Facebook Twitter

საქმე ბს-119-117 (კ-14) 5 მაისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბმა …-ში მცხოვრებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ბ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 16 ივლისს თელავის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ბმა „...“-ის თავმჯდომარემ ბ. მ-მა, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. საქმეში მესამე პირად სს „...“ ჩაება. მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 17 ივნისის №882011279619-03 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 5 ივლისის №882011309973-03 გადაწყვეტილების, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2001 წლის 12 მარტის №11 დადგენილების მე-4 ნაწილის, 4კვ.მ-ის ნაწილში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის 2002 წლის 5 აგვისტოს შპს „...“ სახელზე უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით №.... განხორციელებული რეგისტრაციის 4კვ.მ-ის ნაწილში და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2011 წლის 13 ივნისის №210 მიმართვის (რომელიც საფუძვლად დაედო 2011 წლის 17 ივნისს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელზე საკუთრების უფლებით უძრავი ქონების რეგისტრაციას №882011279619, საკადასტრო კოდით №...) ბათილად ცნობა მოითხოვა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ბმა „...“-ის თავმჯდომარემ ბ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ბმა „...“-ის თავმჯდომარემ ბ. მ-მა გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით „...“-ში მცხოვრებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ბ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; „...“-ში მცხოვრებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ბ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 17 ივნისის №882011279619-03 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2011 წლის 13 ივნისის N210 მიმართვა; „...“-ში მცხოვრებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს ბ. მ-ს უარი ეთქვა ახმეტის რაიონის გამგეობის 2001 წლის 12 მარტის №11 დადგენილების მე-4 ნაწილის (4 კვ/მ ნაწილში), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის 2002 წლის 05 აგვისტოს შპს „...“ სახელზე (უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდი №...) განხორციელებული რეგისტრაციისა და ახმეტის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 05 ივლისის №882011309973-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ბმა „...“-ში მცხოვრებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარემ ბ. მ-მა გაასაჩივრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბმა „...“-ში მცხოვრებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ბმა „...“-ში მცხოვრებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე ბ. მ-ს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბმა „...“-ში მცხოვრებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. ბ. მ-ს (პირადი ნომერი ...) 2014 წლის 14 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი; (მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის BIC კოდი: TRESGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №300773150);

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე