Facebook Twitter

#ბს-138-135(კ-14) 29 მაისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 18 ნოემბერს ი. ჯ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ხოლო მესამე პირებად მიუთითა შპს „...“, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ბ. ყ-ი.

მოსარჩელემ მოითხოვა ქ. გურჯაანში, ... ქუჩა №3-ში მდებარე უძრავი ქონების შპს „...“ საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 17 ივნისის №882011252323-06 გადაწყვეტილებისა და 2004 წლის 22 ივნისის №1351/04 მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა 7 კვ.მ. ფართის ნაწილში, ასევე გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 8 სექტემბრის №882011430449-03 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 13 ოქტომბრის №155622 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ქ. გურჯაანში, ... ქუჩაზე არსებული ბაზრის ტერიტორიაზე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის წარდგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე რეგისტრაციის მოპასუხისათვის დავალება.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის საოქმო განჩინებით შპს „...“ საქმეში ჩაება მოპასუხედ.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ჯ-მა, რომელმაც მოითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება. აპელანტმა ასევე იშუამდგომლა ადგილობრივი დათვალიერების ჩატარებისა და სასამართლო-საინჟინრო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის საოქმო განჩინებით აპელანტის შუამდგომლობები ადგილზე დათვალიერებისა და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ი. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ჯ-მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 დეკემბრის განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება. კასატორმა ასევე იშუამდგომლა ადგილზე დათვალიერების ჩატარებისა და საინჟინრო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ჯ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ი. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას ადგილზე დათვალიერების ჩატარებისა და საქმეზე საინჟინრო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, აღნიშნული მოთხოვნა აპელანტის მიერ დაყენებული იყო სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ მითითებული საპროცესო მოქმედებების ჩატარებას შედეგად არ მოჰყვებოდა იმ სახის მტკიცებულებების მოპოვება, რომლებიც გავლენას მოახდენდა დავის გადაწყვეტაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადასინჯოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერება სამართლებრივი თვალსაზრისით, შეამოწმოს მისი შესაბამისობა მოქმედ საპროცესო და მატერიალურ ნორმებთან, ხოლო საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და ახალი მტკიცებულებების მოპოვების პროცესუალური კომპეტენცია საკასაციო სასამართლოს არა აქვს მინიჭებული. ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აპელანტის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინების დასაბუთებულობის შეფასება მოხდებოდა საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებისა და საქმის არსებითად განხილვის პირობებში.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ი. ჯ-ის სახელით საკასაციო საჩივარზე მ. ჯ-ის მიერ 2014 წლის 1 აპრილს გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი. ჯ-ს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კასატორის - ი. ჯ-ის შუამდგომლობა ადგილზე დათვალიერების ჩატარებისა და საინჟინრო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. ი. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 დეკემბრის განჩინება;

4. კასატორს - ი. ჯ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მისი სახელით მ. ჯ-ის მიერ 2014 წლის 1 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე