საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე¹ ბს-120-158 (კ-14) 13 მაისი, 2014 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. გ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.12.2013წ. განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.12.2013წ. განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.07.2013წ. გადაწყვეტილება, გ. გ-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სააპელაციო სასამართლოს 03.12.2013წ. განჩინებაზე 03.02.14წ. განცხადება შემოიტანა გ. გ-მა, რომელითაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება მოითხოვა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.14წ. განჩინებით გ. გ-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაესი სასამართლოსათვის სსკ-ის 396.1 მუხლის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის და სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანის ან კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს 07.03.14წ. განჩინება გ. გ-ს 19.03.14წ. გაეგზავნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, მისამართზე ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. №64. აღნიშნული გზავნილის პასუხად საკასაციო სასამართლოში შემოვიდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის მომართვა, რომლიდანაც ირკვევა, რომ გ. გ-ი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2014 წლის 20 მარტს, სასჯელის ვადის გასვლის გამო.
მოსამართლის რეფერენტი 27.03.14წ. დაუკავშირდა გ. გ-ის ინტერესების დამცველ პირს, ადვოკატ მ. წ-ს, რომელმაც განაცხადა, რომ არ გააჩნია გ. გ-ის საკონტაქტო მონაცემები, ვინაიდან გ. გ-ის დაცვას აღარ ახორციელებს.
საკასაციო სასამართლოს 07.03.14წ. განჩინება გ. გ-ს განმეორებით გაეგზავნა 27.03.14წ. საქმეში დაცულ სასამართლოს განაჩენში მითითებულ მისამართზე – მცხეთის რაიონი, სოფ. .... ფოსტის მიერ მობრუნებული გზავნილის თანახმად ასეთი სოფელი მცხეთის რაიონში არ არსებობს.
საქმეში არსებული ცნობის (ტ.1. ს.ფ. 37) გამცემი - სოფ. ... საჯარო სკოლის ადმინისტრაციის – მეშვეობით მოპოვებულ იქნა გ. გ-ის ოჯახის წევრის ტელეფონის ნომერი, რომელზეც 22.04.14წ. მოხდა დაკავშირება თავად გ. გ-თან, რომელმაც სატელეფონო საუბრისას უარი განაცხადა საკუთარი მისამართის მითითებაზე. გ. გ-ს განემარტა, რომ სასამართლო შენობაში ჩაბარდებოდა განჩინება მისი საკასაციო სასამართლოში გამოცხადების შემთხვევაში. მიუხედავად აღნიშნულისა მოცემული განჩინების გამოტანის მომენტისათვის გ. გ-ი არ გამოცხადებულა სასამართლოში და არც საკუთარი მისამართი უცნობებია სასამართლოსთვის.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. ამდენად, გ. გ-ს საქმეში მითითებულ მისამართზე გზავნილის ორჯერ გაგზავნით საკასაციო სასამართლოს 07.03.14წ. განჩინება ითვლება ჩაბარებულად. გ. გ-ისთვის სატელეფონო აქტით ცნობილი იყო, რომ მის განცხადებასთან დაკავშირებით გამოტანილი იყო განჩინება, მიუხედავად ამისა, იგი არ გამოცხადებულა განჩინების ჩაბარების მიზნით საკასაციო სასამართლოში და არც ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3, 399-ე და 401-ე მუხლების თანახმად, გ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 მუხლით, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.12.2013წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე