#ბს-102-100(კ-14) 29 მაისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. გ-ისა და დ. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 5 ივლისს გ. გ-ემ და დ. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, ხოლო მესამე პირებად მიუთითეს მ. დ-ე და ლ. ც-ე.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 ივნისის რიგგარეშე სხდომის №9 ოქმისა და №51, №52, №53, №54 განკარგულებების ბათილად ცნობა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. გ-ისა და დ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 ივნისის №9 ოქმი აგრარულ საკითხთა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის - დ. გ-ასა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარის - გ. გ-ის თანამდებობიდან გადაყენებისა და აღნიშნულ კომისიათა ახალი თავმჯდომარეების არჩევის ნაწილში, ასევე ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 ივნისის №51, №52, №53, №54 განკარგულებები.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც მოითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის - დ. გ-ასა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარის - გ. გ-ის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 ივნისის №9 ოქმის, ასევე №51 და №52 განკარგულებების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. გ-ასა და გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. გ-ემ და დ. გ-ამ, რომლებმაც მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. გ-ისა და დ. გ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ისა და დ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გ. გ-ისა და დ. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, საკასაციო საჩივარზე გ. გ-ის მიერ 2013 წლის 12 დეკემბერს გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, როგორც შეცდომით გადახდილი, აღნიშნული თანხა ექვემდებარება გადამხდელისათვის სრულად დაბრუნებას. შესაბამისად, კასატორს - გ. გ-ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ისა და დ. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - გ. გ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2013 წლის 12 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე