№ბს-74-72(კს-14) 10 აპრილი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ დ. გ-ე და შპს „...“
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ შემოსავლების სამსახური; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მესამე პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 9 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 30 აპრილს დ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 18 აპრილის №7 საგადასახადო მოთხოვნის და 2012 წლის 22 ივნისის №10384 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ დამატებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2013 წლის 21 მარტის №5056/2/12 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა, ხოლო მოპასუხედ ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიუთითა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
2013 წლის 2 მაისს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 18 აპრილის №87 საგადასახადო მოთხოვნის და 2012 წლის 22 ივნისის №10385 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ დამატებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2013 წლის 21 მარტის №5054/2/12 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა, ხოლო მოპასუხედ ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიუთითა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 სექტემბრის განჩინებით აღნიშნული ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. გ-ის დ შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. გ-ემ და შპს „...“, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე; აპელანტებს განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა დაევალათ.
2013 წლის 18 დეკემბერს აპელანტების წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 20 დეკემბრის განჩინებით აპელანტების წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტებს - დ. გ-ეს დ შპს „...“ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდათ 7 დღით, განჩინების კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 9 იანვრის განჩინებით აპელანტების - დ. გ-ის დ შპს „...“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამევე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ხოლო 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 20 დეკემბრის განჩინება 2013 წლის 23 დეკემბერს ჩაჰბარდათ, შესაბამისად, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 24 დეკემბერს და დასრულდა 2013 წლის 30 დეკემბერს. ამასთან, აპელანტებს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში (არც ამ ვადის გასვლის შემდეგ) არ მიუმართავთ სასამართლოსთვის ხარვეზის შევსების მიზნით, რაც სააპელაციო სასამართლომ აპელანტების მხრიდან სასამართლოს მიერ დაწესებულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობად და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიიჩნია.
2014 წლის 20 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 9 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს დ. გ-ემ და შპს „...“, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა მოითხოვეს.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი ენდობოდა მის წარმომადგენლებს - ი. მ-ესა და მ. ო-ს ეწარმოებინათ მისი ადმინისტრაციული საქმე. მან 2014 წლის იანვრის პირველ რიცხვებში მიიღო საფოსტო გზავნილი, გამოგზავნილი 19 დეკემბერს მისი წარმომადგენლის მ. ო-ის ხელმოწერით, რომელშიც მითითებულია, რომ 2013 წლის 4 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივაზე დადგენილი იყო ხარვეზი ბაჟის გადაუხდელობის გამო და შემდგომში გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით იგი 25 დეკემბრამდე ბაჟის გადახდის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდა. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, აღნიშნული საფოსტო გზავნილის მიღების დროს სააპელაციო საჩივარი უკვე განუხილველად იყო დატოვებული და ბუნებრივია მას ხარვეზის შევსების შესაძლებლობა აღარ ჰქონდა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისმა წარმომადგენლებმა დაუშვეს შეცდომა, რომელთა მიმართაც იგი აღძრავს დისციპლინარულ დევნას, სასამართლოს კი სთხოვს, რომ მისი ასაკისა და გამოუცდელობის გამო, საპატიოდ ჩათვალოს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება, აღდგეს საპროცესო ვადა და სააპელაციო სასამართლოს მისი და შპს „...“ სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა დაევალოს.
ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი უკანონოდ მიიჩნევს სახელმწიფო ბაჟისგან განთავისუფლებაზე უარის თქმას, ვინაიდან, იგი 80 წელს მიღწეული პენსიონერია, ხოლო შპს „...“ დაყადაღებულია და ამასთან, არც აქვს სათანადო თანხა ანგარიშზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 მარტის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული დ. გ-ისა და შპს „...“ კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა დ. გ-ისა და შპს „...“ კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტების - დ. გ-ისა და შპს „...“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე და აპელანტებს განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების წარდგენა დაევალათ. აღნიშნული განჩინების შემცველი გზავნილი 2013 წლის 11 დეკემბერს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ აპელანტების წარმომადგენლებს - მ. ო-ს და ი. მ-ეს და კანონით დადგენილი წესით 2013 წლის 12 დეკემბერს ჩაჰბარდა ორგანიზაციის (საადვოკატო ბიუროს) წარმომადგენელს (ბუღალტერს) – ი. ფ-ას (ტ. III; ს.ფ. 8).
2013 წლის 18 დეკემბერს აპელანტების წარმომადგენელმა ი. მ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და იმ საფუძვლით, რომ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხა სოლიდური იყო და ჯამში 12 000 ლარს შეადგენდა, ხარვეზის შევსების ვადის რამოდენიმე დღით გაგრძელება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 20 დეკემბრის განჩინებით აპელანტების წარმომადგენლის - ი. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტებს - დ. გ-ეს დ შპს „...“ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდათ 7 დღით, განჩინების კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან. აღნიშნული განჩინების შემცველი გზავნილი 2013 წლის 20 დეკემბერს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ აპელანტების წარმომადგენლებს მ. ო-ს და ი. მ-ეს და კანონით დადგენილი წესით 2013 წლის 23 დეკემბერს ჩაჰბარდა ორგანიზაციის (საადვოკატო ბიუროს) წარმომადგენელს (ბუღალტერს) – ი. ფ-ას (ტ. III; ს.ფ. 13).
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. ხოლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტულურ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 20 დეკემბრის განჩინების ასლი დ. გ-ისა და შპს „...“ წარმომადგენლებს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდათ საადვოკატო ბიუროში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 20 დეკემბრის განჩინების ასლი აპელანტების წარმომადგენლებს 2013 წლის 23 დეკემბერს ჩაჰბარდათ, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ათვლა 2013 წლის 24 დეკემბრიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა 2013 წლის 30 დეკემბერს (ორშაბათს) 24 საათზე იწურებოდა.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ აპელანტებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, კერძოდ, მათ სააპელაციო სასამართლოში არ წარუდგენიათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესსა და პირობებს განსაზღვრავს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. საპროცესო ხარჯების საკითხი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9_მე-11 მუხლებით არის მოწესრიგებული. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, საპროცესო ხარჯების საკითხის გადაწყვეტისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საერთო სასამართლოებში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან კანონისმიერი განთავისუფლების საფუძველს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლი წარმოადგენს. აღნიშნული 46-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან. ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს კონკრეტული კატეგორიის დავების სახელმწიფო ბაჟის გადახდის გარეშე განხილვას.
გარდა ამისა, სახელმწიფო ბაჟისგან განთავისუფლების საფუძვლები განსაზღვრულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით.
ამდენად, კანონმდებლობა კონკრეტულად განსაზღვრას პირობებს, რომლის არსებობის შემთხვევაში მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სასამართლოს უფლებამოსილება სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით შეზღუდულია კანონით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია მხარე მთლიანად ან ნაწილობრივ გაანთავისუფლოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
მართალია, კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებაზე მიუთითებს, მაგრამ საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლოს ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლი ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე, ხოლო იურიდიული პირის სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სრულად განთავისუფლებას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იურიდიულ პირებთან მიმართებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, მხარის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება ან შემცირება. აპელანტი - შპს „...“ კი მოითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებას და არ მიუთითებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე ან მისი ოდენობის შემცირებაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას შპს „...“ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე. ხოლო რაც შეეხება ფ/პ დ. გ-ის სახელმწიფო ბაჟისგან განთავისუფლების საკითხს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დ. გ-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ არის განთავისუფლებული არც საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებისა და არც „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამასთან, დ. გ-ის მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების საფუძვლიანობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. გ-ისა და შპს „...“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. გ-ისა და შპს „...“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 9 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე