Facebook Twitter

318-აპ 23 ოქტომბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. წ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის _ გ. გ-ის, დაზარალებულების _ ქ. ბ-ისა და ზ. ღ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 იანვრის განაჩენზე, რომლითაც ა. წ. ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის I, II ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 მაისის განაჩენით ა. წ. , _ საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, ცოლშვილიანი, ნასამართლევი, მცხოვრები ხონში, ბ-ის ქ. ¹69-ში, ამჟამად პატიმარი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I, II ნაწილებით, 239-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 4 ნოემბრიდან.

იმავე განაჩენით გ. ა. , _ საშუალო განათლებით, ნასამართლევი, მცხ. ხონში, ა-ის ქ. ¹64-ში, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და 239-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა 2004 წლის 18 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი, 3 თვე და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე გ. ა-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 12 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 4 ნოემბრიდან.

განაჩენით ა. წ-ს მსჯავრი დაედო ხულიგნობისათვის, ე.ი. ქმედებისათვის, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

გ. ა. 1998 წელს გაასამართლა მოსკოვის მუნიციპალურმა სასამართლომ რუსეთის სსკ-ის 162-ე მუხლის II ნაწილის „ა“, „ვ“, „გ“ ქვეპუნქტებით, 222-ე მუხლის I ნაწილით, 33-ე მუხლით, 327-ე მუხლის I ნაწილით და სასჯელად დაუნიშნა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით. 1999 წლის 12 თებერვალს ხონის რაიონის სასამართლოს დადგენილებით აღნიშნული მუხლები გადაუკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის I-IV პუნქტებზე, 238-ე მუხლის I ნაწილზე, 213-ე მუხლის I ნაწილზე (ძვ. რედაქცია) და სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მას სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 18 მაისის განჩინებით, საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლის გამოყენებით, იგი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით, ვადამდე _ 2 წლითა და 3 თვით ადრე.

სასჯელის მოხდის შემდეგ იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და 2006 წლის 2 თებერვალს ყაჩაღური გზით გატაცებული მოქალაქე ზ. ღ-ის საკუთრებაში არსებული „მერსედესის“ მოდელის ავტომანქანის დაბრუნების სანაცვლოდ, ზ. ღ-ის მეუღლეს მოსთხოვა 2000 აშშ დოლარის გადახდა. უარის მიღების შემდეგ გ. ა. მას უკავშირდებოდა და სისტემატურად სთხოვდა ფულის გადახდას.

2006 წლის 16 ოქტომბერს გ. ა. და ა. წ. იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ერისთავის ქუჩაზე მდებარე ავეჯის ბაზრობაზე, სადაც შეხვდნენ თავიანთ ნაცნობ ცოლ-ქმარს _ ქ. ბ-სა და ზ. ღ-ს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მათი დანაშაულებრივი ქმედება გრძელდებოდა დაახლოებით 10 წუთს, რითაც დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და მათ გამოხატეს აშკარა უპატივცემულობა ბაზრობაზე მომუშავე პერსონალისა და სხვა მოქალაქეების მიმართ.

ა. წ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან შეიძინა ,,მაკაროვის» სისტემის ერთი პისტოლეტი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა და ინახავდა თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში, მდებარე .....ის .... მ/რ, კორპუსი ¹102, ბინა ¹51-ში, რაც ამოღებულ იქნა 2006 წლის 4 ნოემბერს მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: სახელმწიფო ბრალმდებელმა მ. გ-მა, დაზარალებულებმა _ ქ. ბ-მ, ზ. ღ-მ, მსჯავრდებულ ა. წ-ს ადვოკატმა გ. გ-მ და მსჯავრდებულმა გ. ა-მ.

აპელანტმა _ სახელმწიფო ბრალმდებელმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, რადგან გამოძიების პროცესში მოპოვებული, სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები სრულად და უტყუარად ადასტურებენ გ. ა-ს მიმართ ბრალდებით წარდგენილი დანაშაულის ჩადენას, დანაშაულს, გათვალისწინებულს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I და II ნაწილებით. დანიშნული სასჯელიც არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. პროკურორმა ითხოვა ცვლილების შეტანა გასაჩივრებულ განაჩენში კვალიფიკაციისა და სასჯელის შეცვლის მიზნით და გ. ა-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის I და II ნაწილებით, 239-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სასჯელად 18 (თვრამეტი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.

აპელანტებმა, დაზარალებულებმა _ ქ. ბ-მ და ზ. ღ-მ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის გამკაცრების მიზნით. ასევე ითხოვეს მათი სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულებისათვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 7000 ლარის გადახდის დაკისრება.

აპელანტმა _ მსჯავრდებულ ა. წ-ს ადვოკატმა გ. გ-მ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა კვალიფიკაციის შეცვლის მიზნით, კერძოდ: ა. წ-ს ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის I ნაწილით, ხოლო 236-ე მუხლის II ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში _ ა. წ-ს გამართლება და სასჯელის შემცირება.

აპელანტმა _ მსჯავრდებულმა გ. ა-მ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ასევე ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა კვალიფიკაციისა და სასჯელის შეცვლის მიზნით, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში _ გამართლება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის _ სასჯელის შემსუბუქება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 მაისის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:

ა. წ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის I, II ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის გამოყენებით მას სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და 239-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილის გამოყენებით მას სასჯელად განესაზღვრა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, დაემატა 2004 წლის 18 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წელი, 3 თვე და გ. ა-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 13 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ა-სა და ა. წ-ს დაზარალებულების – ქ. ბ-სა და ზ. ღ-ის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, სოლიდარულად დაეკისრათ 2000 (ორი ათასი) ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ა. წ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-მ, დაზარალებულებმა _ ქ. ბ-მ და ზ. ღ-მ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

კასატორმა გ. გ-მ ითხოვა უკანონო, დაუსაბუთებელ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის II ნაწილით შერაცხული ბრალდებების ამორიცხვა.

დაზარალებულებმა საჩივრით ითხოვეს ლმობიერების მოტივით განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულთათვის სასჯელის გამკაცრება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ დაზარალებულების _ ქ. ბ-სა და ზ. ღ-ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ა. წ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის _ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი გარემოებების გამო:

პალატას მიაჩნია, რომ გ. ა-ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, შესაბამისად არ არსებობს დაზარალებულების საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ ა. წ-ს ადვოკატ გ. გ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სააპელაციო სასამართლოს უკანონო, დაუსაბუთებელ განაჩენში ცვლილების შეტანისა და მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შერაცხული ბრალდების ამორიცხვის შესახებ.

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულისათვის შერაცხული ბრალდება სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით არავითარ ეჭვს არ იწვევს. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები.

პალატა თვლის, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულების _ ქ. ბ-სა და ზ. ღ-ის, მოწმეების: ი. გ-ის, ხ. ბ-ის, ე. ც-ის, ნ. მ-ის ჩვენებებით, ჩხრეკის ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმის სხვა მასალებით მსჯავრდებულისათვის სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და, პალატის აზრით, სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. წ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდების ნაწილში პალატას მიაჩნია, რომ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული შემდეგი გარემოებები: სასამართლომ, ა. წ-ს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებას საფუძვლად დაუდო ქ. ბ-ის და ზ. ღ-ის ჩვენება, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ როდესაც ა. წ. მივიდა მათთან თხოვნით, რომ არ ეჩივლათ, სწორედ მაშინ დაინახეს, რომ წ-ს ქამარში ჩადებული ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. პალატას მიაჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნული ჩვენებები საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, აღნიშნული იარაღი ამოღებული არ არის, მასზე არ ჩატარებულა ბალისტიკური ექსპერტიზა. ასევე საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება იმისა, რომ წულაიას სახლიდან ამოღებული იარაღი და ის იარაღი რომელიც წულაიას ქამარში ჰქონდა ჩადებული არის ერთი და იგივე. საქართველოს სსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, „ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 496-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ა. წ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება, მტკიცებულებების უქონლობის გამო, განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს და ამ ნაწილში მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა. შესაბამისად, ცვლილება უნდა შევიდეს ა. წ-ს მიმართ დანიშნულ სასჯელში, კერძოდ მას საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის I ნაწილით საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამასთან, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, რომლითაც მსჯავრდებულ ა. წ-სა და გ. ა-ს დაზარალებულების – ქ. ბ-სა და ზ. ღ-ის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, სოლიდარულად დაეკისრათ 2000 (ორი ათასი) ლარის გადახდა, პალატის აზრით, არასწორია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ზ. ღ-ს წინასწარ გამოძიებაში სარჩელი არ წარუდგენია და არც სამოქალაქო მოსარჩელედ არის ცნობილი. სარჩელი გამოძიებაში წარადგინა მხოლოდ ქ. ბ-მ. დაზარალებულებს თბილისის საქალაქო სასამართლოში კამათის სტადიაზე სარჩელის ნაწილში თავიანთი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. საქართველოს სსსკ-ის 540-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, სააპელაციო ინსტანციას უფლება აქვს გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი, გამოიყენოს სისხლის სამართლის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, გაზარდოს სამოქალაქო სარჩელის გამო გადასახდელის თანხა ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ პროკურორმა, დაზარალებულმა, ბრალდების მხარის წარმომადგენელმა პროცესის სხვა მონაწილემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მათ ასეთი პოზიცია ეკავათ პირველი ინსტანციის სასამართლოში. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ა. წ-სა და გ. ა-სათვის სოლიდარულად დაზარალებულების სასარგებლოდ, დაეკისრებინა 2000 ლარის გადახდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაზარალებულების ქ. ბ-ის და ზ. ღ-ის სასარგებლოდ სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში უნდა გაუქმდეს და სამოქალაქო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სსკ-ის 567-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით და მიიჩნევს, რომ განაჩენი გ. ა-ს მიმართ კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 568-ე, 567-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დაზარალებულების _ ქ. ბ-ისა და ზ. ღ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

მსჯავრდებულ ა. წ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის _ გ. გ-ის, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ა. წ-ს სასიკეთოდ:

ა. წ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში.

ა. წ-ს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის I ნაწილით საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

სამოქალაქო სარჩელი არ დაკმაყოფილდეს და შესაბამისად განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება დაზარალებულების – ქ. ბ-ისა და ზ. ღ-ის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, 2000 (ორი ათასი) ლარის გადახდის თაობაზე.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.