Facebook Twitter

საქმე №ბს-819-813(კ-კს-11) 24 აპრილი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) – გ. ხ-ი-მ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხე); ი. მ-ი (მესამე პირი)

მოსარჩელე - ა. მ-ი

დავის საგანი - საქმის წარმოების შეწყვეტა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 28 თებერვალს თ. და ა. მ-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, ხოლო მესამე პირებად მიუთითეს ი. მ-ი და გ. ხ-ი-მ-ი.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს გორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 15 იანვრის განჩინებაზე 2004 წლის 16 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლისა და აუქციონის დანიშვნის შესახებ აღმასრულებლის 2005 წლის 25 თებერვლის განკარგულების ბათილად ცნობა.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მესამე პირს - ი. მ-ს 2001 წლის 16 მარტს სარჩელი ჰქონდა აღძრული გორის რაიონულ სასამართლოში თ. და ა. მ-ების მიმართ, სესხის დაბრუნების თაობაზე. გორის რაიონულმა სასამართლომ 2002 წლის 15 იანვრის განჩინებით დაამტკიცა მორიგების აქტი, რომლის თანახმად, თ. და ა. მ-ებს 2002 წლის 31 ოქტომბრამდე ი. მ-ისათვის უნდა გადაეხადათ 7800 აშშ დოლარი, ხოლო ი. მ-ი თანახმა იყო 2002 წლის 20 იანვრიდან ყადაღისაგან გათავისუფლებულიყო თ. მ-ის კუთვნილი, ქ. გორში, ... ქ. №88-ში მდებარე ბინა. ი. მ-ისაგან პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მორიგების აქტი გაბათილდებოდა.

მოსარჩელეთა განმარტებით, მათი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სადავო საცხოვრებელი ბინა, თ. მ-ის მეუღლის - გ. ხ-ი-მ-ის სარჩელის საფუძველზე, გორის რაიონული სასამართლოს 2002 წლსი 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა საერთო საკუთრებად, შესაბამისად, თ. მ-ს შეეზღუდა ბინის დამოუკიდებლად განკარგვის უფლება. ამასთან, მორიგების აქტის შედგენისას სახლი არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და უნებართვო ნაგებობას წარმოადგენდა, რის გამოც ასევე არსებობდა მორიგების ბათილად ცნობის საფუძველი. გარდა აღნიშნულისა, მორიგების აქტში მითითებული იყო თანხის ნაწილ-ნაწილ დაბრუნებაზე, თუმცა დაკონკრეტებული არ იყო როდის უნდა განხორციელებულიყო გადახდა.

გორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 15 იანვრის განჩინებაზე 2004 წლის 16 მარტს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

მოსარჩელეთა მითითებით, შიდა ქართლის სააღსრულებო ბიურომ აღსრულება დაიწყო კანონის უხეში დარღვევით, რამდენადაც სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, აუქციონი უნდა ჩატარებულიყო მთლიან ბინაზე. სახლის ½ ნაწილის მესაკუთრეს - გ. ხ-ი-მ-ს ვალის გადახდის თაობაზე რაიმე ვალდებულება არ უკისრია. უკანონოდ მოხდა სააღსრულებო ფურცელში შესწორების შეტანა აღმასრულებლის მიერ და აუქციონის გამოცხადება ბინის იმ ნაწილზე, რომელიც თ. მ-ს ეკუთვნოდა, რამდენადაც სააღსრულებო ბიუროს რაიმე გადაწყვეტილება წილების განსაზღვრის შესახებ არ ჰქონდა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი არ ანიჭებს აღმასრულებელს უფლებამოსილებას თავისი ინიციატივით განსაზღვროს გასაყიდი ქონების წილი.

გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით თ. და ა. მ-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს მითითებით, გორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 15 იანვრის განჩინება, რომლითაც დამტკიცდა ი. მ-სა და თ. და ა. მ-ებს შორის მორიგება და რომლის საფუძველზეც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, კანონიერ ძალაშია. მიუხედავად იმისა, რომ განჩინებასა და სააღსრულებო ფურცელში არ იყო მითითებული სადავო ბინის რა ნაწილი ეკუთვნოდა თ. მ-ს, აღნიშნული არ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. აუქციონზე გატანილ იქნა სახლის ნახევარი, რაც შეესაბამებოდა რეალურ მდგომარეობას, რამდენადაც აუქციონის დანიშვნისას თ. მ-ი სახლის ნახევრის მესაკუთრე იყო.

ამდენად, რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსაზრება, რომ სააღსრულებო ფურცელი შეიცავდა უზუსტობას.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. და ა. მ-ებმა, ასევე გ. ხ-ი-მ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით ა. და თ. მ-ების, ასევე გ. ხ.-მ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ამ ნაწილში სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება; ხოლო დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 15 იანვრის განჩინებით დამტკიცდა მორიგება ი. მ-სა და თ. და ა. მ-ებს შორის, რომლის თანახმად, მ-ებს 2002 წლის 31 ოქტომბრამდე 7800 აშშ დოლარი უნდა გადაეხადათ ი. მ-ისათვის; ი. მ-ს ყადაღისაგან უნდა გაეთავისუფლებინა ქ. გორში, ... ქ. №88-ში მდებარე ბინა; თ. და ა. მ-ების მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქმე უნდა მიქცეულიყო იძულებით აღსასრულებლად.

გორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 15 იანვრის კანონიერ ძალაში შესული განჩინების საფუძველზე 2004 წლის 16 მარტს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

გორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ის მეუღლე, გ. ხ-ი-მ-ი გახდა თ. მ-ის ბინის ნაწილის მესაკუთრე.

2005 წლის 25 თებერვალს შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული განკარგულებით აუქციონზე გასაყიდად გატანილ იქნა ქ. გორში, ... ქ. №88-ში მდებარე, თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან თ. მ-ის საკუთრება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სააღსრულებო მოქმედების დაწყების საფუძველია კრედიტორის განცხადება და სააღსრულებო ფურცელი. მოცემულ შემთხვევაში აღმასრულებლის მიერ სადავო განკარგულების გამოცემის საფუძველი გახდა გორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 15 იანვრის კანონიერ ძალაში შესული განჩინების საფუძველზე 2004 წლის 16 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცელი. მოვალემ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მოთხოვნა ნებაყოფლობით არ შეასრულა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად არ მიიჩნია ის გარემოება, რომ აუქციონის დანიშვნის შესახებ განკარგულების გამოცემამდე გორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ის საკუთრება გახდა თანაზიარი. გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, გ. ხ.-მ-ის განცხადება მორიგების დამტკიცების შესახებ გორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 15 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამასთან, აღმასრულებლის განკარგულებით აღსასრულებლად მიექცა მხოლოდ მოვალის - თ. მ-ის საკუთრება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 15 იანვრის განჩინების საფუძველზე 2004 წლის 16 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცელი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რამდენადაც მას არ ახასიათებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დამახასიათებელი ნიშნები, გამოცემული არ არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. სააღსრულებო ფურცლის საშუალებით ხდება სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება და იგი წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს ამავე კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ხ-ი-მ-მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების, ასევე 394-ე მუხლის „გ“ და „ე“ პუნქტების მოთხოვნები.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, რომ მორიგების აქტში მითითებული ბინა იმ პერიოდისათვის არ იყო კანონიერი ნაგებობა, არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცების განჩინებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, აღსრულება უნდა მიქცეულიყო მთლიან ბინაზე, აღმასრულებელმა კი გამოიტანა განკარგულება ბინის ½ ნაწილზე აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა, რამდენადაც ჯერ უნდა მომხდარიყო განჩინების განმარტება ან შესწორება. აღმასრულებელს უფლება არ ჰქონდა ბინის რეალურად გაყოფის შესახებ სპეციალისტის დასკვნის არსებობის გარეშე გამოეცა განკარგულება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აუქციონის დანიშვნის შესახებ აღმასრულებლის განკარგულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. და ა. მ-ებმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინებებით კერძო და საკასაციო საჩივრებზე დადგინდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოუდგენლობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ივნისის განჩინებით კერძო და საკასაციო საჩივრებზე საქმის წარმოება შეჩერდა თ. მ-ის გარდაცვალების გამო ამ უკანასკნელის საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 იანვრის განჩინებებით მოსარჩელის - აწ გარდაცვლილი თ. მ-ის საპროცესო უფლებამონაცვლის დაუდგენლობის გამო, საკასაციო საჩივარი თ. მ-ის ნაწილში დარჩა განუხილველი; განახლდა საქმის წარმოება გ. ხ-ი-მ-ის კერძო საჩივარსა და ა. მ-ის ნაწილში საკასაციო საჩივარზე; გ. ხ-ი-მ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში; ა. მ-ის საკასაციო საჩივარზე გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და კასატორს - ა. მ-ს დაევალა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის ქვითრის წარმოდგენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინებით კვლავ გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 მარტის განჩინებით კასატორს - ა. მ-ს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად კასატორს - ა. მ-ს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის განჩინებით ა. მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ხ.-მ-ი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის შესახებ, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე არსებითად სწორი განჩინება მიიღო, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.

საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელეები სარჩელით ითხოვდნენ გორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 15 იანვრის კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსასრულებლად 2004 წლის 16 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლისა და აუქციონის დანიშვნის შესახებ აღმასრულებლის 2005 წლის 25 თებერვლის განკარგულების ბათილად ცნობას.

წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერება. აღმასრულებლის განკარგულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობისა და ხარვეზის შევსების ვადის გაშვების გამო. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება აღმასრულებლის 2005 წლის 25 თებერვლის განკარგულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შესულია კანონიერ ძალაში და მისი გადასინჯვის საპროცესო კომპეტენცია მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სააღსრულებო ფურცელი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი წარმოადგენს ამავე კანონით აღსრულებას დაქვემდებარებული აქტების აღსრულების საშუალებას, სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველს, დოკუმენტს, რომელიც გაიცემა დასტურად იმისა, რომ ამა თუ იმ ორგანოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ მიიღო შესასრულებლად სავალდებულო ძალა და უნდა მიექცეს იძულებით აღსასრულებლად, რასაც ახორციელებს არა აქტის გამომცემი ორგანო, არამედ საამისოდ უფლებამოსილი აღმასრულებელი ორგანოები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გაცემულ სააღსრულებო ფურცელს არ გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტად მიჩნევისათვის ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით განმსაზღვრელი ელემენტი - არ არის გამოცემული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის მოქმედება, გარდა III თავისა, არ ვრცელდება საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოებზე (გარდა იმ საქმიანობისა, რომელიც დაკავშირებულია ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებასთან).

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა არ განეკუთვნება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციული სასამართლოს განსახილველ დავათა კატეგორიას, თუმცა ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო უფლება არ უნდა შეიზღუდოს მხოლოდ იმ არგუმენტზე მითითებით, რომ სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. განმსაზღვრელია დადგინდეს რა დარღვევებზე აპელირებს მხარე, რა საფუძვლებზე მიუთითებს იგი, რათა ხელი არ შეეშალოს კანონით დაცული უფლებების რეალიზაციას, ამასთან, მათ მიეცეთ სწორი სამართლებრივი ფორმა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი უშვებს სააღსრულებო ფურცელში შესწორების შეტანის, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლი და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 27-ე მუხლი ითვალისწინებს აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას.

მოცემულ შემთხვევაში, გორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 15 იანვრის განჩინებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების საფუძვლად მხარეები უთითებდნენ იმ გარემოებაზე, რომ სააღსრულებო წარმოება არასწორად დაიწყო მოვალის ქონებაზე, რამდენადაც მოვალე თ. მ-ის ქონებას მორიგების აქტისა და მისი დამტკიცების შესახებ გორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 15 იავნრის განჩინების მიხედვით შეადგენდა ქ. გორში, ... ქ. №88-ში მდებარე ბინა, რომელიც გორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით გახდა თ. მ-ისა და მისი მეუღლის - გ. ხ-ი-მ-ის თანასაკუთრება. ანუ სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და აღსრულების დაწყების დროისათვის ქონება მთლიანად აღარ ეკუთვნოდა თ. მ-ს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ის გარემოება, იძულებით აღსრულებას უნდა დაქვემდებარებოდა თუ არა მოვალის ქონება, ან რა ნაწილი შეიძლებოდა გატანილიყო აუქციონზე, სცილდება სააღსრულებო ფურცლის გამოწერის მართლზომიერების საკითხის გადამოწმების ფარგლებს, რამდენადაც სააღსრულებო ფურცელი გაიცა გორის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ 2002 წლის 15 იანვრის განჩინებაზე, რომელიც ექვემდებარებოდა აღსრულებას, რამდენადაც მხარეთა მიერ მორიგების პირობები არ შესრულდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ დავას არ გააჩნდა წარმატების პერსპექტივა, რის გამოც დაუშვებლობის გამო მასზე მართებულად შეწყდა საქმის წარმოება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, არ შეიცავს არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, კერძო საჩივარი ემყარება იმ ძირითად არგუმენტს, რომ აღმასრულებლის მიერ აღსრულება დაიწყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც არ მიუთითებს სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის უზუსტობაზე და სცილდება მოცემული დავის ფარგლებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ხ-ი-მ-ი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ

საქმეთა პალატის 2011 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე