა. მ-ს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 მარტის განჩინების ასლი ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა კასატორს - ა. მ-ს საქმეში მითითებულ მისამართზე (გორი, ... ქ. №88).

საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული საფოსტო განყოფილების შეტყობინების ბარათის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის განჩინება პირადად ა. მ-ს (პირადი ნომერი ...) ჩაბარდა 2014 წლის 29 მარტს, რაც დასტურდება შეტყობინების ბარათზე მისი ხელმოწერით. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის განჩინებით განსაზღვრული 5-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 30 მარტიდან და 2014 წლის 3 აპრილს (ხუთშაბათს) 24 საათზე ვადა ამოიწურა.

ა. მ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა 2014 წლის 4 აპრილს, რაც დასტურდება საფოსტო კონვერტზე დასმული შტამპით. ამასთან, თავად კასატორის მიერაც განცხადების შედგენის თარიღად 2014 წლის 4 აპრილია მითითებული.

განმცხადებლის განმარტებით, 2014 წლის 31 მარტს სახლში დაბრუნებისას ალაყაფის კარში დახვდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების შემცველი კონვერტი, თუმცა მისთვის უცნობია როგორ და ვის მიერ მოხდა კონვერტის ადრესატამდე მიტანა. განმცხადებლის მითითებით, ასევე გაურკვეველია რატომ გაიგზავნა განჩინება მხოლოდ ა. მ-ის სახელზე და არ გაიგზავნა კასატორ გ. ხ-ი-მ-ის, ასევე ს. და მ. მ-ების სახელზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 მარტის განჩინების 2014 წლის 31 მარტს ჩაბარების შესახებ, რამდენადაც როგორც აღინიშნა, უზენაეს სასამართლოში შემოსულია საფოსტო განყოფილების შეტყობინების ბარათი (№004898715), რომლის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის განჩინება პირადად ა. მ-ს (პირადი ნომერი ....) ჩაბარდა 2014 წლის 29 მარტს. ჩაბარების ფაქტის დასადასტურებლად შეტყობინების ბარათი ხელმოწერილია ადრესატის - ა. მ-ისა და ფოსტის კურიერის მიერ, ა. მ-ის ხელმოწერასთან ერთად ჩაბარების თარიღად 2014 წლის 29 მარტია მითითებული. შეტყობინების ბარათი ასევე შეიცავს ადრესატის მაიდენტიფიცირებელ მონაცემს – მის პირად ნომერს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ჩაბარების ფაქტსა და თარიღში ეჭვის შეტანის საფუძველი.

რაც შეეხება კასატორის მითითებას, თუ რატომ გაიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის განჩინება მხოლოდ ა. მ-ის სახელზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, მოცემულ საქმეში კასატორია მხოლოდ ა. მ-ი, რომლის საკასაციო საჩივარსაც დაუდგინდა ხარვეზი, შესაბამისად, განჩინება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ მხოლოდ მას გაგზავნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული იყო ალექსანდრე და თენგიზ მ-ების მიერ, რომლებიც მოცემულ საქმეში მოსარჩელეებს წარმოადგენდნენ. თენგიზ მ-ის გარდაცვალების შემდეგ, მისი საპროცესო უფლებამონაცვლეობის დაუდგენლობის გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი თ. მ-ის ნაწილში დარჩა განუხილველი. შესაბამისად, კასატორს წარმოადგენდა მხოლოდ ა. მ-ი. რაც შეეხება მისი ოჯახის წევრებს, გ. ხ-ი-მ-ი მოცემულ საქმეში მესამე პირად მონაწილეობს და მისი კერძო საჩივარი (საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე) წარმოებაშია მიღებული საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის განჩინებით, ხოლო ოჯახის დანარჩენი წევრები - ს. და მ. მ-ები საქმეში არ არიან ჩართულნი მხარეებად, რის გამოც მათ საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესახებ განჩინება ვერ გაეგზავნებოდათ.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის - ა. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული ხარვეზის შევსების ვადის გაშვების გამო. ამასთან, კასატორმა გარდა იმისა, რომ ვადის დარღვევით მომართა საკასაციო სასამართლოს, კვლავ არ შეავსო ხარვეზი და არ წარმოადგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ფორმის ნიმუშის შესანამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ა. მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ა. მ-ის საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე